10 იანვარი, 2014
ექსკლუზივი - როგორ გაიყოფს ნაჩუქარ ბინას ''ნიჭიერის'' გამარჯვებული ათი მონაწილე
შვილი შემეძინა და დედობით ვიყავი დაკავებული. ბენდის ჩამოყალიბების შემდეგ ცოტა ხანს რეპეტიციები გვქონდა და შემდეგ რესტორანში დავიწყეთ მუშაობა ''ნიჭიერის'' მორიგი სეზონი დამთავრდა და გამარჯვება ამჯერად მუსიკალურმა ჯგუფმა ''სითი ბენდმა'' მოიპოვა. დააჯილდოვეს სხვებიც - პროექტის ერთ-ერთმა სპონსორმა K2-ს და ლუკა ყვავილაშვილს 10 000 ლარი გადასცა. ''რუსთავი 2''-ის რჩეულები გახდნენ ზურა ბალანჩივაძე, ადამიანი, რომელიც ყველაზე სასიამოვნოდ უსტვენს, და დრამერი გიორგი კაპანაძე. თითოეულ მათგანს ტელევიზიამ 10 000 ევრო აჩუქა.

შოუ მართლაც ყველაზე გრანდიოზული და მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. აქვე
უნდა აღვნიშნოთ, რომ ამჯერად ხატია ბუნიათიშვილის დეკოლტესთან ერთად, ია ფარულავას სექსუალური ჩაცმულობაც გახდა განხილვის საგანი. 30 დეკემბრის ღამეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ''ნიჭიერს'' უყურებდა. სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ზურა ბალანჩივაძესა და ლუკა ყვავილაშვილს ჰყავდათ.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა - ''ვამაყობ, რომ ვარ იმ არხის დირექტორი, რომლის შემოქმედებითმა გუნდმა შარშან აღმოაჩინა ლუკა ზაქარიაძე - ბათუმიდან და წელს - ''სითი ბენდი''. ბათუმი ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მცირე ხნის წინ შექმნილმა ბენდმა მთელი საქართველო მოხიბლა და ყველაზე რეიტინგულ შოუში ესემესების რეკორდული რაოდენობის მეტი წილი მიიღო.

მაგდა გიორგაძე, კალისტრატე ცინცაძე, სოსო ასიაშვილი, ანდრო შანიძე, ირაკლი სირაბიძე, თემო სიორიძე, ბესო კალანდაძე, თორნიკე ჭინჭარაული, ხათუნა სამხარაძე, დათო ანანიძე - ამ ადამიანებისგან შედგება ბენდი, რომელიც, მაყურებლის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ყველაზე ნიჭიერი გახდა.

ინტერვიუ ''სითი ბენდის'' სოლისტ მაგდა გიორგაძესთან ჩავწერეთ და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ბენდის სულისჩამდგმელ კალისტრატე ცინცაძესაც.

მაგდა გიორგაძე:
- ''სითი ბენდი'' წელიწადისა და სამი თვის წინ ჩამოყალიბდა, ჩვენი ხელმძღვანელის კალისტრატე ცინცაძისა და ხათუნა სამხარაძის დიდი სურვილითა Yდა ხელშეწყობით. მე ჯგუფში ჩემმა დაქალმა, მომღერალმა მაგდა ვასაძემ მიმიყვანა. ძალიან მოეწონათ ჩემი სიმღერა და ბენდში სოლისტად ამიყვანეს. 27 წლის ვარ, მუსიკალური განათლება მივიღე, მაგრამ გავთხოვდი, შვილი შემეძინა და დედობით ვიყავი დაკავებული. ბენდის ჩამოყალიბების შემდეგ ცოტა ხანს რეპეტიციები გვქონდა და შემდეგ რესტორანში დავიწყეთ მუშაობა. ძირითადად უცხოური მუსიკის ქავერვერსიებს ვასრულებთ. როკი, პოპი...
- მაგდა, უფრო ახლოს გაგვეცანით, თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით.
- ჩემი მეუღლეა გიგა ბერიძე, შვილი, სამი წლის მარიამი მყავს. გიგა ჯერჯერობით არაფერს არ საქმიანობს, საზღვაო აკადემია აქვს დამთავრებული. უპრობლემოდ გამიშვა სამუშაოდ, რადგან ბენდის წევრების დიდი ნაწილი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ბატონი კალისტრატეს სტუდიაში ვიზრდებოდით, და-ძმებივით ვართ. ახლაც მეუღლე თან მახლდა კონცერტებზე და ძალიან გახარებულია.
- თქვენი სიყვარულის ამბავი გვიამბეთ.
- 16 წლის ვიყავი, გია რომ გავიცანი და ექვსი წლის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი. არ გავპარულვართ, დავინიშნე და შემდეგ ქორწილი გადავიხადეთ. ოფიციალურად გავთხოვდი (იცინის).
- ''ნიჭიერში'' როგორ მოხვდით?
- ჩვენი ბენდის ერთ-ერთი წევრი, დათო ანანიძე გვეხვეწებოდა, რომ მუსიკალურ კონკურსზე გავსულიყავით. რესტორანში ჩვენი საქმე მშვიდად და წყნარად მიდიოდა, მაგრამ დათო გვეხვეწებოდა. ბოლოს ჩვენც დავფიქრდით. სხვა კონკურსებში ვერ მივიღებდით მონაწილეობას, რადგან ბენდში ძალიან ბევრი ადამიანია, ცალ-ცალკე გასვლა კი არ გვინდოდა. გავედით და მე მგონი, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა.
- ელოდით, რომ გაიმარჯვებდით?
- დიახ, რადგან ფინალში გავედით, ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ სხვა კონკურსან ტებს ძალიან კარგი და მრავალფეროვანი ნომრები ჰქონდათ და მაინც გვეშინოდა კონკურენციის.
- გამარჯვების ღამეს სად წახვედით, როგორ აღნიშნეთ?
- ძალიან დაღლილები ვიყავით, ემოციურად დაცლილები, დაძინებას არაფერი გვერჩივნა. ცოტა აზრზე მოსვლა გვინდოდა. ყველამ მოგვილოცა, ჟიურის ყველა წევრმა. თბილად გვესაუბრნენ. ძალიან კმაყოფილები ვართ ''რუსთავი 2''-ის.
- სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ, პრიზი, რომელიც ბინის სახით გადმოგეცათ, ამდენმა ადამიანმა როგორ უნდა გაიყოსო?
- (იცინის) დიახ, ალბათ, ამ ბინას გავყიდით და თანხას ჩვენს საქმეს მოვახმართ. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდეთ, კონცერტები გავმართოთ და მსმენელი ჩვენი მუსიკით ვასიამოვნოთ.
- გამარჯვების შემდეგ რესტორანში სიმღერას ისევ გააგრძელებთ?
- ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ ჩვენი სამსახური მხოლოდ რესტორანი არ ყოფილიყო. ვფიქრობ, გემოვნებიან მუსიკას ვასრულებთ, ამიტომ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ემოციები გაივლის, დავწყნარდებით და ალბათ, ახალ რეპერტუარზეც დავიწყებთ მუშაობას.

კალისტრატე ცინცაძე:

- ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ, რომ ''ნიჭიერში'' გაგვემარჯვა. ბათუმი არ არის განებივრებული კონცერტებით, უფრო სარესტორნო მუსიკაზეა გადასული. პროექტში გამარჯვების შემდეგ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ჩვენს მშობლიურ ქალაქში თვეში ერთხელ გავმართოთ კონცერტი. რესტორანი ცოტა მოუხერხებელია. სცენის სურნელი, მტვერი სჭირდება ადამიანს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამაზე არ გავჩერდებით. შესაძლოა, თბილისშიც მოგვიწიოს კონცერტზე ჩამოსვლამ და საქართველოს ფარგლებში ტურნეც მოვაწყოთ. ბათუმში დავსხდებით და მოვიფიქრებთ, როგორ განვაახლოთ რეპერტუარი და როგორ გავცდეთ საქართველოს ფარგლებს. დადებითი ემოციების გარდა, მთავარი ის გახლავთ, რომ კლასიკური მუსიკა შემოვა ბათუმში. ჩვენთან პატარა ბავშვებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ ამ ჟანრში იმღერონ, შეიძლება, შემდეგ სკოლაც შეიქმნას.
- დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას.
- მადლობა. ჩემი მხრივ ახალ წელს მოგილოცავთ!.. მრავალს დაესწარით, მთელ საქართველოს ვულოცავთ და თქვენი ჟურნალის რეიტინგის კიდევ უფრო გაზრდას გისურვებთ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS