- პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი ვარ. ბადრი პატარკაციშვილის დროს ტელევიზიის კომერციული სამსახურის უფროსი ვიყავი, შემდეგ - ერთ-ერთი კომპანიის კონსულტანტი. 16 წლიდან ვმუშაობ. სახელმწიფო ტელევიზიაში ხმის ოპერატორობით დავიწყე, შემდეგ ვიდეო-მემონტაჟე ვიყავი, კორესპონდენტი, რედაქტორი, განყოფილება ჩამაბარეს, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე და ბოლოს ზაზა შენგელიას თანაშემწე გავხდი. შემდეგ კერძო ბიზნესში გადავინაცვლე. დიზაინის სახლ „მატერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. ახალი დაშლილი იყო მაკა ასათიანის სახლი და გოგონების უმეტესობა ჩვენთან დადიოდა. დათუნა სულიკაშვილი მაშინ დამწყები დიზაინერი იყო და მიხარია, რომ დიდი წვლილი მაქვს შეტანილი მის კარიერულ წინსვლაში.
- დღეს რას საქმიანობთ?
- იმ კომპანიის პროექტი, სადაც პიარის კონსულტანტი ვარ, ახლა შეჩერებულია. 42 წლის ვარ და მუშაობის 26 წლის სტაჟი მაქვს. არასოდეს ვყოფილვარ არც ერთ პარტიაში, მხოლოდ სამოქალაქო აქტივობას ვეწეოდი. არჩევნების წინ ღიად ვაფიქსირებდი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. ჯერ კიდევ 2003 წლიდან არ მინდოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთპარ-ტიულ ძალად ჩამოყალიბებულიყო.
- იცნობთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს?
- გიგა ბოკერიას ბავშვობიდან ვიცნობ, „ხელოვნების სახლში“ ერთად ვისვენებდით. მამაჩემი სპორტული ჟურნალისტი იყო და ოჯახები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. გიგა ჩემი მეგობრის ახლო მეგობარია და ხშირად ვხვდებოდით. ითვლება, რომ ახლობლები ვართ, თუნდაც ოჯახე-ბიდან გამომდინარე. ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. 2006 წელს ფილარმონიის აივანზე გიგას ვუთხარი, ძალიან მაღლა აფრინდით და ფრთხილად იყავით, არ დაგავიწყდეთ, რომ დრონი მეფობენ-მეთქი. მაშინ გიგა კარგი, წესიერი ბიჭი იყო. ჩემი სიტყვები მშვიდად მიიღო.
- მის მეუღლეს თუ იცნობთ?
- დიახ, ჩემი მეგობრების მეგობარია. რამდენიმეჯერ სხვადასხვა სუფრაზე შევხვედრივართ. როდესაც ჩემი პირველი მეუღლე დაიჭირეს, შეწუხებული იყვნენ და დაინტერესდნენ ჩვენი მდგომარეობით.
- სანამ იმ საბედისწერო საღამოზე ვისაუბრებდეთ, თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობაზე გკითხავთ, რომელიც სალაპარაკო თემა გახდა...
- ბავშვობიდან სპორტული ვარ, არაჩვეულებრივად ვჯირითობ, კარგად ვცურავ, წყლის და მთის თხილამურებზე ვდგავარ. ბოლო წლებში სპორტის ხალისი არ მაქვს, მაგრამ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ვარ. სოჭში, დაგომისში, მაშინდელ მილიციასთან ჩემი სტუდენტობის დროს ჩხუბი მოგვსვლია და არა მარტო მე. გოგონები მიჩვეული ვიყავით, რომ ჩვენს ბიჭებს ვშველოდით და ვეფარებოდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი მილიცია გოგონებს ისე არ ურტყამდა, როგორც დღევანდელმა კაცისმაგვარებმა იკადრეს.
- თუმცა ნაცემები მაინც ისინი აღმოჩნდნენ...
- რატომ, ჩემო კარგო, ასე არ არის. სამხარაულის ცენტრში ექსპერტიზა ჩვენც გავიარეთ და დასკვნა იქნება. ბექა მაზმიშვილს ნაკერები ადევს თვალზე, მამუკას ბასრი საგანი აქვს დასმული. „ლა ტრუფეში“ რომ შემოვედით, ზედა სართული სავსე იყო, ქვევით დავინახეთ პატარა ცარიელი მაგიდა და პირველად მე და მამუკა შემოვედით, შემდეგ მოვიდნენ ბექა და ხათუნა. პრეზიდენტი სააკაშვილი აქვე იჯდა, ჩემი მაგიდის პირდაპირ, ქერა გოგონასთან ერთად, რომელსაც მხოლოდ ზურგიდან ვხედავდი და როგორც შემდეგ თქვეს, თინა ბოკუჩავა იყო. ბარში სხვა მაგიდასთან ისხდნენ ვანო მერაბიშვილი ცოლთან ერთად, თიკო სადუნიშვილი და სხვები, რამდენიმე მაგიდა იყო გაერთიანებული. მოშორებით ია ფარულავას მოვკარი თვალი. ვერ ვადასტურებ, ვინ სად იჯდა, რადგან ერთადერთი მიშა სააკაშვილის მაგიდა იყო, სადაც არ მიდი-მოდიოდნენ, დანარჩენი სუფრები ერთმანეთთან გადადიოდნენ, ადიოდნენ, ჩადიოდნენ. აქვე იყვნენ გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, მთაწმინდის გამგებელი ნიკოლოზ მელია, მისი თანმხლები პირი, რომელმაც მე ხელი დამარტყა. სამჯერ დამარტყა მუშტი ამ ადამიანმა, მელია ტყუილად ფარავს და თავის თავზე ნუ იღებს სხვის დანაშაულს.
- თუ შეიძლება, ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს.
- შემოსვლის შემდეგ ყავა შევუკვეთეთ, ხათუნა და ბექა რომ შემოგვიერთდნენ - ღვინო. მე და ხათუნა ვსაუბრობდით და შემდეგ ხელების დასაბანად გავედი. როდესაც შემოვედი, სააკაშვილი აქ უკვე აღარ იყო. შემდეგ ჩვენს სუფრასთან მელია და მისი თანმხლები პირი მოვიდნენ და ბიჭები მოიკითხეს, ხელი ჩამოართვეს. ყურადღება არ მიმიქცევია. შემდეგ მეორედ მოვიდნენ და ხათუნას უშნოდ გაედნენ, ბექა მაზმიშვილს მხარზე ხელი უშნოდ დაადეს, დამამცირებლად. ამაზე მამუკა ბაკურიამ ზრდილობიანად უთხრა, არ გვინდა ეს ფამილარული ურთიერთობაო და ხელის ჟესტიკულაციით აჩვენა, გვაცალეთ ჩვენს სუფრასთან საუბარიო. ამას მოჰყვა მელიას ღრიალი და გინება, რის შემდეგაც მისი სუფრიდან წამოიშალნენ და ხათუნას თავში ჩაარტყეს. მე მისი თანმხლები მამაკაცი კისერში მწვდა, ბექასაც მაშინვე ჩაარტყეს სახეში. უცებ დაგვესხნენ თავს. ამ მამაკაცმა სცენისკენ მიმატრიალა, ჯერ ერთხელ დამარტყა მუშტი და დავვარდი, მაშინვე წამოვხტი და შემდეგ მეორედ დამარტყა მუშტი, რაც, ვფიქრობ, სპეციალურად გააკეთა, რომ ჩვენი სუფრის მამაკაცები ბოლომდე გამოეყვანათ მდგომარეობიდან.
- ამ დროს ვანო მერაბიშვილის მაგიდასთან რა ხდებოდა?
- თვალებში რომ გამოვიხედე, ჩხუბმა კიბის უჯრედისკენ გადაინაცვლა, რადგან მეორე სართულიდან დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე ჩამორბოდნენ დაცვასთან ერთად. პატრული რომ არ მოსულიყო, ჩაგვხოცავდნენ, როდემდე შევძლებდით მათ მოგერიებას, არ ვიცი. მახსოვს, ვანო მერაბიშვილმა სიცილით გამოისეირნა, მხედავდა, რა დღეში ვიყავი. შუაში ნუ ჩადგებოდა, გმირობას არ ვთხოვ, მაგრამ ქალი ვარ და ელემენტარულად ხომ შეეძლო ეთქვა, რომ ჩემთვის ხელი გაეშვათ. ღიმილით ელოდა, როდის ჩაგვქოლავდნენ. პატრულის მოსვლისთანავე ყველა მანქანაში ჩახტა და წავიდნენ, ჩვენ კი მთელი ღამე ვიმუშავეთ Yპო-ლიციასთან და კრიმინალისტებთან. როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, ექსპერტიზაზე გაგვიშვეს.
- თიკო სადუნიშვილმა თქვა, თითქოს თქვენ ყვიროდით, რომ ვაკე მხოლოდ თქვენი ტერიტორიაა.
- თიკო სადუნიშვილის კომენტარები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ის ჩემთვის არავინაა და არაფერს წარმოადგენს. უტვინო თავით ტელესივრცე რატომ უნდა დაეკავებინა ცხრა წელი, ეგ მიკვირს. არ მახსოვს, მსგავსი რამე მეთქვას. თიკო სადუნიშვილისთვის რა უნდა მეთქვა, კაცები მესხმოდნენ თავს და მათ ვიგერიებდი, ქალებისთვის სად მეცალა. ერთადერთი სანდომიანი სახის უცნობი გოგონა მახსოვს, რომელიც კაცებს ეუბნებოდა, გაჩერებულიყვნენ.
- ვანო მერაბიშვილის მეუღლე რას ამბობდა?
- მერაბიშვილის ცოლი და თიკო სადუნიშვილი ერთდროულად გვაყენებდნენ შეურაცხყოფას და ყვიროდნენ. მათი მაგიდებიდან ცვიოდა ჯამ-ჭურჭელი. ისტერიკა იყო, ერთი ამბავი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მათი დიდი ოცნება იყო, გაველახეთ, რადგან შეურაცხყოფილები არიან, ყველა რესტორნიდან რომ გამოყარეს და ცოტანი რომ გვნახეს, იფიქრეს, მოგვერეოდნენ და ჩაგვქოლავდნენ, ამით თავმოყვარეობას დაიკმაყოფილებდნენ. მეორე დღეს დილიდან, დაწყებული პრეზიდენტით, ბოკერიათი, ხაბაზით, ნადირაშვილითა და თაქთაქიშვილით გაგრძელებული, ყველამ თქვა, რომ თურმე პოლიტპატიმრები და ამნისტირებული კრიმინალები ვყოფილვართ. მოვითხოვ, საჯაროდ მოიხადონ ამისთვის ბოდიში. როცა გაირკვა, რომ არც ერთი არ ვყოფილვართ ნასამართლევი, პოლიტიკური პარტიის წევრი და თანამდებობის პირი, საღამოს ტყუილების ახალი კასკადი დაიწყო. 20 კაცი თავს გვესხმოდა და მათი მეუღლეები და თანმხლები ქალბატონები ჯამ-ჭურჭელს გვესროდნენ. ჩვენი სუფრიდან ჭიქა არ არის გატეხილი, ღვინის ბოთლი, რომელიც შევუკვეთეთ, დალეულიც არ გვქონდა.
- მანამდე ხშირად სტუმრობდით ამ კაფეს?
- დიახ, მამუკა განსაკუთრებით. გავრცელებულია ჭორი, ვითომ ეს კაფე სოფო ნიჟარაძისაა, რაც ტყუილია. აქაური სიტუაცია ყოველთვის მომწონდა. მამუკას აქ თავის შეყვარებულთან ერთად უყვარს სიარული და საყვარელი ადგილიც აქვს, რომელიც იმ დღეს თავისუფალი არ იყო. მეც ხშირად მოვსულვარ, მამუკასთან ერთადაც. სასიამოვნო გარემოში ყავას ვსვამდი ხოლმე. სხვა დროს აქ „ნაციონალები“ არ შემხვედრიან, თუმცა საერთოდ არ მაქვს ჩვევა, სხვა სუფრები ვათვალიერო. ეგ მათი ჩვევაა, დახამებულები არიან, სხვებს უყურონ.
- თქვენ ვის მიცემას ითხოვთ პასუხისგებაში?
- პირველ რიგში - მელიასი, შემდეგ იმის, ვინც ხელი დამარტყა და ნუ ამბობს, თითქოს ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ თვითონ ამაყენა. საბედნიეროდ, დღეს სამართლიანი პოლიცია გვყავს და იმედია, გამოიძიებენ. ახლა გავიგე, რომ ორმა წყვილმა, რომელმაც ჩხუბამდე დატო-ვა რესტორანი, ჩვენება მისცა, სადაც ამბობენ, რომ დათო საყვარელიძის მაგიდიდან მათ მიმართაც მოდიოდა აგრესია და ტერიტორია ამიტომ დატოვეს. ძველი ხელისუფლების დრო რომ ყოფილიყო, სამ სანდრო გირგვლიანს მიიღებდით, ჩემი, მამუკას და ბექას სახით. ჩვენ დაგვხოცავდნენ, მანამდე კი გაგვაუპატიურებდნენ, ამაში დარწმუნებული ვარ.
- რატომ აწყობდათ წინასაარჩევნოდ „ნაციონალებს“ ცემა-ტყეპა?
- პოლიტიკური სკანდალი სურდათ, რაც მათი განცხადებებიდანაც გასაგებია. უბრალოდ, გიგა ბოკერიას თავისი „ნაცმოზგის“ პიარშიკული ჩამჩა ნაცარში ჩაუვარდა.
- არ შეგხმიანებიათ ბოკერია?
- შემეხმიანოს ერთი, რა... არ იცოდა, რომ პოლიტპატიმარი არასოდეს ვყოფილვარ და ციხეში არ ვმჯდარვარ? მაგრამ ეგენი არიან ტყუილების მანქანა, უბრალოდ, ვერ წარმოედგინათ, რომ ჩვენ არც ერთი პარტიის წევრი არ ვიქნებოდით. პოლიტიკური სკანდალი უნდოდათ? - ვერ მიიღეს, ეგენი ვერავის გალახავენ.
- რამდენად ნორმალურია, როდესაც სოციალურ ქსელში ხალხის ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა მათ ცემას და „ლედი კარატეც“ კი გიწოდეს...
- ამაზე ჩვენ ვიხუმრეთ თავიდან, ტერმინატორი, რემბო და ლედი კარატე ვართ-მეთქი (იღიმება). ეს უკვე პოლიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, რატომ იყო ხალხი სოლიდარული ჩვენ მიმართ. ისინი სამართლიანობას, დამნაშავეების დასჯას ითხოვენ და როდესაც ხედავენ, რომ დამნაშავეები რესტორნებში დასეირნობენ, ბუნებრივია მათი რეაქცია.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“