მეუბნება, რომ ოცნება არ უყვარს, თუმცა, კოსტუმისფერი გარეგნობა სხვა ეფექტს ქმნის; პოეტურს. მზერაც ისეთი აქვს, თითქოს ელფების მეჯლისიდან სწვდება ხმები. ეს ის შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის მეუღლის სტატუსს ბევრი არაფერი შეუცვლია. ალბათ, იმიტომ, რომ ხუთ წუთში ხვდები, რამდენად გულგრილია რეგალიების მიმართ. ის ჯერ მაკა ჩიჩუაა და მერე პირველი ლედი. უბრალოდ, მაკა ჩიჩუა. მზისფერი ლედი.
"ყოველი მომდევნო დღე აბსტრაქტული და გაურკვეველია. არასდროს ვიცით, რა იქნება და რას გვიმზადებს მომდევნო წამი."
– მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი, მუსიკოსი ‒ რომელი სფერო დგას პირველ ადგილზე, რომელია თქვენთან ყველაზე ახლოს?
– პროფესიად მხატვრობა ავირჩიე… და არც ვნანობ. თუმცა, მუსიკა, მგონი, ყველაზე ძლიერი შემოქმედებაა ჩემთვის. ბგერა, სადაც არ უნდა გაიხედო, სულ გესმის.
– როგორ, ვისი რჩევით ან გავლენით აირჩიეთ პროფესია?
– გავლენა იყო, ალბათ… ან გენეტიკა. ან ორივე ერთად. დედამ სამხატვრო აკადემია დაამთავრა და სულ მახსოვს ის პერიოდი, როცა საკურსოებს აკეთებდა, ‒ დღისით რომ ვერ ასწრებდა და ღამე რომ მუშაობდა ხოლმე. საღებავები, პლანშეტები, ესკიზები და ღამის განათება ჯადოსნურ სამყაროს ქმნიდა… მე ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა, იმ ასაკში ხდება სამყაროს ყველაზე მძაფრად შეგრძნება და აღქმა: როცა თეთრი ფურცელივით სუფთა ხარ და შენს მეხსიერებაში ნელ-ნელა ჩნდება სხვადასხვა ფერის ლაქა. სუნიც კი კარგად მახსოვს.
– თვისება, რომელიც გქონდათ და აღარ გაქვთ და პირიქით, ‒ რაიმე თვისება ან ჩვევა, რომელიც დრომ შეგძინათ.
– ალბათ, თვისება არ არის, მაგრამ ფეთქებადი ხასიათიდან გამომდინარე, სწრაფად ვბრაზდებოდი. ახლა ბევრად მომთმენი ვარ. აი, ეს შემძინა დრომ.
განაგრძეთ კითხვა: