29 მაისი, 2018
„ჩეპეები“ ყველგან ხდება, მაგრამ პრობლემა არასდროს შემქმნია ამ მხრივ" - როგორ შეიქმნა "FUNKY HOUSE"
მუსიკოსი ზურა მოსიავა ქართველმა მსმენელმა წლების წინ "ჯეოსტარის" მეშვეობით გაიცნო. ზურა მრავალმხრივ ნიჭიერია და არა ერთ ინსტრუმენტზე უკრავს.

პოპულარობაც არ აკლია და არც საქმიანი შემოთავაზებების სიმცირეს უჩივის, თუმცა, გადაწყვიტა საკუთარი ძალები ამჯერად ბენდთან ერთად "იქს ფაქტორში" გამოეცადა და ეს წარმატებულად გამოუვიდა კიდეც. 

ბენდი "FUNKY HOUSE" ჟიურის და მაყურებლის რჩეული, "იქს ფაქტორის" კასტინგზე გამოჩენისთანავე, გახდა. მათ ორი სკამის ტურიც გადალახეს და ახლა პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას უფრო დიდი შემართებით განაგრძობენ. ზურა და ბენდის სოლისტი მარიამი "რეიტინგს" ესაუბრნენ.

– რამდენი ხანია, რაც ჯგუფი FUNKY HOUSE არსებობს და როგორ შეიქმნა?

– ზურა მოსიავა: წლები ზუსტად არ მახსოვს, ძალიან დიდი ხანია, ბავშვობიდან ალბათ. სახელი დაახლოებით 6 წლის წინ დავარქვით. იმ ადამიანებმა, რომელთან ერთადაც “იქს ფაქტორში” გამოვდივარ, დროებით დატოვეს ბენდი, შემდეგ ისევ დაბრუნდნენ, მარიამი დავიმატეთ, გავაგრძელეთ მუსიკის კეთება და ასე აღმოვჩნდით პროექტში.

– მარიამ, ხართ თუ არა პროფესიით მუსიკოსი და გაქვთ თუ არა სიმღერის გამოცდილება?
– მარიამი: 5–6 წელია, რაც ვმღერი. არაფერი დამიმთავრებია, მაგრამ ხმის რეჟისორი ვარ. მუსიკას რაც შეეხება, ბავშვობიდან ორი ბენდის წევრი ვიყავი და საბოლოოდ, აქ მოვხვდი. ვოკალისტი გოგო სჭირდებოდათ, სრულიად შემთხვევით მივედი და დავრჩი.

– ზურა, შენ უკვე გქონდა კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება, "იქს ფაქტორი" რის გამო აღმოჩნდა განსაკუთრებით საინტერესო?
– საინტერესოა, რადგან ხალხი ერთობა, უყვარს მუსიკა. ჩვენც, რასაც ვაკეთებთ, გვინდა ადამიანებს ვაჩვენოთ. სწორედ ამისთვის ვარსებობთ და ეს პროექტი ამის კარგი საშუალებაა.

– რამდენად რთულია ამდენი ადამიანის ერთად მუშაობა?
– მარიამი: ჩემთვის და ზურასთვის ეს პრობლემა არაა, მე საერთოდ არ მირთულდება. როცა საქმე მუსიკას ეხება, ზურა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ყველაფერს. „ჩეპეები“ ყველგან ხდება, მაგრამ პრობლემა არასდროს შემქმნია ამ მხრივ.

– ზურა, აღიარებულია, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. არ გიფიქრია, რომ სადმე სხვაგან წასულიყავი კარიერის გასაგრძელებლად?
– ზურა მოსიავა: ვფიქრობ, რომ არ მინდა საქართველოს დატოვება. მინდა, აქ ვაკეთო ჩემი საქმე. შეიძლება, ეგეც მოხდეს, თუმცა, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი.

– რამდენად ობიექტურია ჟიური?
– მარიამი: სიმართლე რომ ვთქვა, ჟიური ობიექტურიცაა და სუბიექტურიც. ჩვენი ბენდი სხვა ბენდებისგან იმით განსხვავდება, რომ ექსპერიმენტალურად ვუდგებით ყველაფერს. ბევრ სიახლეს ვცდით. ეს ჟიურის მოსწონს, ამიტომ მგონია სუბიექტური. ჩვენზე კარგი ბენდებიც არიან სხვა განხრით, ძალიან ბევრი ნიჭიერი მონაწილეა.

– ერთ–ერთ ტურში ქართული სიმღერა შეასრულეთ, ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო თუ დაგეგმილი?
– ეს სიმღერა იყო „ჟუჟუნა წვიმა“. დიდი ხანია, ვუკრავთ მაგ ვერსიას, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ აუდიტორიისთვისაც გვეჩვენებინა. ვიფიქრე, რომ ქართული მაინც საინტერესო იქნება. მთელი ქვეყანა მღერის ინგლისურ სიმღერებს, არადა ქართული სიმღერაც კარგია.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS