- მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?
- ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, სამი წლიდან დაიწყო. დედა მუსიკოსია და მოსწავლეებს სახლში ამეცადინებდა. მათი წასვლის შემდეგ კი მივიდოდი ფორტეპიანოსთან, ცალი თითით ვიმეორებდი მელოდიებს და თან ვმღეროდი. ამიტომ, პიონერთა
- შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი მუსიკალური კარიერა?
- 5 წლის ასაკში,ჩემთვის ყველაზე მადლიანი წლები დაიწყო. სრულიად შემთხვევით, მეუფე თადეოზმა პატრიარქს მასტუმრა. მან მკითხა: ლექსს ხომ არ წავიკითხავდი. მე კი ვუმღერე. პატრიარქმა დედაჩემს სთხოვა, ჩემთვის საგალობლები ესწავლებინა და კვირაობით ტაძარში მეგალობა. იმ დღიდან, მისი ლოცვა-კურთხევით, ქადაგების შემდეგ, ტაძრის ამბიონზე ვგალობდი. შობის დღესასწაულზე პატრიარქმა სახალხოდ თქვა : „რუსიკო ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზია.“ ჩემთვის დღემდე დაუვიწყარია ის შეგრძნება.
პირველი სიმღერა 8 წლის ასაკში დავწერე. ფორტეპიანოზე მუზიცირებასაც ვცდილობდი. სწავლა ნიჭიერთა ათწლედში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საფორტეპიანო ფაკულტეტზე გავაგრძელე. ვმონაწილეობდი რადიო-სატელევიზიო მუსიკალურ გადაცემებსა და კონცერტებში. მაშინ, კომპეტენტური მუსიკოსების საბჭო არსებობდა. დღეს მუსიკალური ცენზურა არ არსებობს, რამაც სამწუხაროდ მსმენელში, არაპროფესიონალური, მდარე მუსიკის პოპულარიზაცია გამოიწვია.
- როგორ ფიქრობთ გვყავს პროფესიონალები, ვინც სწორად აფასებენ კონკურსანტებს?
- რასაკვირველია. ჩემთვის არსებობს მცნება: „პროფესიით მუსიკოსი“ და „მოწოდებით მუსიკოსი.“ კარგი იქნება, თუ მუსიკალურ ჟიურიში უფრო ხშირად და უხვად ვიხილავდით პროფესიონალ, მოწოდებით მუსიკოსებს და არა იმათ, ვინც მხოლოდ საუბრით საკუთარი თავის წარმოჩენის ხარჯზე ცდილობენ სხვისი ნიჭის „დაკნინებას.“
- მაგალითად სოფო ნიჟარაძეზე რას იტყვით?
- სოფო ნიჟარაძე ძალიან კარგი მომღერალია. რამდენადაც ვიცი, პროფესონალურად განათლებული ადამიანია. ეს მის შესრულებასაც ეტყობა. აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება კონკურსანტის ვოკალურ-მუსიკალური შესაძლებლობების სწორად შეფასება. ადამიანი მითუმეტეს, რომელიც თავად მღერის, უფრო სიღრმისეულად შეაფასებს სხვის ნამღერს.
- შემოქმედებითი პაუზა თუ გქონიათ?
- გარკვეული პერიოდი არც თუ ისე ხშირად ვჩანდი ფართო მსმენელის წინაშე. ეს სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია. 90-იანი წლები იდგა. დავოჯახდი და შვილი მყავდა გასაზრდელი. თან კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი. მოგვიანებით, სიტუაცია შეიცვალა. მოხდა ისე, რომ ბევრი პასუხისმგებლობის აღება მომიწია საკუთარ თავზე. განებივრებული ბავშვობის შემდეგ, ეს ნამდვილად არ იყო ჩემთვის ადვილი. უსამართლობის შეგრძნება ხშირად მქონია, მაგრამ შევძელი სირთულეები გადამელახა. რაც მთავარია, ღვთის წყალობას ყოველთვის ვგრძნობდი. მიუხედავად სირთულეებისა, სულ ვმუშაობდი ჩემს თავზე. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ახლახანს შემოქმედებითი საღამო გავმართე. კონცერტის ვიდეო ჩანაწერს ტელევიზიით იხილავთ. დანარჩენს მსმენელი შეაფასებს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მხარდამჭერ ორგანიზაციებს და ჩემს კოლეგებს. მსმენელისგან კი განსაკუთრებული სითბო და ყურადღება ვიგრძენი. რაც მაძლევს სტიმულს, შემოქმედებითად კიდევ უფრო აქტიური ვიყო.
- მოგვიყევით თქვენს კონცერტზე. ვიცით, რომ შემდეგ პატრიარქს ესტუმრეთ...
- კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და უსინათლო ადამიანებს მივუძღვენი. შემდეგ პატრიარქს ვესტუმრე და საკონცერტო რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შევასრულე. მართლაც საოცარი საღამო შედგა.
- თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით, ორი ხელოვანი ერთ ოჯახში რთულიაო, ამბობენ...
- ვიღაცისთვის შეიძლება რთულია... ზურა ლალიაშვილი თავის საქმის პროფესიონალია, „მოწოდებით მუსიკოსია“. მას კარგად ესმის, რომ მე შემოქმედებით ვცოცხლობ. სულ ვმღერი და ვუკრავ. უამისოდ არ შემიძლია. ამიტომ ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ უფრო მეტად წარმოვჩინდე. ასევე მეც, მის ნიჭიერებას ძალიან ვაფასებ და მაქსიმალურად ვიყენებ შემოქმედების სასარგებლოდ. ზურა ყველა ჩემი სიმღერის არანჟირების ავტორია.
ჩვენს ურთიერთობაში სიყალბე არ არსებობს. ეს გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც შესამჩნევია. ყველაზე უფრო, ყალბი ურთიერთობები მძულს. ამიტომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ირგვლივ კი ისეთი გარემოცვა გვყავს, ვისაც ვუყვარვართ. ჩვენთან ურთიერთობა და მოსვლა უხარიათ.
- ურთიერთობა უფრო საინტერესო რომ იყოს, რას აკეთებთ ამის შესანარჩუნებლად?
- მე პირდაპირი და ემოციური ადამიანი ვარ. არც ფანტაზიას ვუჩივი. ჩემგან განსხვავებით, ზურა დინჯი და თავშეკავებულია. ამიტომ ინიციატივებს, ჩვეული სიმშვიდით იღებს.(იცინის)
- მალევე მიხვდით, რომ სხვა გრძნობები გაჩნდა თქვენ შორის? რით მოიხიბლეთ?
- ამას ქალი ყოველთვის ხვდება. ნამდვილად ვერ ვიტყვი,რომ ურთიერთობა შეხვედრიდან მალე განვითარდა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მოხდა. ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ზურა გამოჩნდა, პირად გეგმებს ნამდვილად არ ვაწყობდი. სიმართლე გითხრათ, ამისთვის არ მეცალა. რადგან ზუსტად ამ ეტაპზე, აქტიურად ვიყავი ჩაბმული შვილის აღზრდაში და განვითარებაში, რათა თვალთახედვიდან არაფერი გამომპარვოდა. მარტო მიწევდა ამის კეთება და ადვილი ნამდვილად არ იყო. ცხოვრებაში კი თურმე ყველაფერი ხდება... რით მოვიხიბლე? იმით, რომ ზურა ძალიან დახვეწილი პიროვნებაა. კეთილშობილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანია. ვგრძნობდი, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ეს არ იყო ყალბი. გარდა ამისა ერთნაირი მსოფლმხედველობა, საერთო ფასეულობები და მუსიკა გვაერთიანებს.
- მარინა ბერიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ 38 წლის გოგოში გამცვალაო?
- ეჰ, ნეტა ვიყო 38 წლის, უარს არ ვიტყოდი....(იღიმის)
მხოლოდ ერთი კომენტარით შემოვიფარგლები. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი ისეთი რამ მოხდა, რასაც არ ველოდი. ღმერთი გვიგზავნის ხან საჩუქარს, ხან განსაცდელს. საკუთარ თავზეც ასე აღვიქვამ. ამიტომ ჩვენი ცხოვრების და ქცევის მიხედვით, თავად უკეთ უნდა მივხვდეთ, რა და რატომ ხდება... მეც არაერთი განსაცდელი გამომივლია, მაგრამ გავუმკლავდი. ახლა კი ვთვლი, რომ საჩუქარი გამომიგზავნა იმ ადამიანის სახით, ვინც გვერდში მყავს.
- თქვენზე ცუდი თუ გსმენიათ?
- არსებობს კი ასეთი ადამიანი,ვისზეც ერთხელ მაინც არ გვსმენია ცუდი? მგონი არა...ასე რომ, არც მე ვარ გამონაკლისი.(იცინის) არის ასეთი გამოთქმა: „ენას ძვალი არა აქვს“ ამიტომ მითქმა-მოთქმას ყურადღებას არ ვაქცევ. რადგან სიტყვამ მოიტანა, გამახსენდა...რამოდენიმე წლის წინ, ერთმა სუბიექტმა სიტყვიერად სცადა ჩემი მუსიკალური შესაძლებლობები „დაეკნინებინა“ მან სთქვა: „დიდი არაფერი ნიჭიერია და ცუდად მღერისო“ მაგრამ მცდელობა არ გამოუვიდა და იცით რატომ? მისგან განსხვავებით, ფაქტებით, შემიძლია დავამტკიცო თუ რას წარმოვადგენ. საბედნიეროდ, ხალხი შესანიშნავად არჩევს ნიჭიერს და უნიჭოს.
- საჯარო სამსახურში ხართ, შემოქმედება, ოჯახი, პედაგოგიური მოღვაწეობა, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს ერთად?
- აქაც ჩემი ბუნება და ენერგეტიკა მეხმარება. შინაგანად ძლიერი და მიზანდასახული ადამიანი ვარ. ძნელია ჩემი დაღლა. ასე რომ, „ავი თვალი“ ვერაფერს დამაკლებს... (იცინის)