- დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ორივეს ძალიან გიყვართ.
ქეთა:
- მე თოვლის ბაბუების არ მჯერა. შვიდი წლის რაც გავხდი,
გიორგი:
- და-ძმას არ გვჯერა თოვლის ბაბუის. ახალი წლის შესახვედრად ნაძვის ხე მაინც მოვრთეთ.
ქეთა:
- დედიკოს შობას დაბადების დღე აქვს და ამიტომ მიხარია ეს დღეები. ჩემი აზრით, ახალი წელი და ზაფხული ძალიან მხიარული პერიოდია. მართალია, თოვლის ბაბუის არ მჯერა, მაგრამ საჩუქრები მაინც მივიღეთ. ჩვენმა მშობლებმა გვიყიდეს. მე ''აიპოდი'' და ფუმფულა თოჯინა მაჩუქეს. ადრე თოვლის ბაბუას ბარბი დავაბარე და ისიც მომიტანა, ამ თოჯინას ბევრი კაბა და თმის ბრჭყვიალა საღებავები მოჰყვა. ძალიან მიყვარს ბარბები.
გიორგი:
- ერთხელ უზარმაზარი ყუთი მივიღე საჩუქრად, რომელშიც სულ ასაფეთქებლები იყო. დაახლოებით ორასი ბომბი მაინც. ძალიან მაგარი იყო, ყველა ავაფეთქე.
- საახალწლო კერძებიდან ყველაზე მეტად რა გიყვართ?
- სუფრაზე რაც იქნება, ყველაფერი მიყვარს, არაფერზე არ მაქვს პრეტენზია.
ქეთა:
- მე გოზინაყი მიყვარს ყველაზე მეტად.
- სერიალში მალე სამი და-ძმა გეყოლებათ. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
- ძალიან მაგარია, ბევრი და-ძმა რომ ვიქნებით, ვითამაშებთ და გავერთობით. კარგია, ოჯახში ბევრი ბავშვი რომ არის.
- სერიალში ჯეკოს შეყვარებული ჰყავს…...
- მე მყავდა და ძალიან მიშლიდა გიორგი ნერვებს.
- რატომ გიშლიდა ნერვებს?
გიორგი:
- ვეუბნებოდი, დიდყურება საბა გიყვარს-მეთქი. სცენარში ასე იყო.
ქეთა:
- სცენარში კი ასე იყო, მაგრამ მერე ისედაც მაბრაზებდა, დიდყურება საბა გიყვარსო, მეუბნებოდა.
გიორგი:
- ამის შეყვარებულს მართლა დიდი ყურები აქვს.
ქეთა:
- დიდი ყურები და დიდი ცხვირი შენს შეყვარებულს აქვს და კიდევ - გრძელი ენა აქვს.
გიორგი:
- არაა ჩემი შეყვარებული ასეთი, იტყუები.
- ნუ იჩხუბებთ შეყვარებულის ყურების გამო. სულაც არაა ცუდი, თუ რომელიმეს დიდი ყურები აქვს.
ქეთა:
- არ არის დიდი ყურები კარგი. ამის შეყვარებულს უზარმაზარი ცხვირი აქვს და ენაჭარტალაა.
- ქეთა, ამბობდი, ოჯახში ბევრი ბავშვი რომ იქნება, კარგიაო და ხედავ, ორნი ხართ და როგორ კამათობთ.
- გოგო მაინც იყოს, კარგად ჩავცხებდი.
- სხვა დროს რაზე გიკამათიათ?
გიორგი:
- კომპიუტერთან დაჯდომასა და დიდყურება სანდროზე.
- ე.ი. როგორც ვხვდები, ვინმე სანდროს ქეთა რეალურად მოსწონს.
- კი, ასეა. სერიალში საბა იყო, სინამდვილეში კი სანდროა.
- გიორგი, შენ არავინ მოგწონს?
ქეთა:
- ამას საშინლად ცუდი შეყვარებული ჰყავს. გაკვეთილებზე სულ ლაპარაკობს.
- დარწმუნებული ვარ, ერთმანეთი ძალიან შეგიყვარდათ და შეეჩვიეთ, უკვე დიდი ხანია, ერთ სერიალში თამაშობთ.
- კი, ასეა.
- სერიალში თამაშის გამო სწავლაში ხელი ხომ არ გეშლებათ. სკოლაში რა ნიშნებს იღებთ?
- მე ნიშნებს არ მიწერენ. მასწავლებელი სულ მეუბნება, ქეთა, ძალიან კარგი გოგო ხარო. ცოტა მათემატიკაში მიჭირს. ქართულში კი სულ ''ყოჩაღებს'' ვიღებ.
გიორგი:
- ისტორია და ბუნება მიყვარს. ამ საგნებსა და ქართულს კარგად ვსწავლობ. მათემატიკა ცოტა მიძნელდება.
- სერიალში თამაშისას ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
- მე ის მომეწონა, პუფში რომ დავიმალეთ. დედამ რომ იტირა, მართლა ძალიან მაგარი იყო.
გიორგი:
- მეც ეგ სერია მომეწონა ყველაზე მეტად. პუფში ვიყავით დიდი ხანი, გაჭყლეტილები და ვერ ვსუნთქავდით.
- გიორგი, რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე რომანტიკოსი ხარ, როგორიც ჯეკოა?
- ქეთამ იხუმრა, როცა თქვა, გიორგის შეყვარებული ჰყავსო. სინამდვილეში არ მყავს შეყვარებული და არც არასდროს მყოლია.
ქეთა:
- დააკვირდი? ამას რომ ამბობდა, ისე გაეცინა, რომ ადრე ვიღაც მოსწონდა და არ ამხელს.
- უკვე დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ და როგორ დაახასიათებდით ერთმანეთს?
- ჭკვიანია, სკოლაში სულ ათიანებს იღებს, გოგონებს პატივს სცემს.
გიორგი:
- ეუფ, რა მაგრად დამახასიათა. ქეთაზე ვიტყვი, რომ ჯერ პატარაა, მაგრამ კარგად სწავლობს და ჭკვიანია. კარგი თვისებები აქვს და თან ცოტა ცელქია.
- გიორგი ლიფონავა როდისმე გაგიბრაზებიათ?
- არა, ჩვენ რეჟისორს ყველაფერს ვუჯერებთ, ძალიან გვიყვარს.
ქეთა:
- გიორგი სულ ეუბნება, გადაიხოტრე ეგ თმა, რამხელა ბუჩქი გაქვს, შენ გარშემო ვერაფერს ვხედავო.
- გიორგი, შეელევი თმას სერიალის გამო?
- არა, ძალიან მიყვარს ჩემი თმა და მომწონს, როგორც მაქვს. გიორგი ხუმრობით მეუბნება, თმა შეიჭერიო.
- ქეთა, მახსოვს, ადრე ამბობდი, რომ მსახიობობა და ვიზაჟისტობა გინდოდა. მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით შეიცვალე აზრი?
- ახლა სიმღერაც მინდა, რომ ვიცოდე.
- გიორგი, შენ რას ფიქრობ, რომ გაიზრდები, რა პროფესიას აირჩევ?
- ფეხბურთელობა მინდა. მე და ჩემი მეგობრები ეზოში სულ ფეხბურთს ვთამაშობთ. არ ვიცი, ამ სპორტს გავყვები თუ - არა, მაგრამ ძალიან მომწონს.
ქეთა:
- სამი დედმამიშვილი არიან. გიორგის და-ძმა ჰყავს.
გიორგი:
- ჩემი ძმაც მსახიობია. ''ნათია და ნათიაში'' ვატოს როლს თამაშობს.
- სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' თქვენი დედიკოს დაქალებზე რა აზრის ხართ?
ქეთა:
- კატო არის ძალიან პრანჭია.
გიორგი:
- თინა განათლებულია. კატოს სულ არიგებს. სერიალში დედის ყველა დაქალი მომწონს.
- იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ შეიძლება, სერიალი ისე გაგრძელდეს, რომ მამიკო ნათიასთან წავიდეს.
ქეთა:
- არ არსებობს.
გიორგი:
- ვიცი, ჩვენ მარტო არ დაგვტოვებს.
- ასე დარწმუნებულები რატომ ხართ?
ქეთა:
- ძალიან კარგი მამიკოა და იმიტომ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''