მსახიობი ციცინო კობიაშვილი სააღდგომოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. წელს პასკების გამოცხობას ვერ მაოხერხებს.
- სააღდგომოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. წელს, სამწუხაროდ, ვერ გამოვაცხობ პასკებს, რადგან თეატრში რეპეტიციები მქონდა და დრო არ დამრჩა. ჩემი მეგობარი გამიკეთებს პასკებს, შემდეგ კი მე მათ ლამაზად მოვრთავ. მარციპანით, შოკოლადით.... პასკას ყველა თავისებურად ამზადებს, ახალი
ჩვენს ოჯახში ცხვრის ხორცი არ უყვართ და შესაბამისად, ჩაქაფულს არ ვამზადებთ. ჩვენი სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია ტარხუნის ღვეზელები. ღვეზელების ცომი მაწონზე მზადდება. შემდეგ უნდა ავიღოთ და გავარჩიოთ ნედლი ტარხუნა. მოვთუშოთ მწვანე ხახვთან ერთად, შევურიოთ მოხარშული კვერცხი და ჭყინტი ყველი. დავჭრათ ცომი პატარა ნაჭრებად, გავუკეთოთ ტარხუნის გულსართი და შევწვათ. უგემრიელესი ღვეზელები გამოდის.
- ბევრ სტუმარს ელოდებით სააღდგომოდ?
- ჩვენი ოჯახი სტუმართმოყვარეა, განსაკუთრებით ზამთრის დღეებში. სწორედ ამ პერიოდში არის დღესასწაულები, ჩემი და ჩემი დედამთილის დაბადების დღეები. ამიტომ მუდმივად სტუმრები გვყავს, შემდეგ აღდგომამდე ვისვენებთ და სააღდგომოდ უამრავი ადამიანი მოდის სტუმრად. მეორე დღეს საფლავზე გავდივართ.
- ძვირი დაგიჯდათ სააღდგომო სუფრის მომზადება?
- არ დამიჯდა ძვირი. გოჭებს ჩვენ არ ვწვავთ. ჩვეულებრივი სადილი მოვამზადე. გვექნება ტოლმა, სალათი, ორი ქათამი, ერთი ოჯახისთვის და მეორე საფლავზე გასატანად. კვერცხი, ღვეზელები და პასკა. კარგი პასკის მომზადება იაფი ნამდვილად არ ჯდება და ღირს სახლში მომზადება. ასეთ პასკას არაფერი შეედრება, არც ფუჭდება. თუ გახმება, უგემრიელესი ორცხობილაა. აღდგომა ჩვენთვის არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, გართობასთან და გრიალთან არ ასოცირდება.
დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ, საკუთარი ბიზნესის გამო, წელს კვერცხების საფირმო შეღებვა ვერ მოახერხა, თუმცა, ლამაზი სააღდგომო კვერცხების საიდუმლო „რეიტინგის“ მკითხველს გაანდო.
- ჩვენი ოჯახი აღდგომას ტრადიციულად ერთად ხვდება. გამორჩეული არაფერი გვაქვს. წელს სააღდგომო სამზადისში ჩართვა ვერ მოვახერხე, რადგან საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე და ამით ვარ დაკავებული. ამიტომ ყველაფერს დედაჩემი მოამზადებს.
- არასდროს გიცდია სააღდგომო კერძების მომზადება?
- როგორ არა, ურბალოდ წელს ვერ მოვახერხე. ძალიან კარგ კვერცხებს ვღებავ თავისი ნახატებით. ამის გაკეთება ყველას მარტივად შეუძლია, კვერცხს უნდა დავადოთ ნებისმიერი მწვანილის ფოთოლი, შემდეგ შევახვიოთ ჩულქის მსგავს ბადეში და შევღებოთ. შეღებვის შემდეგ, როცა კვერცხს ამ ბადეს მოვაშორებთ თეთრად ახატია ფოთლები. მწვანილის გარდა შეგვიძლია, ქაღალდისგან გამოვჭრათ ლამაზი ფორმები და ეს დავადოთ კვერცხს.
პარლამენტარი გუგული მაღრაძე სააღდგომო სამზადისში ჩართული ნაკლებად არის.
- მე არ ვარ ჩართული სააღდგომო სამზადისში. მხოლოდ კვერცხს ვღებავ, ენდროს გავუფენ და ვცდილობ, კარგ ფერზე შევღებო. ნამცხვრებს და პასკებს ვყიდულობთ. ადრე დედაჩემი აცხობდა პასკებს, სამზარეულოში უგემრიელესი სუნი ტრიალებდა, მაგრამ... თუ არ იცი პასკის მომზადება, არ უნდა გააკეთო, რადგან მარტივი არ არის.
- სად ხვდებით აღდგომას?
- ორჯერ შევხვდი ტაძარში და ვეზიარე. აღდგომას აუცილებლად მივდივართ ეკლესიაში, ასევე გავდივართ საფლავზე. შემდეგ სტუმრები მოდიან, გააჩნია, რამდენი ადამიანი მოდის სტუმრად, ამის მიხედვით ვამზადებთ კერძებს.
- რა დაგიჯდათ წელს სააღდგომო სუფრის მომზადება?
- ეს არის ჩვეულებრივი სადილი, ქათამს, ხორცს და კარტოფილს შევწვავთ, სალათს მოვამზადებთ და ა.შ. განსაკუთრებული არაფერი არ გვექნება. შესაძლოა, ნამცხვარი დავამატოთ ამ სადილს და 100 ლარი დაგვიჯდა დაახლოებით.
შეიძლება ბევრმა არ იცის ან ვერც წარმოუდგენია, მაგრამ მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე კარგი დიასახლისია. მასთან სახლში ხშირად იკრიბებიან სტუმრები და უგემრიელეს კერძებს აგემოვნებენ. დალი წელს პასკის გამოცხობას ვერ ახერხებს, თუმცა, სააღდგომოდ ყველა დანარჩენ კერძს თავად მოამზადებს. პასკა და კვერცხი ყველა სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია.
- მე წელს პასკას ვერ გამოვაცხობ. ამისთვის დროს არ მქონდა. რაც შეეხება პასკის ჩემეულ რეცეპტს, ვცდილობ, ორმაგი რაოდენობის ინრგედიენტები გამოვიყენო, სწორედ ამის შემდეგ გამოდის პასკა მძიმე და სველი. მინდა, მომავალ წელს ხაჭოს პასკა გავაკეთო, რომელიც აქამდე არ გამიკეთებია. აუცილებლად ვამზადებთ ჩაქაფულს, ჩემს ოჯახში ხორციანი სადილი ნაკლებად მზადდება. ხანდახან ჩემი მეუღლე როცა მეუბნება მოვკვდი ბალახის ჭამითო, ვამზადებ ხორციან კერძებს, არ მიყვარს ხორცი, თუმცა, ჩაქაფულზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. ჩემი ჩაქაფული იმით არის გამორჩეული, რომ ნაკლებად ცხიმიანია. არ მიყვარს ისეთი კერძები, რომელიც ცხიმში ბუჟბუჟებს.
- როგორ ხვდებით აღდგომას?
- აღდგომას კერძებს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ვცდილობ, სახლი ლამაზად იყოს მორთული. ყველა ყვავილს ვყიდულობ და სახლს ლამაზად ვრთავ. ამ დღეს ყოველთვის ვცდილობ სახლში გაზაფხულის და ამ უდიდესი დღესასწაულის შემობრძანება განსაკუთრებულად იგრძნობოდეს. ამიტომ ულამაზესად ვრთავ როგორც სუფრას, ასევე კერძებს და სახლსაც.