- პირველად შევხვდი საქართველოში ახალ წელს. ყოველთვის ვოცნებობდი თბილისში ახალი წლის შეხვედრაზე და წელს ეს სურვილი შემისრულდა.
- უკრაინაში ახალ წელს როგორ ხვდებოდით ხოლმე?
- კარგი იქნებოდა, ტრადიციულად ოჯახთან ერთად გამეტარებინა ეს დღესასწაული, მაგრამ ბოლო თხუთმეტი წელი კონცერტებზე ვხვდებოდი. უკრაინის ქალაქებში სხვადასხვა კონცერტზე გამოვდიოდი. ხან კიევში მიწვევდნენ კონცერტებზე და ახალ წელს გამთენიისას, დაახლოებით ექვს საათზე მიწევდა სახლში შესვლა. არტისტების ბედი ასეთია. წელს პირველად შევხვდი ახალ წელს ძმასთან ერთად. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახურ წრეში ვიყავი, მხოლოდ ბავშვი და მეუღლე არ მყავდა გვერდით.
- ქართველებს ახალ წელს აუცილებლად გოზინაყი უნდა გვქონდეს. რა უნდა იყოს უკრაინაში საახალწლო სუფრაზე?
- უკრაინაში ბოლო დროს ევროპულ სტილზე გადადიან, მაგრამ სუფრაზე მაინც აუცილებლად უნდა იყოს ''ოლივიე'' და ''შუბა".
- თქვენ რა გიყვართ?
- მე ყველაფერი მიყვარს (იცინის). მართლა - აბსოლუტურად ყველაფერი... მიყვარს, როცა ახალ წელს ყველა მხიარულობს და როცა ამ დღესასწაულს ყველანაირად გრძნობ. ძალიან მომწონს ახალი წლის ტრადიციულად შეხვედრა, როდესაც ოჯახის წევრები იკრიბებიან მაგიდასთან და სვამენ შამპანურს, ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს. ბავშვობიდან კი ჩემთვის ახალ წელს ნაძვის ხისა და მანდარინის სუნი აქვს. როგორც ჩანს, ეს ჩემი ბავშვობის თბილი მოგონებებია, რომლებიც ახალ წელს უკავშირდება.
- როდისმე თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდათ?
- რა თქმა უნდა, ბავშვობაში მჯეროდა თოვლის ბაბუის. სურვილს ჩავუთქვამდი ხოლმე და რასაკვირველია, ჩემს ყველა სურვილს მშობლები მისრულებდნენ.
- შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, ამჯერად რა სურვილი ჩაიფიქრეთ?
- ძალიან მინდა, რომ ჩემი საახალწლო სურვილი ამისრულდეს, ამიტომ მას საიდუმლოდ შევინახავ.
- ეს სურვილი თქვენს შემოქმედებას უკავშირდება თუ პირადულია?
- სურვილი დაკავშირებულია შემოქმედებასთანაც, საქართველოსთანაც და პირადულიც არის. მოკლედ, ძალიან ძალიან დიდი სურვილი მაქვს.
- გაქვთ სურვილის ჩაფიქრების ტრადიცია, რომელიც ასრულების გარანტია?
- სურვილი რამდენჯერმე დავწერე ქაღალდზე, დავწვი, ჩავყარე შამპანურში და ბოლომდე დავლიე.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც ახალ წელს მიგიღიათ და როცა ის საჩუქარი გახსენდებათ, ყოველთვის კარგ განწყობაზე დგებით?
- ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ისაა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო. ამას ვერასდროს ვახერხებ. სულ კონცერტებსა და გასტროლებზე ვარ. როდესაც ხედავ, რომ ყველა ახლობელი ამ დღესასწაულს ერთად აღნიშნავს და მეგობრები ერთად იკრიბებიან, შენც ძალიან გინდა, შენს მეგობრებსა და ახლობლებთან ერთად იყო. ამ ყველაფერს საჩუქარს ვერც შევადარებ.
- გეხერხებათ კერძების მომზადება?
- რა თქმა უნდა. ბავშვობიდან დედა მასწავლიდა და ძალიან მიყვარს დღესასწაულის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც დიასახლისები თავიანთ ბავშვებს ასწავლიან კერძების მომზადებას. ტრაბახს ვერ დავიწყებ და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს კარგად ვამზადებ, მაგრამ თუკი ხდება ასეთი შემთხვევა, ყველა მაქებს.
- რას ამზადებთ ყველაზე კარგად?
- ახალ წელს ძალიან მიყვარს სალათა ''შუბას'' მომზადება. ''ოლივიეზე'' მეტად ჩემთვის ''შუბა'' ასოცირდება ახალ წელთან.
- ბოლო დროს ფიფქია გახდით, ეს როლი როდისმე შეგისრულებიათ? ფიფქიები ხომ, როგორც წესი, ქერა გოგონები არიან?
- კი, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვართ, შესაძლებელია, ფიფქია შავთმიანი იყოს. რეკლამაში ორი ორიგინალური ფიფქია ვართ. ზუსტად არ მახსენდება, მაგრამ, სავარაუდოდ, ბავშვობაში ფიფქიას კაბა რამდენჯერმე ჩამიცვამს. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ ერთ-ერთი ბანკის საახალწლო რეკლამაში გადამიღეს.
- როგორ მოგეწონათ თოვლის ბაბუა?
- ირაკლი ჭიჭინაძე ფანტასტიკური ადამიანია. როდესაც ირაკლის ვუყურებ, სხვა სანტას წარმოდგენას ვერც კი ვახერხებ. ეს მისთვის როლიც არაა. ვერც კი წარმომიდგენია, რას აკეთებს ირაკლი, როდესაც სანტას ფორმას იხდის. ის ზედგამოჭრილი სანტაა. გადაღებების დროს მე და ირაკლი ბევრს ვიცინოდით.
- რუსკა მაყაშვილს იცნობთ?
- რა თქმა უნდა.
- ხომ არ იჩხუბეთ სანტას გამო?
- მართალია, სანტას ორივე ჩვენკენ ვექაჩებოდით, მაგრამ არ გვიჩხუბია. მიხარია, რომ გადამღები ჯგუფი გავიცანი. წინამორბედი სარეკლამო რგოლები რომ ვნახე, ძალიან მომეწონა და გამიხარდა, რომ ფიფქია უნდა ვყოფილიყავი.
- შეიძლება ითქვას, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დატოვების შემდეგ ბევრი ახალი შეთავაზება მიიღეთ.
- ზოგადად ცხოვრებაში მაქვს დევიზი, თუკი რაიმე არ გამოდის, ეს ყველაფერი კარგისკენ ხდება. გულდასაწყვეტია, ასე ადრე რომ დავტოვეთ პროექტი. კონკურსი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებაზე უფრო დიდი რამ მივიღეთ - ქართველი ხალხის სიყვარული.
- ალბათ, გული ძალიან დაგწყდათ, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მოულოდნელად დატოვეთ და მაყურებლის ბევრი თხოვნის მიუხედავად, პროექტში არ დაგაბრუნეს.
- მართლა ძალიან დიდი შოკი მივიღე, მე და ოთო არანაირად არ მოველოდით, რომ ასე მალე დავტოვებდით პროექტს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ფინალისკენ წასვლა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაკეთება გახლდათ. მე და ოთო ფოლადაშვილი პროექტიდან ძალიან ადრე გამოვვარდით, მაგრამ რაც მოხდა, ვერ შევცვლით. ამის გამო დღემდე გული მტკივა, გვინდოდა, რაც შეიძლება, მეტი გვეჩვენებინა. ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, რისი გაკეთება შეგვიძლია.
- ბოლო დროს გქონდათ დრო იმისთვის, რომ ახალ სიმღერებზე გემუშავათ?
- დრო არ მქონდა და სამწუხაროდ, ადამიანი, რომელმაც ალბომი დაგვიწერა, დაიღუპა. ჯერჯერობით ახალ სიმღერებზე არ ვმუშაობ. არ მიყვარს უბრალოდ სიმღერის ჩაწერა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩავწერო. არსად მეჩქარება. მინდა, კარგი მასალა მოვაგროვო.
- გიფიქრიათ ქართული სიმღერის შესრულებაზე?
- რა თქმა უნდა, მინდა. თუ რომელიმე ქართველი კომპოზიტორი დამიწერს სიმღერას, დიდი სიამოვნებით შევასრულებ.
- როდისმე გიმღერიათ ქართული სიმღერები, მაგალითად, ''სულიკო'' და ''თბილისო''.
- ამ სიმღერებს ჩემი დაქალები სულ მიმღერიან. განსაკუთრებით კარგად ''თბილისო'' გამოსდით და სუფრასთან სულ მიმღერიან ხოლმე.
- ბოლო დროს საქართველოში დიდ დროს ატარებთ. ქართულს სწავლობთ?
- სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ. როდესაც უკრაინაში ვიყავი და წამოსვლა დავაპირე, ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი ვიპოვე და ვმეცადინეობდი. სამწუხაროდ, მას მალე მოუწია საქართველოში ჩამოსვლამ. ასე დამთავრდა ჩემი ქართულის გაკვეთილები. მაგრამ თუ კიდევ დავრჩები თბილისში, რა თქმა უნდა, დავიწყებ ენის სრულყოფილად შესწავლას. ხშირად მეკითხებიან, როგორ მოხდა, რომ ქართული არ იციო? მე ხომ მამა ქართველი მყავს, მაგრამ ოჯახში ქართულად არასდროს ლაპარაკობდნენ. დედა მიყვებოდა, რომ ბავშვობაში რაღაც სიტყვებს ვამბობდი ქართულად. ეს ბუნებრივიცაა, ექვს წლამდე ბათუმში ვიზრდებოდი. მერე უკრაინაში წავედით და კიევში შევედი სკოლაში. როგორ შეიძლება, რომ ქართული მცოდნოდა. რა თქმა უნდა, ბავშვობაში მამა რაღაც სიტყვებს მასწავლიდა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. არა უშავს, ჯერ არ ვიცი ქართული, მაგრამ ვისწავლი, არ არის გვიანი.
- რომელი ქართული ბგერების გამოთქმა გიჭირთ ყველაზე მეტად?
- ძალიან მიჭირს ვთქვა: ბაყაყი წყალში ყიყინებს.
- მგონი, ამ ენის გასატეხს უკვე ჩემზე კარგად ამბობთ.
- მადლობა (იცინის).
- უკრაინაში დაბრუნებას როდის გეგმავთ?
- კიდევ რამდენიმე გადაღებაში შემომთავაზეს მონაწილეობა, ამიტომ უკრაინაში წასვლის ზუსტი თარიღი არ ვიცი. უკვე ძალიან მენატრება ჩემი გოგონა.
- რამდენი წლისაა?
- დეკემბერში ექვსი წელი შეუსრულდა. ახალ წელს მისი სურვილი იყო ვარდისფერი გორგოლაჭები და თოვლის ბაბუამ ეს სურვილი, რასაკვირველია, შეუსრულა.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''