08 მარტი, 2018
ვინ არიან და რას მოღვაწეობენ დღეს ერთ დროს ქართული პოლიტიკის გავლენიანი ქალბატონები?!
როგორც წესი, ქართულ პოლიტიკაში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ქალები არც თუ დიდი სიმრავლით არიან ხოლმე წარმოდგენილნი, თუმცა ხშირად ისინი საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ მამაკაცთა ჩრდილქვეშაც კი.

წარმოგიდგენთ ქალებს, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ ქართულ პოლიტიკაში, ახლა კი ნაკლებად ან საერთოდ არ ჩანან.

ნინო ბურჯანაძე
პარლამენტის სამგზის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი და აქტიური ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახლდათ ქართულ პოლიტიკაში. როგორც ამბობენ, მან სერიოზული პოლიტიკური ნახტომის შანსი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გაუშვა, როდესაც რიგგარეშე
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დადგა დღის წესრიგში და მას მოუწია პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ექსპერტთა ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ მას ოპოზიციისთვის მხარდაჭერით საკუთარი პოლიტიკური წარმატების უზრუნველყოფაც შეეძლო, თუმცა მან ისევ მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩენა არჩია. თუმცა გუნდში ეს არ დაუფასეს და კონფლიქტის შედეგად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ის მმართველი გუნდიდან წავიდა. ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურ საქმიანობას დღესაც აგრძელებს, ის ოპოზიციური პარტიის "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერია. მას დღევანდელი მდგომარეობით პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ. ნინო ბურჯანაძემ ძალები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მოსინჯა, თუმცა ამაოდ... არსებული ინფორმაციით, ის შემოდგომაზე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს.

ირინა სარიშვილი
ირინა სარიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს გამოჩნდა. ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. დამოუკიდებლობის გამოცხადების და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, სარიშვილი პარლამენტარი ხდება, 1993 წელს კი ვიცე-პრემიერის პოსტს რამდენიმე თვით იკავებს. 1994 წელს ტერორისტთა სამიზნე ხდებიან ის და მისი მეუღლე - პოლიტიკოსი გია ჭანტურია, რომელიც თავდასხმისას მოკლეს, მძიმედ იყო დაჭრილი ირინა სარიშვილიც. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავად გახდა პარტიის ლიდერი. 2003 წლის არჩევნებში ის შევარდნაძის მოკავშირე გახდა, თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თანაპარტიელებმა პარტიის თავმჯდომარეობა ჩამოართვეს.
დღესდღეობით ის პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ ჩანს. ირინა სარიშვილი 6 შვილს ზრდის. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS