– სასიყვარულო გამოცდილებაზეც ვისაუბროთ, თუ შეიძლება... არ მგონია, თქვენი ასეთი მხიარული ხასიათი შეუმჩნეველი დარჩენილიყო ვინმესთვის...
– ამ თემას იშვიათად ვეხები, იმიტომ რომ მტკივნეულად დამთავრდა ჩემი სასიყვარულო ამბავი... ადრე გავთხოვდი, 42 წელი მქონდა ბედნიერი ოჯახი. მერე ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ვიყავი ძალიან ერთგული ცოლი. სულ ვიყავი ყურადღების ცენტრში, არასდროს ვყოფილვარ ჩრდილში. ვცეკვავდი კიდეც, ვმღეროდი, ვკეკლუცობდი, ვიპრანჭებოდი. ყველა ჩემი მეგობარი ძალიან ლამაზია და მათი სილამაზეც კი ვერ მჩრდილავდა ხოლმე ჩემი
– ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის 7 წელია ყველაზე კრიზისული ეტაპი...
– მეც მეგონა, რომ ყველა კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ყველა ეტაპს გავუძელით, მაგრამ... ყველაფერი ხდება თურმე ცხოვრებაში. მთავარია, თავად იყო ჩამოყალიბებული პიროვნება, უნდა გქონდეს შენი სპეციალობა, შენი საქმე. არ შეუშინდე სირთულეებს. არავინ იცის, წინ რა გელის. ამიტომ ყოველთვის უნდა იდგეს თვითონ ფეხზე, არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გადატანა.
– შველის წარმატებული კარიერა პირადში პრობლემებს?
– როგორ გითხრათ. ქმარმა ან უნდა მიგიშვას, რომ ბოლომდე აიწყო კარიერა ან... არსებობენ კაცები, რომლებსაც არ მოსწონთ კარიერისტი ცოლები. ამ კატეგორიისთვის ქალი არის მხოლოდ დიასახლისი და შვილების დედა. მერე ზუსტად ამ კატეგორიის კაცებს უჩნდებათ სურვილი, გაიქცნენ ვიღაც საქმიან ქალებთან. ასე რომ, ვერაფერი გავიგე. რეცეპტი ამ კუთხით, მგონია, რომ არ არსებობს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა ჩემი საქმის გარეშე. ეტყობა, მაინც ზედმეტად შრომისმოყვარე ვარ.
– საყვარელი საქმის გამო პრობლემები გქონიათ პირადში?
– მქონია. იმიტომ რომ მერე ცოტა იმპერატიული ტონი გიხდება, თამამი ხდები ოჯახშიც, მატერიალურად მყარად ხარ და ცოტათი ზემოდანაც იყურები. მოდიხარ სამსახურიდან დაღლილი, გინდა მოგიარონ. მაგრამ არავინ გივლის. ისევ თავად გიწევს საქმის გაკეთება სახლშიც... მე საერთოდ კაცების ვერაფერი გავიგე (იცინის)...
– ეს მინდოდა მეკითხა. ამ გამოცდილებით რა დასკვნამდე მიხვედით, რა სურთ კაცებს?
– ვერ გავიგე, ვერც ამ ასაკში და ვერც სხვა ასაკში გავიგებ, ასე მგონია (იცინის). გამოუცნობი ფენომენია ჩემთვის. ამიტომ მირჩევნია, მყავდეს ახლო მეგობარი კაცები, რომლებსაც ყველაფერს ვეტყვი, გავუზიარებ, ვიდრე საყვარელი მამაკაცი. კარგად ვიცი მეგობრობა და მეგობრობის ფასიც. იმის იქით ვეღარ ვიგებ. მე მაინც მგონია, რომ 90-იანმა წლებმა დაღი დაასვა ჩემი თაობის მამაკაცებს. ვიღაც შედგა, ვიღაც – ვერა. ქალებმა მეტი სადავე აიღეს ხელში ამ წლებში და ამან დააკომპლექსა კაცები.
განაგრძეთ კითხვა: