29 იანვარი, 2014
ირაკლი ბაგრატიონს ორდენების დარიგება არ მოსწონს
სასურველი იქნებოდა დინასტიური ქორწინებები ბაგრატიონებში. მომავალი მეფე მთლიანობისა და სტაბილურობის, ზნეობისა და სიმტკიცის გარანტი იქნება ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. რა თქმა უნდა, ყურადღება პირველ რიგში გვარის გამო მიიქცია. თუმცა ბაგრატიონების სკანდალური ქორწინებისა და განქორწინების, ბოლო დროს გვარის გარშემო განვითარებული გაუგებრობების გამო თითქმის ყველა ცნობილი ბაგრატიონი ინტერვიუსგან თავს იკავებდა.
ირაკლი ინტერვიუზე რთულად, მაგრამ მაინც დაგვთანხმდა. ის საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი, დავით ბაგრატიონის ბიძაშვილია. მათი შტო საქართველოს მეფე კონსტანტინე მეორისგან (1478-1505 წწ.) მოდის. ირაკლი,
როგორც ბევრი ახალგაზრდა ქართველი, ჩვეულებრივად ცხოვრობს. მამა - მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი გახლავთ, დედა – ალბინა საფრონოვა.
ახალგაზრდა ბაგრატიონს თავად-აზნაურთა საკრებულოში შევხვდით, ამ ორგანიზაციის ვიცე-წინამძღოლ ია ბაგრატიონ-მუხრანელთან ერთად.
ინტერვიუს ქალბატონი იაც დაესწრო და რამდენიმე კითხვა მასაც დავუსვით.

ირაკლი:
- თითქმის მთელი ცხოვრება რუსთავში გავატარე. მე-3 რუსული სკოლა დავამთავრე. კარგად ვსწავლობდი. მე-6 კლასიდან სასკოლო ოლიმპიადებზე გამოვდიოდი. მე-8 კლასიდან ჩემი კლასის ჯგუფხელი ვიყავი და აქტიურად ვმონაწილეობდი სკოლის თვითმმართველობის საბჭოში. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში მართვის სისტემის ფაკულტეტზე ჩავაბარე. რუსულად ვსწავლობდი. ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიებში ვმუშაობ, წლების განმავლობაში ერთ-ერთი კომპანიის აიტი-სუპერვაიზერი გახლავართ. მიყვარს სპორტი, წყლის თხილამურები. მომწონს იახტები და კატამარანები. ზაფხულს მეგობრებთან ერთად თბილისის ზღვის ერთ-ერთ იახტკლუბში ვატარებ. ერთი უფროსი ძმა მყავს - ალექსანდრე, დაოჯახებულია. ერთი შვილი ჰყავს, მიხეილი. საჰაერო ნავიგაციაში მუშაობს. კარგი მუშაობისთვის ღირსების ორდენითაც არის დაჯილდოებული.
მამა – მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი, თბილისში დაიბადა, ოჯახი კასპში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი რუსთავში. მამას ბაბუა მოუკლეს და ბებიაც ვითომ შემთხვევით ჩავარდა ტრამვაის ქვეშ. ერთხელ ჩემი ბაბუა რუსეთში მატარებლით მიდიოდა. მოულოდნელად მასთან მღვდელი მივიდა და ჰკითხა, ბაგრატიონი ხომ არ იყო. დადებითი პასუხის შემდეგ აუხსნა, რომ რეალურად ის ''კგბ''-ს თანამშრომელი გახლდათ, მაგრამ ძალიან აინტერესებდა ბაგრატიონთა გვარის ისტორია. სწორედ ინტერესის გამო ატარებდა დიდ დროს დახურულ არქივებში და როგორც უთხრა, ერთ-ერთ არქივში პირადად ნახა ბრძანება, რომელიც მისი მშობლების ფიზიკური განადგურების შესახებ იყო გაცემული.
- ბავშვობიდან გაცნობიერებული გქონდათ, რა გვარის წარმომადგენელი იყავით?
- მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ზედმეტად არ გვაგრძნობინებდნენ, მაგრამ ოჯახში რომ ვხედავდი ჩვენს საგვარეულო გერბებს, მამას ვეკითხებოდი, რა იყო. მიყვებოდა, ვინ ვიყავით და რა გვარს წარმოვადგენდით. სხვა ბავშვები რამეს რომ აფუჭებდნენ ან სიგარეტს ეწეოდნენ, მეზობლები მე მსაყვედურობდნენ, რომ არ მეკადრებოდა მათნაირი ქცევა. მამა არ არის პრეტენზიული პიროვნება, არასოდეს არავის უყურებდა ზემოდან. თუმცა მეზობლებისგან მაინც ვგრძნობდი მოწიწებას. სკოლაში ისტორიის მასწავლებელი ყოველ მორიგ გაკვეთილს ასე იწყებდა - ''მოდი, ახლა ვისწავლოთ ირაკლის შემდეგი დიდი ბაბუის მოღვაწეობის პერიოდი'' (იცინის). საერთოდ, ჩემი ძმა უფრო მეტად იყო შეზღუდული, მეტად გრძნობდა საზოგადოების ყურადღებას. ხასიათით ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ის უფრო მშვიდია, მე - თავისუფალი.
- როგორ აღადგინეთ ბაგრატიონებმა ერთმანეთთან ურთიერთობა?
- პატარა ვიყავი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ერთ დღეს წერილი მოვიდა, გვწერდა ჩვენი დიდი ბიძა, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი, კონსტანტინ რომანოვის, ნიკოლოზ მეორის ალალი ბიძის შვილის, ტატიანა რომანოვას ვაჟი. ის ამერიკაში გარდაიცვალა და 15 წლის განმავლობაში ტოლსტოის ფონდის პრეზიდენტი გახლდათ. ეს იყო 90-იან წლებში. მანამდე უკვე აღდგენილი გვქონდა კავშირი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონთან, რომელიც გახლავთ საქართველოს ელჩი ვატიკანში. ქეთევანთან ხშირად ჩავდიოდი იტალიაში, შვილების დაბადების დღეებზეც. მისი მეუღლე იტალიის პრინცია, ბატონი რაიმონდო ორსინი. გვარში ჰყავთ რამდენიმე რომის პაპი, კარდინალი და უამრავი ეპისკოპოსი. როგორც მახსოვს, ვატიკანში მათ გვარს განსაკუთრებული ადგილიც აქვს გამოყოფილი.
იტალიაში არსებობს ტრადიცია, როდესაც პრინცი ან პრინცესა 18 წლის ხდება, დიდ მეჯლისს აწყობენ და სხვადასხვა ქვეყნის დიდგვაროვნებს ეპატიჟებიან. ქეთევანს ოთხი შვილი ჰყავდა, სამწუხაროდ, ერთი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

Rating

- დავითი, უგო, ირაკლი ბაგრატიონები როდის გაიცანით?
- მათი მამის, გიორგის საქართველოში ჩამოსვლამდე, მამიდა მარიამი ჩამოვიდა. ეს იყო აფხაზეთის ომის დროს. თბილისში სტომატოლოგიური კლინიკა გახსნა და ხალხის დიდ ნაწილს უფასოდ მკურნალობდა. როგორც ამბობენ, აფხაზეთის ომში თავადაც წავიდა. შემდეგ მისი სახლი სამჯერ გაქურდეს, კლინიკაც და ბოლოს ისევ ესპანეთში დაბრუნდა. ქვეყანაში სიტუაციის დალაგების შემდეგ ბაგრატიონების პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს. მაშინ საქართველოში ჩამოვიდნენ ქეთევან ბაგრატიონი, გიორგი ბაგრატიონი (დავითის მამა). ქეთევანი ყოველთვის ძალიან ეხმარებოდა ქვეყანას. მამის ჩამოსვლის შემდეგ, ორ-სამ წელიწადში, დავითიც ეწვია საქართველოს, შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა. დავითის და, მარია-ანტუანეტა, საქართველოში, თუ არ ვცდები, ერთხელ არის ნამყოფი. პატარები რომ ვიყავით, ქეთევანის შვილ ლელიო ორსინთან ერთად ვატარებდი დროს, იქ იყვნენ ჩემი მამიდაშვილებიც. როდესაც დავითის მამა გარდაიცვალა, როგორც ნათესავები, მის გვერდით ვიყავით. ყველა იქ ვათენებდით და ვაღამებდით.
- ირაკლი, თქვენი ბიძაშვილებისა და მამიდაშვილების დიდი ნაწილი საქართველოში არ დაბადებულა და გაზრდილა. ისინი როგორი ბაგრატიონები არიან?
- ისეთივე ქართველები არიან, როგორიც ჩვენ. მაგალითად, ლელიოს სოციალური ფონდი აქვს დაარსებული და ქართველებს ეხმარება. აგვისტოს ომის დროს ლტოლვილებისთვის დახმარებაც ჩამოიტანა, ერთად ვარიგებდით და ვეხმარებოდით. ახლა ქართულსაც სწავლობს. მისი დები საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან. ქეთევან ბაგრატიონი წლების განმავლობაში ეხმარებოდა საქართველოს და ყველას, ვინც იტალიაში ჩადიოდა და რამე პრობლემა გაუჩნდებოდა.
- როდესაც დავითისა და ანას ქორწინება გადაწყდა, მაშინ ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი მონარქიის აღდგენისკენ. მახსოვს, ბევრმა ბაგრატიონმა გამოთქვა პრეტენზია ტახტზე, მათ შორის თქვენ არ ყოფილხართ. არადა, გენეალოგიურ შტოზე ვნახეთ, რომ შესაძლოა, იგივე უფლებები გქონდეთ, რაც დავითს.
- ჩვენ ყველა ახლო ნათესავები ვართ. დავითისა და ჩემი ბაბუები ბიძაშვილები გახლდნენ. ზოგიერთი ჩემი ნათესავი ხშირად მეუბნება, რატომ ხარ ჩუმად, რატომ არსად ჩანხარო. ღმერთის ნებაა, ვინ როგორ იქნება. მე საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი ოცნებაა, არა მარტო როგორც ბაგრატიონის, არამედ როგორც ყველა ქართველის – გაერთიანებული, თავისუფალი და ბედნიერი საქართველო ვნახო.
ია ბაგრატიონ-მუხრანელი:
- ირაკლი თავადაზნაურთა საკრებულოს გამგეობისა და მონარქისტული მოძრაობა ''სამეფო გვირგვინის'' ერთ-ერთი წევრია. ძალიან მიყვარს, ზრდილი, თავმდაბალი პიროვნებაა. რაც მთავარია, ამპარტავანი არ არის. ჩვენი იდეოლოგიაა მამული, ენა, სარწმუნოება და მეფე.
- ირაკლისაც აქვს სამეფო ტახტზე იგივე უფლებები, როგორიც დავითს ან უგოს?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ პერსონალიებზე ნაადრევია საუბარი. დავასახელებთ რომელიმე პიროვნებას, მაგრამ მან თავდადება უნდა გამოიჩინოს. შეიძლება, იყო ბაგრატიონი, მაგრამ ხომ იყვნენ უღირსებიც? ჩვენ გვინდა, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის დარი. რაც შეეხება უფლებებს, ორასი წელი ტახტი არ არსებობს და ამიტომ არავის აქვს განსაკუთრებული უფლება.
- როგორ იწოდებიან ისინი - უფლისწულებად?
- უფლისწული ისტორიულად მოქმედი მეფის უფროსი შვილია. მოქმედი მეფე არ არსებობს და არც უფროსი შვილები არიან. ერთხელ ქეთევან ბაგრატიონს თენგიზ სიგუამ ბატონიშვილოთი მიმართა. არ არის სწორი, ბატონიშვილი და უფლისწული მეფის უფროსი შვილია.
ირაკლი:
- საზღვარგარეთ პრინცს ეძახიან, ასე იწერება. სოციალურ ქსელში სხვადასხვა სამეფო კარიდან, მათ შორის ქართველებიც არიან, ვინც მყავს მეგობარი, პრინცებად არიან რეგისტრირებულნი. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, სახელებით მივმართავთ, მაგრამ ზოგადი წოდება ასეა.
- ირაკლი, ორდენებზე გკითხავთ, თქვენ არავინ დაგიჯილდოებიათ?
- არა, მე ეს არ მომწონს, წინააღმდეგი ვარ. არც დავსწრებივარ დაჯილდოებას, მაგრამ დავითი ჩემი ბიძაშვილია და კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- რა თემებზე ლაპარაკობთ შეხვედრებისას?
- სკანდალებზე ნაკლებად, ძირითადი თემაა დინასტიის აღდგენა, ეს მაშინ, როდესაც უფროსი ნათესავებიც ესწრებიან შეხვედრას. მარტო როცა ვართ, ახალგაზრდა თაობა – იტალიელი ბიძაშვილები და აქაური ნათესავები, ქვეყნის პრობლემებზე – ეს ძალიან მტკივნეული თემაა და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ძალიან გვაწუხებს მიმდინარე მოვლენები.

Rating

- ირაკლი, საკუთარ თავს სხვებისგან განსხვავებულად თუ აღიქვამთ? რომელ თვისებას გამოყოფდით?
ია:

- მისი გინება არავის გაუგია, ჯენტლმენობისა და რაინდობის შინაგანი მოთხოვნილება აქვს.
ირაკლი:
- აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ზღვარს მაინც ყოველთვის ვიცავ. შეიძლება, ისე გავერთო მეც, როგორც სხვები ერთობიან, მაგრამ ვიღაც ჭერზე რომ ავიდეს, მე თავი შევიკავო.
- დასაოჯახებელი ხართ, რამდენად აქცევთ ყურადღებას გვარს გოგონას გაცნობისას?
- არასოდეს, ჩემთვის მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავადიშვილი არასოდეს მყვარებია. მინახავს თავში ავარდნილი თავადიშვილებიც, მათთან ურთიერთობას ეგრევე ვწყვეტ. ჩემი ძმის ცოლიც ჩვეულებრივი გვარის წარმომადგენელია. იტალიაში ჩასვლისას კი ძირითადად პრინცებსა და პრინცესებთან მაქვს ურთიერთობა.
- პრინცესა არასოდეს მოგწონებიათ?
- დიახ (იღიმის). მომეწონა, როგორც ადამიანი და არა იმიტომ, რომ პრინცესა იყო. როდესაც ხშირად ხვდებით ერთმანეთს, შემდეგ ურთიერთობაც ყალიბდება. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ერთხელ იტალიაში სტუმრობისას, ჩემმა მამიდაშვილმა ლელიომ ვიღაც ბიჭი გამაცნო, ეს ჩემი მეგობარიაო. იმ დღეს დავსხედით და ნარდი ვითამაშეთ. მეორე დღეს მეჯლისი გაიმართა, სადაც ეს ბიჭიც მოვიდა. უცებ სულ სხვა ადამიანი იდგა ჩემ წინ. ოფიციალურად გამაცნეს, ფელიქსი – ლუქსემბურგის პრინცი (იღიმება). ძალიან დავიბენი, ოფიციალურ საღამოებზე ტიტულებით ხდება ერთმანეთის გაცნობა.
- მშობლები, ალბათ, ხშირად გახსენებენ, რომ აუცილებლად უნდა დაოჯახდეთ.
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე თავისუფლება მიყვარს (იღიმის).
ია:
- ჩვენი სურვილია, რომ ხალხამდე სწორად მივიტანოთ სამეფო კარის აღდგენის იდეა. ირაკლის სულ ვეუბნები, რომ არ აქვს უფლება, ისეთი გოგონა მოიყვანოს ცოლად, რომელიც თავადური შტოს წარმომადგენელი არ იქნება. ძალიან გვაწყობს, რომ აფხაზთა მთავრების შთამომავალი შეირთოს (იღიმება). თებერვალში მეჯლისი გვექნება და იქ გაიცნობენ ერთმანეთს, თუმცა აუცილებელია სიყვარული. ერთმანეთი უნდა უყვარდეთ.
- ირაკლი, როგორი შეყვარებული ხართ?
- სიგიჟემდე შემიძლია სიყვარული. ხშირად ვყოფილვარ შეყვარებული. ჩემი სამეგობრო წრე მაქვს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, უცხო წრეში სახელი და გვარი შემიცვლია, რომ ნაკლებად მიმექცია ყურადღება.
- როდესაც ბაგრატიონთა გარშემო სკანდალური ამბები მოხდა, ალბათ ხშირად გისვამდნენ კითხვებს ამ თემაზე.
- არა, პირიქით, ყოფილა სიტუაცია, როდესაც ამ თემაზე საუბრობდნენ, მაგრამ მე რომ შევდიოდი ოთახში, ყველა ჩუმდებოდა. იციან, რომ დავითი ჩემი ბიძაშვილია და ერიდებოდნენ მასზე ცუდის თქმას.
ია:
- ირაკლი ძალიან ზრდილი, დინჯი პიროვნებაა, მაგრამ თუ გაბრაზდა, შეუძლია, ხმაში მეტალიც გაურიოს.
- ირაკლი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს თუ იცნობთ?
- ნუგზარ ბაგრატიონს ადრე ვხვდებოდი შეკრებების დროს. პირდაპირ გეტყვით, როდესაც დავითის მამა გიორგი ჩამოდიოდა, ნუგზარს რომ ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა სამეფო კარზე პრეტენზია, ამბობდა - არაო.

Rating

ია:
- სულ ასე ამბობდა, მაგრამ ადრე თავად მოვისმინე დავითის მამაზე – გიორგიზე რომ ამბობდა, ავტომრბოლელიო. როდესაც სხვას აკნინებ და გინდა, შენ ამით ამაღლდე, პირიქით ხდება.
ირაკლი:
- დავითიც არის გატაცებული რალით. ახლა მონაწილეობს რუსთავში ავტორბოლაში. მე ნაკლებად, უფრო წყლის სპორტი მომწონს.
ია:
- თუ დადგა ის დრო, როდესაც დინასტიის აღდგენაზე დავიწყებთ საუბარი კონსტიტუციური მონარქიის სახით, მინდა გითხრათ, რომ ეს ხალხს კისერზე არ დააწვება. ბაგრატიონების არის მუხრანი, ბაგრატიონების არის ყველაფერი, მაგრამ კაპიკი არავისი გვინდა. ბაგრატიონების მთავარი მისია იყო შექმნილიყო ერთიანი, მართლმადიდებლური საქართველო, ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო კავკასიის ცენტრი. თუ დინასტია აღდგა და მოგვევლინა ღვთითკურთხეული მეფე და არა ვიღაცის მიერ დანიშნული, აუცილებლად უნდა იფიქროს სრულიად კავკასიის მისიაზე.
- ძალიან საინტერესო რამ თქვით აფხაზურ შტოსთან ირაკლის ქორწინებაზე.
- ჩემი სურვილია და ირაკლი რას გადაწყვეტს, არ ვიცი. დინასტიური ქორწინებები ყოველთვის იყო და მეფეთა პოლიტიკა ძალიან ბრძნული გახლდათ ამ კუთხით. შერვაშიძეებიდან ზოგი აქ ცხოვრობს, ზოგი - სოხუმში. მე ვამბობ, რომ სასურველი იქნებოდა დინასტიური ქორწინებები ბაგრატიონებში. მომავალი მეფე მთლიანობისა და სტაბილურობის, ზნეობისა და სიმტკიცის გარანტი იქნება. რომ სასურველი იქნებოდა დინასტიური ქორწინებები ბაგრატიონებში

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
Елена - Украина
Приветствие с Украины и Наилучшие Пожелания Князю Ираклию Багратиони!!!
12:48 / 06-08-2020
გამოხმაურება / 0 /
მეფე არა რაინდი :D მომინდომეს აქ ჯიგრებმა ხალხის ფულებით ცხოვრება :D
21:16 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
პატრიოტი
რომ წუწუნებთ მეფეს რჩენა უნდაო, სომეხ ღარიბოვს ვარჩენთ და ქართველი მეფე რომ ვარჩინოთ რა მოხდა? პლასტელინის მარიონეტების რჩენას ღირსეული მეფე რომ ვარჩინოთ ქვეყანა უფრო წინ წავა.
02:09 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
იმდენს იზამენ ბაგრატიონები, ახალ სტალინს გამოჩხრეკენ.... ვაი თქვენს პატრონს!
21:13 / 06-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გაუმარჯოს მომავალ მეფეს გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონს
ღარიბოვის რჩენას მეფე ვარჩინოდ მართლა ჯობია, მეფე ქართველი მაინც გვეყოლება.
02:36 / 06-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS