13 მარტი, 2018
"ოჯახი თუ დასანგრევია, ისედაც დაინგრევა, ამას ჯადო და შელოცვა სულაც არ სჭირდება"
ჯადოსა და ავი თვალის შიში საქართველოში ოდითგანვე ჰქონდათ. დღესდღეობით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ჯადოს არსებობას მაინც ბევრი აღიარებს. ე.წ. ნათელმხილველების თქმით, ათასგვარი ჯადო არსებობს, მათ შორის, უნაყოფობისა და იმპოტენციის გამომწვევიც; არსებობს ჯადო, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ანგრევს და მის სიკვდილს იწვევს. გჯერათ თუ არა ჯადოს არსებობის? ამ შეკითხვით ჟურნალმა "გზამ" სხვადასხვა პროფესიის ადამიანს მიმართა:

მაყვალა გონაშვილი, პოეტი:
- თუ ამქვეყნად სიკეთე არსებობს, ე.ი. ბოროტი ძალებიც არსებობენ. შეიძლება ჯადო არ დაარქვა, მაგრამ ეს იყოს
ძალიან მძიმე უარყოფითი ენერგია, რომელიც კონკრეტული პიროვნებისკენ არის მიმართული. სხვათა შორის, ჩემი ახლობელი ერთხანს ძალიან სუსტად იყო. მოგვიანებით, ჯიბეში იპოვა უცნაური ნივთი, რომელიც ბეწვებით იყო გადახვეული. მორწმუნეა და დახმარებისთვის ეკლესიას მიმართა.

მსგავსი რამ საკუთარ თავსა და ოჯახზეც გამოვცადე: ერთი პერიოდი ჩემი ოჯახი თითქოს, ერთ წერტილზე გაიყინა, ვერც წინ მივდიოდით და ვერც - უკან. ამის თაობაზე აწ გარდაცვლილ მეუფე თადეოზს შევჩივლე. მან მითხრა, რომ კახეთში, სართიჭალაში არის მამა შალვა, ის შენზეც ილოცებს და დაგეხმარებაო. მართლაც, მივაკითხე ამ მოძღვარს და ღმერთმა ყველას გაუმართლოს, როგორც იმის შემდეგ ჩემ გარშემო გზა გაიხსნა. ჩემი აზრით, ვინც თვითონ ატარებს უარყოფით ენერგიას, ის უფრო იოლად ექცევა ბოროტი ენერგიის გავლენის ქვეშ. თუ ადამიანს სუსტი ველი, სუსტი ნებისყოფა და სუსტი აურა აქვს, უარყოფითი ენერგიის გავლენის ქვეშ მისი მოქცევა უფრო ადვილი იქნება, თუმცა, ჯადო ძლიერ ადამიანსაც შეიძლება მოერიოს. ასეთ სიბინძურეს ცოდვილები აკეთებენ, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს ღვთისგან მომავალი, ნათელი ენერგია, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს იცავს და აძლიერებს.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:
- ჯადოზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დადებითი და უარყოფითი ენერგიის მჯერა. შეიძლება, ადამიანი ცუდ ხასიათზე იყოს და მისგან უარყოფითი, დამთრგუნველი ენერგია მოდიოდეს ან პირიქით, დადებით ენერგიას ასხივებდეს. ხშირად გამიგია, რომ ჯადოს დახმარებით ვიღაცამ ვიღაცას ოჯახი დაუნგრია, მაგრამ მე ამის ნაკლებად მჯერა: ოჯახი თუ დასანგრევია, ისედაც დაინგრევა, ამას ჯადო და შელოცვა სულაც არ სჭირდება. ასე რომ, ავი თვალი და ჯადოები ნაკლებად მაშინებს. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS