- შორენა, როდის შეიტყვეთ თქვენი დიაგნოზის შესახებ?
- 12 წლის ვიყავი. თავის ტკივილები დამეწყო, ლიმფური კვანძები შესამჩნევად გამიდიდდა. მაღალი ტემპერატურა მქონდა და ექიმს მივაკითხეთ. მაშინ ადიგენში ვცხოვრობდით, ერთ პატარა, ლამაზ სოფელში. რომ მნახა ექიმმა მაშინვე მითხრა, თბილისში წადით ონკოლოგიურშიო. მშობლები შეშინდნენ, მიხვდნენ, რომ საქმე სერიოზულად იყო.
გამოკვლევები ჩავიტარე და დაისვა დიაგნოზი
- მკურნალობის რა პროცედურები გაიარეთ?
- თავდაპირველად ქიმიოთერაპიით დავიწყეთ, შემდეგ მოყვა სხივური თერაპიები, ერთი, მეორე, ასე. პროცედურები ერთმანეთს ცვლიდა წლების განმავლობაში. ზუსტად აღარც მახსოვს, რამდენი ჩამიტარდა. ბუნებრივია, ყველაფერი რთული იყო. ბავშვის ორგანიზმში საკმაოდ მძიმე წამლები ხვდებოდა, ქიმია.
ყოველი გადასხმის შემდეგ განსაკუთრებით კრიტიკული იყო სამი დღე. როცა არც საკვების მიღება მინდოდა, ძალაგამოცლილი ვიყავი. მეგონა, კარგად არასდროს გავხდებოდი. ორჯერ გამცვივდა თმა და ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემთვის.
შეიძლება ითქვას, ამ დაავადებასთან ერთად გავიზარდე. ეს იყო გამოწვევებით სავსე, ტკივილით და განსაცდელით გაჯერებული წლები.
- რამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხეთ ეს დაავადება?
- 14 წელი ვიბრძოდი. 2012 წელს მივედი მორიგ გამოკვლევაზე, მეგონა, მკურნალობა ისევ დამჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის სენი აღარ არსებობდა ჩემს ორგანიზმში და შესაბამისად, მკურნალობაც აღარ დამჭირდა. ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც მაშინ ვგრძნობდი.
- რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ახლა გადის იმ გზას, რომელიც თქვენ უკვე გაიარეთ?
- ვიტყვი, რომ მეც ერთი მათგანი ვარ, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ყველაფერი, გაიარა ურთულესი გზა და კარგად აცნობიერებს, რამდენი სირთულე ახლავს ამ ბრძოლას. არ დანებდნენ, იმკურნალონ და ხელი არასდროს ჩაიქნიონ. განწყობა არის უმთავრესი, რომ შენ შეგიძლია, რომ ვერ დაგამარცხებს.
ჟურნალი "სარკე"
ირაკლი ვაჩიბერაძე