22 იანვარი, 2014
''მლიქვნელი, ფარისეველი და მაფიოზი ვარ''
კულისებში ისეთი რაღაცები მოხდა, რასაც ვერ მოვყვები. თაკო ოქროპირიძეზე ცუდს არაფერს ვიტყვი. ორივე მხარის პოზიცია ვიცი წელს პროექტს ''ახალი ხმა'' ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. იყო დაპირისპირება კონკურსანტსა და მწვრთნელს შორის, უთანხმოება მწვრთნელებს შორის. ფინალში ჩახუტებული დათო ფორჩხიძე და მაია დარსმელიძეც ვნახეთ. გამარჯვებული კვლავ დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი მარი ჩაჩხიანი გახდა.
გამარჯვებული და მისი მწვრთნელი რედაქციაში გვესტუმრნენ.

- დათო, მარის გამარჯვებას საზოგადოების დიდი ნაწილი შენ მოგაწერს. იმიტომ არა, რომ მარი გამარჯვების ღირსი არ იყო, მაყურებელს უყვარხარ,
როგორ გგონია, რისი დამსახურებაა ეს?
- ალბათ, იმის, რომ მინდა, ბავშვი, რომელმაც ამირჩია, ჩემი ცუდი საქციელით არ დავღუპო.
- ცუდი საქციელი ხშირად ეკრანს მიღმა რჩება.
- არაფერი იმალება, დამერწმუნეთ. ამ შოუში ბევრი რამ გამოჩნდა... მარი ცოტა დამეჩაგრა. არც კი ვიცოდი, რომ ფინალში გავიდოდა. წინა ორ შოუში მყავდა ჩემი ფავორიტები. ამ ჯერზე გუნდში მყავდა ხუთი ისეთი ბავშვი, რომელსაც ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა. აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ ამ კარგი ბავშვებიდან ერთი მაინც გაიმარჯვებდა, დიდი გახლდათ. ალოგიკურს ამაში ვერაფერს ვხედავ. წესით, ბრმა კასტინგზე ეს შოუ უკვე მოგებული უნდა მქონოდა.
- თუმცა სხვა მწვრთნელებსაც ჰყავდათ ძლიერი კონკურსანტები...
- რა თქმა უნდა. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, მარის რომ არ გაემარჯვა, კრიმინალი, დანაშაული იქნებოდა-მეთქი. მეტიც, სხვისთვის მისალოცი ტექსტებიც კი მქონდა მომზადებული. თუ დაინახეთ, მე, მაია და სტეფანე ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ერთადაც ვიმღერეთ. ასე არ იყო შარშან. თუმცა, პროექტის დასაწყისში დაძაბულობაც არ იყო დადგმული. თავიდან მეჩხუბებოდნენ, შენ რატომ გირჩევენო. მოდაში ვიყავი. როცა მარი არჩევანის წინაშე იდგა, ზუსტად მახსოვს ის ტექსტი, რაც მას ვუთხარი, მწვრთნელი არ იგებს ამ შოუს, ამ შოუს იგებს კონკურსანტი, შენ სადაც უნდა წახვიდე, მოიგებ და თუ ამოჩემებული გაქვს, რომ მესამედ მოვიგო, მაშინ წამოდი ჩემთან-მეთქი.
- მარი, რატომ აირჩიე დათო?
- წინა შოუებს ვუყურებდი, მისი ყოველი ნაბიჯი მისაღები იყო ჩემთვის. მომწონდა მისი ურთიერთობა მონაწილეებთან. პროექტში უკვე იმ განზრახვით მივედი, რომ დათოსთან წავსულიყავი.
- გამარჯვებამდე გრძელი და რთული გზა გაიარე, განსაკუთრებით რთულად რომელი ტური გახსენდება?
- ყველაზე დაძაბული, ალბათ, პირველი და მეორე ლაივკონცერტი იყო, რომლებზეც დათომ გადამარჩინა.
- დათო, მწვრთნელისა და კონკურსანტის ურთიერთოაბას დიდი მნიშვნელობა აქვს შოუსთვის. ნახევარფინალში მაიასა და თაკო ოქროპირიძის უთანხმოება ვნახეთ. შენ თუ გქონია მსგავსი კონფლიქტი კონკურსანტთან?
- ჩემი კოლეგების განსჯა ჩემი საქმე არ არის. მაიასთან მართლა დავმეგობრდი.
- რის მერე?
- გულწრფელი რჩევები მივეცი და დაიჯერა. კულისებში ისეთი რაღაცები მოხდა, რასაც ვერ მოვყვები. თაკო ოქროპირიძეზე ცუდს არაფერს ვიტყვი. ორივე მხარის პოზიცია ვიცი. ამ შემთხვევაში მტყუანისა და მართლის გარჩევა არ გამოდის, თუმცა მაიას სულ ვეუბნებოდი, რომ როგორღაც მოეხერხებინა ისე, რომ ეს ამბავი კულისებს არ გასცდენოდა. ამას ვერც შენ მოახერხებდიო, მითხრა. მე მგონია, რომ მოვახერხებდი.
- ორივე მხარის პოზიცია ვიციო, მითხარი. რომელ მხარეს იხრები?
- ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. მწვრთნელს, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, აქვს იმის უფლება, ვიღაც უფრო მეტად მოსწონდეს თავისი გუნდიდან, მოსწონდეს გარკვეულ ეტაპამდე და კონკრეტული ნომრის მერე მასზე გული აუცრუვდეს.
- შენ ასე გადაანაწილებდი პროცენტებს, როგორც მაიამ გადაანაწილა?
- ეს მაიას გადასაწყვეტი იყო, ვერ გავაკრიტიკებ. თუმცაღა ყველა კონკურსანტს მინდა ვუთხრა, თუ მწვრთნელს ოდნავ მაინც არ მოსწონხარ, ნუ ეძებ დამნაშავეს მხოლოდ იმ მწვრთნელში, საკუთარ თავშიც ეძებე მიზეზი.
- გქონია მსგავსი სიტუაცია?
- როგორ არა, ამ შოუში ნაკლებად, მაგრამ მაგალითად, სალომე ქათამაძეზე ყველა მწვრთნელი მეუბნებოდა, რინგიდან გააგდეო, მთელი დარბაზი მიკიოდა რინგზე, ეკა დოლიძე გადაიყვანეო. ისეთი ხმაური იყო დარბაზში... სალომეს სიმღერას არ აცლიდნენ, ნამღერს არ მასმენინებდნენ. მათ ჯიბრზე გადავიყვანე სალომე. მაშინ უმრავლესობამ არ იცოდა, რა შოუ კეთდებოდა, რომ აქ მხოლოდ ტოლერანტობა იმარჯვებს, რომ შენ აუცილებლად უნდა ურჩიო შენს მოწინააღმდეგეს, ძლიერი გადაიყვანოს. ის მაინც ძლიერს გადაიყვანს და შენც არ იქნები ცუდი ბიჭი ან ცუდი გოგო. ვერავის მოატყუებ, იქ სულელები არ სხედან.
- შენ არ გიცდია სხვა მწვრთნელის მოტყუება?
- არასდროს.
- სხვა მწვრთნელების ფინალისტებზე რას იტყვი?
- თიკო მოსემღვდლიშვილს რომ მოეგო პროექტი, მომზადებული მქონდა მისალოცი ტექსტი. მარი ჩაჩხიანს მისი სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავდა. სტეფანეს ბიჭი არის კამფეტი, სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან. სტეფანემ ეს შოუ ძალიან კარგად ჩაატარა. მას არ ჰყავდა ისეთი გუნდი, როგორიც ეკუთვნოდა, ბოდიშს ვუხდი ყველა მის ბავშვს. თავიდან ცოტა გულაცრუებული იყო, თუმცა მერე მოიკრიბა ძალა და ნახევარფინალში მეც და სტეფანესაც ისეთი კონკურსანტები დაგვრჩა, ვინც უნდა გადასულიყო, ვერავინ იტყოდა, რომ სუსტი ბავშვები იყვნენ.
- სხვა მწვრთნელების გუნდში თუ იყვნენ ისეთი ბავშვები, ვისზეც გული დაგწყდა, რომ შენთან არ წამოვიდნენ?
- 100 ბავშვიდან 74 წავიყვანე. სამოცდამეთხუთმეტეზე ხელი რომ დავაჭირე, ადგილი აღარ მქონდა. ამის მერე გამოჩნდა მოსემღვდლიშვილი და ნიკა ლაზარიაშვილი. სტეფანე მეუბნება, ნიკა მაინც ჩემთან წამოვიდოდაო. აბა, მესამე ყოფილიყო, ყირაზე დავდგებოდი და მაინც წამოვიყვანდი. იმავეს თქმა შემიძლია თიკო მოსემღვდლიშვილზე, თამარ ჯგუშიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მარი ყველას მირჩევნია. ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი დროც დადგება. 18 წლის სალომე ქათამაძე ''ჯეოსტარის'' მეორე ტურიდან საცობივით გამოვარდა, მაგრამ ხომ დადგა მისი დროც. ხელი არ უნდა ჩაიქნიონ და უნდა იბრძოლონ.
- მარი, ვინ იყო ფინალში ის კონკურსანტი, ვისიც ყველაზე მეტად გეშინოდა?
- ასე ნამდვილად ვერ გამოვარჩევ, ყველა თანაბრად ძლიერი დავრჩით.
- შენი აზრით, ეს იყო ის ოთხეული, რომელიც უნდა მდგარიყო ფინალში, თუ დარჩნენ კონკურსმიღმა უფრო ძლიერებიც?
- რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა ძლიერი კონკურსანტებიც, მაგრამ ასე მოხდა.
დათო:
- ფინალში ჩაჩხიანის გვერდით უნდა მდგარიყვნენ გიორგი მახარაშვილი, მარიამ პავლიაშვილი, შოთა ადამაშვილი, დიმა კობეშავიძე, მარი აკობია. მე გავაფუჭე ეს შოუ იმით, რომ ბევრი კარგი ბავშვი წავიყვანე ჩემთან. მაგრამ უარი რატომ უნდა მეთქვა? მე ხომ არ ვიცოდი, რომელი მათგანი გახდებოდა გამარჯვებული?
- რაც შეეხება პრიზებს, რა გაჩუქეს?
- ვიტყოდი რაღაც უცენზუროს, მაგრამ (იცინის) თავს შევიკავებ. 0 თეთრი მაჩუქეს მე. პლაზმური ტელევიზორები აჩუქეს ოთხივე ფინალისტს. მარიამს - მანქანა და მეორე ადგილის მფლობელ თამარ ჯგუშიას - საგზური ეგვიპტეში.
- მარი, მართვის მოწმობა გაქვს?
- ჯერ არა, მაგრამ მალე აუცილებად მექნება.
- დათო, გამარჯვებული რომ დასახელდა, ტიროდი თუ მომეჩვენა?
- მოგეჩვენა. მე ფარისეველი, მლიქვნელი და მაფიოზი ვარ... ეს ყველაზე რთული შოუ იყო. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მე წამეგო. წაგებისთვის ვემზადებოდი, ამდენად ემოცია იყო დიდი დოზით.
- შემდეგ ''ახალ ხმაზეც'' გნახავთ?
- ამაზე საუბარი უკვე მეუხერხულება. ალბათ, მსგავსი შეგრძნება ჰქონდა ნონა გაფრინდაშვილსაც, მეოთხედ რომ ხდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. თუ მიმიწვევენ, უარს არ ვიტყვი. ახლა ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ მე მივდივარ ამ შოუდან, რომ უკვე სამჯერ მოვიგე, რომ მეტი რაღა უნდა გავაკეთო, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს პროექტი, თუ წავაგებ, არც მაგას ვინანებ. ოღონდ მოსაგებად კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებ.
- მარი, სიმღერის გარდა რა ინტერესები გაქვს?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, პირველ კურსზე ვარ, ოღონდ ჩემი მთავარი ინტერესი სიმღერაა. ჟურნალისტიკა დიდად არ მიზიდავდა, მაგრამ ოჯახის ხათრით ჩავაბარე. სამი წლიდან ვმღერი და ეს მასულდგმულებს.
დათო:
- მე მგავს, პროფესიით მეც ხომ ჟურნალისტი ვარ და მთავარ საქმიანობად მაინც მუსიკა ავირჩიე. სხვათა შორის, მარიამობას ვარ დაბადებული. მარიამი პატარა დათოა (იცინიან).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ვახო
მოსემღვდლიშვილი მართლაც ძლიერი იყო, დანარჩენი ფინალისტები თანაბარი შესაძლებლობების, მაგრამ მაიამ მოგებული პროექტი წააგო არასწორი ქმედების გამო. ასე რომ მაიას სწორი განაჩენი გამოუტანეს მის შეგირდს კი არა.
00:03 / 23-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
მოსემღვდლიშვილი ბევრად ჯობდა ამას,უნდა გაემარჯვა და გული მწყდება მეორე ადგილზეც რომ ვერ გავიდა.
23:03 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
დათო ძალიან მიყვარს. ბევრს უყვარს და ამანაც განაპირობა მისი ბავშვის გამარჯვება
16:25 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
მაიასთან გიორგი მახარაშვილი რომ ყოფილიყო ფინალში, მარიამი ვერ მოიგებდა. ცუდი გოგო არაა, თუმცა ბევრად უკეთესები დარჩნენ პროექტის გარეთ :(
16:23 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS