05 მარტი, 2018
"მე არ მჩვევია რაღაცეების დამალვა" - გია ჯაჯანიძე არარსებულ ქალზეა შეყვარებული
„ყველაზე დიდი სისასტიკეა, როცა სიცრუეში აცხოვრებ საკუთარ თავს.

ნებით ჩახედე სიმართლეს თვალებში, თორემ დრო იძულებულს გაგხდის, თვალი გაუსწორო სინამდვილეს.
ეს უმძიმესი პროცესია.

თავის დამკვიდრება შეუძლებელია, თუ არ გაინტერესებს, რას ფიქრობს ნაცნობი და უცნობი ადამიანები შენზე.
ბოღმა - ეს არის ემოცია, თვისება, რომელიც წარმოშობს ბოროტებას და შურს, ჯერ საკუთარი თავის, მერე სხვის მიმართ. ბოღმიან ადამიანს აქვს ინტელექტის დეფიციტი, განსჯის და აზროვნების დაქვეითება.

ბოღმიანი ადამიანი მუდმივად უსიამოვნებაშია გახვეული, იგი ხელოვნურად იქმნის სიტუაციებს, გამხიარულდეს, რათა გაექცეს სინამდვილეს.

ბოღმა
ანგრევს ადამიანის ფსიქიკას.

ბოღმიანი ადამიანი ავადმყოფურად ეჭვიანია.

ბოღმიანი ადამიანი მსხვერპლია, განწირულია.

ბოღმა ანადგურებს ჯანმრთელობას, მომავალს, ურთიერთობებს და წარმატებას.

ბოღმიანი ადამიანი ვერ ირგებს და ვერ იყენებს შანსს, რომელიც მას მიეცა.


დაინდე საკუთარი თავი. აპატიე, დათმე ბოღმა და ბოროტი გულისთქმები. განთავისუფლდი ტყვეობისგან და იყავი ლაღი. ასე გაცილებით ადვილია ცხოვრება, ვიდრე ბოღმით და ბალღამით“, - ამბობს ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე

- ცხოვრებაში არასდროს არაფერს ვგეგმავ, შესაბამისად იმედიც არასდროს მიცრუვდება, არ ველი ადამიანებისგან იმაზე მეტს, რისი მოცემაც ფიზიკურად არ შეუძლიათ. დაუგეგმავად ბედნიერი ადამიანი ვარ, არ ვარ ტანჯვისაკენ მიდრეკილი. დილით, როდესაც თვალს ვახელ და ვხედავ მზის სინათლეს, ვაცნობიერებ, მაქვს თვალის ჩინი, ორი ხელი ორი ფეხი ეს ყოველივე იმდენად მახარებს ვიცი, რომ ყველაფერს შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ადამიანებმა იციან თქმა: რა ბედნიერი ვიყავი... არადა იმ მომენტში საერთოდ ვერ აცნობიერებდნენ, რომ კარგად იყვნენ. ვისწავლე დღევანდელი დღით ტკბობა, შევიყვარე თავი და ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვარ, ძალიან ბედნიერი. ნერვიულობით ვერასდროს ვერ უშველი გაფუჭებულ საქმეს.

- რა პროფესიის არის გიორგი ჯაჯანიძე?
- მოდი, ცოტა შორიდან მოვუვლი და გეტყვი, გაგეცინება, მაგრამ ახალგაზრდობაში სამშენებლოზე კაფელის და მეტლახის გაკვრას ვსწავლობდი, შემდეგ ბუღალტერიამ გამიტაცა და უნდა მესწავლა, გამოგიტყდები და გეტყვი, რომ ამის პარალელურად ვოცნებობდი, ვყოფილიყავი მსახიობი, თუმცა, თეატრალურზე ჩაბარების შანსი მალევე მომიჭრეს და ეს ოცნება ვერ ავიხდინე, მეუბნებოდნენ, დაბალი ხარ და შენგან კარგი მსახიობი ვერ შედგება, ყოველთვის სახასიათო როლები გექნება და დაიჩაგრებიო, თუმცა, მე ამ დროს მქონდა მიზანი და ველოდებოდი ასპარეზზე გამოსვლას. ყველაფერს ვაკეთებდი საკუთარი მიზნის მისაღწევად, საბედნიეროდ, მალევე მივხვდი, რომ თუ არ იცი ადამიანის ფსიქოლოგია, არ იცნობ მათ სათანადო დონეზე ცხოვრებაში, ვერაფერს მიაღწევ და თუ რაიმეს გააკეთებ, ეს დიდებაც მალე დამთავრდება. გადავწყვიტე, დამეწყო ადამიანების სწავლა, როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, ფსიქოლოგიაში უკუღმა მოვედი, ადამიანებმა მაქციეს მე კარგ ფსიქოლოგად, ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც მენდობოდნენ და ისტორიებს მიყვებოდნენ, იმ პერიოდისათვის ეს ისტორიები ერთმანეთს ძალიან გავდნენ და თუ ერთი დაძლევდა სიტუაციას, მის გამოცდილებას მერე სხვას ვუზიარებდი და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიზრდებოდით ყველა ერთად.
რადგან ვერ შევდექი როგორც მსახიობი, თეატრალურს მაინც ვერ მოვეშვი და ჩავაბარე თეატრმცოდნეობაზე. შემდეგ მალევე კინოსარეჟისოროზე და პარალელურად ვეუფლებოდი ჟურნალისტის პროფესიას. უკვე მოგვიანებით, 42 წლის ასაკში შევეჭიდე ფილოსოფიას.
- და მაინც, ყველაზე კარგად რომელი გამოგდის?
- ეგრე ვერ ვიტყვი, საქმეს თუ ხელს მოვკიდებ, ბოლომდე უნდა მივიყვანო და ხარისხიანად, შუა გზაში მიტოვება არ შემიძლია, არაა ჩემი სტილი. თითოეულმა პროფესიამ ჩემს ცხოვრებაში მომიტანა ის, რაც დღეს ვარ. სწავლა გვიან არასდროს არ არის, მე დღესაც ვსწავლობ.

Rating

- კარგი „პიარშიკი“ ხარ, ამბობენ შენზე?

- სანამ საზოგადოებაში ეს პროფესია გახდებოდა ცნობადი და მოიკიდებდა ფეხს, მე მქონდა ძალიან კარგი პროექტი, რომელიც ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ მიიღო და გვერდში დამიდგა, თეატრალურ უნივერსიტეტში მყავდა სტუდენტების ორი ჯგუფი, რომლებსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნებას, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, „პიარს“ ვასწავლიდი.

- დღევანდელი მდგომარეობა გხიბლავს?
- პოპულარობაზე ჩაციკლული არასდროს ვყოფილვარ, არც თვითმიზანი ყოფილა ჩემი როდესმე. დღეს ვარ პოპულარული, წარმატებული საზოგადოებისთვის ცნობადი სახე. მიღიმიან, ჩემთან ფოტოებს იღებენ, მაჩერებენ ქუჩაში და მე ეს მხიბლავს, ნამდვილად ასეა, თუმცა, იმასაც შეგუებული ვარ, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდება და დამთავრდება, მაგრამ ახლა ამაზე ნამდვილად ვერ დავჯდები და გლოვას ვერ დავიწყებ. ასაკთან ერთად მოდის გამოცდილებაც და მე საკუთარ თავს ვასწავლე დღევანდელი დღით ტკბობა, მენდეთ, ძალიან დიდი სიამოვნებაა. როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, მერე რაიმე ახალს მოვიფიქრებ, ახლაც მაქვს მოფიქრებული...

- არ გაგვიმხელ?

- გაგიმხელთ, მე არ მჩვევია რაღაცეების დამალვა, თუ იდეას მომპარავენ, არაა პრობლემა, ახალს მივიგონებ რამეს. ტელევიზიამ ძალიან იცის მიჩვევა, რამდენიმე წელში ვაპირებ ხისგან შევკრა ტელევიზორის ყუთი, რომელსაც ექნება ბორბლები და ვივლი ქუჩა-ქუჩა და წავიყვან გადაცემებს, ეს იქნება ნამდვილად სახალხო, ვისაც უნდა გაჩერდება და მიყურებს, ვისაც არა - გაივლის ან შემაგინებენ ან მომეფერებიან, მეც ბედნიერი ვიქნები და ხალხიც, თან პურის ფულსაც ვიშოვი ხოლმე.

- ტელესივრცეში არსებული ერთ-ერთი რეიტინგული თოქ-შოუს წამყვანი ხარ, კონკურენცია მაღალია?
- გინდ დამიჯერეთ გინდ არა, არც ერთს არ ვთვლი კონკურენტად, არც ერთს არ ვეჯიბრები, რეიტინგსაც კი არ ვკითხულობ ხოლმე. ერთ დღეს რომ მაღალი რეიტინგი მაქვს, რა, ამით რა მომემატა, ან თუ არ მექნა რეიტინგი, თავი მოვიკლა? თუ ვინმე თვლის, რომ მე მისი კონკურენტი ვარ, ჩათვალონ. პირადად მე გეტყვი, რომ ყოველ ხუთშაბათს „პროფილს“ ვუყურებ და მაია ასათიანის მაყურებელი ვარ, მეტი გულახდილი პასუხი მე არ მაქვს.

- კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პროფილი“ ეთერში აღარ დაბრუნდება, გულის სიღრმეში მაინც არ გაგიხარდა კონკურენტის ეკრანიდან გაქრობა?
- მეც გავიგე ეგ ინფორმაცია. სიმართლე გითხრა, თუ ასე მოხდება, ძალიან დამწყდება გული, მაიას უდიდეს პატივს ვცემ, მისი ცუდი არასდროს გამახარებს, თუ „პროფილი“ აღარ იქნება, გააკეთებს ალბათ რაიმე სხვა, საინტერესოს და რეიტინგულს. მე კი კონკურენტად არავის აღვიქვამ, მართლა, პირდაპირ გეტყვი, იქით ვარ მათი კონკურენტი. ფსიქიკურად აბსოლუტურად ჯანმრთელი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ, ციფრებით ნერვებს ვერ მოვიშლი, რეიტინგი ან მაღალი გექნება ან დაბალი, მთავარი ხალხის სიყვარულია.

via GIPHY



- გია ჯაჯანიძე უკონკურენტოა?
- მე არ ვთვლი, რომ რომელიმე კონკურენციას მიწევს და თვითონ თუ ასე ფიქრობენ, მათი პრობლემაა.

- ძალიან კარგად გამოიყურები, რამდენი წლის ხარ?
- ორმოცდაჩვიდმეტის, ციფრების გარდა, ასაკს თითქმის ვერ ვგრძნობ, გული არ ბერდება, უბრალოდ უფრო თავდაჯერებული ვარ, საკუთარი თავი უფრო მეტად მიყვარს და ვცდილობ, ნერვები არაფერზე მოვიშალო, თან ნაკლებს ვიტყუები (იცინის), ხო, წვრილ-წვრილი ტყუილები ყოველთვის მიყვარდა, ეს იციან ჩემმა მეგობრებმა. ტყუილი ადამიანის ისეთივე ნაკლია, მაგალითად ფეხი რომ აქვს მოკლე ან გრძელი ცხვირი და ამის გამო ადამიანები ერთმანეთს ხომ არ კარგავენ? მეც გაფრთხილებული მყავს ჩემი მეგობრები, მათ კეთილ ტყუილს რომ ვამბობ და არ იმჩნევენ. როდესაც მაქებენ ან კარგ საქმეს ვაკეთებ, იმდენად ვმაღლდები, შეიძლება კარიდან რომ გამოვიდე, თავი დავხარო (იცინის).

- ენდობი ადამიანებს?
- ნდობასთან ჩემეული მიდგომა მაქვს, დებილად თავს არავის ჩავათვლევინებ, თუმცა, არც იქ ვიქექები ზედმეტად, სადაც არაა ჩემი საქმე. ვცდილობ, საკუთარ გონებას მაქსიმალურად პოზიტიური ინფორმაცია მივაწოდო. ნეგატიურით არ ვიბინძურებ გონებას.

- როგორი ბაბუა ხარ?
- პრაქტიკულად კარგი, თეორიულად ცუდი. ეს ჩემმა შვილებმაც კარგად იციან და შვილიშვილებმაც. შემიძლია, მათ მივცე ყველაფერი მატერიალური, გავუკეთო, რაც სჭირდებათ, მაგრამ მოფერება და თამაში არ შემიძლია, ეს მათ იციან და გაგებით ეკიდებიან. არასდროს ჩავრეულვარ შვილების პირად ცხოვრებაში უხეშად, თუ მეკითხებიან, ვურჩევ, თუ არ შემეკითხებიან, არც მაგაზე გავბრაზდები. ადამიანი ინდივიდია და გადაწყვეტილების მიღებაშიც უნდა მისცე თავისუფლება.

- შეყვარებული ხარ?

- მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ, ახლა იცი რა ეტაპი მაქვს? მიყვარს, ვგიჟდები, მისით ვცხოვრობ, მაგრამ არ არსებობს. ველოდები, გამოჩნდება იმედია.


თამუნა პეტრიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნათი
მშიერი იყო ,ბინა არ ჰქონდა თუ ცხვა რამ მთავარია თავისი შრომით მიაღწია წარმატებებს და ეს დასაფასებელია
11:40 / 10-03-2018
გამოხმაურება / 0 /
თეო
ამ სურათში კესარიაა თუ შორენა
15:49 / 07-03-2018
გამოხმაურება / 0 /
zuzu
ნუ მართლა სირცხვილია ასეთი ჯადობაზი აღაზევო და პროფესიონალებს ტელევიზიისკენ გზა გადაუკეტო!არ ვიცი პატარკაციშვილის დას რას უკეთებს ასეთს რომ ეს აფერისტი, მატყუარა და უვიცი პიკში რომ მოექცა!
18:34 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატა
მშიერი რომ ჩამოხვედი ჭიათურიდან, გლდანულაში რომ ცხოვრობდი საღორეში, და რუსათაველზე რომ დადიოდი ოჯახებში და 3 ლარად მკითხაობდი, ეგ დრო დაგავიწყდა????
14:00 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
კურკა
ეგეც კაცია
12:28 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS