გაბუნიას გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, „რეიტინგი“ იმ ცნობილი ქართველებით დაინტერესდა, რომლებიც წლების წინ ეკლესიაში მსახურობდნენ, თუმცა, პოპულარობის მოპოვების შემდეგ ეკლესიის კრიტიკა დაიმსახურეს.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გიორგი გაბუნია წლების წინ განდეგილობას აპირებდა და ეკლესიაში მსახურობდა. ის სტიქაროსანი იყო. რელიგიურ ლიტერატურას კითხულობდა და სურდა, სკოლის დამთავრების შემდეგ განდეგილი ბერი ყოფილიყო, რასაც მისი
„ეკლესიაში როდესაც დავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო არასოდეს ვიყავი, ღმერთი ჩემთან იყო და მიფარავდა. მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ იმის გარეშე დავრჩი, რაც მქონდა. სრული სიმარტოვე ვიგრძენი. აღარ მყავდა ვიღაც, ვისთვისაც ნებისმიერ დროს შემეძლო მიმართვა და ვინც დამიფარავდა, ეს კი მძიმე მომენტი იყო. ვფიქრობდი, რა მიმართულებით წავსულიყავი.
მანამდე რელიგია თავად მაძლევდა მიმართულებებს, როგორი წესებით მეცხოვრა. როდესაც ჩემი თავი ამ ყველაფრისგან გავათავისუფლე, მივხვდი, რომ თავად უნდა დამედგინა ჩემი ცხოვრების წესი და ვერავისთან გადავამოწმებდი, ნამდვილად სწორი იყო ჩემ მიერ აღებული მიმართულება თუ არა“, - იხსენებს ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ეკლესიიდან წამოსვლის შემდეგ მან რადიკალურად შეიცვალა იმიჯი, ორიგინალური და მაშინ ბევრისთვის მიუღებელი სტილი მიიღო - ოჯახში ამის გამოც გაუნაწყენდნენ, თუმცა, შემდეგ მუშაობა ტელევიზიაში დაიწყო და როგორც თავად ამბობს, ოჯახი დარწმუნდა, რომ დაჭკვიანდა.
გიორგი გაბუნია თამამი განცხადებებით ხშირად გამოირჩევა, მისი განცხადებები ხშირად შეურაცხმყოფელიც არის.
რამდენიმე თვის წინ, მან იესო ქრისტეზე იხუმრა, რის გამოც საპროტესტო აქცია მოუწყვეს „რუსთავი 2“-თან.
გასულ კვირას კი, ღვთისმშობელზე იხუმრა. გიორგი გაბუნიას გადაცემაში ლია უკლებას ნახატის „თვითმკვლელ ღვთისმშობელზე“ საუბრისას ტელეწამყვანმა თქვა, რომ ღვთისმშობელს ხელში სათამაშო პისტოლეტი უჭირავს, ის თავს ვერ მოიკლავს და იესო ქრისტე დაიბადება.
მის რეპლიკას იმაზე დიდი სკანდალი მოჰყვა, რაც თავად ლია უკლებას ნახატს.
გაბუნიას განცხადება უამრავმა ადამიანმა დაგმო, ის ამ რეპლიკისთვის ყოფილმა პრეზიდენტმაც გააკრიტიკა.
საპატრიარქომ კი წერილი გაავრცელა და სასულიერო პირებს მოუწოდა „რუსთავი 2“-თან აღარ ითანამშრომლონ. მეუფე შიომ კი ეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.
კიდევ ერთი ცნობილი ქართველი, რომელიც სასულიერო პირებმა გააკრიტიკეს, ცნობილი მოდელი თამო ვაშალომიძეა.
თამო ვაშალომიძე წარსულში ეკლესიის მსახური იყო, ის მედავითნე გახლდათ, თუმცა, ბუნებრივია მისთვის პოპულარობა ეკლესიაში მსახურებას არ მოუტანია. ოჯახური სირთულეების გამო, მან თავის მოკვლაც სცადა, საბედნიეროდ, გადარჩა და ეკლესიაში სიარული დაიწყო. ეკლესია მოეწონა და სურვილი გაუჩნდა მედავითნე გამხდარიყო, იმისთვის რომ საჭირო რელიგიური ლიტერატურა შეეძინა დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, ისწავლა ნუსხურ-ხუცური და ტაძარში მსახურობდა. სურდა, მონასტერში წასულიყო, თუმცა, მისი გეგმები შეიცვალა.
რატომ თქვა გოგონამ მედავითნეობაზე უარი, ამაზე ის არასდროს საუბრობს. წლების წინ, თამომ თამამი ფოტოები გადაიღო, სექსუალური ფორმების მქონე გოგონამ თამამი ფოტოები გადაიღო, სოციალურ ქსელში გაავრცელა და მთელმა საქართველომ გაიცნო. მართალია, მას ერთ სილამაზის კონკურსზეც ჰქონდა მიღებული ტიტული, მაგრამ ხალხისთვის შიშველი მოდელი უფრო საინტერესო გახდა, რომელიც წარსულში მედავითნე იყო, ვიდრე მისი წარმატება სილამაზის კონკურსზე.
თამო ვაშალომიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაშიც კი გაიხადა, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა, როგორც ხალხისგან, ისევე რამდენიმე სასულიერო პირისგან. თუმცა, გაბუნიას მსგავსად, მისთვის არც აქციები მოუწყვიათ და არც შეუჩვენებიათ.
გიორგი გაბუნიასგან განსხვავებით, თამო ვაშალომიძე რელიგიურ თემებზე და წმიდანებზე არასდროს საუბრობს და არც იმას ამბობს, რატომ „გაუტყდა გული“ ეკლესიაზე. შესაბამისად, მამაოების აღშფოთება მის თამამ ფოტოებზე აღშფოთებად დარჩა და მოდელი თავის საქმიანობას წარმატებით განაგრძობს.