24 იანვარი, 2014
ვის მოუხდის ბოდიშს მიშა ანდღულაძე და რატომ გრძნობს თავს უხერხულად საკუთარი პერსონაჟების გამო
მთვარისა, მარეხი, სოფლელი ქალი, ბოზი. ბარემ ავდგები და ცალკე ბენეფისს გავიკეთებ. ამოვაშლევინე და დიდი ბრძოლის შედეგად მხოლოდ ორი ქალბატონი დავტოვეთ მიშა ანდღულაძისთვის 2013 წელი შემოქმედებით საქმიანობაში ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. მისი ახალი გმირები მარეხ თოდუა, მთვარისა ოდილაური, მაყურებლებისთვის საყვარელ პერსონაჟებად იქცნენ. პირველად გადაიღეს ფილმშიც. ''მისტერ ძიძა'' ცნობილი ფილმის რიმეიკია, ანდღულაძემ ქართველ რობინ უილიამსობასაც კარგად გაართვა თავი. მიშას, გარდა ახალი როლებისა, მასზე გავრცელებულ სკანდალურ ჭორზეც ვკითხეთ.

- მიშა, საუბარი შენი ახალი პერსონაჟით, მთვარისა ოდილაურით დავიწყოთ, რომელიც ინტერნეტსივრცეში
ყველაზე პოპულარულ გმირად იქცა.
- ეს არის ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც სახლიდან პირდაპირ ევროპაში წავიდა და ცხოვრებაში სხვა გზა არ გაუვლია. იტალიური აქცენტი შეაჯერა თავისი კუთხის კილოსთან და საუბრის ეს უცნაური მანერა გამოვიდა. თანხმოვნებს ურტყამს ძალიან (იცინის). რაც შეეხება ფრაზებს, ეს უკვე ჩვენი მოგონილია. მთავარია პერსონაჟი, თორემ ხუმრობები წყალივით იწერება. ასეთ ქალბატონს ამ ზაფხულს იტალიაში შევხვდი. მრავლად არიან ასეთები, არა მარტო იტალიაში, საბერძნეთშიც მყავს ასეთი ნაცნობები. წარმოიდგინეთ, 13 წლისა გლდანში ეზოში რომ დავრბოდი და უცებ ლუქსემბურგში წავსულიყავი, მეც დაახლოებით ასეთი ვიქნებოდი.
- ემიგრანტების მხრიდან შენს გმირს როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
- უარყოფითი ზარები არ ყოფილა. ამით ხომ ჩვენ არავის დავცინით, პირიქით, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს ან თავის თავზე მიიღო, მზად ვარ, ბოდიში მოვუხადო. იუმორისტული გადაცემაა და ხან ვის პაროდიას ვაკეთებთ, ხან - ვისას. შეიძლება, კარგად გამოგვდის ან ცუდად, მაგრამ თუ ხალხი იცინის, მაშინ პერსონაჟი კარგია.
მცირე ხნის წინ საოცარი ამბავი გადამხდა. ერთი ქალბატონი შემხვდა და მკითხა, სულ ქალებს რატომ ასახიერებთ, პირველ რიგში, ქართველი ხართ, ამას ბავშვები უყურებენ და მერე თავადაც ბაძავენ შენს გმირებსო. რა გამოდის, ავსტრიელი რომ ვიყო, შეიძლება, ქალი განვასახიერო? ან რას მბაძავენ, ხალათს იცვამენ და დახტიან-მეთქი? არა, ეგ სხვა რაღაცის აგიტაციააო. რისი აგიტაციაა, ძველ საბერძნეთში ქალის როლს მამაკაცები თამაშობდნენ-მეთქი; ჩვენ ხომ ძველი საბერძნეთის დონეზე არ ვართო. აღარ ვუთხარი, რომ ხანდახან უფრო უკანაც ვართ.
- შენი პერსონაჟები ყოველთვის პოპულარულები ხდებიან, მთვარისაზე სერიოზული ბუმია ატეხილი.
- მე მგონი, მარეხ თოდუასაც აჯობა. უკვე შინაგანი უხერხულობა მაქვს. კონცერტისთვის რომ ვემზადებოდით და ჩვენი პერსონაჟები ჩამოვწერეთ, დაფას რომ შევხედე, კაცის პერსონაჟი არ მყავდა. ეწერა - მთვარისა, მარეხი, სოფლელი ქალი, ბოზი. ბარემ ავდგები და ცალკე ბენეფისს გავიკეთებ. ამოვაშლევინე და დიდი ბრძოლის შედეგად მხოლოდ ორი ქალბატონი დავტოვეთ.
- თქვენი საახალწლო კონცერტის სატელევიზიო ვერსიის ეთერში გასვლის შემდეგ, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძალიან მაგრები ხართ. მის სტატუსს ბლოგერი გიორგი კიკონიშვილი გამოეხმაურა, მისი აზრით, შესაძლოა, შენი პერსონაჟის გამო ემიგრანტმა ქალბატონებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნონ.
- მაგ აზრს მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები. როდესაც საბერძნეთში ვიყავით, ქართველების უბანში ბევრი ქალბატონი შემხვდა, რომლებზეც გული დამეწვა. იქ არავის უთქვამს, რომ მათ დავცინოდით. პირიქით,Y მადლობას გვიხდიდნენ, რომ ყველა თემას ვეხმაურებით. იუმორის გრძნობა ან გაქვს, ან - არა. როდესაც ადამიანი სკეტჩში საკუთარ თავს აღმოაჩენს, სტრესში კი არ უნდა ჩავარდეს, უნდა იხალისოს. ძველი ბიჭების სკეტჩის დროს, ხანდახან ისეთ ფრაზებზე ვაკეთებდი აქცენტს, რომ მანკიერება დამენახვებინა, მაგრამ, პირიქით, მოსწონდათ. ყოველთვის მხვდებოდა ვიღაც, ვინც მეკითხებოდა, რატომ ვიყენებდი მის სახელს სკეტჩში. რა ვქნა, რა სახელი მოვიფიქრო, ქართველ ქალბატონს ჯონის ხომ ვერ დავარქმევ?!.
- პოპულარულია ასევე ფრაზა ''ჭამე, ნოდარი'' და თათიას გმირი ქალბატონი, რომელიც მუდმივად ცუდ ხასიათზეა და აგრესიულია.
- ეს არის ქალი, რომელსაც ქმარმა ფსიქიკა დაუნგრია. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც მუდმივად თან დაჰყავს. ერთ გამაჯანსაღებელ ცენტრში დავდიოდი და სალაროსთან ქალბატონი იჯდა, მუდმივად სიგარეტით ხელში. თანხას რომ ვიხდიდი, ყოველთვის შვილი ურეკავდა და რაღაცას ეკითხებოდა. ეს აქედან უყვიროდა, რა გინდა? არ ვიცი, იქ დევს. ნერვები აღარ ჰქონდა, სამწუხაროდ, არის ქალების ასეთი კატეგორიაც.

Rating

- წეღან ახსენე, რომ ახალმა გმირმა მარეხ თოდუასაც აჯობა...
- ძალიან კარგია, რომ ჩემი პერსონაჟები ერთმანეთს სჯობნიან. სანამ მე მარკეტებში დავდივარ და გოგონები უცნაური ხმით რაღაცებს მთავაზობენ, ეს პერსონაჟი მუდმივად აქტუალური იქნება. საერთოდ, წეღანაც აღვნიშნე, რომ თუ იუმორის გრძნობა გაქვს, საკუთარ თავზე უნდა იხალისო. ჩემი გმირებიდან არც ერთი არ არის მოგონილი, ყველა სადღაც მყავს ნანახი. მათ რომ უთხრა, რომ განვასახიერე, შეიძლება, ვერც მიხვდნენ, ჩვენ ხომ საკუთარ თავს გარედან ვერ ვუყურებთ. საკუთარი თავი ნორმალური გვგონია. მეც ხომ ასე ვარ, მაგრამ შეიძლება, ვიღაცისთვის სულაც არ ვიყო ნორმალური და რაღაც ისეთი მქონდეს, რითაც გამაშარჟებს. სამსახურშიც ხშირად ვეხუმრებით ერთმანეთს და ვეკაიფებით. ხანდახან საკუთარ თავზე ხუმრობებსაც ვერ ვხვდები, ვფიქრობ ხოლმე - მე ასეთი ვარ?
- სოციალურ ქსელში შენს ყველა პერსონაჟს აქვს საკუთარი გვერდი... ფრაზებსაც კი, რომლებსაც სკეტჩებში იყენებ. მაგალითად, ჩაკბეჩილი ვაშლი...
- ეს ფრაზა ჩემი მოგონილია... ასევე პოპულარული გახდა ფრაზა: ''უსუსური და სუსური''. კონცერტზე ხალხმა ძალიან ბევრი იცინა ჩემი და თათიას დიალოგზე ''შენი ბიჭია აყლაყი და ჩემი ყლაყი?'' ეს რომ ჩვეულებრივად განიხილო, იაფფასიანი მაიმუნობაა, ამას ხომ ხუმრობა არ ჰქვია, მაგრამ მთავარია, ვინ და როგორ წარმოადგენს, სიმარტივეში არსებობს რაღაც ძალიან მაგარი. ''ჭამე ნოდარიზე'' უკვე გვსაყვედურობენ. ამას წინათ გვითხრეს, ერთ-ერთ სკოლაში მშობლები დაიბარეს და უთხრეს, რომ ბავშვები ერთმანეთს თავში უტყაპუნებენ და ეძახიან - ''ჭამე ნოდარი''. ამაზე სერიოზულად შევწუხდი, მგონი, ეს აგიტაციაა. არადა, რეალურად ამ მანკიერ მხარეს დავცინით, ანუ ბავშვის წინააღმდეგ 70-იან წლებში გაჩენილ ძალადობას. მინდა, მშობლებს ვთხოვო, რომ ამ მხრივ ბავშვებს ყურადღება მიაქციონ. გუშინ ნათესავთან ვიყავი სტუმრად და ასაკიანმა კაცმა მითხრა, შვილიშვილი მოდის და თავში წამომარტყამს, ''ჭამე, ნოდარიო''...
- ფილმზე ვილაპარაკოთ... ''მისტერ ძიძამ'' მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
- ამ ფილმს თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან მაინც ცნობილი ფილმის რიმეიკია. მინდოდა, რომ ახალი მოგვეფიქრებინა. საბოლოოდ, ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე, ამის დრო არასოდეს არ გვქონდა. მანამდეც მინიმუმ ხუთჯერ გვინდოდა ფილმის გადაღება. ალეკო მალხაზიშვილს ჰქონდა იდეა, რომ ჩემი პერსონაჟი ქალბატონები შეგვეკრიბა და კინოში გადაგვეტანა. ხალხის რეაქციით ვხედავ, რომ მოსწონთ.
პრემიერაზე ფილმს რომ ვუყურეთ, მე და ალეკო მალხაზიშვილი ცოტა უხასიათოდ გამოვედით. მაინც კრიტიკულად ვუყურებდით რაღაცებს. მერე ჩვეულებრივ დღეს წავედი, ხალხთან ერთად ვნახე დარბაზში და საერთოდ შემეცვალა წარმოდგენა, გახარებული გამოვედი. რეალურად მაყურებელი იმ დეტალებს არ უკვირდება, რასაც შენ. მიხარია, რომ პირველი ფილმია და მაინც კარგი გამოვიდა. შემდეგი ფილმები უფრო უკეთესი იქნება და უფრო მეტი სტიმული გვექნება. თან საკუთარი ძალებით გადავიღეთ. რეჟისორიც კი ჩვენი გუნდიდანაა.
- მიშა, ინტერვიუს დასასრულ შენზე გავრცელებულ ჭორზე გკითხავ. ძველით ახალ წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ცოლი მიატოვე და ''კომედი შოუს'' ერთ-ერთ მსახიობ ეკა აბშილავასთან ერთად გაიპარე.
- ეკას არ უთხრათ, გადაირევა. ეტყობა, ერთობა ვიღაც. მეუღლესთან ერთად ვიყავი ბაკურიანში. ჩემი ცოლი, ცოლისდა და ცოლის მეგობარი ერევათ ერთმანეთში. ეკაც კარგად არის და მეც კარგად ვარ ჩემს ცოლთან ერთად. მაგ ჭორში გაიპარნენ არის ყველაზე მაგარი. ვინც ეგ ჭორი მოიფიქრა, ის თუ ბოროტი არ არის (იცინის)... ზოგადად ადამიანებს სულელური ჭორის დაჯერება უფრო უნდათ, რადგან ბევრად გასართობია.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
გიოო
ყველაზე მაგარიაა მიშა და ჩემი აზრით მარტო ეს და თათია არიანნნ მაგრები კომედი შოუში :)) მიშა შენ ვაფშე ყველაზე მაგარი ხარრრ
09:59 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
მიშა როლოდან ვეგარ გამოდის,სულ არასერიოზულია...
13:51 / 27-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
კარგით რა ეგ შოუ არ არის ან ეგ ფილმი....ვაი ჩვენს პატრონს
22:58 / 25-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
სრული მარაზმია გადაცემაც და მსახიობებიც.ვინც ამ გადაცემას უყურებს,არის ძალიან დაბალი დონის და ინტელექტის!უკაცრავად!
19:11 / 25-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მიშააააა :* ვაიმე კაცად უკვე ვეღარ აღგიქვამ, მე მაპატიე :D სუპერ მსახიობი და იუმორისტი ხარ და ასე გააგრძელე, ვგიჟდები შენზე :*
01:01 / 25-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS