19 დეკემბერი, 2017
ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ის ჩემი მეუღლეა - თიკა ალავიძის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ
თიკასთან ინტერვიუს ჩასაწერად განსაკუთრებით ვემზადებოდი. 4 შვილის დედობას და NBA-ს ჩემპიონ გუნდში მოთამაშე კალათბურთელის ცოლობას განსაკუთრებული უნარი სჭირდება – რომ იმ დროს, როდესაც აშშ-ში მადლიერების დღე აღინიშნება, ხოლო ამ დღეს მთელი ოჯახი ისვენებს და სახლშიც ფუსფუსია, დრო ინტერვიუსთვისაც გამონახო. თუმცა, თიკამ ეს მოახერხა, ერთი კი არა, რამდენიმე ფოტოსესიაც დაგეგმა და ინტერვიუსაც საკმაოდ დიდი დრო დაუთმო.


თიკა ერთი შეხედვით ულამაზესი გოგოა. ზაზამ იგი 10 წლის წინ გაიცნო, მალევე დაქორწინდნენ და ახლა უკვე 4 შვილი ჰყავთ –
ორი ბიჭი და ორი გოგო. „ერთი შეხედვით“ იმიტომ ვთქვი, რომ სილამაზის მიღმა დაინახავთ თიკას, რომელიც ძალიან ჭკვიანი და გაწონასწორებული, თბილი და დახვეწილი ადამიანია. ზაზას და მას სწორედ ის საერთო თვისება აქვთ, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტადაა დაფასებული პიროვნებაში – თავმდაბლობა და ადამიანების მიმართ სიყვარული.


როდესაც ზაზასთან პირველად მომიწია კომუნიკაცია, მართალი გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ადამიანები, რომლებიც კარიერაში თავის მაქსიმუმს აღწევენ, შეიძლება ასეთი მარტივი კომუნიკაციის უნარით გამოირჩეოდნენ. პირველად ზაზას სწორედ მაშინ ვესაუბრე, როდესაც „ვორიორსი“ NBA-ის ჩემპიონი გახდა. ჩვენი საუბარი რომ დასრულდა, მივხვდი – ძალიან შორი დისტანციიდან NBA-ის ჩემპიონი კი არა, უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანი მესაუბრებოდა. უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომელსაც ყველაფერი, ალბათ, იმიტომ გამოსდის, რომ უპირველესად ასეთი კარგი ადამიანია.

წელს, ზაფხულში, 7 აგვისტოს ზაზა ფაჩულიამ საქართველოს დიდი საჩუქარი უძღვნა – თბილისში NBA-ის თასი ჩამოიტანა. უამრავი დაიწერა ამ თემის ირგვლივ. მართლაც, ფასდაუდებელია ზაზას ღვაწლი საქართველოსთვის. გარდა იმისა, რომ ზაზა პირველი ქართველია, რომელიც NBA-ის ჩემპიონი გახდა, თავადაა ადამიანი, რომელმაც არ დაივიწყა, საქართველოს დროშით მივიდა NBA-ის ფინალზე, ხოლო შემდეგ უკვე ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა: მოედნის შუაგულში იდგა ზაზა ფაჩულია, რომელიც მთელ მსოფლიოს ამცნობდა – მე ქართველი ვარ და ეს ჩემი ქვეყნის დროშაა. წუთებში მოედო ეს კადრები მთელ პლანეტას, ხოლო მხრებზე დროშამოსხმული ზაზა კიდევ ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც პატრიოტიზმის დიდი გამოვლინება.

ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა
თიკამ საოცრად გულწრფელად ისაუბრა ზაზაზე და ბავშვებზე, ოჯახზე. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. ამასთან, ერთ მცირე ნიუანსს მინდა გავუსვა ხაზი. დეტალს, რომელიც მგონია, რომ მთავარია ჩემს დღევანდელ რეალობაში – თიკამ მოგვიყვა, რომ ზაზა ბავშვებს შრომის სიყვარულს აჩვევს. ამ მიზეზით, მათ უხდებათ მატჩებზე სიარული და იქ მუშაობა – ისინი აწესრიგებენ დარბაზს, კალათბურთელებს წყალს და პირსახოცებს აწვდიან... ერთი სიტყვით, დამხმარე პერსონალად მუშაობენ თამაშის მიმდინარეობის დროს. ბავშვებისთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ამ ეტაპზეც კი იცოდნენ და აფასებდნენ შრომას, რომლის გარეშე, როგორც ზაზა მუდმივად აღნიშნავს, ადამიანს არაფერი გამოსდის.

გადადით ლინკზე:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS