03 აპრილი, 2018
რატომ გადავიდა ნაქირავებ ბინაში მაია ასათიანი - „ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა მამაკაცი“
მაია ასათიანს „რუსთავი 2“-ში ვესტუმრეთ, იქ მცირე ხნის წინ თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და ეკრანსაც, საიდანაც ყოველ კვირა ესალმება მაყურებელს. ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეწამყვანმა მაყურებელი არ მიატოვა და არც მაყურებელს მიუტოვებია ის… იყო პაუზა წინა წელს, რა თქმა უნდა, და იყო მცირე, ორკვირიანი პაუზა ახლაც, თებერვალში, როცა მაიას, ნუცას გარდაცვალების წლისთავზე, ისევ მოუხდა მოგონებებთან შეჭიდება…

როგორც თავად ამბობს, ნუცას იმქვეყნად წასლის შემდეგ, მეორედ დაიბადა და ცხოვრებას თავიდან სწავლობს. გაყიდა ბინა, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა და
ახლა ნაქირავებ სახლში ახალი ბინის რემონტს ელოდება, ცხენზე ჯირითს სწავლობს და ცურავს მაშინ, როცა „პროფილთან“ დაკავშირებულ საქმეებს არ აგვარებს ტელევიზიაში. აქ მას მეორე ოჯახი ელოდება, მეგობრები, რომლებმაც უახლოეს ადამიანებთან ერთად, პირადი ტრაგედია გადაატანინეს.

მაიასთან ინტერვიუ fortuna.ge-მ ქსკლუზიურად ჩაწერა.

- ბანალური, მაგრამ ამ შემთხვევაში, აქტუალური კითხვით დავიწყებ შენთან საუბარს – ახლა როგორ ხარ?

მაია ასათიანი:

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა და დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით. დღის განმავლობაში მომდიოდა უამრავი წერილი სრულიად უცნობი ადამიანებისგან.

23 თებერვალს, ნუცას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ, მაგრად ვიდგე და ჩემი ჭირი არ გამოვიტანო გარეთ, ზოგადად, კომპლექსი გამიჩნდა… არ მინდა, ადამიანებისთვის ჩემი მწუხარება გადამდები იყოს, ამიტომ ვცდილობ, მყარად ვიდგე და ვიყო პოზიტიური.

როდესაც წლისთავი მოახლოვდა, ამ დღეების თავიდან გადატანა რთული აღმოჩნდა. მქონდა განცდა, რომ ყოველი წამი, როცა ნუცა მიდიოდა, დამიბრუნდა… შემექმნა მცირე ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც, ეს ტრავმა უკვალოდ არსად მიდის, გულზე მქონდა პრობლემა, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ცოტა ხანს პაუზა ამეღო. ეს ერთკვირიანი მონაკვეთი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი შვილი მარტოს მეგლოვა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გაიგო ჩემი მწუხარება და მადლობა მათ, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და ჩემი ამ ცხოვრებაში დაბრუნებაც. რეალურად, ჩემი სიმყარე ამ ადამიანების დამსახურებაც არის, ეს არ გახლავთ ლიტონი და მოგონილი სიტყვები. ძალიან მამხნევებდა იმ დედების მაგალითები, რომლებსაც ჩემი მსგავსი ამბავი აქვთ. ბევრი გავიცანი ჩემი ტრაგედიის შემდეგ და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. მეუბნებოდნენ, რომ პირველი წელი იქნებოდა ყველაზე რთული, შემდეგ კი ყველაფერი მეორედ იქნებოდა და მართლაც ასეა…

ის, რომ საქმეს მალე დავუბრუნდი, ამანაც გადამარჩინა.

როგორ ვარ სულიერად? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. როგორ შეიძლება, სრულყოფილად კარგად იყოს შვილმკვდარი ქალი?!თუმცა, ფიზიკურად კარგად ვარ, ვმუშაობ მეორე პროექტზე, რომელიც მალე გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ქალებისთვის განკუთვნილი გასართობი გადაცემაა…



- ძალიან კარგი სამეგობრო წრე გყავს სამსახურში, რომლებთან ერთადაც მუშაობ. კარგად გახსოვს, რთულ პერიოდში ვინ იყო შენ გვერდით და ვინ არ იყო?


- ცხოვრება ძალიან რთულია. ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რამდენად სამართლიანია სამყარო. ბევრი ცუდი რამ ხდება, ბევრი სიბინძურე. ჩემი პროფესია გულისხმობს იმასაც, რომ ხედავდე ძალიან მძიმე რაღაცებს, სიბინძურეს… ამ დღეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩემ გვერდით არიან, მაჩვენეს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი ამბობს… მეც სიყვარულმა გადამარჩინა. გადამარჩინა დედამ, რომლის უსაზღვრო სიყვარულის გამო დავდექი ფეხზე და დავრჩი ცხოვრებაში, ჩემი დების თავგანწირვამ, რომელთაც არ უნდოდათ, თვალებჩამქრალი ვენახე და გადამარჩინეს მეგობრებმა. მაშინ, როცა უუნარო ვიყავი, ქმედითები იყვნენ ჩემი მეგობრები და აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ მე ცხოვრება გამხარებოდა. ხშირად ვსვამდი შეკითხვას, დადგება დღე, როცა გათენება გამიხარდება-მეთქი? ვერ ვიტყვი, რომ ახლა გათენება ისე მიხარია, როგორც წლების წინ, მაგრამ ჩემთვის თენდება და მე არ ვარ მარტო, ვარ სულ სიყვარულით გარემოცული, რაც დიდი ბედნიერებაა. ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, რომ გიპასუხოთ. ის, რომ ფეხზე ვდგავარ და უბედურების ასეთ დიდ ტალღას ვუმკლავდები, სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც მართლაც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ.

მკიცხავდნენ და მლანძღავდნენ, რაც ჩემთვის უცხო არ არის. რაც აქტიურად ვჩანვარ, მას მერე სულ იყო სიშავის ტალღა ჩემ მიმართ, მაგრამ სიყვარული, სითბო და ადამიანური ფასეულობები, არის ის, რაც მაძლებინებს და მყარად მაყენებს ფეხზე. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სვანი
თქვენ დაიწყეთ დინების საწინააღმდეგოდ სვლა, ეცადეთ დაგენგრიათ გლოვის ტრადიცია, რაც გვემასა და თავის ცოცხლად დამარხვას სულაც არ ნიშნავს, მაგრამ, ხედავთ, რომ საზოგადოებამ არ მიიღო( ერთი-ორი ე. წ. ბომონდის აზრი ბევრს არაფერს ნიშნავს). მერწმუნეთ, წესისამებრ მოქცევა(გლოვაც თავისთავად ამშვენებს ქალს) უფრო მეტ პატივისცემას მოგიტანდათ...მკერდმოღიავებული შვილმკვდარი დედა(!) წარმოუდგენელია!...
22:31 / 03-04-2018
გამოხმაურება / 1 /
ნანა
საერთოდ კომენტარი რო არ დაწეროთ არ ჯობია, ამდენი იდიოტობის გადმოფრქვევას? ან ყველას მაგივრად რატო ღაღადებთ?
00:44 / 10-04-2018
TOPS