17 იანვარი, 2014
რატომ იდგა ფეხზე 9 საათის განმავლობაში რუსული ''ვოისის'' ფინალისტი გელა გურალია
მეგაპოლისში ჰაერში გამოკიდებულები დავრჩით, მაგრამ იქ დედაჩემის ბიძაშვილი ცხოვრობდა და მე და კოლექტივის კიდევ ერთი წევრი ორი თვით შეგვიფარა გელა გურალია რუსული ''ვოისის'' ფინალისტია. ის მესამე ადგილს დასჯერდა, თუმცა ბევრი ადამიანი, მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი საქართველოსა და რუსეთში მას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. გელას ხმამ არა მხოლოდ რუსული ''ახალი ხმის'' მწვრთნელები აატირა, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლა და მისთვის ესემესებსაც გულუხვად იმეტებდნენ. სწორედ ამის და მწვრთნელის, დიმა ბილანის დახმარებით და, რასაკვირველია, საკუთარი ნიჭის წყალობით, გელა სამ ფინალისტს შორის აღმოჩნდა.
საქართველოში ჩამოსულს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. როგორც მომღერალმა გაგვიმხილა, თებერვალში სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებს სხვა ''ვოისელებთან'' ერთად, ასევე აქვს გეგმები ალბომთან დაკავშირებით.

- ცოტა შორიდან დავიწყებ თხრობას. დაახლოებით ათი წელია, მოსკოვში ვცხოვრობ, სადაც 2003 წლიდან მუსიკალურ კოლექტივთან ერთად გავემგზავრე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სამი კურსი დავასრულე და მეოთხე ვეღარ, რადგან ჩემს კოლექტივთან ერთად რუსეთში გავემგზავრე. მოკლედ, მუსიკის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. თბილისი-მოსკოვის ბილეთი 230 დოლარი ღირდა, ჩვენ კი ფული არ გვქონდა. სალაროში ნაცნობი გვყავდა, მან ბილეთები გამოგვიწერა და დაგვრთო ნება, რომ ფული მოსკოვიდან გამოგვეგზავნა, სადაც ახალ რესტორანში მუშაობა უნდა დაგვეწყო. მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს სარესტორნო რეპერტუარი არ შემისრულებია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, და ყოველთვის ჩემი მიმართულებით მივდიოდი.
მოსკოვში ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ რესტორანი, სადაც მიგვიწვიეს, ერთი წელი არ გაიხსნებოდა. მეგაპოლისში ჰაერში გამოკიდებულები დავრჩით, მაგრამ იქ დედაჩემის ბიძაშვილი ცხოვრობდა და მე და კოლექტივის კიდევ ერთი წევრი ორი თვით შეგვიფარა. ამ პერიოდში მუშაობაც დავიწყეთ, ვალიც გავისტუმრეთ და ასე გაგვიგრძელდა იქ ყოფნა 2008 წლამდე. ამ დრომდე რესტორანში გამოვდიოდი. ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ხმა, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, არ შეიძლებოდა, ასე დახარჯულიყო. მინდოდა, ცხოვრებაში ახალი ეტაპი დამეწყო, ამის პირობა საკუთარ თავს მივეცი და 2008 წლიდან მოყოლებული რესტორნის სცენას აღარ დავბრუნებივარ, გამოვდიოდი კლუბებში, ასევე კორპორატიულ საღამოებზე, ერთი პერიოდი მყავდა ბენდი და მათთან ერთადაც გამოვდიოდი.
ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი, იყო ბევრი სირთულე, რადგან რუსულ შოუბიზნესში კარის შეღება ძალიან ძნელია. იქ გარკვეული ადამიანები მართავენ ამ სფეროს, თუკი მხარდაჭერა არ გაქვს, ფინანსურიც მათ შორის, ძნელია რუსულ შოუბიზნესში წარმატების მიღწევა. ჩემთვის პიროვნულ ღირსებებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის არ გადამებიჯებინა, თუმცა ამ კარის ღირსეულად შეღება არ გამოდიოდა. როგორი ნიჭიერიც უნდა იყო და უნიკალური ხმა გქონდეს, ელემენტარულად სიმღერის ჩასაწერად, კლიპის გადასაღებად დიდი თანხებია საჭირო. ვერაფერი რომ ვერ გავაკეთე იქ, 2012 წელს საქართველოში დავბრუნდი, ქართულ ხმის ჩამწერ სტუდიაში ალბომის ჩაწერა გადავწყვიტე. ამაში მეხმარებოდა მამიდაჩემი, ლალი, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა. დავუკავშირდი ამერიკელ კომპოზიტორს, რომელსაც ეკუთვნის უიტნი ჰიუსტონის ცნობილი სიმღერა ღუნ ტო ყოუ. როდესაც ჩემი ჩანაწერები გავუგზავნე, ძალიან მოეწონა და სამი კომპოზიცია გამომიგზავნა, რომლებიც ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩავწერე. სიმღერები დამიწერეს ჯუმბერ ამანათაშვილმა, მამუკა ბეგაშვილმა, ნატო თოთიბაძემ, ნანა ცინცაძემ სიმღერებისთვის არაჩვეულებრივი ლექსები შემიქმნა, ჩავწერე ორი ქავერიც. გამზადდა 11 სიმღერა, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ალბომის გამოცემა ვერ მოხერხდა.
შემდეგ გავიგე, რომ რუსული ''ვოისი'' იწყებოდა და გავგზავნე ანკეტა. მომივიდა დადებითი პასუხი, ბრმა კასტინგამდე პროდიუსერებთან შერჩევა გავიარე, სადაც ათი მონაწილე ერთად შედიოდა და ერთი ან მაქსიმუმ ორი რჩებოდა ბრმა კასტინგზე. 15 000 ადამიანიდან 150 უნდა შეერჩიათ და მე გამიმართლა, რომ ამ 150 ადამიანს შორის აღმოვჩნდი. დაინახეს ის შესაძლებლობები, რაც მე მაქვს.
- ბრმა კასტინგზე მწვრთნელების შემოტრიალებას თუ ელოდი?
- ანკეტაში უნდა მიგეთითებინა რამდენიმე სიმღერა, რომლის შესრულებაც გინდოდა ბრმა კასტინგზე. სასურველ სიმღერებს შორის ჩავწერე ალა პუგაჩოვას სიმღერაც. როდესაც ეს სიმღერა მოისმინეს, მუსიკალურმა რედაქტორებმა მითხრეს, ეს შენი სიმღერაა და აუცილებლად უნდა შეასრულოო. ჩემმა გამოსვლამ რუს მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მწვრთნელები აუცილებლად შემობრუნდებოდნენ.
მაქვს ასეთი თვისება - სანამ სცენაზე გავალ, მანამდე აუცილებლად ფეხზე უნდა ვიდგე, სკამზე არასდროს ვჯდები. სანამ ჩემი გამოსვლის დრო დადგებოდა, 9 საათის განმავლობაში ვიდექი ფეხზე. 4 საათიდან ღამის პირველ საათამდე, როდესაც სცენაზე გამოვედი. ჟურნალისტები კამერებით დამდევდნენ, როდის დავჯდებოდი, მაგრამ არ დავჯექი. კარგად მაქვს დაცდილი, როცა ფეხზე ვდგავარ გამოსვლის წინ, მაგრამ ვინაიდან 9 საათს გაგრძელდა, ძალაც აღარ მქონდა თითქოს, თუმცა მაინც გამომივიდა. ფეხზე დგომა თითქოს უკეთ კონცენტრირებასა და მობილიზებაში მეხმარება.
თავიდანვე მინდოდა ან ალექსანდრე გრადსკისთან ან დიმა ბილანთან მოხვედრა. დიმასთან იმიტომ მინდოდა, რომ ჩემი თანატოლია და ვფიქრობდი, რომ კარგად გავუგებდი და ასეც მოხდა. მან აბსოლუტური თავისუფლება მომცა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მე და პოლინამ შევასრულეთ დუეტი და სწორედ აქ მთხოვა დიმამ, რომ ბარბრა სტრეიზანდისა და სელინ დიონის დუეტი გვემღერა. დანარჩენი ყველა სიმღერა ჩემი არჩეული გახლდათ. რასაკვირველია, შემდეგ დიმას ვუთანხმებდი, რადგან მის აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ და თავადაც პატივისცემით მეპყრობოდა.
- არც იმიჯის შექმნაში ჩარეულა?
- ყველა ჩემი კოსტიუმი ჩემმა მეგობარმა, ქალბატონმა ნანა მელქაძემ შემიკერა. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ მაყურებელთა შორის, არამედ ორგანიზატორებშიც. სიუჟეტიც კი მომზადდა იმის შესახებ, როგორ იკერებოდა ჩემი კოსტიუმები ნანასთან. იმიჯი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი სცენაზე ისე არ უნდა გამოდიოდეს, როგორც ქუჩაში დადის. სცენა სხვა სამყაროა და მომღერალმა მაყურებელზე ჯერ ვიზუალით უნდა მოახდინოს გავლენა და შემდეგ უკვე ხმით. პირველი შთაბეჭდილება ვიზუალის არის და ის საინტერესო უნდა იყოს. მე და ნანა კარგად ვთანამშრომლობთ, ერთმანეთს ვუსმენთ და სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ.
- ელოდი ცრემლებს მწვრთნელების თვალებზე შენი გამოსვლისას?
- არასდროს არ ვფიქრობ ხალხის რეაქციებზე. როცა ვმღერი, ჩემი სამყარო მაქვს და თუკი ჩემი სიმღერა ასეთ რეაქციას იწვევს, მხოლოდ ბედნიერი ვარ. ენიო მორიკონეს ეს კომპოზიცია, რომლის შესრულებისას გრადსკის თვალებზე ცრემლები მოადგა, სელინ დიონის შესრულებით მოვისმინე 2007 წელს და ვთქვი, ოდესმე მეც ვიმღერებ-მეთქი, თუმცა ეს ჩემებური ინტერპრეტაციით გავაკეთე. ამ სიმღერის შესრულების შემდეგი სამი დღე დეპრესია მქონდა, ძალიან ემოციური გამოსვლა იყო. როცა ჟურნალისტები ამ გამოსვლის შემდეგ კითხვებს მისვამდნენ, პასუხის გაცემაც არ შემეძლო. სხვათა შორის, მიშველა იმან, რომ იმ დღეებში საქართველოში ჩამოფრენა მომიხდა, გადაცემის ფარგლებში უნდა გადავეღე. ჩემდა გასაოცრად, დამირეკეს და მითხრეს, რომ საქართველოს პატრიარქს სურდა ჩემთან შეხვედრა. გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე მაცნობეს ამის შესახებ. საპატრიარქოდან ზარის გამო ბედნიერი ვიყავი. მეორე დღესვე გადამღებ ჯგუფთან ერთად აღმოვჩნდი პატრიარქთან შეხვედრაზე. მას ნანახი ჰქონდა ჩემი გამოსვლები, დამლოცა, უამრავი თბილი სიტყვა მითხრა. დამასაჩუქრა სამაჯურით, თავისი ხელით გამიკეთა და ასევე ჯვარიც გადმომცა, რომელსაც არ ვიხსნი (იღიმის).
ამ პროექტმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მომიტანა, უდიდეს პოპულარობასთან ერთად.
- ქართველი რომ ხარ, ამას ხელი ხომ არ შეუშლია შენთვის?
- არანაირად. პირიქით, უდიდესი სიყვარული ვიგრძენი რუსი მსმენელისგან. ათი წლის განმავლობაშიც, როცა მოსკოვში ვცხოვრობდი, არანაირი პრობლემა არ შემქმნია. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი მწერს, ლექსებს მიძღვნიან, ისეთ სიტყვებს მეუბნებიან, რომელსაც ვერ გავიმეორებ, ნახატებსაც მიგზავნიან, მწერენ საოცარ შეფასებებს. ვცდილობ, ყველას შეძლებისდაგვარად ვუპასუხო.
- როგორი იყო შიდა კონკურენცია? იგრძნობოდა დაძაბულობა?
- აბსოლუტურად არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. მეგობრული ატმოსფერო სუფევდა. პირველივე დღიდან მეგობრობით მოვდივართ. დიმა ბილანის გუნდში განსაკუთრებულად ყველა ერთმანეთის გულშემატკივარი ვიყავით. უფრო მეტად ვღელავდი მათი გამოსვლისას.
- სხვა მწვრთნელები როგორ გეპყრობოდნენ?
- მხოლოდ გვეფერებოდნენ. ალექსანდრ გრადსკის ძალიან ვუყვარვარ, ამის დამადასტურებელია მისი ცრემლები და თბილი სიტყვები, რასაც პროექტის განმავლობაში მეუბნებოდა. ასევე იყვნენ პელაგია და ლეონიდ აგუტინი. არ იგრძნობოდა, რომ მათ გუნდში არ ვიყავით.
- ყველა შენს გამარჯვებას ელოდა. რატომ ვერ გაიმარჯვე? ალბათ, გული დაგწყდა...
- თავიდანვე აღვნიშნე, რომ გული ძალიან დამწყდა. მინდოდა გამარჯვება, ყველას უნდა ლიდერობა და მათ შორის მეც. მე ვერ გავედი პირველ ადგილზე, მაგრამ ხალხის გულებში ვარ გამარჯვებული!.. ძალიან ბევრი მეუბნებოდა და არ დავმალავ ამას, შენ უნდა გაგემარჯვაო. დიმა ბილანმა წერილი მომწერა, რომ ჩემი საფინალო გამოსვლა არაჩვეულებრივი იყო, ბოლო ბგერები საოცრება იყო, ლამის ცუდად გავხდი და ეს შენი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყოო.
- რაიმე შემოთავაზებები თუ გაქვს?
- სოჭის ოლიმპიადაზე ''ვოისის'' ფინალისტებმა უნდა ვიმღეროთ, თებერვალში. დაიწყება საკონცერტო მოღვაწეობა, იგეგმება სოლოკონცერტები, სხვა ქვეყნებშიც უნდათ ჩემი მიწვევა, რუსეთის თითქმის ყველა ქალაქიდან ითხოვენ თაყვანისმცემლები, რომ ჩემი კონცერტები გაიმართოს. ეს დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. ჩამოვედი იმისთვის, რომ ალბომის მასალა წავიღო და თუ შესაძლებელი გახდება, შევკრა. რუსმა თაყვანისმცემლებმა იქიდან გამომაცილეს, აქ კი ქართველებმა მომიწყვეს შესანიშნავი დახვედრა. მათ დიდ მადლობას ვეტყვი თქვენი ჟურნალის საშუალებით.
- პროდიუსერი გყავს?
- რასაც მივაღწიე, მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით შევძელი. კონტრაქტებს ცოტა ეჭვით ვუყურებ. თუ ჩემს კარიერაში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც ერთნაირი ხედვა გამაერთიანებს, დავფიქრდები თანამშრომლობაზე. სხვა მხრივ კი არ მიღირს.
- საქართველოში იქნება კონცერტი?
- ჩემი ცხოვრება ყოველთვის უკავშირდება საქართველოს. სადაც უნდა ვცხოვრობდე, ჩემი ქვეყანა ჩემთვის ყველაფერია. თუკი იქნება შემოთავაზება, სიამოვნებით დავთანხმდები. ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემი სოლოკონცერტი საქართველოში გაიმართება.
- პირადზეც მინდა გკითხო. იყო გოგონა, რომელიც განსაკუთრებულად გგულშემატკივრობდა?
- ამჟამად ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. ყველა იმ მსმენელს ვუძღვნი ხოლმე სიმღერას, რომელიც იმ დროს მისმენს. ზოგადად, იდეალი არ მყავს და არც შეიძლება, რომ მყავდეს, რადგან შესაძლოა, ისეთი ადამიანი მოგეწონოს, რომელიც იდეალისგან შორს იქნება. ალბათ, ჩემს რჩეულს უნდა ესმოდეს, რომ ხელოვანის მეორე ნახევრობა ადვილი არ არის. რეჟიმი, რიტმი სხვა არის. ხელოვანი სხვანაირად ცხოვრობს და არა გრაფიკით, დილის ცხრიდან ექვსამდე. მეორე ნახევარი შენს ნაბიჯებს უნდა აჰყვეს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ზუზუ
იმიჯი შეიცვალოს თმას ნუ იღებავს კაცური იყოს ისე მაგარი ხმაა
20:44 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათ
გასაგებია რომ წესიერია, მაგრამ ცოტა იმიჯი რომ შეეცვალა უკეთესი იქნებოდა, თორემ რაგაც არაბუნებრივია გია სურამელაშვილი და აჩიკო მეფარიძესავით
10:26 / 23-01-2014
გამოხმაურება / 0 /
:)
ვეთანხმები ბენიტოს
13:37 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბენიტოს
ალბათ კულტურა ქეთინოობას ნიშნავს და ეხლა გავიგე თქვენგან, არაჩვეულებრივი ადამიანია
13:14 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბენიტოს
ქეტინოც ხარ და მადონაც.ალბატ ვიხაც სჰეუმდგარი ადამიანი აგდიხარ და იბოხმები სხვისი ცარმატებებიტ.ხმერტმა გვიმრავლოს ასეტი სახელოვამო ახალგაზრდები,ხოლო სჰენნაირი ბოხმიანები გვასჰოროს
08:22 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბენიტო
ტიპიური ქეთინო ამას კაცობის რა აქვს?
00:31 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
საქართველოს ოქროს ხმა. ჩვენი ბულბული
09:38 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ძალიან მაგრა იმღერა ენიო მორიკონეს სიმღერა! გირჩევთ მოუსმინოთ You Tube-ზე. როგორ მოხდა რომ 2012-ში მან საქართველოში ალბომი ვერ ჩაწერა? ხომ გვაქვს ხმისჩამწერი სტუდიები, მაგრამ ისინი მხოლოდ უნიჭო და ფულიანებს უძვრებიან!
12:24 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯ.ჩ.
წესიერი და სუფთა ბიჭია.არაჩვეულებრივი მუსიკალობით გამოირჩევა.გაიხაროს.
10:38 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS