26 იანვარი, 2014
ვინ არის ქრისტინე იმედაძის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი
მე და ნიკას გვქონდა საკონცერტო ნომერი, ვვარაუდობდით, რომ საინტერესო იქნებოდა, თუმცა ასეთ აჟიოტაჟს არ ველოდით მომღერალი, ბალერინა და ახლა უკვე ტელეწამყვანი, ქრისტინე იმედაძე ახლახან „ახალი ხმის“ ფინალში გამოჩნდა. მან სტეფანეს გუნდის ფინალისტთან, ნიკა ლაზარიაშვილთან დუეტი შეასრულა. სიმღერის ბოლოს წყვილმა ერთმანეთს აკოცა. სკანდალურ კოცნაზე მეორე დღესვე მთელი თბილისი ალაპარაკდა. ჩვენ ქრისტინეს ინტერვიუ ვთხოვეთ და ბუნებრივია, შოუს ამ დეტალსაც შევეხეთ.

- ქრისტინე, ბოლო დროს აღარ ურთიერთობ პრესასთან, რით ახსნი ამ ტაიმაუტს?
- ვერ ვიტყვი, რომ არ ვურთიერთობ,
უბრალოდ, დიდი დოზით არ მინდა და ვერიდები. მივიჩნევ, რომ თუ რაიმე ახალი, საინტერესო არ გააკეთე, მკითხველისთვის უინტერესოა ერთი და იმავეს კითხვა.
- ბოლო ხანებში, ძირითადად, ტელეწამყვანის ამპლუაში გხედავთ, სიმღერა ტელეწამყვანის კარიერით ხომ არ ჩაანაცვლე?
- ტელეწამყვანის ამპლუა ძალიან მომწონს, მიყვარს „რუსთავი 2“ და „შუა დღის“ გუნდი. მომღერლობას რაც შეეხება, ბოლო 2 თვეა, ბევრი კონცერტი მაქვს და ძალიან მიხარია. ვისურვებდი, რომ სულ ასე იყოს.
- რა სიახლეებია შენს კარიერაში?
- რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერე, იმედი მაქვს, მოგეწონებათ. კიდევ კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. მოკლედ, ვნახოთ, რა გამოვა.
- დათო კენჭიაშვილთან ერთად „კეკელა და მარო“ შეასრულე. როგორ ჩაწერეთ ეს დუეტი და რამდენად სერიოზულად მიუდექით ამ სიმღერას?
- დათო ჩემი ბავშვობის მეგობარია. მე დათოს დამ, თათიამ და დათომ, სპონ-ტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეწერა ეს სიმღერა. ჩაწერის დროს გავერთეთ და ყოველთვის ვერთობით მისი შესრულებისას. მიხარია, რომ მსმენელებმაც აიტაცეს და მოეწონათ ეს სიმღერა.
- ყოველთვის ინარჩუნებ ფორმას, წონას, როგორ ახერხებ, იყო მუდმივად მომხიბვლელი?
- ბევრი ჭამა არ მიყვარს, ზოგჯერ საერთოდ მავიწყდება, ვცდილობ, ვივარჯიშო კიდეც. მიხარია, თუ მიგაჩნიათ, რომ კარგ ფორმაში ვარ.
- რაზე გიწევს უარის თქმა?
- რაც მიყვარს, უარს არაფერზე ვამბობ, უბრალოდ, დიდი დოზით არ მიყვარს ჭამა.
- არ შემიძლია, იმ კოცნაზე არ გკითხო, მთელი საქართველო რომ ლა-პარაკობს. „ახალი ხმის“ ფინალში ნიკა ლაზარიაშვილთან დუეტი შეასრულე, რაც მოულოდნელი ამბორით დასრულდა. რას იტყვი?
- ეს იყო წინასწარ დადგმული ნომერი, ამ სიმღერას სჭირდებოდა მოულოდნელი ფინალი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, კარგი შოუ გამოვიდა, მე მგონი, მაყურებლებს მოეწონათ.
- თიკო სადუნიშვილის გარდა, საქართველოში მსგავსი რამ შოუსთვის არავის გაუკეთებია. თიკო საკმაოდ ეპატაჟური და სკანდალური ტელეწამყვანია. შენ ასეთად არ გიცნობთ. ხომ არ ვცდები?
- გეთანხმები, ეპატაჟურობით არ გამოვირჩევი, ეს იყო საკონცერტო ნომერი, მგონი, თბილი და ლამაზი ნომერი გამოვიდა.
- შოუ ნამდვილად კარგი გამოვიდა, მაგრამ მზად ხარ იმ მითქმა-მო-თქმისთვის, რაც ამ ნომერს მოჰყვება? ხომ იცი, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შოუების დადგმა გარკვეული ჭორის საფუძველს აჩენს... - ჭორებზე უკვე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. კეთილი, ბოროტი, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ჭორები ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უკვე გამოცდილი მაქვს. ჯერჯერობით ცუდი არაფერი წამიკითხავს, იმედია, არც იტყვიან. ეს იყო საინტერესო საკონცერტო ნომერი, მოულოდნელი ფინალით, დადგმა, რომელსაც ჩემი პროფესია ითვალისწინებს.
- მოულოდნელი ფინალით? ანუ არ იცოდი, ნიკა რომ გაკოცებდა?
- მაყურებლისთვის მოულოდნელ ფინალს ვგულისხმობ. მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი.
- მავანი ალბათ იმასაც იტყვის, რომ შენ და ნიკას, სხვა თუ არაფერი, ფლირტი გაქვთ, მათ რა პასუხს გასცემ?
- ყველას აქვს უფლება, თქვას ის, რაც უნდა. მე და ნიკას გვქონდა საკონცერტო ნომერი, ვვარაუდობდით, რომ საინტერესო იქნებოდა, თუმცა ასეთ აჟიოტაჟს არ ველოდით. ქართველმა მაყურებელმა სწორად გაიგო ჩანაფიქრი და ვფიქრობ, მოეწონათ. მთავარი ეს არის. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ყველაფერში ცუდს ან განსაკუთრებულ ინტრიგას ეძებენ. დაე, ეძებონ.
- ნიკაზე რას იტყვი, როგორც მომღერალზე?
- ნიკა არაჩვეულებრივი მომღერალია, ის ნამდვილად ახალი ხმაა, განსხვავებული და ლამაზი ტემბრით. ჩემი აზრით, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს.
- ნიკას ტიპის ბიჭები თუ მოგწონს?
- კრიტერიუმი არ მაქვს, როგორი ბიჭები მომწონს. ნიკა ნამდვილად სიმპათიური და კარგი ბიჭია.
- დღეს შეყვარებულია ქრისტინე?
- არა, დღეს არ ვარ შეყვარებული.
- როგორ გგონია, რა არის შენი მარტოობის მიზეზი?
- რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი, ალბათ ის, რომ არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც თავს შემაყვარებს.
- როგორი დედა ხარ, როგორ ანაწილებ დროს და დღის რა ნაწილს უთმობ შვილს?
- ტაისია ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ვცდილობ, არ მოვაკლო ყურადღება, ხან გამომდის, ხან - არა. ერთად ძალიან ვერთობით, უკვე დიდი გოგოა, ხშირად რჩევებსაც ვიღებ მისგან.
- შენს გეგმებზე რას მეტყვი?
- გეგმებს რაც შეეხება, ჩემს გულშემატკივრებს, მაყურებელსა თუ მსმენელს ვპირდები, რომ წელს აქტიური ვიქნები და იმედი მაქვს, საინტერესო პროექტების განხორციელებას შევძლებ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
კარტ
მარტლა სუფთა ნიანგის ნიკაპ-ყბები აქვს.სახე არ უვარგა
14:07 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ვგიჟდებიი ამ გოგოზეეე ! ქრისტინე ძალიან ლამაზი და კარგი ხარ !!
03:27 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
პანო
შეიძლება კარგი ადამიანია,მაგრამ სახე მარტლა უშნო აქვს.ცხენჯორას ტიპია
16:35 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
ძაან მიყვარს ეს გოგო,თბილი ადამიანი,ეტყობა :* :* წარმატებები შენ !
15:56 / 27-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS