- დავუბრუნდი ჩემს საქმეს, რომელიც 4 თვის განმავლობაში ძალიან მენა-ტრებოდა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“
- რა სირთულეებს ხვდები პროფესიული თვალსაზრისით?
- ზოგადად, ღია ეთერში მუშაობა ადვილი არ არის, ზოგჯერ იპარება ლაფ-სუსები, შეიძლება, ერთი სიუჟეტი უფრო კარგი გამოგივიდეს, ვიდრე მეორე, რაც სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ ჩემთვის რთული და სასაცილო იყო ის პერიოდი, როცა „იმედში“ მივედი. ისე მოვხვდი ტელევიზიაში, არაფერი ვიცოდი, კასტინგზე ორი სიტყვა ვთქვი და დამირეკეს, ეთერში შედიხარო, მაშინ, როცა კამერა თვალით არ მქონდა ნანახი. თავიდან ეთერში ისეთ რაღაცებს ვამბობდი, ოპერატორიდან დაწყებული, შემოქმედებითი ჯგუფით დამთავრებული, ყველა შოკში ვარდებოდა (იღიმის). კამერა რომ ირთვებოდა, ვიზუალზე, კაბაზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე სათქმელზე. მერე კი მივხვდი, რომ მთავარია, იფიქრო სათქმელზე და შემდეგ - გარეგნობაზე, თან კამერასაც შევეჩვიე, ყურადღებაც მოვიკრიბე და გამოცდილებაც დამიგროვდა.
იურიდიულზე რომ ჩავაბარე, მეოთხე კურსიდან მეორეზე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობდი დაბრუნებას, რომ პიარის შესწავლა გადავწყვიტე, სულ ძიების პროცესში ვიყავი. მაგრამ ტელევიზიაში მოხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მომწონს.
- რაც შეეხება პრიზს, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღე, უკვე დადიხარ მოგებული მანქანით?
- ჯერ არა, რადგან გადმოფორმება ვერ მოვახერხე. ფინალის დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, სიცხიანი ვცეკვავდი, მერე მდგომარეობა ისე გამირთულდა, რომ ათი დღის განმავლობაში შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. როცა გამოვკეთდი, საქმეს შევუდექი და მართლა ვერ მოვიცალე ამ ფორმალობისთვის, თანაც, გარდა ამისა, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, დავიტოვებ მანქანას თუ გავყიდი.
- რაც შეეხება შენს მეუღლეს, ქუთაისში რომ უწევს დიდი დროის გატარება, არ გიჭირთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა?
- კი, ძალიან, ერთადერთი პრობლემა გვაქვს ოჯახში - რეზი როდის ჩამოვა. ჩამოსვლისას, იმის მაგივრად, რომ მივესალმო, ჩემი პირველი კითხვაა - როდის მიდიხარ? ხშირად მეუბნებიან, სიშორე ურთიერთობებს ამყარებსო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამაში კარგი არაფერია. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს.
- მოგვიყევი, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
- მე და რეზი ჩვენს მეგობრებთან ერთად ერთ ადგილას აღმოვჩნდით, ოღონდ ერთმანეთს არ ვიცნობდით. იქ მნახა. როგორც ჩანს, ჩემით დაინტერესდა და გაარკვია, რომ გვყავდა საერთო ნაცნობები. მას შემდეგ ისე აწყობდა, რომ სამეგობრო წრეში შევხვედროდით, თურმე ყველაფერი მისი ორგანიზებული იყო, მაგრამ მე ეს გვიან გავიგე. როცა მას ქუთაისში უწევდა საქმის გამო წასვლა, რომ ჩამოდიოდა, ვხვდებოდით ხოლმე, ვიყავი სულ სიურპრიზების რეჟიმში. დღემდე ორიენტირებულია იმაზე, რომ ისეთი რამ გააკეთოს, რითაც გამახარებს. როცა ყველაზე მეტად მჭირდება, მაგრამ არ ველი, სწორედ მაშინ აღმოჩნდება ხოლმე ჩემ გვერდით. ასეთი ურთიერთობის შემდეგ მალევე გაგვიჩნდა გრძნობები და სადღაც წელიწად-ნახევარში ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ.
- თუ ახერხებ მის თამაშებზე დასწრებასა და გულშემატკივრობას?
- უნდა ვთქვა, რომ შეყვარებულობის პერიოდში უფრო დავდიოდი, ახლა დროის პრობლემა მაქვს, ვეღარ დავდივარ და ამაზე ბუზღუნებს ხოლმე, მაგრამ მაინც მიგებს.
- შენი საქმიანობის როგორი შემფასებელია?
- პირველივე დღიდან ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩემს საქმიანობაში. თავიდან ვერ უყურებდა ჩემს ეთერს, მე თვითონვე ძალიან ვნერვიულობდი და მასაც ვაპანიკებდი. იმდენად ღელავდა, ხან მარტო ხმას უსმენდა და არ მიყურებდა, ხან კიდევ გადახვევის რეჟიმით ეცნობოდა იმდღევანდელ გადაცემას, რის შემდეგაც მირეკავდა და საკუთარ აზრს, შენიშვნას თუ რჩევას მიზიარებდა.
- როგორ შეხვდა რეზი, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ აპირებდი მონაწილეობას?
- არ შეხვდა კარგად და ვერ ვიტყვი, რომ ტაში დამიკრა, მაგრამ მსჯელობისა და საუბრის შემდეგ მითხრა, შენს საქმეს ეს სჭირდება და თუ შენ გინდა, მიიღე მონაწილეობაო. მართლა გამიკვირდა, რასაც რეზიმ იმ 4 თვის განმავლობაში გაუძლო, თუნდაც ჩემს ტემპს, ხასიათს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ იყო, მის უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, რის გამოც ასმაგად დაფასდა ჩემს თვალ-ში. მეტიც, იმდენად უნდოდა, ყველაფერი კარგად ყოფილიყო, მეუბნებოდა, სახლში არ შემოგიშვებ, თუ ფინალში არ დადგებიო (იცინის).
- შენ რა შეგიძლია გვითხრა რეზის საქმეზე?
- სანამ მისი ცოლი გავხდებოდი, მეუბნებოდნენ, სპორტსმენის ცოლობა ადვილი არ არისო და თურმე ამაში ბევრი რამ იგულისხმება. პირველ რიგში, რეჟიმი, გაათმაგებული ხელის შეწყობა, რომელიც სპორტსმენებს სჭირდებათ და დრო. რეზი დილით გაღვიძების შემდეგ მიდის სავარჯიშოდ, საიდანაც დაღლილი ბრუნდება, იძინებს, საღამოს ისევ სავარჯიშოდაა წასასვლელი, ამასობაში ღამდება და ისევ ძილის დროა... ანუ, ფაქტობრივად, მთელი დღე ასე გადის. მე რომ ტელევიზიაში ვმუშაობ და დაკავებული ვარ, სპორტსმენებსაც რთული რეჟიმი აქვთ, მაგრამ მის საქმიანობას ძალიან ვაფასებ.
- როდესაც რეზი თბილისში ჩამოდის, თუ ანებივრებ შენი მომზადებული კერძებით?
- ტყუილს ვერ ვიტყვი, ხშირად ვერ ვანებივრებ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გიჟდება, ისე უყვარს, როცა მე ვუმზადებ რაიმე კერძს. ეტყობა, თვითონ მომზადების პროცესი მოსწონს და ბედნიერია იმითაც, რომ მასზე ვზრუნავ.
- რადგან ხშირად ერთმანეთისგან შორს ხართ, წუწუნისა და კამათის მიზეზი არ გეძლევათ?
- ეს მომენტი თავიდან უფრო გვქონდა. ერთად ცხოვრება რომ დავიწყეთ, ორ თვეში რეზის ქუთაისში წასვლა მოუხდა და ძალიან გაგვიჭირდა, ერთი წელი და-გვჭირდა მისაჩვევად. ამის გამო ხანდახან ისეთ რაღაცებზე ვკინკლაობდით, საჩხუბარიც არ იყო, მერე კი ორივეს გვეცინებოდა, ვხვდებოდით, რომ მონა-ტრების გამო ხდებოდა. იმედია, სეზონის ბოლოს უკვე აქეთ გადმოინაცვლებს და სულ თბილისში იქნება.
- შენ და რეზი მარტო ცხოვრობთ? როცა ის ქუთაისშია, მარტო გიწევს შინ ყოფნა?
- კი, მე და რეზი მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ როცა ჩემი მეუღლე აქ არ არის, დედასთან გადავდივარ, რადგან არ შემიძლია მარტო ყოფნა. ამასთან, ძალიან მშიშარა ვარ, დღისით შეიძლება, მარტოობის სურვილი მქონდეს, მაგრამ საღამოს - არა, სიჩუმე არ მიყვარს, მომწონს ოჯახის წევრების გარემოცვაში ყოფნა.
- მაპატიე, ამას რომ გეკითხები, მაგრამ ბავშვზე ჯერ არ ფიქრობთ? თუნდაც, რეჟიმის გამო...…
- რეზი ფიქრობს და ძალიან უნდა, შვილი გვყავდეს, მაგრამ ჯერჯერობით მე არ ვგეგმავ, რადგან ის იქით არის, მე – აქეთ და სულაც არ მინდა, ორსულობის პერიოდი მარტომ გავატარო. შესაბამისად, როცა დავლაგდებით და რეალურად დავიწყებთ თანაცხოვრებას, შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამ საკითხზე.
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“