თინეიჯერი გოგონას ბებიისთვის შესრულებულმა სიმღერამ ბევრი აატირა კიდეც.
თამუნა უფრო ვრცლად თავისი გეგმების შესახებ "რეიტინგს" ესაუბრა.
- 16 წლის ვარ, სამი წლის ასაკიდან ვმღერი. სიმღერის ნიჭი ჩემი დიდი ბებიისგან გამომყვა, ის მღეროდა კარგად. "იქს ფაქტორში" გამოსვლა ბებოს სურვილი იყო და ახლა ავუსრულე ეს სურვილი. სამწუხაროდ, ბებო მოხუცია და ლაპარაკიც კი აღარ შეუძლია,
- სად ცხოვრობს ბებო?
- ბებო აფხაზეთში ცხოვრობს. როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, ბებო, ბიძაჩემი და მისი ოჯახი აფხაზეთში დარჩნენ. ასე გადაარჩინეს ჩვენი სახლი დაბომბვას და ჩემი კერა მაქვს აფხაზეთში. მე ზუგდიდში დავიბადე და ბებოსთან ყოველ ზაფხულს ჩავდივარ.
- როგორ ახერხებ?
- ბიძაჩემი მიკეთებს საბუთებს და ჩვეულებრივად გადავდივარ აფხაზეთში. ვერ აგიხსნით ისეთი ლამაზია, დანგრეულია ბუნებრივია, ომის კვალი დღემდე ეტყობა, თუმცა, აფხაზეთი არის ის ადგილი, სადაც დედამიწაზე ყველაზე კარგად ვარ. არსად არ ვგრძნობ თავს ისე დაცულად, როგორც იქ. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ დავბადებულვარ, ისე მიყვარს იქაურობა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი.
- "იქს ფაქტორში" გამოსვლის შემდეგ ბუნებრივია ბებოსთან არ გისაუბრიათ?
- ჩემი გამოსვლა ბებოს ეძღვნებოდა, მართალია ავად არის, მოხუცია, მაგრამ მაინც ვცადე მასთან ტელეფონით დამერეკა. სასწაული მოხდა, ყველანაირი ძალა მოიკრიბა და მითხრა მაგარი იყოო.
- სიმღერის გარდა რას აკეთებ?
- სიმღერის გარდა, ადგილობრივ ტელევიზიაში ვაკეთებ სიუჟეტებს და მინდა, მომავალში ჟურნალისტიც გავხდე.