პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი (რომელიც კაფე "გალერის" დაცვის წევრი იყო), 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი.
ნარკოტიკების გამსაღებლების საქმის ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, დაკავებულები კი დუმილის
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 22 წლის გოგონაა. ქეთი მურუსიძის უფლებებს იცავს ადვოკატი გია გოროზია, რომელმაც AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშულოდ მიიჩნევს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გვიან ღამით, დაახლოებით ორ საათზე კაზინო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალებები არ ამოუღიათ არც მისი პირადი ჩხრეკისას და არც ბინიდან. ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი - გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი. ქეთი მურუსიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აკადემიური ჰქონდა აღებული სასწავლებელში, ახლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და სწავლას. ის გამსაღებელი არაა და შესაძლოა, ეს ყველაფერი აგენტ-პროვოკატორის მიერ იყოს პროვოცირებული", - ამბობს მურუსიძის ადვოკატი გია გოროზია.
უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს კიდევ ერთი დაკავებული 24 წლის თორნიკე ჩუტკერაშვილი. მისი ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, ჩუტკერაშვილის დაკავება არ უკავშირდება იმ უბედურ შემთხვევებს, როდესაც თბილისში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე გაურკვეველ ნარკოტიკულ საშუალებას ემსხვერპლა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიდ დიღომში ცხოვრობს, ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ის საკუთარ სახლთან გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც გააჩერეს, გადმოიყვანეს და ჩხრეკა ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული საშუალება აღმოჩენილი არ იქნა არც მისი პირადი ჩხრეკისას, არც ავტომობილში და არც სახლში. ორგანიზმშიც კი არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალების კვალი. პროკურატურა ამბობს, რომ ის ჩანს გავრცელებულ ვიდეოკადრებში. რამდენად ავთენტურია ეს კადრები, ექსპერტიზა დაადგენს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ექსპერტიზას ყველანაირი ნიმუში მისცა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. სანამ ექსპერტიზის პასუხები არ მოვა, როგორ ვთქვა არის თუ არა ეს ვიდეო ავტენტური ან რა შემხებლობა აქვს დანაშაულთან?
გამოკითხვის დროს ჩუტკერაშვილმა დუმილის უფლება გამოიყენა. სასამართლოზე მოვითხოვეთ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, სანამ ექსპერტიზის პასუხები გახდებოდა ცნობილი, მაგრამ ის მაინც პატიმრობაში დატოვეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პიროვნული მახასიათებლები არ მოითხოვდა მის პატიმრობაში დატოვებას - ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობს, ამავე დროს სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს. მან თქვა, რომ საცხოვრებელ სახლს ჩადებდა გირაოში, მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
- ჩუტკერაშვილი იცნობს დანარჩენ დაკავებულებს?
- აბსოლუტურ უმრავლესობას ის არც იცნობს. პროკურატურაც და პოლიციაც ადასტურებს, რომ მას არ აღმოაჩნდა ნარკოტიკი.
დუმილის უფლებას იყენებს „გალერის“ დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილიც. მისი ადვოკატის მტკიცებით, ჟამუტაშვილი ნარკოტიკების გამსაღებელი არ არის, რასაც დაამტკიცებს კიდეც და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. განაგრძეთ კითხვა: