07 მაისი, 2018
"ვიგრძენი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი" - ქეთი ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
შინაგანი არისტოკრატიზმი და გარეგნული მომხიბვლელობა ჰარმონიულად არის შერწყმული მსახიობ ქეთი ჩხეიძის პიროვნებაში. მხიარული, ლამაზი, დედისერთა გოგონა ბებიების მეთვალყურეობით იზრდებოდა. ბავშვობა თელავში გაატარა. მერე იყო თბილისი, ზემელი (დღევანდელი რუსთაველი) და პირველი საშუალო სკოლა. სკოლის კედლებში მერაბ ნინიძესთან ერთად დადგმული სპექტაკლები, თეატრალური ინსტიტუტი და განუმეორებელი სტუდენტობა, სტუდენტური სპექტაკლებით მოსული უეცარი წარმატება და რუსთაველის თეატრი… მსახიობს ჟურნალი "სარკე" ესაუბრა:

- ადამიანები, რომლებმაც მსახიობობა პროფესიად აირჩიეს, ხშირად ამბობენ, რომ ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდნენ. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში?

- ჩემი ბებია
(მამის მხრიდან) ცნობილი გინეკოლოგი იყო. ის თელავის სამშობიაროს მთავარ ექიმად დანიშნეს და მთელი ჩვენი ოჯახი იქ გადავიდა. ბებიას ხელოვნება ძალიან უყვარდა, ვერიკო ანჯაფარიძესთან მეგობრობდა. თელავის თეატრის ერთი სპექტაკლიც არ გაუცდენია, მეც თან ვყავდი. ჩვენს ოჯახში მსახიობების თავშეყრა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასე რომ, ამ დიდი სიყვარულის პირველი თესლი ბებიამ ჩათესა, რომელიც ნელ-ნელა გაღვივდა.

მეცხრე კლასში ვიყავით, როცა მე და მერაბ ნინიძემ გადავწყვიტეთ, სპექტაკლი დაგვედგა. დირექტორს ვთხოვეთ ნებართვა და საქმეს შევუდექით. "მსახიობები" სხვადასხვა კლასებიდან ავარჩიეთ, რასაკვირველია, ჩვენზე უმცროსები. მათ შორის იყო ახლანდელი პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი, რომელიც რატომღაც მე დავიწუნე. პრეზიდენტად რომ აირჩიეს, მეხუმრებოდნენ, ქეთი, დროა, თეატრიდან წახვიდე, სანამ თვითონ გაახსენდება ძველი წყენაო.

ცნობილი რეჟისორი გიზო ჟორდანია ჩემი ბიძა გახლდათ. თეატრალურში ისე უნდა ჩამებარებინა, არავის ეთქვა, ბიძის გამო შეღავათები გაუწიესო. საგამოცდო კომისია დიდოსტატებისგან შედგებოდა – მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, მედეა კუჭუხიძე, გიგუშა გაწერელია, ბაბულია ნიკოლაიშვილი, გიზო ჟორდანია. მათ არ გამოეპარებოდათ უმცირესიც კი.

მღელვარებისგან ისე გამიშრა ყელი, ხმა ჩამიწყდა და ლექსის ბოლომდე წაკითხვა ვერ შევძელი, ორჯერ გამიშვეს წყლის დასალევად. ის მარცვალი არ დამიკარგეს, რაც ჩემში იყო და გავხდი სტუდენტი. მერე ჩემი პედაგოგების დიდი შალაშინისა და დიდი შრომის შედეგად, შევძელით და დავდგით სპექტაკლები: "სამანიშვილის დედინაცვალი", "ანა ფრანკის დღიური", "ამაღამ, მგონი, იქნება ქარი". ძალიან გახმაურდა ჩვენი სტუდენტური ნამუშევრები და რობიკო სტურუამ მთელი ჯგუფი წაგვიყვანა რუსთაველის თეატრში, სადაც 10 წელი ვიმუშავე.



- რის შემდეგაც წახვედით თეატრიდან...


- რაღაც თავისთავად მოხდა ისე, რომ თეატრი თითქოს ორ ნაწილად გაიყო და ორი კოლექტივი ჩამოყალიბდა, არადა თეატრი შეკრული უნდა იყოს. ამას დაემთხვა ისიც, რომ გავთხოვდი და ჩემი მეუღლე, პროფესიით ექიმი, მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ. გადავბარგდით მოსკოვში. დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრების შემდეგ პირველად გამიჩნდა ამდენი თავისუფალი დრო. საოჯახო საქმეებით დავკავდი.

- გქონდათ სიყვარულით შექმნილი ოჯახი, ორი არაჩვეულებრივი შვილით, მოხდა ისე, რომ დაცილდით ერთმანეთს. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ? და რას ფიქრობთ ახლა, როცა დრო გავიდა, შეიძლებოდა, არ გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

- უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი.

თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ის ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და მშვიდად დავცილდით. იგი საუკეთესო მამაა და აქტიურად არის ჩართული შვილების ცხოვრებაში  იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS