06 თებერვალი, 2014
''არც ერთ მეუღლეს არ ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას''
ძალიან ბოროტი უნდა იყო, რომ ჩემზე რაღაც თქვა. რამდენჯერმე მომკლეს, რამდენჯერმე ჩემი უსაყვარლესი ადამიანის საყვარელი გამხადეს მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილს მუსიკისა და დრამის თეატრში ''ლურჯი ფრინველის'' თეატრალური პრემიერის დღეს შევხვდით... გარდა მსახიობობისა, ამ სპექტაკლში აჩიკო მომღერლის რანგში მოგვევლინება, უნდა შეასრულოს ის სიმღერა, რომელიც ლუკა ზაქარიაძემ და ქეთი ორჯონიკიძემ ამავე სახელწოდების ტელემიუზიკლში იმღერეს. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, პრემიერის წინ სიტყვაძუნწობით გამოირჩევა, თუმცა ეს ინტერვიუს საერთოდ არ ეტყობა და მისთვის საყვარელ საქმეზე გახსნილად გვესაუბრა. გეტყვით იმასაც, რომ აჩიკოს
მეუღლე ჟურნალისტი და ''იმედის'' საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნუცა ქავთარაძე გახლავთ.

- საუბარი პროფესიული არჩევანით დავიწყოთ, ''ბერიკები'' ამ მხრივ გადამწყვეტი იყო?
- ''ბერიკებმა'' ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიაში, მაგრამ როცა იქ მივედი, ზუსტად ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით. სანამ სტუდიაში სიარულს დავიწყებდი, ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი ''ბერიკებზე'', მოვიხიბლე და მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა მივსულიყავი. 90-იანი წლები გახლდათ, ოჯახში არავინ მუშაობდა და ეს გასაკვირი არ არის. ჩემი ცეკვის მასწავლებელი, ბატონი იგორ გითოლენდია, ''ბერიკებში'' ასწავლიდა, მან ბატონ გოგი თოდაძეს უთხრა, რომ არსებობდა ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავდა, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო. ''ბერიკებმა'' მომცა იმის ფუფუნება, რომ უფასოდ მესწავლა და ამას ვერასდროს დავუკარგავ.
- როგორია აჩიკო, თუნდაც დღეს, პრემიერის წინ?
- ძალიან ვნერვიულობ და ვარ ჩუმად, სიტყვაძუნწი ვხდები, თუმცა იმავდროულად ვარ კონტაქტური. მშვიდად ვემზადები იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მაყურებლის წინაშე მაქვს.
- გმირზე მუშაობის რა ხერხი და ტაქტიკა გაქვს?
- ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავი ჩემი პერსონაჟის მდგომარეობაში ჩავაყენო, ვმოქმედებ იქიდან გამომდინარე, როგორი იქნებოდა აჩიკო ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს კი მინარჩუნებს იმ სიმართლეს, რითაც კარგად ვატყუებთ მაყურებელს, ეს პროფესია ხომ ტყუილია, ამიტომ ვცდილობ, ვიყო მართალი, რომ შეძლებისდაგვარად კარგად მოვიტყუო.
გმირის განსახიერების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოსტიუმს. რაც უნდა გააკეთო, თუ კოსტიუმი არ ერგება შენს პერსონაჟს, შედეგს ვერ მიაღწევ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან მუშაობს ანანო მოსიძე, შესანიშნავი კოსტიუმების მხატვარი.
- სპექტაკლ ''მარკიზა დე სადში'' თამაშობ მეძავ ქალ კონტესას, რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დგას მაღალ ქუსლებზე...
- 11-სანტიმეტრიანი ქუსლი მეცვა, როგორ? არ ვიცი... მოგეხსენებათ, ამ სპექტაკლში კაცები ვთამაშობდით ქალებს, ყველა გმირი განსხვავებული იყო, მაგრამ ჩემი გმირი ამ ქალბატონებისგან რაღაცით უნდა გამომეყო. ჩავთვალე, რომ ქუსლზე ასული, გამხდარი და გველივით მოქნილი მეძავი კარგად ასახავდა კონტესას ხასიათს. არასდროს დამავიწყდება რეპეტიციები, რადგან ქუსლებზე შემდგარი ბიჭები ერთმანეთს ვეყუდებოდით. ეს პროფესია საინტერესო სწორედ ამითაა, არ იცი, ხვალ რისი გაკეთება მოგიწევს.
- 2013 წელს მოგანიჭეს თეატრალური პრემია ''დურუჯი'' სპექტაკლისთვის ''(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი'', სადაც ორ გმირს ასახიერებ. ელოდი ამ ჯილდოს?
- მოულოდნელი არაფერია, როცა დოისთან მუშაობ, მასთან თანამშრომლობა არის საკუთარი თავის მუდმივი გამოცდა. როცა დოიმ ორი როლის შესრულება შემომთავაზა, დავთანხმდი, ბევრი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს, იქვე გავეცი პასუხი, დავფიქრდი, ვიმუშავე და საბოლოო ჯამში ამ გმირებმა მომიტანა ძალიან დიდი წარმატება - ''დურუჯი''. საქართველოში მსახიობებისთვის სხვა არაფერი კეთდება და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ''ოსკარია''.
- რაც შეეხება კინოროლებს, მხოლოდ სანდრო მახსენდება ''ოცნების ქალაქიდან''...
- მეტი არ გაგახსენდება. ამას გარდა იყო გიგა ლორთქიფანიძის ოთხსერიიანი ფილმი, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, სადაც ერთ-ერთ სერიაში ეპიზოდური როლი მქონდა. ვერ ვხსნი, რატომ არ ვარ კინოში, არ გამოვრიცხავ, ეს იყოს ტელევიზიის ბრალი, რომელიც ცვეთს მსახიობს.
- თუმცა არიან მსახიობები, რომლებიც, ტელევიზიის პარალელურად, კინოშიც აქტიურად ჩანან.
- მაშინ არ ვიცი... მიჭირს სხვების მაგივრად საუბარი. იმედი მაქვს, ოდესღაც ვიღაც დამინახავს და დამაკავებს, ეს ძალიან გამახარებს.
- სერიალებში რატომ არ ხარ?
- სერიალებს, ვცდილობ, არ დავთანხმდე, ბევრ რამეზე მაქვს უარი ნათქვამი, ოღონდ აქ ''ჩემი ცოლის დაქალები'' არ იგულისხმება. ამ სერიალიდან მქონდა შემოთავაზება, სიამოვნებით დავთანხმდებოდი, მაგრამ დროის დეფიციტის გამო ვერ მოვახერხე მუშაობა. კინოსა და სერიალის საკითხს ძალიან ფრთხილად ვუდგები, თუ სპექტაკლი არ ივარგებს - მოიხსნება, კინოში კი, თუ როლი არ გამოგივიდა, სამუდამოდ დარჩება. მე კი არ მინდა, გარკვეული დროის შემდეგ ასეთი არასასურველი რამ ამომივარდეს ჩემს პროფესიულ ბიოგრაფიაში, რაც ვიღაცას სალაპარაკოს მისცემს.
- ქორეოგრაფი ხარ, ამ მხრივ უამრავ ცნობილ პროექტზე გიმუშავია. რთულია ცეკვის სწავლება ცნობილი თუ უცნობი, მოქნილი თუ არაპლასტიკური ადამიანისთვის?
- რამხელა ინფორმაცია გაქვს ჩემზე (იღიმის). რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ აქაც ვმუშაობ ისე, როგორც საკუთარ თავზე. ცეკვას ვარგებ იმ ადამიანს, რომელმაც ის უნდა შეასრულოს. ამიტომ არ მივიჩნევ, რომ ჩემი დადგმული ცეკვა ქორეოგრაფიის შედევრია, თუმცა როცა იმ ადამიანზე ამბობენ, რა კარგად იცეკვაო, ეს ჩემთვის კომპლიმენტია და მსიამოვნებს.
- არ გქონია შემოთავაზება ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან''?
- თქვენ წარმოდგინეთ, არა. მე არ ვიცი სამეჯლისო ცეკვები, პატივს ვცემ, მაგრამ არ არის ჩემი პროფილი და მომიწევს მისი ნულიდან შესწავლა, გამიჭირდება ალბათ მონაწილეობა, რადგან ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ძნელია. ალბათ, ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ სხვა არხის თანამშრომელი ვარ.
- რეჟისურაშიც გიცდია ბედი, ამავე თეატრში ''მარტოობის დღესასწაული, ანუ MY შPAჩE'' დადგი, როგორ მოხდა ეს?
- რაც მე გავაკეთე, ეს გახლდათ უსიტყვოდ გაცოცხლებული ადამიანების ქცევები და ცხოვრება, ქორეოგრაფიით გადმოცემული ნოველები. მინდოდა, ჩემი თავისთვის მომეწყო გამოცდა და ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი გახლდათ. აჩიკო რეჟისორის რანგში არის ღიმილიანი, ძალიან მომთხოვნი, მათრახით აღჭურვილი და იუმორით სავსე.
- გარდა რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფისა, ვის შეფასებას იზიარებ?
- ვცდილობ, მოვუსმინო ყველას, მაგრამ მერე დიდ საცერში ვატარებ მოსმენილს, ვაჯერებ უარყოფითს და დადებითს ერთმანეთთან და ვითვალისწინებ. ჩემს ოჯახში ამ მხრივ ძალიან ობიექტური გარემოა, პირდაპირ მეუბნებიან აზრს. ნუცას უფრო სხვა ხედვა აქვს, უფრო ობიექტურია, ალბათ იმიტომ, რომ ხელოვანების ოჯახშია გაზრდილი. თუმცა არც მასთან და არც არავისთან არ განვიხილავ გმირს, ის ჩემია, ეგოისტი ვარ და არ მიყვარს ამაზე ბევრი ლაპარაკი. მაქსიმუმ რეჟისორთან ვილაპარაკო ამაზე, რომ გავიგო, რისი მიღება უნდათ ამ გმირისგან. გარდა ამისა, დოის გამომეტყველებით ვხვდები ბევრ რამეს, ქება არ უყვარს, მაგრამ ერთი შეხედვა საკმარისია, რომ მივხვდე მის აზრს.
- აჩიკო, ასპირანტურა გაქვს დამთავრებული მეტყველების კულტურის განხრით, ნუცასთან, როგორც ჟურნალისტის შეფასებისას, როგორი ხარ?
- ტყუილად არასდროს არაფერს ვეუბნები, დათვური სამსახური ძალიან ცუდია, ვარ ობიექტური. ჟურნალისტიკა დიდი პასუხისმგებლობა და ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანები ვართ და შეიძლება, რაღაც ვერ თქვა სწორად, ამიტომ ამ კუთხით შენიშვნას არ ვაძლევ. ნუცას ხმის ტემბრი და მეტყველების კულტურა ეთერში იცვლება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, ვაფასებ მის პროფესიას და შრომისმოყვარეობას.
- როდესაც ნუცა მუშაობს კრიმინალზე, ჩართვა აქვს აქციიდან და შენ ამ დროს ტელევიზორში უყურებ, რა განცდაა?
- ძალიან დიდი სტრესია. არც ერთ მეუღლეს არ ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვერავინ დამათმობინებს მას, ისიც ვიცი, ჩემს ცოლს როგორ უყვარს თავისი საქმე, მე კი უფლებას არ მივცემ თავს, რომ მას რაიმე ავუკრძალო, ამას ნუცა არც მაპატიებს და სწორიც იქნება. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, რა აღარ მიფიქრია, მაგრამ უძლური ვარ. თუ ადამიანი გიყვარს, არ შეიძლება მის მიმართ რადიკალიზმი, ეს არაფერში არ ვარგა.
- ახლა ''სხვა შუა დღეზე'' ვილაპარაკოთ. რას ნიშნავს შენთვის ეს გადაცემა?
- ძალიან მაგარი რაღაცაა. გამოუცდელობით ბევრი შეცდომა მომსვლია. ვნანობ და ჩემს მაყურებელს ბოდიშს მოვუხდი რამდენიმე ისეთი ფრაზის გამო, რაც დღემდე თავისთვის ვერ მიპატიებია. საკმაოდ ფაქიზ და ინტიმურ თემაზე, ნაადრევ ქორწინებაზე ვსაუბრობდით, რაღაცის თქმა მინდოდა, სანამ ირგვლივ მყოფები დავაწყნარე, რომ აზრი გამომეხატა, ვთქვი ისეთი რამ, რაც არ უნდა მეთქვა.. ახლა აღარ გავიმეორებ, თუ არ ახსოვს საზოგადოებას, აღარ გავახსენებ, ვისაც ახსოვს - კიდევ მოვუხდი ბოდიშს. ორი წელი გავიდა და დღემდე ცუდად მახსენდება ჩემი სიტყვები.
- ეთერში ძალიან ხალისიანი ხარ, როგორია აჩიკო სახლში? მგონია, რომ რბილი ხასიათი უნდა გქონდეს.
- არა, არ ვარ რბილი, მძიმე ვარ. პირდაპირი ვარ და თუ არ ვამბობ, სახეზე მაწერია ყველაფერი, ეს გარკვეულწილად მიშლის ხელს, გარკვეულწილად - არა. თუ არ მეღიმება, ძალით ვერ გავიღიმებ, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მოშვებული ვარ. როცა დგახარ სცენაზე, ხარ ეთერში, არავინ გეკითხება, როგორ ხასიათზე ხარ და რამე პრობლემა ხომ არ გაქვს. ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების წესი რომ ხდება, იმდენად იღლები, რომ სახლში მისულს უბრალოდ გინდა ჩაეხუტო და გაჩუმდე. ამ დროს კი ზედმეტი, ყოფითი პრობლემები არ გაინტერესებს. ასეთ დროს შეიძლება ძალიან ქართლელი ვარ, ვერ ვპოულობ კარგად თქმის ფორმას და ბრტყლად გამოვხატავ ჩემს სათქმელს, სწორედ ეს ''სიბრტყელე'' მაგიჟებს. სახლშიც ხალისიანი ვარ, თუ ხასიათზე ვარ.
- შენ და ნუცას დატვირთული გრაფიკი გაქვთ. იცლით განტვირთვისთვის?
- ძალიან გვიჭირს, რადგან დღის ბოლოს აღარაფრის თავი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებთ. ხანდახან ჩვენთვის ძალიან დიდი განტვირთვაა ის, რომ კარგ ფილმს ერთად ვუყურებთ, ან, უბრალოდ, ვსხდებით მანქანაში და ვსეირნობთ, არსად არ გადავდივართ, უბრალოდ, ვადგავართ გზას. გაგიკვირდებათ და ყავის დასალევად მივდივარ აეროპორტში, იქ თბილისისგან განსხვავებული გარემოა და მიზანი ესაა, მივდივარ, ვსვამ საშინელ ამერიკანოს, ვიხდი არცთუ ისე ცოტას და ვბრუნდები. არასდროს არ დავდივარ იქ, სადაც ბევრი ხალხია, ვერიდები ხალხმრავლობას პროფესიიდან გამომდინარე. მირჩევნია, მეგობრების ვიწრო წრეში დავლიო ყავა და ვისაუბრო, ეს ნამდვილად მაკლია.
- ბოლოს, რაც შეხება ჭორებს.
- ვცდილობ, არ ავყვე. ძალიან ბოროტი უნდა იყო, რომ ჩემზე რაღაც თქვა. რამდენჯერმე მომკლეს, რამდენჯერმე ჩემი უსაყვარლესი ადამიანის საყვარელი გამხადეს, უამრავი რამ მსმენია, მაგრამ ლაპარაკობენ და რა ვქნა... ნუცასაც იმუნიტეტი აქვს ამ მხრივ გამომუშავებული.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Kო
აბსოლუტურად გეთანხმები თბილისის აეროპორტში მართლაც საშინელი ყავაა და საერთოდ სერვისი დაბალ დონეზეა ძალიან,საერთაშორისო კი ქვია.
12:28 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
ძალიან მიყვარხარ აჩი ულამაზესი მეუღლე გყავს და დიდ ბედნიერებას გისურვებთ ორივეს!!! შენნაირი ახალგაზრდები ბევრი არ გვყავს!
12:35 / 06-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS