26 თებერვალი, 2018
მაია საავადმყოფოშია და ამაში მე ვარ დამნაშავე
შვილები მშობლებზე ადრე არ უნდა კვდებოდნენო, თქვა ვიღაცამ ჩემს ბავშვობაში და მას შემდეგ, როცა ახალგაზრდა ამ სამყაროს ტოვებს, სულ ეს ხმა მაგონდება, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ვის ეკუთვნის ის. მახსოვს, როცა ეს სიტყვები გავიგონე, გამიჩნდა კითხვა, რომელსაც ბავშვები ყველაზე ხშირად სვამენ - "რატომ?".

ამომწურავი პასუხის გაცემა ახლაც არ შემიძლია, მაგრამ ყველა იმ აზრმა, რომელიც პასუხების ძებნისას თავში მიელვებს ხოლმე, უცნაური შიში დამიტოვა - შიში შვილმკვდარი დედების მიმართ და სიბრალული. არ ვიცი, ამ ორიდან რომელი უფრო
ძლიერია, მაგრამ ყოველთვის, როცა შვილმკვდარ დედას ვხედავ, ყველა განცდა მტოვებს, მხოლოდ ეს ორი იხლართება ობობას ქსელებივით და მთელ სხეულში იფანტება.

მათ ბინდისფერი აურა აქვთ, რომელსაც შორიდანვე ვგრძნობ და მოქმედების უნარს ვკარგავ... ასე გავიყინე მაშინაც, როცა ბინის დასაქირავებლად ერთ სახლს მივადექი. კარი გაიღო, სახლიდან ჯერ სიბნელე გამოვიდა, შემდეგ მას ძაძებში შემოსილი ქალი გამოჰყვა. მომინდა გავქცეულიყავი, წარმოვიდგინე კიდეც, როგორ სწრაფად ჩავირბენდი კიბეებს, მაგრამ ცისფერ თვალებს შინ შევყევი. არასდროს მენახა ასეთი შავი ცისფერი თვალები... ყოველი ნაბიჯი კიდევ უფრო მიმძაფრებდა ტკივილის განცდას.


კედელზე ახალგაზრდა ბიჭის ცისფერ თვალებს წავაწყდი, რომლებიც ოთახის ყველა კუთხეში მპოულობდნენ და მივხვდი, ჩემ წინ მისი დედა იდგა. შავებში მოსილს თავსაფრის ქვემოდან თეთრი თმა მოუჩანდა. ის ღიმილს ცდილობდა, მე - მშვიდ სუნთქვას.
ვიღაცას ეს სიგიჟედ მოეჩვენება, ვიღაცას მოგონილად, თუმცა ერთადერთი არ ვარ, ვინც ამაზე საუბრობს.

მაია წერს, შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ, მოდიან და უბედურებას ასხივებენო. გადაცემის ჩაწერაზე მანამდე ვიყავი, სანამ ამ ფრაზას დაწერდა. იქამდე მჯეროდა, რომ შვილმკვდარ დედებს ვგრძნობდი, თუმცა ეს გამონაკლისი იყო. ის მართლა საოცრად ცდილობდა, არ ყოფილიყო ნუცას დედა და ყოფილიყო უბრალოდ წამყვანი. მაია არაა ტიპური ქალი, ძაძებით მოსილი, შავზე უფრო შავი თვალებით. ჩემი წარმოსახვის უნარი ახლოსაც კი ვერ მივა იმასთან, რადაც მას ეს უჯდება. გაცილებით მარტივია, იყო დედა, რომელსაც შვილი აღარ ჰყავს, ვიდრე დარჩე იმად, ვინც იქამდე იყავი.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზაზა
უფალმა კარგად გამყოფოს და შენი პატარას მოსაგონებლად გაგაძლიეროს
13:08 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS