კრისტი:
- 2013 წელს ცუდიც მოხდა და კარგიც, მაგრამ რატომღაც ახლა სულ უარყოფითი რაღაცები მახსენდება, წლის ბოლოს, დეკემბერში წავიქეცი, მთელ თბილისში, მგონი, მხოლოდ ერთ ადგილას
ნატა:
- სულ ვოცნებობდი ეგვიპტეში წასვლაზე, პირამიდებისა და სფინქსის ნახვაზე, მიხარია, რომ გასულ წელს ეს შევძელით. შარშანდელი წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მამაჩემი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობდა, პირველ სეზონზე კრისტი მონაწილეობდა, მესამეში - მამა და თითოეულ ლაივზე მართლა ძალიან ვნერვიულობდი, მგონი, ლენუკაც აპირებს შემდეგში ამ პროექტში ჩართვას და უკვე აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა (იღიმის).
- რაც შეხება ახალ წელს და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, რას გვეტყვი...
- ყოველ წელს ნაძვის ხეს 24 დეკემბერს ვდგამთ, წელს კი რატომღაც უფრო ადრე, 17 დეკემბერს მოვრთეთ.
კრისტი:
- ეს ნაძვის ხე ნატალიას საკუთრებაა, პატარა იყო, რომ ვუყიდე და დღემდე გვაქვს. სხვათა შორის, მას ამშვენებს როგორც დედაჩემის, ასევე ჩემი და თავისთავად ნატას ბავშვობისდროინდელი მოსართავები, მიუხედავად ამისა, ტრადიციულად ყოველ წელს 3-4 სათამაშოს ვამატებთ. გარდა ამისა, ყოველ ახალ წელს, 12 საათი რომ სრულდება, ვხუჭავ თვალებს და სურვილს ჩავუთქვამ, მინდა გითხრათ, რომ მერე მისრულდება ხოლმე, ვფიქრობ, რაც გულით გინდა, აგისრულდება.
ნატა:
- მე წელიწადში ორჯერ ვაწყობ ნაძვის ხეს, ერთს აქ და ერთს მამაჩემის სახლში. გარდა ამისა, ერთ ახალ წელს დედასთან ვხვდები, მეორე წელს კი მამასთან, წელს გიორგის რიგი იყო და მასთან შევხვდი, სხვათა შორის, პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც ჩემს ძმასთან ერთად შევეგებე. როცა ახალი წლის ღამეს კრისტისთან ვარ, 12 საათზე ტრადიციულად დღესასწაულს ვხვდებით, დაახლოებით პირველის ნახევარზე გვიერთდება ჩემი დეიდა, ვულოცავთ ერთმანეთს და სადღაც პირველ საათზე ყველა ჩვენს სამეგობროში ან რაიმე წვეულებაზე მივდივართ. ამ ახალი წლისთვის შევიკერე მოკლე შავი კაბა, რომელიც წინ სულ დახურული და უკან ღიაა, ჩემს დაქალს ჰქონდა წვეულება და ახალი წლის შემობრძანების შემდეგ სწორედ მასთან წავედი. 3 იანვარს კი მქონდა კარნავალი, სადაც დედას ''ვალსის'' შავი კაბა მეცვა.
- ე.ი. უკვე სარგებლობ კრისტის გარდერობით..
- კი, ოღონდ მაშინ, როცა კრისტი სახლში არაა, ვერ იტანს, როცა ვინმე მის ნივთებს ეხება, მით უმეტეს გარდერობს.
- კრისტი, ნატა კარგად სწავლობს, რადგან ამ მხრივ არ გაქვთ პრობლემა, მაშინ რა შეიძლება გახდეს თქვენი კამათის საგანი?
- დადე ტელეფონი, ნუ უყურებ სერიალებს. რაღაც თურქული სერიალითაა დაინტერესებული..
ნატა:
- ორ სერიალს ვუყურებ - ''დიდებულ საუკუნეს'' და ''კარალიოკს'', პირველი ისტორიულია, მეორე კი კრისტის ბავშვობისდროინდელია, უბრალოდ, ახლა განახლებული ვერსიით გადაიღეს და ძალიან მაინტერესებს.
კრისტი:
- ეს არის ჩვენი პრობლემა, კიდევ ის, რომ დროულად დაიძინოს და....
ნატა: (აწყვეტინებს)
- ჭამა გამოვასწორე, ეგ არ ითვლება.
- ნატა დედას სამეგობრო წრეში ალბათ კარგად გრძნობს თავს, ხშირად დაგყავს ამა თუ იმ წვეულებაზე?
- ორსულობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, პატარაობიდანავე ყველგან დამყავდა, არ მიჩნდებოდა სურვილი, რომ სახლში დამეტოვებინა, ამიტომ სულ ჩემთან ერთად იყო, ამ ყველაფერს მიეჩვია და მოდის კვირეულსა თუ სხვა ჩვენებებზე მგონი, მარტოც წავა (იღიმის). სხვათა შორის, ნატა ძალიან დამოუკიდებელია, მეუბნება, თუ სადმე წასვლა უნდა, შემდეგ ურეკავს მძღოლს, ვალერის, რომელიც უკვე მისი მეგობარია, ბაღში, სკოლაში, ინგლისურზე და ზოგადად, თუ სადმე წასვლა უნდა, მას მიჰყავს.
ნატა:
- ძალიან მიყვარს ვალერი, სხვათა შორის, ეგვიპტიდან საჩუქარი მასაც ჩამოვუტანე, ოჯახის წევრივითაა ჩემთვის. რაც შეეხება კრისტის მეგობრებს, მართლა კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან, მიყვებიან ხოლმე რაღაცებს, შეიძლება ითქვას, რომ დედაჩემის მეგობრებშიც მყავს მეგობრები.
- განსაკუთრებულად ვინ შეგიძლია გამოყო?
- დალი ჩიტალაძე.
კრისტი:
- ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ამოქექა დალის მთელი გარდერობი და ჩაიცვა, წარმოიდგინეთ, დალის როგორ უყვარს ნატალია, რომ ამის უფლება მისცა და არაფერი თქვა.
- ნატა, ახლა გიორგიზე მოგვიყევი, ალბათ, მკაცრი მამა არ იქნება.
- არა, ძალიან მეგობრულია, როგორც კრისტი და უნდა ვთქვა, რომ ორივე მანებივრებს, არც ერთთან არ ვჩხუბობ ხშირად, ერთმანეთს ვუყურებთ, როგორც და-ძმა, კრისტის და გიორგის დედასა და მამას მხოლოდ მაშინ ვეძახი, როცა რაღაც მინდა (იღიმის). რაც შეეხება სიმკაცრეს, გიორგი მკაცრი არ არის, მაგრამ მისი ერთი გამოხედვაც კი საკმარისია ჩემთვის და ყველაფერს ვხვდები, ჩვენი პრობლემაც ტელეფონია, მეტი არაფერი, ასევე სერიალებიც, მაგრამ მომწონს და რა ვქნა?!
კრისტი:
- შენ თვითონ მიიღებ მონაწილეობას მსგავს სერიალში?
ნატა:
- ჩემი ოცნების როლი ფერიდეა, თუ კიდევ ერთხელ გადაიღებენ, კასტინგზე ჩინეთშიც კი ჩავფრინდები. მსახიობობა მინდა, ბავშვობიდანვე ეს პროფესია მომწონდა, მოდელობის სურვილი არასდროს მქონია, რატომ, არ ვიცი. დედიკო, არ გეწყინოს. სხვათა შორის, სამსახიობო თვალსაზრისით უკვე გამოცდილება მაქვს, ვითამაშე რამდენიმე ფილმში. პირველად 5 წლის ასაკში ''სტალინი ლაივში'' გადამიღეს კამოს დის როლში, მეორე ფილმი იყო ''აგვისტოს 5 დღე'', მით უმეტეს, რომ ომში მეც ნამდვილად ვიყავი. იმ პერიოდში მე გიორგისა და მის ოჯახთან ერთად ბაკურიანში ვისვენებდი, ომი რომ დაიწყო, ძალიან შემეშინდა. იმ სასტუმროში, სადაც ვცხოვრობდით, იყო ერთი ქალი, რომლის შვილიც სასწრაფოს მძღოლად მუშაობდა, დაურეკა, რომ მოსულიყო ჩვენ წასაყვანად, მთელმა სასტუმრომ ჩავყარეთ ბარგი, გავითამაშეთ, ვითომ გიორგი დაჭრილი იყო და საავადმყოფოში გადაგვყავდა, მართლა ვტიროდით, რომ რუსებს შემოწმებისას ჩვენი დაეჯერებინათ, გიორგის ამ თვალსაზრისით მსახიობობა გამოადგა და კარგად ითამაშა დაჭრილის როლი, შედეგად კი გამოგვიშვეს. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფილმში ვითამაშე ბევრი გოგონასთვის საოცნებო რუპერტ ფრენდთან ერთად, ფოტოც მაქვს მასთან, ერთ მომენტში დამიჩოქა კიდეც (იცინის). დედაჩემია მოწმე, რენი ჰარლინმა როგორ დამიყვირა - ''აი ლავ იუ, ჰოლივუდ სტარ'', ისეთი გახარებული ვიყავი, ვერ აგიხსნი. ამ ფილმის შემდეგ ვითამაშე ''ცელქ ბავშვებში'', პატარა როლი მქონდა, მაგრამ გიორგი და კრისტი იქაც ჩემი დედ-მამა იყვნენ. ბოლოს სერიალ ''ჩვენს ამბავშიც'' გამოვჩნდი და ესეც ძალიან მომეწონა, ახლა კი ძალიან მინდა, სპექტაკლში მივიღო მონაწილეობა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''