მსახიობ ლელა მებურიშვილის
სერიალში გამოჩენამდე ლელა ყვითელი პრესის საყვარელი სტუმარი გახლდათ, თუმცა მისი ცხოვრება სკანდალებით არასოდეს გამოირჩეოდა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშის შემდეგ კი პრესასთან ურთიერთობას განსაკუთრებულად ერიდებოდა. მიზეზი ამჯერად სერიალი კი არა, პირადი ცხოვრება აღმოჩნდა. მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა, რომ ის და ბაჩო საგანელიძე შეყვარებულები იყვნენ. თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პირველი „რეიტინგი“ გახლდათ, რომელმნაც ამ სასიყვარულო ამბის შესახებ გაცნობათ.
მაშინ ჩვენ ლელას დავუკავშირდით და კითხვაზე, რა ურთიერთობა აკავშირებდა პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმისშვილთან, სიცილით გვიპასუხა, მას მხოლოდ ვიცნობო. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მოკლე ხანში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ლელასა და ბაჩოს ერთობლივი ფოტო, რომელსაც სულ არ ეტყობოდა, რომ წყვილი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო ნაცნობები იყვნენ. მალევე შევიტყვეთ, რომ ბაჩომ და ლელამ დაქორწინება გადაწყვიტეს. ორი თვის წინ ხელი მოაწერეს, ჯვარი დაიწერეს და თაფლობის თვის გასატარებლად პარიზს მიაშურეს.
ლელას მეუღლე ბაჩო საგანელიძე ახალგაზრდა მენეჯერია, რომელიც დაზღვევის სფეროში საქმიანობს. მართალია, ხელოვნებისგან შორს დგას, მაგრამ თბილისურ ბომონდურ საზოგადოებაში ყველა იცნობს და როგორც გავიგეთ, ჯერ კიდევ ლელას გაცნობამდე პოპულარული სასიძო გახლდათ.
ლელა მებურიშვილს ქორწინების შემდეგაც კი პრესაში ამ თემაზე არაფერი უთქვამს და არც სიყვარულის ისტორია მოუყოლია. გათხოვების მიუხედავად ლელას კარიერაზე უარი არ უთქვამს და პირიქით, მას შმედეგ გამოჩნდა ფილმში, რომელიც სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაიღო.
როგორც „რეიტინგისთვის“ გახდა ცნობილი, მსახიობი ბავშვს ელოდება. ამიტომ ფილმის „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“ გადაღებისას შემოქმედებითი ჯგუფი ლელას გამორჩეულად უფრთხილდებოდნენ.
მეოთხე სეზონზე ანი ტყებუჩავას გათხოვებამ და ფეხმძიმობამ სერიალში რაღაცები შეცვალა, ამიტომ, გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის სცენარისტს უკვე მეორედ მოუწევს სიუჟეტის შეცვლა, რადგან ამჯერად ფეხმძიმედ ლელა მებურიშვილია.
წყაროს ინფორმაციით, გათხოვების შემდეგ შემოქმედებითმა ჯგუფმა ლელას სთხოვა, რომ სეზონის დამთავრებამდე დაფეხმძიმებისგან თავუ შეეკავებინა. ინფორმაციის გადასამოწმებლად, პირველ რიგში, მსახიობს დავურეკეთ.
- ლელა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ელოდებით და ამის გამო მეორედ შეიცვალა სცენარი.
- რას ნიშნავს, მეორედ შიეცვალა სერიალის სცენარი?
- პირველ შემთხვევაში ანი ტყებუჩავას ფეხმძიმობის გამო შეცვალეს, ახლა კი თქვენ გამო უწევთ გადაკეთება.
- სამწუხაროდ, მაგ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
- ფეხმძიმობას არც ადასტურებთ და არც უარყოფთ.
- (იცინის) არ გინდათ რა ამ თემაზე ლაპარაკი.
- ჩვენ რომ არ დავწეროთ, ამ ინფორმაციას სხვა ჟურნალი ან საიტი მაინც გაავრცელებს, ქეთისაც დავურეკავთ, სერიალის სცენარისტს.
- დაურეკეთ ქეთის, კი ბატონო, გადამოწმებლად არაფერი დაწეროთ.
„ჩემი ცოლის დაქალების“ მეოთხე სეზონი ერთი კვირის წინ დასრულდა. ამ სეზონზე განსაკუთრებულად საინტერესოდ რამდენიმე გმირის ცხოვრება განვითარდა. დათოს და ნინას ოჯახური დრამა, ნატაშკას და სანდრექსას სიყვარულის მძიმე ამბავი და რაც მთავარია, სერიალში შემოვიდა მირიან ბარათეონის პერსონაჟი, რომელმაც მაყურებელს სერიოზული „სადარდებელი“ გაუჩინა. დათო დარჩიას მიერ არაჩვეულებრივად განსახიერებული მირიანი ზოგმა ლევან ვასაძეს მიამსგავსა, ზოგმა – დავით ბაგრატიონს, მაყურებლის ნაწილმა კი – ბიძნესმენ თემურ უგულავას.
ფაქტია, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ამ სეზონმა მაყურებელი არ მოაწყინა, თუმცა, როგორც სცენარისტი ამბობს, ყველაფერს აქვს დასასრული და სავარაუდოდ, სერიალი მეხუთე სეზონის ბოლოს დაგვემშვიდობება.
ქეთი დევდარიანს ლელას ფეხმძიმობის შესახებ გავრცელებულ ჭორსა და სერიალის სცენარის შეცვლაზე ვკითხეთ.
- ჯერ მეხუთე სეზონის სცენარი არ დამიწერია და რა უნდა შემეცვალა?! ახლა ვიწყებ წერას. რაც შეეხება ლელას ფეხმძიმობას, ამაზე თვითონ ლელას ჰკითხეთ. წინა სცენარი ანი ტყებუჩავაზე აეწყო და ბუნებრივია, იმ მოცემულობაზე, რომელიც გვქონდა. ვინაიდან მეხუთე სეზონი ჯერ არ არის დაწერილი, ახალი სატელევიზიო სეზონი თებერვლის ბოლომდე არ დაიწყება.
- ასე გვიან?
- გადაღებას ცოტა ადრე დავიწყებთ და სცენარის წერასაც, მაგრამ ეთერში ჯერ არ გავა.
- ქეთი, ამ სეზონით დაასრულებთ სერიალს?
- იმედია...
ქეთი მელაძე
ჟურნალი „რეიტინგი“