ამ პროცესს შორიდან უყურებდა თავად ამ მღელვარების ობიექტი გიორგი ყორღანაშვილი, რომელიც სისუსტის გამო საქველმოქმედო საქმიანობაში ვერ ჩაერთვებოდა. ერთ დღეს, როდესაც მასთან მეგობრები შეიკრიბნენ და დაჰპირდნენ, რომ ყველაფრით დაეხმარებოდნენ, მასა და მისი ოჯახის წევრებს ერთი შეხედვით, შეუძლებლად მიაჩნდათ ის, რაც მოგვიანებით რეალობად იქცა.
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება და ჩვენს რედაქციაშიც ყოფილა არაერთი ზარი ამასთან დაკავშირებით. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ საშუალება მოგვეცა, ვაცნობოთ ჩვენს მკითხველსა და მთელ საქართველოს, რომ გიორგის ისრაელში უკვე გაუკეთდა ერთი, მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რის შედეგადაც უკვე ერთი თვეა, ყავარჯნით აღარ დადის და ნელ-ნელა საკუთარ საქმიანობასთან დაბრუნების შესაძლებლობაც გაუჩნდა, მსახიობა ხომ მისი ცხოვრების მთავარი და ყველაზე საყვარელი საქმეა. გიორგის ექიმები ელოდებიან ანალიზებს და, რასაკვირველია, ის მათი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, იმისთვის, რომ ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია შესაბამის დროს ჩატარდეს. კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მსახიობისთვის დონორი უკვე გამოძებნილია და ამ მხრივ არსებული პრობლემაც მოხსნილია.
გიორგი რედაქციაში გვესტუმრა, მართალია, მისთვის ეს პირველი ინტერვიუ იყო და ცოტა ნერვიულობდა, მაგრამ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. გიორგი ძალიან სასიამოვნო და თავმდაბალი ადამიანი აღმოჩნდა და ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან ყველას უხდის მადლობას, ვინც მისთვის ერთი თეთრი მაინც გაიღო...
- გიორგი, დაგისვამ შეკითხვას, რომელზე პასუხიც მთელ საქართველოს აინტერესებს. ამჟამად როგორ ხარ?
- შედარებით უკეთესად, ვიდრე მანამდე. ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესები. მომავლისთვის იგეგმება ჩემს მთავარ პრობლემასთან გამკლავება, ანუ ძვლის ტვინის გადანერგვა, ვინაიდან ჩემი დიაგნოზიც სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება. ჯერჯერობით ძვლის ტვინს არ მინერგავენ, რადგან სისხლის ანალიზი კარგ მდგომარეობაშია და არ სურთ, ზედმეტად და ხელოვნურად ჩაერიონ. როგორც ექიმები ამბობენ, პროცესი ბუნებრივად წავა უარესობისკენ და სწორედ მაშინ, შესაფერის დროს გაკეთდება გადანერგვაც.
ამ ეტაპისთვის უკვე გაკეთებული მაქვს მენჯ-ბარძაყის პროთეზირება, ეს დამჭირდა წამლების გამო, რომელმაც ძვლების დაზიანება გამოიწვია. ამ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ექიმები მეუბნებიან, რომ ჩვეული წესით უნდა განვაგრძო ცხოვრება. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ იმ ანალიზების გამო, რომელიც მაქვს.
- გიორგი, როგორი გრძნობა გქონდა, როდესაც შენ დასახმარებლად მთელი საქართველო გაერთიანდა. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთი ლარი მაინც არ ჰქონდეს გადმორიცხული შენთვის.
- უპირველეს ყოვლისა, როდესაც მე და ჩემი ოჯახის წევრებმა შევიტყვეთ, რა თანხა ჯდებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა, გვეგონა, რომ ამის შეგროვება შეუძლებელი იქნებოდა. საუბარი იყო 400 000 დოლარზე. ოპერაცია უნდა გაკეთდეს ისრაელში. გაოგნებული ვიყავი, როდესაც ყველა ჩემი მეგობარი და ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, ერთ დღეს მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ არაფერზე მენერვიულა. ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ გადაგარჩენთო, დამპირდნენ, მაგრამ მაინც დაუჯერებლად ჟღერდა ამხელა თანხის შეგროვება. შოკის მომგვრელი იყო, რომ მართლაც უცბად მთელი საქართველო გაერთიანდა ამ მიზნისთვის. ჩემთვის ეს ფაქტი ძალიან მოულოდნელი იყო, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ყველასთვის, ვინც ამ პრობლემაზე მუშაობა დაიწყო. კეთილი ხალხის ნებით, გულისხმიერებითა და გვერდზე დგომით მოხერხდა ეს. ამას ყოველთვის ვიტყვი, ქართველებს ერთად დგომა მართლა შეგვიძლია!.. არც მყოფნის სხვა სიტყვები. არ ვიცი, როგორ უნდა ვცე ამ ადამიანებს პატივი. ყველას უღრმესი მადლობა.
- როდესაც ტელემარათონი გაიმართა, შენ კონცერტზე დასწრება ვერ შეძელი.
- მთავარ კონცერტზე არ ვყოფილვარ. ჩემი მეგობრების აქციებს შორიდან ვადევნებდი თვალს. ისინი წინასწარ მეუბნებოდნენ, ამას და ამას ვგეგმავთ და რა აზრის ხარო. ვპასუხობდი, კი ბატონო, თქვენს ხელში ვარ-მეთქი. თავად ვერაფერს ვაკეთებდი, რომ მათ ისევ ჩემი თავისთვის დავხმარებოდი. მიბარებული ვიყავი უფალს და იმ ადა
მიანებს, რომლებმაც ჩემი დახმარება გადაწყვიტეს.
- შენ შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ მსახიობი ხარ. მოგვიყევი, როგორ გადაწყვიტე ამ პროფესიის არჩევა.
- მსახიობობა ერთადერთი მიზეზის გამო გადავწყვიტე, თეატრალურ სკოლა-სტუდია ''ბერიკებში'' დავდიოდი, რომელიც ბატონმა გოგი თოდაძემ დააარსა. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. როცა პატარაობიდანვე სცენაზე დგახარ, ეს შემდგომ არჩევანზე დიდ გავლენას ახდენს. დიდი წარმატებით ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და მოვხვდი ბატონ გიზო ჟორდანიასთან. მთელ ჩვენს ჯგუფს გაუმართლა, რადგან პირველივე კურსიდან დაგვაკავა სპექტაკლში ''ფორთოხალი, ფლეიტა და...'' იმ პერიოდიდან მოყოლებული ვტრიალებდით მარჯანიშვილის თეატრში. სტუდენტებს დიდ როლებზე არ დაგვამტკიცებდნენ, გვათამაშებდნენ მასობრივ სცენებში. ჯერ ლევან წულაძემ მიგვიწვია ''ქაქუცა ჩოლოყაშვილში'', მერე ''პიგმალიონში''. შემდეგ ''ვუნდერკინდში'' მეორეხარისხოვანი როლი შევასრულე ზაზა სიხარულიძესთან. ''სამეფო უბნის თეატრში'' ჩემი მეგობრის, დათა თავაძის სპექტაკლ ''სხვის შვილებში'' შევასრულე როლი, სალომე ჯოგლიძის ''ქუსლები ჭერში'', მიშა ჩარკვიანის ''კატცელმახერშიც'' დამაკავეს. სხვათა შორის, ამ სპექტაკლს ''დურუჯი'' გადაეცა. ასე ვმუშაობდი ამ სპექტაკლებზე, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეს საქმიანობა დროებით შეჩერდა.
- როდის გამოგივლინდა ეს პრობლემა?
- ორი წლის წინ. ექიმებს ჯერ სხვა დაავადება ეგონათ და დამინიშნეს წამალი, რომელმაც სხვა პრობლემები შემიქმნა და ფეხების ტკივილი დამეწყო. ანალიზები გადავაგზავნეთ ისრაელში, საიდანაც მოგვწერეს პასუხი, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა იყო აუცილებელი. ისრაელში ჩასულს, როცა მნახეს, რომ ეტლში ვიჯექი და ვერ დავდიოდი, მითხრეს, რომ ჯერ უნდა მოვძლიერებულიყავი, მენჯ-ბარძაყის პროთეზირება უნდა გაკეთებულიყო და შემდეგ გვეფიქრა ძვლის ტვინის გადანერგვაზე. მოიძებნა დონორი, რომელიც 100%-ით თავსებადია, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ყველაფერი მზადაა, უბრალოდ, ახალნაოპერაციები ვარ, ჯერ ორგანიზმი უნდა მოძლიერდეს და მოჯანსაღდეს. ექიმების რჩევის შესაბამისად ვიქცევი, ამჟამად წამლებს არ ვიღებ, ებრაელებს არ უყვართ, როგორც ჩანს, ბევრი პრეპარატის დანიშვნა. დავდივარ თერაპიის კურსზე, მხრებზეც მაქვს პრობლემა, მაგრამ მითხრეს, რომ ვარჯიშითა და მასაჟებით მოგვარდება. ვვარჯიშობ და მასაჟები მიკეთდება მენჯ-ბარძაყზეც.
თებერვლიდან უკვე ვუბრუნდები ერთ-ერთ ძველ სპექტაკლს, ''კატცელმახერს''. არის რაღაც გეგმებიც მომავალთან დაკავშირებით. სამსახიობო კარიერის გაგრძელებას ვაპირებ, სანამ ორგანიზმი შემიწყობს ხელს. მერეც, ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, სრულად დავუბრუნდები ჩემს პროფესიას.
- კინოსთან გქონია შეხება?
- მქონია, მხოლოდ ეპიზოდური როლებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ არის (იღიმის). ჩემი თეატრალური მოღვაწეობაც არ არის დიდი, მაგრამ როცა ჩემი კარიერა იწყებოდა და ვითარდებოდა, ჯანმრთელობამ ხელი არ შემიწყო. მაინც იმედით ვუყურებ მომავალს.
- საკმაოდ ძლიერი ადამიანი ჩანხარ.
- ვცდილობ, გარშემო მყოფები ჩემი ფიზიკურად ცუდად ყოფნის გამო არ შევაწუხო და ყველას თავს არ მოვახვიო, ბოდიში, რაღაც მაწუხებს და ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. ვცდილობ, რასაც შევძლებ, გავაკეთო ხოლმე. ფსიქოლოგიურად რამდენად ძლიერი ვარ, ამას ვერ გეტყვით. მეგობრების გვერდზე დგომითა და ხელშეწყობით, მათი ძალისხმევითა და გამხნევებით გადავლახე ბევრი რამ. მინდა, ჩემი კარგად ყოფნით ისინი გავახარო და ვუთხრა მათ მადლობა იმისთვის, რომ გადამარჩინეს...
- ''ფეისბუქზე'' ალბათ სრულიად უცნობი ადამიანებიც გწერდნენ.
- ძალიან დიდი აქტიურობა იყო. უამრავი თბილი სიტყვა მომწერეს, მეუბნებოდნენ, ნუ ნერვიულობ, თანხა შეგროვდებაო. უამრავი კეთილი სურვილი წავიკითხე, დადებითი განწყობა ჩემ მიმართ. ყველა ცდილობდა ელემენტარული წვლილის შეტანას, თანხის გადარიცხვით თუ შოუს მოწყობით.
- თანხა, რაც შეგროვდა, მთლიანად არის საკმარისი იმ ყველაფრისთვის, რაზეც მოგვიყევი?
- ეს თანხა საკმარისია ყველა ეტაპისთვის და ჯერჯერობით დარჩენილ თანხაში სრულად ვეტევით. გადანერგვის შემდეგ ხუთთვიანი რეაბილიტაციაა საჭირო და ვერ გეტყვით, ეს რა დაჯდება.
- თავად საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვის სურვილი ხომ არ გაგიჩნდა?
- უკვე ჩართული ვარ და ჩემს მეგობრებთან ერთად მონაწილეობას მივიღებ ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის გაკეთდება.
- გიორგი, მინდა, შენს პროფესიას დავუბრუნდე. როგორ წარმოგიდგენია შენი კარიერა, თუ გაქვს როლი, რომლის შესრულებაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებდა.
- მთელი ჩემი ცხოვრება მსახიობობით ვარ გატაცებული. მართალია, ვმღერი კიდეც, მაგრამ არ ვაპირებ ამ კუთხით რაიმე აქტივობას, მსახიობს სჭირდება ცეკვაც, სიმღერაც, მხატვრული კითხვის ცოდნაც. ვერ გეტყვით, რომ მაქვს საოცნებო როლი, მაგალითად, ჰამლეტის ან რომეოსი...
- ისე, რომეოს როლი მოგიხდებოდა. ლექსები ძალიან გიყვარს, როგორც ჩანს, რომანტიკული ადამიანი ხარ. შეყვარებული ხარ?
- რომანტიკული ადამიანიც ვარ და ამჟამად შეყვარებული გახლავართ (იღიმის). როცა ინტერესის ობიექტი მყავს, ყველანაირად ვცდილობ, ვასიამოვნო, მის გვერდით ვიდგე. ამ დროს შეიძლება არ მოვიქცე ისე, როგორც ჩვეულებრივი გიორგი იქცევა. მახასიათებს ისეთი სიგიჟეების ჩადენა, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ახლაც ასე ვარ. ვცდილობ, შევქმნა იდილია.
- პროფესიით მსახიობია?
- არა, სხვა საქმით არის დაკავებული. მის სახელსა და გვარს არ გავამჟღავნებ.
- შენი პრობლემების დროს ალბათ გვერდში გედგა.
- ყველაფრით დამიდგა გვერდით, გულით, სულით, საქმით, სიტყვით, სულიერად, ფიზიკურად. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვეა გრძელდება.
- გიორგი, წარმატებასა და, რაც მთავარია, გამოჯანმრთელებას გისურვებ.
- დიდი მადლობა. შეიძლება, ბევრი ადამიანი გამომრჩა, ვინც უნდა მეხსენებინა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას იმ ადამიანებს, რომლებიც მე და ჩემს ოჯახს დაუდგნენ გვერდით, ყველას, ვინც ასეთი პრობლემებით ინტერესდება და ვინც ასეთ სიკეთეს იჩენს.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''