ქალბატონი დალი მწოლიარეა, 5 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მას მერე ქმარი უვლიდა. სანამ მასაც ზურგის ტვინის ინსულტი არ განუვითარდა, რამაც ცოტა ხნით საწოლსაც მიაჯაჭვა. ახლა ხელჯოხით დადის და ოცნებობს ქალაქში გასეირნება შეძლოს.
ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ, მამა მათ ვერ ავალდებულებს, რადგან ორი ავადმყოფი მშობლის მოვლის საშუალება არ აქვთ.
ერთადერთი, რასაც ემდურის,
- 1998 წლიდან ბინას ველოდები. 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაგვეწვა სახლი და მე, როგორც დაზარალებულს, მეკუთვნოდა საკომპენსაციო თანხა. ამ თანხის მაგივრად მოვითხოვე ბინის აშენება, 135 კვადრატული მეტრის ფართი უნდა მოეცათ.
თბილისის მერიასთან დღემდე მაქვს პრეტენზია, მას უნდა მოეცა ჩემთვის თანხა. თუ ის სახლი არ აშენდა, სხვაგან მაინც მომცენ ან იმ ფართის შესაბამისი თანხა და მე ვიყიდი.
2006 წელს, გიგი უგულავასთან ჩავეწერე მიღებაზე, მაგრამ თავის ხელით ამომშალა სიიდან. მერე კი საერთოდ გააუქმა მიღების დღე.
დავით ნარმანიასაც მრავალჯერ მივმართე და 5-ჯერ მაინც შევხვდი. მასთან გაგზავნილ წერილებზე პასუხს იურიდიული სამსახურიდან მწერდნენ, რომ ჩემი წერილი მათ არ ეკუთვნოდათ.
- თბილისის ახალ მერს, კახა კალაძეს აღარ მიმართეთ?
- კალაძე არ მიღებს, ვურეკავ და არ მპასუხობს. მესიჯიც მივწერე პირად ნომერზე - ნუთუ არ გაინტერესებთ, რა მინდა, დღეში 30-ჯერ რატომ გირეკავთ-მეთქი.
- თქვენი სახლი სამოქალაქო ომის დროს სპეციალურად დაწვეს?
- ვერ გეტყვით. მფრინავი იყო ვინმე მაისურაძე, რომელმაც ჩამოაგდო კასრი და ცეცხლი გააჩინა. იქიდან ყველა მეზობელი გასული იყო, მაგრამ ჩემი ცოლი ვერ გამოვიდა. რადგან დედამისი მწოლიარე იყო და ვერ გამოვიდა. მაშინ მე მთავრობის სახლში ვიყავი, ფანჯრიდან ჩანდა ჩემი სახლი, მაგრამ ვერ ვიხედებოდი, საშიში იყო. ცოლმა დამირეკა ვიწვითო. გამოვიპარე, იქვე მსხდომ სნაიპერს ვთხოვე სხვა მიმართულებით გაესროლათ, გამოვიყვანე სიდედრი და ცოლი, მაგრამ სახლიდან არაფერი დარჩა. ჩემი ცოლი მეგობართან წავიყვანე დიდუბეში, ვიღაცას დავუნახივარ და მერე იმ სახლში მიუვარდნენ, ქალები ააწიოკეს. მას მერე მოსაკლავად დამდევდნენ. 1994 წელს შეწყვიტეს ჩემი დევნა და დავბრუნდი. სამსახურზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, არავინ მიმიღებდა.
- სად ცხოვრობდით?
- დეიდაჩემთან ერთოთახიან ბინაში, რომელიც ანდერძით დამიტოვა. ის ბინა ახლაც მაქვს. გავაქირავე, რომ ამ ჰოსპისში გადასახდელი ფული მქონოდა.
- აქ თანხას იხდით?
- დიახ. სხვა ადგილიდანაც ვიღებ ცოტა თანხას და თვეში 1000 ლარს ვიხდი. მე და ჩემს ცოლს ყველანაირად უზრუნველგვყოფენ. ამ თანხაში შედის სამედიცინო უზრუნველყოფაც და ყველაფერი.
ჟურნალი "სარკე"
რუსუდან ადვაძე