- რა ენაზე გიწევდა საღამოს გაძღოლა?
- რუსულ ენაზე.
- ახალ წელს სურვილის ჩათქმა თუ მოახერხე?
- ზოგადად, სურვილის ჩაფიქრებასთან დაკავშირებით მაქვს ტრადიცია - ყოველ 31 დეკემბრის ღამეს ჩემს სურვილს ვწერ, შემდეგ ფურცელს ვწვავ, ფერფლს შამპანურით სავსე ჭიქაში ვყრი და ვსვამ ხოლმე. სხვათა შორის, რაც ამ მეთოდის შესახებ შევიტყვე, სულ მას მივმართავ და ყველა სურვილი მისრულდება.
ვინაიდან წელს სცენაზე შევხვდი ახალ წელს, ლიფის ბრეტელში მქონდა დამალული ფურცელი. ყველას უჩუმრად ამოვიღე ბრეტელიდან და შევჭამე.
- ფურცელი?!
- კი (იცინის). არ გეგონოთ, რომ დიდი ფურცელია. პაწაწინა ფურცელზე უნდა დაწეროთ წვრილი ასოებით და შესაბამისად, შეჭმაც არ გამჭირვებია. ვაპირებ, ძველით ახალ წელსაც ჩავუთქვა სურვილი, ოღონდ აუცილებლად იგივე უნდა იყოს, რომ ასრულდეს.
- კონცერტი რომ მიგყავდა, ეს გასაგებია, მაგრამ თავად თუ გაერთე?
- სხვათა შორის, ძალიან კარგად გავერთე. 4 საათამდე მიმყავდა კორპორატიული საღამო, შემდეგ კი ჩემს ორ დაქალთან ერთად გავაგრძელე მოლხენა, ცეკვა, გართობა, დალევა.
სხვათა შორის, ჩვენთან ერთად იყო კოტიკო თოლორაიაც. გადავწყვიტეთ, ღამე გუდაურში გარეთ გაგვესეირნა. ერთ-ერთი მაღაზიისკენ მივდიოდით, რომ დავინახეთ ხრამში ნახევრად გადაჩეხილი სამარშრუტო ტაქსი. რომ მივუახლოვდით, დავინახეთ ორი ადამიანი, უცხოელები, ბიჭი თავის შეყვარებულთან ერთად. როგორც ჩანს, მანქანა მოუსრიალდათ და ხრამში გადაჩეხვას ბეწვზე გადაურჩნენ, თუმცა მანქანის ამოყვანას ვერ ახერხებდნენ. ახალი წლის გამო კი ვერავის გამოუძახეს დასახმარებლად. კოტიკომ გადაწყვიტა, მანქანა თავად ამოეყვანა იქიდან. მეორე დღეს, როცა გამოფხიზლდა, გვეკითხებოდა, რატომ არ გადამაფიქრებინეთო. ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით, მაღაზიაში წავედით და უკან რომ მოვბრუნდით, კოტიკოს უკვე ტროსი ჰქონდა ნაშოვნი და მანქანას ექაჩებოდნენ. ასე გადაარჩინა ის უცხოელები (იღიმის).
- ბედობას როგორ შეხვდი?
- ბედობაზეც მაქვს ტრადიცია, უნდა ვიყიდო აუცილებლად რაიმე ახალი. წელსაც ასე წავედი მაღაზიაში, შევიძინე ახალი ნივთი, შემდეგ კი სახლში დავბრუნდი, დავალაგე, რადგან სტუმრებს ველოდებოდი. საღამოს ბევრი ჩემი მეგობარი მესტუმრა. სხვათა შორის, წლევანდელი ბედობა გავატარე ძალიან ბევრი ღიმილით, სიცილით, ასე რომ, დამებედა ახლის ყიდვა და სიცილი.
- შენი და როსტოს შესრულებულ ტანგოზეც უნდა გკითხო აუცილებლად. ძალიან პიკანტური კადრები ვიხილეთ. როსტოს ვნებიანად რომ ეჩურჩულებოდი, შეყვარებულებს ჰგავდით... ეს დადგმული კადრები იყო?
- (იღიმის) რა თქმა უნდა, დადგმული იყო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი არაჩვეულებრივი შოუვუმენია. იცის, რა როგორ უნდა დადგას. სანამ ტანგოს საცეკვაოდ სცენაზე გავიდოდით, მანამდე ოპერატორი გვიღებდა და, რა თქმა უნდა, ვიცოდით ამის შესახებ. ჯერ კამერის წინ უნდა გვეფლირტავა, მერე გავსულიყავით, რათა ხალხს ეფიქრა, სად გავიდნენო და შემდეგ უნდა გვეცეკვა ტანგო.
- ცეკვა ვინ დაგიდგათ?
- მოცეკვავე რეზიკო რობაქიძემ. ''თელამ'' სარეპეტიციოდ სტუდია დაგვითმო. ორი კვირის განმავლობაში ვრეპეტიციობდით.
- გაგიჭირდათ ცეკვის სწავლა?
- სხვათა შორის, არ გაგვჭირვებია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შოუში იმაზე
ნაკლებად ვიცეკვეთ, ვიდრე რეპეტიციაზე. ეს ყოველთვის ასე ხდება. რეპეტიციაზე მუდამ უკეთესი გამოდის, ვიდრე სცენაზე. ძალიან საინტერესო იყო ტანგოს შესრულება და ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ცეკვასთან მიბრუნება.
- რატომ არ დარჩი კმაყოფილი შოუში შესრულებული ცეკვით?
- იმიტომ, რომ იმის ნახევარიც არ გვიცეკვია, რაც დაგვიდგეს. უბრალოდ, მონახაზის ნაწილი დაგვავიწყდა (იცინის). მაგრამ ეს იყო შოუ და რაღაც მაინც ვიცეკვეთ.
- როსტოსთან რომ დაგაწყვილეს და ჭორები მოჰყვა, ამაზე რა აზრის ხარ?
- საერთოდ, ჭორებს ყოველთვის მხიარულად ვხვდები. არც ამ ჭორზე მაქვს რაიმე გართულება. ჩემი და როსტოს შესახებ ჭორები თუ არის, იყოს, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. თუკი ვინმეს სიამოვნებს ჩვენი დაწყვილება, დაგვაწყვილონ მე და როსტო, რა პრობლემაა (იღიმის).
- 2014-ში რაიმე ახალ გადაცემაში ხომ არ გიხილავთ?
- ჯერჯერობით არ ვიცი. ''ფეის-ნუკი'' ისევ გაგრძელდება და იმედია, მაყურებელს უფრო მეტად მოვეწონებით ახალ, 2014 წელს.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''