AMBEBI.GE ტრადიციულად მიჰყვება მკითხველის თხოვნას და ამჯერად სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ:
ბატონი დავითი წარმოშობით ზუგდიდიდანაა, ბოლო 15 წელიწადია თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით აგროინჟინერია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორია.
"ეკა მჟავანაძეს, სერიალის კასტინგ-მენეჯერს წლებია, "სასოფლოს თეატრიდან" ვიცნობ. ერთხელაც მთხოვა, კასტინგი გამევლო. გავიარე და როლზე დამამტკიცეს. ვარ კვარჩხი კვიჭია. მეგრულად კვარჩხი უკუღმართს ნიშნავს", - ამბობს დავით ჭურღულია.
- კვაზი მანტკავას ერთი შეძახილი და კვიჭიები იქვე ხართ. სულ რამდენი ხართ?
- ოთხი ძმა ვართ, მათ შორის უფროსი მე ვარ... მსახიობობაზე მკითხეთ და სერიალში ჩემი მსახიობობა რა მოსატანია, პროფესიონალები ისე თამაშობენ. დათო კვირცხალიასთან, ქალბატონ თათული დოლიძესთან, ზურა ანთელავასთან კადრში ყოფნისას ჩემს მსახიობობაზე ვილაპარაკო, უხერხულია. უბრალოდ მიხარია, რომ მათთან მოვხვდი, ბედნიერი ვარ, რადგან ამ ადამიანებთან ერთად ვმონაწილეობ ამ პოპულარულ სერიალში. რაც შეეხება თავად სერიალს, ეკრანზე რომ გამოჩნდები, მერე ნარკოტიკივითაა, სულ გინდა და გინდა, რომ იქ იყო, მაგრამ იცით, რომ ეს მთლად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ასევე არის დიდი პასუხისმგებლობაც. მთელ გადამღებ ჯგუფს, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო, რომ შემარჩიეს და ამ ჯგუფში მოვხვდი.
- ისე, ვფიქრობ, არც იგრძნობა, რომ პროფესიით მსახიობი არ ხართ?
- მიხარია, თუ ასეა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მსახიობი არ ვარ, 35-36 წელია სცენაზე ვდგავარ. ეტყობა, ესეც თავისას შვრება. ალბათ რაღაცები ვისწავლე. ამასთან, სერიალში მონაწილეებისგან ბევრს სწავლობ, იმდენად ძლიერი მსახიობები არიან, მათ გვერდით გატარებული ყოველი წუთი ბევრის მომცემია არამარტო მოყვარული მსახიობისთვის, ნებისმიერი პროფესიონალისთვის. სერიალში ბევრია არამსახიობი, რომლებიც ამოცანას თავს შესანიშნავად ართმევენ.
- წლებია სცენაზე ხართ, თუმცა, ამ სერიალმა გაგხადათ ცნობილი...
- ამასთან დაკავშირებით არაერთი კურიოზი ხდება, ეს უფრო ჩემს სამსახურებრივ მდგომარეობას უკავშირდება, ანუ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას... ერთხელ სამცხე-ჯავახეთში ვიყავით, კოოპერატივების თემაზე მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გვქონდა. ჩემთან მოვიდა ერთი არაქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე და მეუბნება: "ხოჩუ რასპისაცა". მე სხვა რაღაც ვიფიქრე და გადავირიე... მერე ამიხსნეს, დოჩის ავტოგრაფს გთხოვდაო... რომელ რეგიონშიც ჩავდივარ, ხალხი დიდი სითბოთი მხვდება, ყველგან უყურებენ სერიალს, ძალიან პოპულარულია. მერე მიდის ადამიანებისთვის ახსნა: კი, ბატონო, ის კვიჭიაა, სერიალში რომ თამაშობს. ასე რომ, კოოპერატიული განვითარების სააგენტო რომ კარგ საქმეებს აკეთებს საქართველოში, ფაქტია, მაგრამ ეს სერიალიც ძალიან მეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება უკეთესად მივაწოდო ინფორმაცია მოსახლეობას კოოპერატივების შესახებ.
განაგრძეთ კითხვა: