12 იანვარი, 2014
რა უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში ნინო შავგულიძეს
თუ ნინო შეყვარებულია, მაშინ არის დაძაბული, რადგან ფიზიკურად არ რჩება დრო იმისთვის, რომ ნახოს საყვარელი ადამიანი, რაც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის მსახიობი ნინო შავგულიძე სერიალში „ჩვენი ამბავი“ ეჭვიანი თამუნას როლს თამაშობს. თურმე ნინოს ეს თვისება რეალურადაც ჰქონია, თუმცა, თამუნასგან განსხვავებით, ეჭვიანობას არ გამოხატავს და როგორც თავად ამბობს, ამით საკუთარ თავს ანგრევს. ნინო ძალიან ხალისიანი და ენერგიული ადამიანია, მაგრამ როდესაც შეყვარებულია, ხასიათი ეცვლება...

- თეატრალური უნივერსიტეტის დასრულებისთანავე სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოვხვდი და დღემდე იქ ვმუშაობ. პარალელურად,
ერთ-ერთ რადიოსადგურში მუსიკალურ გადაცემას ვუძღვები, ასევე ვმოღვაწეობ მედიათეკა-ში, შაბათ-კვირას ბავშვებისთვის ვკითხულობდი ზღაპრებს, წიგნებს და გადაცემაც მიმყავდა მუსიკალურ არხზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სერიალში დავკავდი, დრო აღარ მრჩებოდა და რამდენიმე სამსახურს ჩამოვშორდი. თუმცა არა თეატრს და რადიოს, რადგან ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
- ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება გქონიათ..
- კი, ზედმეტად დატვირთულიც კი, მაგრამ ამის გამო არასდროს ვწუწუნებ, არ ვამბობ, დავიღალე-მეთქი, რადგან ცხოვრებაში ძალიან აქტიური ვარ და საქმე რომ არ მაქვს, იმ პერიოდში საშინლად დეპრესიული ვხდები, ამიტომ მირჩევნია, მქონდეს ბევრი საქმე, ვიყო დაღლილი და რიტმი არ დავაგდო.
- რაც შეეხება სერიალს, რომელმაც შეიწირა თქვენი რამდენიმე სამსახური, გვითხარით, როგორ შეგარჩიეს ამ როლზე?
- სიმართლე გითხრათ, სერიალში მოხვედრა ძალიან მინდოდა, ყოველთვის მქონდა „ღამის შოუს სტუდიასთან“ მუშაობის სურვილი, რადგან იქ მართლა ოჯახური სიტუაცია და კარგი კოლექტივია. როდესაც ცვლილებები ხდებოდა, ყოველთვის მეძახდნენ კასტინგზე, გავდიოდი ყველა ეტაპს, პილოტის ჩაწერაზეც კი ვყოფილვარ, მაგრამ საბოლოოდ არ მიყვანდნენ, რადგან ან მე ვერ ვერგებოდი როლს, ან რაღაც არ გამოდიოდა ისე, როგორც მინდოდა და ვერ ვრჩებოდი მათთან ერთად. ბოლოს კი ზაფხულში დამიკავშირდნენ, გავიარე კასტინგი და როგორც იქნა, მოვირგე როლი. არადა, ერთ-ერთი პროდიუსერი მეუბნებოდა, იმდენჯერ იყავი კასტინგზე და არ აგიყვანეთ, რომ უკვე მრცხვენოდა შენთან დაკავშირების, მაგრამ ბოლოს მაინც დაგირეკეთო და როგორც ხედავთ, წარმატებული აღმოჩნდა.
რაც შეეხება ჩემს გმირს და მასთან მსგავსებას, უნდა გითხრათ, რომ თამუ-ნასავით ეჭვიანი ვარ, გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე ეს ჩემს თავს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩემი გმირი გამოხატავს ეჭვიანობას, მე კი არა, ყოველთვის ვმალავ ამ ჩემს გულისტკივილს, კიდევ ის გვაქვს საერთო, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს ახალი წელი.
- ეჭვიანი ხართ პირად ურთიერთობაში თუ ზოგადად ყველასთან მიმარ-თებით?
- მეგობრების მიმართ არა, პირად ურთიერთობაში და, რა თქმა უნდა, ეს ხელს მიშლის. ჩემი ურთიერთობები ამას არასდროს დაუნგრევია, მაგრამ შინაგანად ჩემს თავს ვანგრევ, რის გამოც ბევრ პრობლემას ვაწყდები, მერე ეს პატარ-პატარა პრობლემები და წვრილმანები ერთმანეთს ემატება და ბოლოს მაინც ყველაფერი ინგრევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ჩემი მძიმე ხასიათი იყოს ურთიერთობის დანგრევის მიზეზი.
- ე.ი. სიყვარული გამოგიცდიათ, ნინო შეყვარებული ყოფილა..
- კი, ვყოფილვარ და მიყვარს, როცა შეყვარებული ვარ.
- ახლა არ ხართ ამ მდგომარეობაში?
- არ ვიცი, მგონი, მე სულ შეყვარებული ვარ (იცინის). ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის ობიექტი, რომელიც მომწონს და ვისზეც ვფიქრობ. ყველა ქალი უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც მე ვარ, როგორც გითხარით, სიმპათიები მაქვს, მაგრამ არა სერიოზული ურთიერთობა.
- მგონია, რომ შეყვარებული ნინო კიდევ უფრო ბედნიერი და ხალისიანი უნდა იყოს, ასეა?
- არა, არა, პირიქით. თუ ნინო შეყვარებულია, მაშინ არის დაძაბული, რადგან ფიზიკურად არ რჩება დრო იმისთვის, რომ ნახოს საყვარელი ადამიანი, რაც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის, მართლა კმაყოფილი ვარ იმით, რომ ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ პირად ურთიერთობაში ეს მაინც ხელს მიშლის.
- როგორი მამაკაცები იპყრობენ თქვენს ყურადღებას?
- ყურადღებიანი. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი. შეიძლება, მამაკაცმა რაიმე თუნდაც უმნიშვნელო დეტალზე გაამახვილოს ყურადღება, რომელიც სხვამ ვერც კი შენიშნოს და ამით ინტერესი გამიღვივოს. ასევე პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა იყოს დაჯილდოებული, იყოს კეთილი (იღიმის) და აუცილებლად უნდა უყვარდეს ცხოველები.
- ახლა ცოტა თეატრზე ვისაუბროთ, არის ეს ის სფერო, რომელსაც ვერასდროს ვერ დაანებებთ თავს?
- ჩემთვის თავიდანვე პრიორიტეტული იყო სერიალი, მაგრამ თეატრი მაინც პირველ ადგილას იდგა. შარშანწინ ფილმში გადამიღეს და იმდენად შემიყვარდა კამერა, რომ ახლა ვეღარ ვხვდები, რა მირჩევნია, თეატრი, კინო თუ სერიალი, თუმცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში. თეატრში ცვლილებები იყო და ცოტა ხნით გაჩერებული ვიყავით, პაუზა გვქონდა, ექვსი თვის განმავლობაში არ მქონია რეპეტიციები და ისე მომენატრა ეს ყველაფერი, რომ ვერ აგიხსნით. მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა რაღაც აღარ მინდა, მბეზრდება, მაგრამ თეატრს მაინც ვუბრუნდები, რაღაც აქვს ისეთი, რითაც გაბამს, მართლაც სულ სხვა ორგანიზმი და სპეციფიკაა.
- როდესაც ეკრანზე გამოჩნდით და საზოგადოებამ თქვენი გვარი გაიგო, კითხულობდნენ, ჟორა შავგულიძის ნათესავი ხომ არ ხართ.
- (იცინის) არა, ნათესავი არ ვარ, უბრალოდ, მოგვარეები ვართ და საფუძვლიანად თუ გამოვიკვლევთ, შეიძლება, რაღაც ნათესაობა გვაკავშირებდეს, მაგრამ კურიოზია ის, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების დროს მის შვილიშვილად ვასაღებდი თავს, ამიტომ გამეცინა, ეს შეკითხვა რომ დამისვით.
- გარდა ამისა, რუსკა მაყაშვილთანაც გაკავშირებდნენ რაღაცით, ალბათ, გრძელი თმით (მაწყვეტინებს)...
- გრძელი ცხვირით (იცინის). სიმართლე გითხრათ, ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ ჩემსა და რუსკას შორის, გრძელი თმა ბევრ გოგონას აქვს და რა ვქნა, თუ გრძელი ცხვირიც მაქვს?! სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ყურადღებას არასდროს ვამახვილებდი, ამ საკითხმა წინ მაშინ წამოიწია, რაც „ჩვენს ამბავში“ გამოვჩნდი, მეტიც, ერთხელ კომენტარებშიც დაწერეს, სად პოულობთ ამდენ შავ-ყვავ-ნისკარტა გოგონებსო (იცინის) და ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოებამ აქტიურად ლაპარაკი ჩემს გარეგნობაზე. ეკრანი კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჩემს ცხვირს, თორემ მთლად მასეც არ მაქვს (იღიმის). ბევრი მეუბნება, ცხვირის ოპერაცია დაგხატავდაო, მაგრამ მეშინია, რომ უარესი შედეგი მივიღო და ამიტომ არ ვრისკავ, ვინც გაიკეთა, კმაყოფილი არ არის, ამიტომ სულაც არ ვგეგმავ რაიმეს შეცვლას. ავიღოთ თუნდაც რუსკა, ნუკი, ორივე ულამაზესია, ძალიან მომწონს, მაგრამ არც ერთს არ აქვს „კურნოსა“ ცხვირი, მიუხედავად ამისა, ჩემს თვალში ძალიან ლამაზი გოგონები არიან.
- ნინო, როგორც აღნიშნეთ, ახალი წელი ძალიან გიყვართ, რა ტრადიციები გაქვთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით?
- ტრადიციულად ოჯახში ვხვდებით ახალ წელს, შემდეგ კი ოჯახის წევრები სა-მეგობრო წრეებს ვსტუმრობთ. პირველი იანვრიდან 6 იანვრამდე ჩვენს ოჯახში დიდი სუფრა იშლება და ვასაღებთ იმ კერძებს, რომლებიც 31 დეკემბერს მზადდება (იცინის). სამზადისში მეც ვერთვები, რადგან მიყვარს ქაოსი, სიწყნარეს ვერ ვიტან, საახალწლოდ მოძრაობა რომ გადაიტვირთება, იქმნება საცობები, იწყება არეულობა, ეს ძალიან მომწონს, არ მიყვარს სიმშვიდე და მოდუნება.
- მგონი, ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც ეს საცობები მოსწონს და უხარია...
- (იცინის) როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს? რაღა დაგვრჩენია ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ გავხალისდეთ.... (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნონა
კარგი.გოგოა
18:13 / 20-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
უშნო კი არა ძალიან მომწონს ძალიან ლამაზია ცხვირწაჭრილ იდიოტებს კი არ ჰგავს.
18:57 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიმონა
ძალიან მომწონს ,აშკარად ნიჭიერია და სერიალმაც გაამართლა . წარმატებებს ვუსურვებ პირად ცხოვრებაშიც....
22:32 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
K K K
ძაან უშნოა, რამხელა ცხვირი აქვს.
02:46 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მოღვაწეობდა Iლია ჭავჭავაძე, თქვენ და თქვენი ტოლები კი ჯერჯერობით მუსჰაობთ ან საქმიანობთ
19:51 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ფუ თქვე საზიზღრებო თქვენა
თქვე უნამუსოებო და ვიგინდარებო,იმ ტაკიმასხარა ვანოზე რატომ არ უშვებთ კომენტარებს
16:46 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
იიიიიიაააააააააა
ნინო ყველაზე მაგარი მსახიობია
22:53 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS