- გიორგი, გილოცავ გამარჯვებას...
- დიდი მადლობა.
- გამარჯვებულის დასახელების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენ პრიზის გარეშე დარჩი... ალბათ, გაგანაწყენა ამან..
- ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მთავარი პრიზი – ბინა, გადაეცემოდა ვარსკვლავს, მაგრამ საუბარი იყო სხვა საჩუქრებზე, რომლებიც უნდა გადასცემოდა მეწყვილეს, თუმცა ასე არ მოხდა და ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ მე და გაგა თოდუა განაწყენებული დავრჩით. მაშინ, როცა შენ ზურგს უკან ხალხი ჯილდოვდება, შენ კი დგახარ წინ გამარჯვებულის სტატუსით და არ გაფასებენ, ეს, რასაკვირველია, საწყენია, აქ საჩუქარსა და მატერიალურ მხარეზე კი არაა ლაპარაკი, არამედ დაფასებაზე....
- თუ გახსოვს, წინა სეზონზე რა ერგოთ ფინალისტების მეწყვილეებს?
- როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პირველ სეზონზე ნათქვამი იყო, რომ გამარჯვებულის მეწყვილეს გადაეცემოდა 5000 ლარი, შესაბამისად, ლიკა ლაბაძე დასაჩუქრდა ამ თანხით, მეორე სეზონში მე მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პირველი-მეორე ადგილის მფლობელი ვარსკვლავების მეწყვილეებმა სპონსორებისგან 5000-5000 ლარი მიიღეს. ინფორმაციის დონეზე ვიცოდით, რომ ამ სეზონზეც უნდა გამოყოფილიყო მიზერული თანხა ფინალისტი მოცეკვავეების წასახალისებლად... აქ თანხაზე არ არის ლაპარაკი, საზოგადოების მხრიდან უკვე ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამ საკითხზე და რა პასუხი გავცეთ, არ ვიცით. მიუხედავად ყველაფრისა, უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ მოვიგეთ ხალხის სიყვარული, მაგრამ ჩვენი შრომაც უნდა დაფასებულიყო.
- საუბარი იყო იმაზე, რომ მოცეკვავეებს პროექტის მსვლელობის დროს უხდიდნენ ხელფასს, მართალია?
- კი. ხელფასს ვიღებდით ყოველთვიურად, თუ ერთი თვის განმავლობაში დავრჩებოდით პროექტში, ანაზღაურებას გვაძლევდნენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა განსაკუთრებული თანხა, დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ერთი თვის ხელფასი, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს.
- რა პოზიცია აქვს პროექტის პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს?
- რამდენიმე დღის წინ ფინალისტები ნოე სულაბერიძესთან ერთად მიწვეული ვიყავით ''იმედის დილაში'', სადაც ბატონმა ნოემ ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ ძალიან წუხს ამ ფაქტის გამო, რომ საზოგადოებისგან მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა გიორგისა და გაგას უსაჩუქროდ დატოვებას და ისიც აღნიშნა, რომ პროექტის სპონსორმა ბოლო წუთს მიიღო ''უნიკალური'' გადაწყვეტილება და არ გადასცა პრიზი მეწყვილეებს, თუმცა მათ ბოლო წუთამდე ეგონათ, რომ შეპირებისამებრ მოცეკვავეები დასაჩუქრდებოდნენ.
- გიორგი, მოდი, პროექტი ცოტა ხნით დავივიწყოთ და მკითხველს შენი თავი უფრო ახლოს გავაცნოთ.
- ცეკვა 17 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე ვიყავი სპორტსმენი, ჯერ მძლეოსნო
ბას მივყვებოდი, შემდეგ ჭიდაობას და რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, მოჭიდავე და მძლეოსანი გავხდი მოცეკვავე.
ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სჭირდებოდა მეწყვილე და მოყვარულებში შემიყვანა, ქორეოგრაფი დაინტერესდა ჩემით, რადგან საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ და სჭირდებოდათ ბიჭი, რომელიც შეძლებდა, ნახაზებში ჩამდგარიყო. თუ ამას მოვახერხებდი, თანამედროვე ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში წაყვანას მპირდებოდა. იმ პერიოდში ჩემი და, რომელიც 4-5 წელი არ მყავდა ნანახი, გერმანიაში ცხოვრობდა, მისი ნახვის სურვილით შევისწავლე კომპოზიცია, ვათენებდი, რომ ის ცეკვა და ის შანსი დის სანახავად გამომეყენებინა. მიზანს მივაღწიე. ქორეოგრაფმა წამიყვანა გერმანიაში, ვნახე ჩემი დაც, მაგრამ როდესაც ჩემპიონატს ჩემი თვალით ვუყურე, ვნახე, რა მიმდინარეობაა და რა დონის შოუა ეს, გადავწყვიტე, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი.
სხვადასხვა ქვეყანაში სემინარები ჩავაბარე სხვადასხვა სტილის ცეკვებში, ჩემს ქორეოგრაფსა თემურ მეტრეველთან ავიღე ქორეოგრაფიის დიპლომი, მერე უკვე ვმუშაობდი ამა თუ იმ შოუბალეტთან, საზღვარგარეთ დავდიოდი კონტრაქტებით, საქართველოში თუ რამე თანამედროვე ანსამბლი არსებობს, თუ სადმე ამ სტილის ცეკვა იყო საჭირო, ყველგან ვცეკვავდი. ასე მოვხვდი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' კასტინგზეც.
მე არ გახლავართ ლათინური ცეკვების შემსრულებელი, მაგრამ პირველ სეზონზე ასეთი წესი დაუშვეს, როგორც გამონაკლისი - პროექტში მონაწილეობა უნდა მიეღო ერთ ბალერინას, ერთ ქართულის მოცეკვავეს და ერთ თანამედროვე ცეკვების შემსრულებელს. პირველ სეზონში ქრისტინე იმედაძესთან ერთად ვიცეკვე, ჩვენი გამოსვლებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვყოფილვართ, მაგრამ შოუში დიდხანს ვერ დავრჩით, რადგან არასაკმარისი მესიჯები მივიღეთ. მეორე სეზონში აღარ მოინდომეს ჩემი აყვანა, რადგან მარტო ლათინური ცეკვების შემსრულებლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მესამე სეზონის დაწყებამდე კი კონტრაქტით ვიყავი წასული ანტალიაში, შემეხმიანნენ, მითხრეს, რომ თუ მონაწილეობის სურვილი მექნებოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და ასეც მოვიქეცი. მეწყვილეებში ორივე შემთხვევაში გამიმართლა, ორივე ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. გარდა იმისა, რომ ვარ მოცეკვავე, ასევე გახლავართ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ქორეოგრაფი, დამთავრებული მაქვს ეკონომიკის ფაკულტეტი, თავისთვის დევს უნივერსიტეტის, კოლეჯის დიპლომები, იმას, რაც მომწონს, ბოლომდე მივყვები.
- საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება გქონია. პირად ცხოვრებაშიც ასეთივე სიტუაციაა?
- ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ვიტყვი, რომ ამჟამად შეყვარებული არ ვარ, დიდი ხნის განმავლობაში, სამწელიწად-ნახევარი, უკრაინაში ვმუშაობდი და ვცხოვრობდი საყვარელ ადამიანთან ერთად, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა და უკვე ვფიქრობ მომავალზე.
- რატომ დასრულდა ეს ურთიერთობა?
- ჩვენი გზები გაიყო, ის უკრაინელი გახლდათ და მოვლენები ისე განვითარდა, რომ აუცილებლად უნდა გამგზავრებულიყო მოსკოვში, მე კი უკრაინიდან საქართველოში წამოსვლა მინდოდა და კარიერის კიდევ სხვაგან დაწყების სურვილი აღარ მქონდა, ამაზე ვერ შევთანხმდით და სხვადასხვა გზით წავედით.
- ეს დაშორება ალბათ უკავშირდებოდა გულის წყვეტას.
- კი, მქონია შეხვედრები და ინტერესი სხვა გოგონების მიმართ, მაგრამ სხვებში ყოველთვის მის ხასიათს ვეძებ. იმდენად შეგუებული ვიყავი, იმდენად მომწონდა და იმდენად კარგად იყო ყველაფერი, რომ დაშორების პირველ წლებში სხვებთან ვერ ვაწყობდი ურთიერთობას, მაგრამ ამას წერტილი დაესვა. ჩვენ უკვე სამ წელიწადზე მეტია, ერთად აღარ ვართ... პროექტის განმავლობაში მომწერა, რომ საქართველოში ჩამოსვლის და შოუზე დასწრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ვუპასუხე, ჯობს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, რადგან წარსულში დაბრუნება აღარ მინდა-მეთქი.
- როგორი გოგონები მოგწონს?
- გარეგნობას ყველა აქცევს ყურადღებას, რადგან აქედან იწყება ადამიანის აღქმა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში დავასახელებ ორ რამეს - ხასიათს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ცივ გამომეტყველებას, რაც პირადად ჩემთვის უფრო სექსუალურია. ამასთან ქალი არ უნდა იყოს ადვილად მოსაპოვებელი, უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი ყველაფრის მიმართ და მინდა, იყოს ცოტა ლიტერატურული, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, რადგან სწორედ ეს გამოცდილება ჰქონდა იმ ადამიანს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ და ძალიან მომწონდა ეს თვისება, მაგრამ მას არავის ვადარებ, თუმცა მისნაირი და შეიძლება უკეთესები ჩვენს ქვეყანაშიც არიან, არანაირად არ შევადარებ უკრაინელ გოგონებს ქართველებს...
- იცვლება თუ არა შეყვარებული გიორგი?
- პერიოდულად კი, გააჩნია სიტუაციას, ჩემს რომანტიკულობას ხალხთან ვერ გამოვხატავ, მაგრამ როცა მარტო ვრჩებით, მიჩნდება სურვილი, ვიყო რომანტიკოსი, თუმცა უფრო რეალისტი ვარ. მიყვარს სიურპრიზების კეთება, თავგადასავლები, მოგზაურობა, საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება...
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''