„სამარცხვინოა ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკასა და ხელოვნებას ერთმანეთთან აკავშირებს“, - ამბობს მედროგე პავლეს როლის შემსრულებელი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თითოეული ადამიანის შრომა უნ
- ნოდიკო, „ვერის უბნის მელოდიები“ აზერბაიჯანში როგორ აღმოჩნდა?
- როგორც ვიცი, თბილისში ამ მიუზიკლის ჩვენებას აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრებიც დაესწრნენ. ისე მოეწონათ, რომ ძალიან მალევე დაიწყეს საუბარი, მიუზიკლი ბაქოში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა აჩვენოთო. ეს სპექტაკლი ზოგადად ძვირად ღირებული პროექტია, აზერბაიჯანის მხარემ თქვა, ყველაფერს ჩვენს თავზე ავიღებთ და სპექტაკლს ბაქოში წავიღებთო. ამ გასტროლმა ყველანაირი მოლოდინი გაამართლა. ათასკაციანი დარბაზი სავსე იყო. ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე გაიყიდა. „ვერის უბნის მელოდიებს“ არასდროს აკლდა აღიარება. მაყურებელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს იყო საერთაშორისო სტანდარტის მიუზიკლი. ბაქოშიც იგივე თქვეს, ამბობდნენ, რომ მსგავსი დონის მიუზიკლი შეიძლება, ამერიკაში ნახო. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ასეთი შეფასება.
- მიუზიკლის ყველა მონაწილე აღნიშნავს, რომ გული სწყდებათ, რადგან სპექტაკლი თბილისში აღარ გადის. არის ლაპარაკი იმაზე, რომ მიუზიკლი კვლავ დაუბრუნდეს თბილისურ სცენას?
- მსახიობებს ამის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. ამ სპექტაკლზე თითოეულმა მონაწილემ ძალიან დიდი ენერგია დახარჯა. ყველამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ. ვიშრომეთ, რომ მიუზიკლის დონე საერთაშორისო ხარისხს გათანაბრებოდა და ვფიქრობ, ის ენთუზიაზმი და შრომა არ უნდა დაიკარგოს. საბოლოო ჯამში მართლა კარგი სპექტაკლი გამოგვივიდა და ვამაყობ, რომ ქართველებს ასეთი მიუზიკლი გვაქვს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სპექტაკლში მთავარი როლი მაქვს. მედროგე პავლე რომც არ ვყოფილიყავი და უბრალოდ მენახა სპექტაკლი, იმავენაირად შევაფასებდი.
- ამბობენ, რადგან მიხეილ სააკაშვილს მოსწონდა ეს სპექტაკლი, იმიტო-მაც აღარ გადის ახლა თბილისში. როგორ ფიქრობ, ასეთია რეალობა?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული და მყარი შეხედულება მაქვს. როცა საქმე ეხება მუსიკას, მომღერალს და ზოგადად კულტურასა და ხელოვნებას, იქ არაფერ შუაში არ უნდა იყოს პოლიტიკა და პოლიტიკოსები. თუ ვიღაც პოლიტიკური მოსაზრების გამო აკეთებს იმას, რომ ეს სპექტაკლი თბილისში აღარ უნდა გავიდეს, ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია.
- სპექტაკლი თავიდანვე სკანდალში გაეხვია. როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, პრეზიდენტი სპექტაკლზე იმყოფებოდა და ხალხმა ციხეებში მომხდარი ამბების გაპროტესტება ფილარმონიასთან დაიწყო.
- რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, ძალიან მოქმედებს ჩემს განწყობაზე, ხასიათზე, მორალურ მხარეზე, ვარ სულით ხორცამდე ქართველი და ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ხდება ჩემს სამშობლოში. თითოეული ის კადრი, რაც მაშინ ვიხილე, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, შემაძრწუნებელი, მაგრამ აქ იყო სხვა მომენტი და ვფიქრობ, კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა.
ჩვენ ბოლომდე ვიდექით სცენაზე, სანამ სპექტაკლი არ მოიხსნა. სპექტაკლი კი მეორე დღესვე იმიტომ არ მოიხსნა, რომ ბილეთები გაყიდული იყო, თორემ ამაზე იყო საუბარი. სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი, რატომ აყენებდნენ შეურაცხყოფას იმ ხალხს, ვინც სპექტაკლზე მოდიოდა. იმ დროს, როგორც მახსოვს, სხვადასხვა ქალაქში კონცერტები და კულტურული ღონისძიებები მაინც იმართებოდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ მაინცდამაინც „ვერის უბნის მელოდიები“. ჩემთვის შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. უპრობლემოდ შევდიოდი და გამოვდიოდი ფილარმონიაში. მე ვარ მომღერალი და ესაა პროფესია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამ პროფესიის ამოსავალი წერტილი ხალხის, მაყურებლის პატივისცემაა. რადგან მთელი ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ 1000-1500 კაცი მოდის სპექტაკლზე და ის უნდა ჩატარდეს, ვერ ვიქნებოდი მეამბოხე და ვერ ვიტყოდი, მე არ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი.
ზოგადად ხალხს უყვარს სკანდალები, მაგრამ არ მინდა, ასე მძაფრად შეხედონ ამ ყველაფერს. როცა მომღერალი ხარ, ხუთი ადამიანიც რომ მოვიდეს მოსასმენად და სანახავად, მაინც უნდა იმღერო. მიმღერია ასკაციან და რვაათასკაციან დარბაზებშიც. ვიცოდით, რომ იმ ასობით მაყურებელს, რომლებიც მაშინ სპექტაკლის სანახავად მოდიოდნენ, ფილარმონიასთან ბევრ ცუდ რამეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ისინი მაინც შემოდიოდნენ დარბაზში. ჩვენ ვერ ვიტყოდით, სცენაზე არ გამოვალთო…. სამარცხვინოა ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკასა და ხელოვნებას ერთმანეთთან აკავშირებს.
- აზერბაიჯანში გამართული სპექტაკლის შესახებ სოფო ნიჟარაძის კომენტარმა სოციალურ ქსელში ამჯერადაც დაიმსახურა კრიტიკა. სოფო ამბობდა, „მიუზიკლი აპროტესტებს იმას, რასაც საქართველო წლების განმავლობაში აპროტესტებდა. კორუფციასა და კორუმპირებულ პოლიციას“.
- ვერ ვხვდები, რატომ გამოიწვია სოფოს ნათქვამმა კრიტიკა. წლების გან-მავლობაში საქართველოში მართლა იყო კორუფცია და ეს ყველამ კარგად იცის, საქართველოში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. ეს კორუმპირებული წყობა ყველას ძალიან კარგად გვახსოვს და მეც მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი ფრაზიდან გამოიტანოს თავისებური დასკვნა და მერე ლანძღვა დაიწყოს. ყველას თავისი შეხედულება აქვს და ამ შემთხვევაში სოფოს ნათქვამი აბსოლუტურად მართალი იყო. სპექტაკლში მართლა ძალიან კარგად არის ასახული ის, რასაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ეს კომენტარი რატომ იყო გამაღიზიანებელი, ვერ მივხვდი და პირველად გავიგე თქვენგან, რომ ამ კომენტარმა ვიღაც გააღიზიანა.
- როგორც ვიცით, ამ სპექტაკლში ერთადერთი რამ გიქმნის დისკომფორტს, ჩაცმულობა...…
- ერთ-ერთ სცენაში გრძელი ფუშფუშა მოსასხამი მაცვია. ვთქვი კიდეც, მგონია, რაც ახლა მაცვია, ამით ბალეტს უნდა ვცეკვავდე-მეთქი. ვიხუმრე, რასა-კვირველია. სერიოზული დისკომფორტი რომ შემქმნოდა, არც ჩავიცვამდი.
- რატომ გადაწყდა, რომ მედროგე პავლეს ასეთი ჩაცმულობა ჰქონოდა?
- მედროგე პავლეს ღარიბულად აცვია. თანაც, იმავეს ვერ ჩავიცვამდი, რაც ფილმში აცვია. რეჟისორს უნდოდა, თანამედროვე დადგმაში ჩაცმულობა ფილმის-გან ძალიან განსხვავებული ყოფილიყო, რაც გამოუვიდა კიდეც.
- კვლავ ამბობენ, რომ სახელმწიფო კონცერტებზე მომღერლების შერ-ჩევა ვიღაცის სიმპათიებზეა დამოკიდებული. წელსაც ბევრი განაწყენდა და პროტესტი გამოთქვა.
- რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, რომ რამდენიმე ჩემი მეგობარი-კო-ლეგა ვერ მოხვდა კონცერტზე, თან ისეთი მომღერლები, რომლებიც ხალხს უყვარს და პატივს სცემს. თუმცა არის კიდევ ის საკითხიც, რომ ამ ერთ კონცერტში ყველა ვერ მიიღებდა მონაწილეობას, პირადად მე დამირეკეს და მკითხეს, მივიღებდი თუ არა მონაწილეობას საახალწლო კონცერტში და დავთანხმდი. შერჩევის კრიტერიუმები არ ვიცი, ჯობია, ორგანიზატორებს ჰკითხოთ. უბრალოდ, ერთს დამავატებ, რომ დიდი შეცდომაა, ნებისმიერ კულტუ-რულ ღონისძიებაში შემოქმედი ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი პოლიტიკურ სპექტრში წყდებოდეს. მჯერა, რომ ეს ფაქტორი ამ ახალი წლის შოუს ნამდვილად არ უკავშირდებოდა და არც არასდროს უნდა უკავშირდებოდეს! ჩვენ ვართ ხელოვანები და არა პოლიტიკოსები. ჩემს კოლეგებსა და ზოგადად, ყველა ხელოვანს დიდი ხელის შეწყობა და გვერდში დგომა სჭირდება.
- შენთვის რომ არ შემოეთავაზებინათ მონაწილეობა, როგორ მოიქცეოდი?
- რა თქმა უნდა, გული დამწყდებოდა. მომღერალი, რომელიც აქტიურად მუშაობს წლის განმავლობაში, ზოგადად აქტუალურია და ქმნის ახალ სიმღერებს, ვფიქრობ, საახალწლო კონცერტზე უნდა იყოს. ამიტომ ვერ მივხვდი, რამდენიმე ჩემმა მეგობარმა რატომ არ მიიღო კონცერტში მონაწილეობა. ყოფილა ისეთი კონცერტები, სადაც მეც არ მიმიღია მონაწილეობა, სიმართლე რომ გითხრათ, ამის გამო ტრაგედია არ შემიქმნია და არც პრეტენზია გამომითქვამს, თუმცა, რა თქმა უნდა, გული დამწყვეტია, ყოფილა შემთხვევები, როცა არც დამწყვეტია.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ყველაფერი კარგადაა. ჩემს ცხოვრებაში არის ახალი ურთიერთობა, რომელიც ძალიან მომწონს. არ მინდა, ყველაფერი გავახმაურო. ზოგადად ხალხის რაღაც ნაწილი ყველაფერზე ჭორაობს, იმაზე, რაც სიმართლეა და იმაზეც, რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ ჯერჯერობით თავს შევიკავებ იმ გოგონას ვინაობის გამხელისგან.
- დიდი ხანია, შეყვარებული ხარ?
- უკვე რამდენიმე თვეა. ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთობას და კომფორტულად ვგრძნობ თავს. არ მინდა, ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდეს და ამაზე ბევრმა ილაპარაკოს. ძალიან სერიოზული გოგონაა, რომელიც არ იხიბლება პრესასთან ურთიერთობით, შეიძლება, ეწყინოს კიდეც, ახლა მის შესახებ ბევრი რომ ვილაპარაკო.
- ე.ი. შოუბიზნესის წარმომადგენელი არაა.
- კულტურის სფეროსთან აქვს კავშირი.
- სავარაუდოდ, ძალიან მოსწონს შენი სიმღერები….
- უსმენს ჩემს სიმღერებს. ლაივშიც ვუმღერი და ძალიან მოსწონს ხოლმე.
- რომელ სიმღერას უმღერი?
- სასიყვარულო სიმღერებს, ისეთს, როგორიც შეიძლება, კაცმა ქალს უმღეროს. ჩემი ალბომიდან ხშირად უსმენს ლილიკო ნემსაძის სიმღერას „ბალადა სიყვარულზე“ და მეც ვუმღერი.
- როდის გეგმავთ, ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეთ?
- ამასთან დაკავშირებით ჯერ გეგმები არ გვაქვს. ორივე ძალიან ვუფრთხილდე-ბით ჩვენს ურთიერთობას და არ ვსაუბრობთ იმაზე, დავოჯახდეთ თუ - არა. როცა გადავწყვეტთ დაოჯახებას, მაშინ ყველას გავაცნობ.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შემოდგომიდან დაიწყო ჩვენ შორის სხვანაირი ურთიერთობა. მივხვდი, რომ მომწონდა. რაღაც ნაბიჯი გადავდგი მის-კენ და მისგანაც ძალიან კარგი შემხვედრი ნაბიჯი დავინახე. მერე ყველაფერი ნელ-ნელა აეწყო.
- გიფიქრია, რომ მას სიმღერა მიუძღვნა?
- რა თქმა უნდა. ლილიკო ნემსაძეს უკვე ვთხოვე და ალბათ, უახლოეს მომა-ვალში უკვე მექნება სიმღერა, რომელსაც მას მივუძღვნი.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“