27 იანვარი, 2014
ნანკა ჭორებისა და ირაკლი კეიდიას შესახებ
აცალონ ჩემს ბიჭს გართობა წესიერად და ნორმალურად. მე თუ არ მცალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კედო სახლში უნდა იჯდეს ნანკა კალატოზიშვილისთვის გასული წელი ძალიან კარგი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ დედა გახდა, დანიელი შეეძინა, რომელთან ერთადაც, გასულ 31 დეკემბერს პირველი ახალი წელი აღნიშნა. კარიერის თვალსაზრისით შედარებით პასიური წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსახიობი ორსულობის შვიდ თვემდე ჩვეული აქტივობით იყო დაკავებული სპექტაკლებში, შემდეგ მცირე პაუზა ჰქონდა, მაგრამ ბავშვის გაჩენიდან მალევე ახალ სერიალში დააკავეს, რომლის პრემიერაც იანვრის
ბოლოს გაიმართება. ასევე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წამყვანად დაამტკიცეს. ნანკას გასული წლის შეფასება ვთხოვეთ და ვკითხეთ, როგორ უყურებს 2014 წელს.

- როგორ შეხვდი ახალ წელს?
- ახალ წელს ჩემი მთავარი ტრადიციაა, რომ მას აუცილებლად სახლში შევხვდე.
- გადაცემა გვიან დასრულდა და მოახერხე შინ მოხვედრა თორმეტი საათისთვის?
- არ ვიცი, როგორ მოვასწარი. ისე მოვრბოდი... დუტამ წამომიყვანა და გიჟებივით მივდიოდით. საგრიმიოროში ფეხშიშველი დავრბოდი, რომ დროულად მომესწრო გამოცვლა. 12-ს აკლდა 5 წუთი, სახლში რომ ფეხი შევდგი. საბურთალოზე ვცხოვრობ და ამიტომ გამიმართლა, ცირკის ტერიტორიიდან შედარებით მარტივად და სწრაფად მოვხვდი შინ.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალი სწორედ 31 დეკემბერს გაიმართა. როგორ შეაფასებდი ამ პროექტს მთლიანობაში?
- ძალიან ბევრი მონაწილე პროფესიონალ მოცეკვავეებს არ ჩამოუვარდებოდა. გოგონები შესანიშნავად ცეკვავდნენ, ბიჭებიც ძალიან მომწონდა. ყველა თავის საქმეში ვარსკვლავია. მარტო მსახიობი ან მომღერალი ხომ არ შეიძლება იყოს ვარსკვლავი? ასეთია გუგა კუზანოვი თავის საქმეში და სხვა დანარჩენები თავიანთ სფეროებში. ჩვენი მინუსია, თუ ამ ხალხს აქამდე არ ვიცნობდით.
- 31 დეკემბერს მუშაობა რამდენად მისაღებია შენთვის? ვგულისხმობ საახალწლო კონცერტების წაყვანას.
- წელს რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, უნდა წამეყვანა რამდენიმე საღამო, მაგრამ ახალი წელი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია. ძალიან მიყვარს, ამიტომაც უნდა მიღირდეს შემოთავაზება, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ, რომ მეგობრებთან გართობასა და დღესასწაულის აღნიშვნაზე უარი ვთქვა და საღამო წავიყვანო (იღიმის). არ დავთანხმდი არც ერთ შეთავაზებას, რადგან არ მომეწონა. არის ხოლმე კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებში ღონისძიებები და იქ მიწვევენ, როგორც წამყვანს. არ იციან, რა უნდა შემომთავაზონ, რომ დავთანხმდე. ახალი წლის ''გამაზვა'' საშინელებაა, მირჩევნია, მაგრად გავერთო. ძალიან ბევრჯერ მაქვს უარი ნათქვამი. ერთადერთხელ დავთანხმდი, როცა დათო დოიაშვილი, დოი აკეთებდა საახალწლო კონცერტს რუსთაველზე, სადაც მხოლოდ 20 წუთით უნდა მივსულიყავი. სხვადასხვა წყვილს მიჰყავდა კონცერტის ესა თუ ის ნაწილი. ამაზე დავთანხმდი, თუმცა დოის ხათრით ყველაფერს დავთანხმდებოდი. მას არასდროს არ ვეუბნები უარს, რადგან ვიცი, რომ კარგს გააკეთებს.
- 2014 წლის დადგომაც კარგი გართობით აღნიშნე?
- სახლში შემოვასწარი, შემდეგ კედოს (ირაკლი კეიდია - ავტ.) დედასთან წავედით მისალოცად, რა თქმა უნდა. შემდეგ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეები იყვნენ ერთ-ერთ კლუბში და იქაც მივედით ცოტა ხნით. რიყის კონცერტზე უნდა მივსულიყავით, მაგრამ დამირეკეს, ძალიან ცივაო და სიცივეში დგომა არ შემეძლო. მერე წავედით კიდევ ერთ კლუბში, სადაც ჩვენი მეგობრები იყვნენ, იქ კარგი მუსიკაა, სულ ნაცნობები იკრიბებიან. დილისკენ მოვიდა კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ალბათ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი ბაჩო ჩალაძე, მან დაუკრა და კლუბიდან შუადღის 4 საათზე გამოვედით. დედაჩემმა მითხრა, როგორც გინდა, ისე გაერთე, არ ინერვიულოო. ბავშვი დედასთან დავტოვე. მართალია, დილიდან ვრეკავდი პერმანენტულად, მაინტერესებდა, ბავშვი როგორ იყო და რას აკეთებდა. ალკოჰოლი რომ არის ორგანიზმში, ამის მიუხედავად, ტვინი სულ ჩართული მაქვს. ბოლოს დედაჩემმა მითხრა, თავი დამანებე, ნუღარ რეკავო (იღიმის).
- დანიც შეხვდა ახალ წელს თუ ეძინა?
- ეძინა, მაგრამ ფეიერვერკებზე გამოეღვიძა, ცოტა შეეშინდა, შემდეგ ძილი შევუბრუნეთ. ძალიან ვნერვიულობდი ამ თემაზე, ამიტომაც მინდოდა, რომ თორმეტისთვის სახლში ვყოფილიყავი. დანი ახლა შვიდი თვისაა.
- გასული წელი შენთვის იყო...
- რა თქმა უნდა, საუკეთესო. ისეთი ადამიანი გაჩნდა ამ ქვეყანაზე, რომ სიტყვებიც არ მყოფნის 2013 წლის შესაფასებლად.
- კარიერის თვალსაზრისით საინტერესო იყო?
- 2013 წელს ახალი, პრინციპში, არაფერი დამიწყია ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში, რადგან ორსულად ვიყავი. დანის გაჩენიდან თვე-ნახევარში დამირეკეს საინტერესო სერიალის ''პარადოქსის'' თაობაზე. პირველი სერია გადავიღეთ, მერე შესვენება იყო, ამასობაში წონაში ცოტა დავიკელი და შემდეგ სერიებში, პირველისგან განსხვავებით, აშკარად სხვა ფორმები მაქვს (იცინის). სერიიდან სერიაში რომ ვიკლებ, ძალიან სასაცილოა. რეჟისორი ჯაბა მელქაძე გახლავთ. ძალიან გამიხარდა, რომ გავახსენდი. ორსულობის შვიდ თვემდე სპექტაკლებში ვთამაშობდი, მაგრამ მერე რამდენიმე თვე პასიური პერიოდი მქონდა და კარგია, რომ მოუვიდათ იდეა, ამ სერიალში გადავეღე. მგონი, ძალიან მაგარი სერიალი გამოვიდა.
- შენს ფორმებზე ლაპარაკობდი და დიეტაზე არ ყოფილხარ?
- თავხედი ვარ, მაგრამ დიეტა არ დამიცავს. ორსულობის მეცხრე თვეში სასწო რი გადავაგდე, რომ ნერვები არ დამწყვეტოდა. ბოლოს, ორი თვის წინ რომ ავიწონე, ხუთი კილო ზედმეტი მაინც მქონდა. ახლა საკმაოდ დავიკელი, თავისით, ნელ-ნელა. პირველი თვე, რასაკვირველია, ფორმაში არ ვიყავი. თან, პირველი ორი თვე ბავშვი ძუძუზე მყავდა და შესაბამისად, დიეტით თავს ვერ მოვიკლავდი. თავიდან მითხრეს, ნახევარი წელი უნდა, ფორმაში რომ ჩადგეო. ახლა ვარჯიში მინდა და უფრო ადვილად დავიბრუნებ ფორმას.
- მახსოვს, ''ცეკვების'' დაწყების წინ წუწუნებდი, როგორი ვიქნები ეკრანზეო. შენი საეკრანო იმიჯით კმაყოფილი ხარ?
- ზოგადად ასეა, როცა ვთქვათ, ვიზაჟისტი მაკიაჟს გიკეთებს, პირველ ჯერზე სახეს ეცნობა და ისეთი კარგი არ გამოდის, შემდეგზე კი უკეთესია. ფოტოგრაფიაშიც ასეა, ეს გურამ წიბახაშვილმა მასწავლა. პირველი საცდელი ფოტოა, მერე ფოტოგრაფი ხვდება, როგორ უნდა გადაგიღოს.
რაც შეეხება ჩემს იმიჯს, პირველი კაბა არ მომიხდა და დიზაინერებმაც აღიარეს. მგონია, რომ პირველ კაბაზე გამიცნეს, შემდეგ ტურებზე კი უკეთესი კაბები მეცვა. თანაც, კონკრეტული დავალება ჰქონდათ, რომ ამა თუ იმ ტურს ჩვენი ჩაცმულობა უნდა მოხდენოდა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ცუდი ნამდვილად არ გამოვიდა. რამდენიმე კაბა, შავი, ოქროსფერი, ძალიან მომეწონა. დიზაინერების დავალებას დავუბრუნდები, ზოგი ფიქრობს, რომ წამყვანებს, უბრალოდ, უნდა ეცვათ სამოსი, რომელიც შეიძლება, ტურის თემატიკას არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში უნდა მოხდენოდა. ერთ ტურზე არ გამოგვიცხადებია, რომ დისკოს ტური იყო. დიზაინერებმა კი ვერცხლისფერი ჩამაცვეს და ძალიან დიდი ლიპები გამიკეთეს. მერე ინერვიულეს, რომ არ გამოაცხადეთ, ვერავინ გაიგო, ეს ლიპები რა შუაში იყოო (იცინის). ბოლოს სამი მონაწილე რომ დარჩა, ვიფიქრე, ახლა დაისვენებენ-მეთქი, მაგრამ მონაწილეებს ორ-ორი ცეკვის შესრულებამ მოუწიათ, სადაც სხვადასხვა კოსტიუმი სჭირდებოდათ. ვერც ვხვდები, როგორ ასწრებდნენ შეკერვას.
- მეორე წამყვანი, ლიკა ლაბაძე საზოგადოებას თავისი სექსუალური იმიჯით აკვირვებდა. შენ მსგავსი სამოსი რატომ არ მოირგე?
- მე რა შუაში ვარ?!. ძალიანაც რომ მინდოდეს მსგავსი კაბების ჩაცმა, ჩემი და ლიკას ფორმები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ლიკა ძალიან ქალური, ნაზი, სექსუალური, ლამაზია. არ ვიცი, რატომ ატეხეს მის ერთ-ორ კაბაზე ამბავი. მგონია, რომ ეს უფრო მიუწვდომლობის სინდრომია. ძალიან მომეწონა შავ კაბაში. დავიბენით ყველა, ქალიან-კაციანად გიჟებივით ვუყურებდით. ასევე მომეწონა ვერცხლისფერი კაბაც. ამ გოგონას თავისი აქვს, რაც აქვს და ხალხს ნუ შურს (იცინის).
მე ასეთ იმიჯს არ გამიკეთებდნენ. მე ასეთი ჩაცმულობა არც მომიხდება. გალიფე შარვალი და ჩექმები მე მეცვა და არა ლიკას, რადგან ასეთი ტიპაჟი ვარ. ლიკას ძალიან უხდება ყველაფერი, მოკლეც მათ შორის, მე კი მთელი პროექტის განმავლობაში მოკლე კაბა ვერ ჩამაცვეს, გასუქებული ვარ-მეთქი.
- ყველას აინტერესებს, შემდეგ სეზონზე მონაწილედ თუ გიხილავთ ამ პროექტში?
- საამისოდ ფორმაში არ ვარ. ამ ყველაფერს ბევრი ვარჯიში სჭირდება, მაწუხებს ყველაფერი, ფეხი, წელი. არ მინდა, პროექტის განმავლობაში იმაზე ვიწუწუნო, ფეხი მტკივა, ხელი მტკივა და იმიტომ ვერ ვცეკვავ-მეთქი. არ ვიცი, როდის დაიწყება შემდეგი სეზონი, ალბათ, აპრილში. მე კი მაისში გასტროლები მაქვს და სპექტაკლზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ჯერ იანვარია და ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ჯერ რთულად არის ჩემი ჯანმრთელობის ამბავი.
- რაიმე შემოთავაზებები გაქვს ტელევიზიიდან?
- ჯერჯერობით არანაირი შემოთავაზება არ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი ჩემი დრო დაიხარჯოს სერიალის დასრულებაზე, რომლის ოთხი სერია გადასაღები გვაქვს და დიდი ენერგია სჭირდება. იმედი მაქვს, შემდეგ რაიმე საინტერესო გამოჩნდება.
- გადაცემის წაყვანას დათანხმდები?
- გააჩნია, როგორი გადაცემა იქნება, რაღაცას მოვუხდები, რაღაცას - არა.
- ანაზღაურების გამოც არ დათანხმდები?
- აღარ ვარ ამ ასაკში. 35 წლის ვხდები მაისში. მუსიკალური ათეული რომ მიმყავდა ათი წლის წინ, ახლა ვეღარ წავიყვან. ალბათ, მაშინ განსხვავებული ფორმატი უნდა ჰქონდეს.
- ნანკა, ბოლოს ჭორის შესახებ გკითხავ. არ ვიცი, რატომ გავრცელდა ამბავი შენი და კედოს დაშორების შესახებ. ბევრგან ჩნდებით ერთად.
- სხვათა შორის, არც მე ვიცი, რადგან ამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა დაგვირეკა, გავიგეთ, რომ დაქორწინდითო. ვერ გავიგე, დავშორდით თუ დავქორწინდით. აზრადაც არ მომდის, რომ კედოს დავშორდე და ღმერთმა დამიფაროს.
- კამათობთ ხოლმე?
- არააა!.. რა კამათი. კედო უკეთილშობილესი ადამიანია. მე ვარ უფრო ბუზღუნა და ზოგადად, ლაპარაკის მანერაც ასეთი მაქვს. ერთხელ რეჟისორს რაღაცას აქტიურად ვუხსნიდი და მკითხა, რატომ მეჩხუბებიო. კედოსთან რაიმე ფილმზე თუ ვიკამათებ, მაგრამ პრობლემური საუბარი არასდროს გვქონია.
ისევ იმ ჭორს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენს დაშორებაზე, კედოს არ აცლიან გართობას. მას ძალიან ბევრი მეგობარი გოგონა ჰყავს და ძალიან კარგები. რა ქნან, აკონტროლონ საკუთარი თავები კლუბებში გართობისას, რომ ვინმემ რაღაც არ დაუწეროს? მეც კედოსთან ერთად ვიყავი, მაგრამ ეტყობა, ვეღარ მცნობენ ან აღარ მაღიარებენ. დაწერეს, კედო უცნობ გოგონასთან ერთად იყოო. მე ისე აქტიურად ვეღარ დავდივარ კლუბებში, კედო კი დადის. ყველა მის მეგობარ გოგონას ვიცნობ. ჟურნალისტი რომ ვერ ცნობს და არ იცის, ვინ არის კედოს გვერდით, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მეც არ ვიცნობ (იცინის)?!.. აცალონ ჩემს ბიჭს გართობა წესიერად და ნორმალურად. მე თუ არ მცალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კედო სახლში უნდა იჯდეს.
- ჭორებს ძალიან მხიარულად ხვდები.
- იმდენი რამ მსმენია ჩემ შესახებ, ამ ყველაფერზე რომ ვინერვიულო, იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო. ადამიანს ძალიან უშლის ხელს შიშის ფაქტორი, ის, რომ ვინმემ რაიმე არ თქვას. რატომ უნდა ვიცხოვრო ამის შიშით?!. ვცხოვრობ ჩემს გემოზე და ასე გავაგრძელებ...

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანა
მე ძალიან მომწონხარ ნანკა....სხვებს მხოლოდ შურს შენი ლამაზო... :)....საკუთარ თავებს შეხედონ და მერე იჭორაონ სხვებზე...ჭორაობა-ეს ერთ-ერთი დიდი ცოდვააა და ეს არ ახსოვთ მაგ უბედურებს.....
16:44 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მომწონს ეს გოგო
22:08 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS