ფინალური ოთხეული ასე გამოიყურებოდა: ანრი ჯოხაძე, დათო გომართელი, ელენე კალანდაძე და ნუცა ბუზალაძე. გამარჯვებული და 40 000 ლარის მფლობელი ელენე კალანდაძე გახდა. გამარჯვებულს ტელევიზიაში შევხვდით და დაგროვილ ემოციასა და გეგმებზე ვესაუბრეთ.
- ელენე, ფინალურ შოუზე, როდესაც გამარჯვებულს აცხადებდნენ, მაყურებელს პირველი ადგილის მფლობელი პირველი რამდენიმე წამი დათო გომართელი ეგონა.
- დიახ, გაუგებრობა მოხდა, როდესაც გამოაცხადეს, და გამარჯვებულია... დათო გომართელი. ამ დროს მივედი და გულით ჩავეხუტე. დათო მეუბნებოდა, არა, ელენე, მე კი არა, შენ გაიმარჯვე, მეორე ეკრანზე გაიხედეო. დავინახე, რომ პროცენტულად უფრო მეტი ხმა მე მივიღე. სიხარულისგან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. ცხოვრებაში არ მქონია გამარჯვებულის სტატუსი. საოცარი შეგრძნებაა, საუბარი ახლაც მიჭირს.
- კონკურსანტებს ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა გიწევდათ.
- ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პროექტია, თან ძალიან სახალისო. ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ არავინ არ ვარდება და ყველას აქვს შანსი, ქულებით ისევ ზევით აიწიოს. ძალიან გამიხარდა, რომ მონაწილეობის შანსი მომეცა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალში მოვხვდებოდი, მაგრამ ასეთ შედეგს მართლა არ ველოდი. ორ თვეზე მეტი თითოეულმა კონკურსანტმა დიდი შრომა ჩავდეთ. ბევრს მოგვიხდა სხვა საქმის გადადება და ყოველდღე აქ ვიყავით. შოუს განმავლობაში არ ყოფილა ტური, რომ მონაწილეობა მენანოს. ცხოვრებაშიც ასე ვარ, რასაც ხელს მოვკიდებ, არასოდეს ვნებდები. პირიქით, ვცდილობდი, ბოლომდე მივწოლოდი და რქებით გამეტანა.
- შოუს განმავლობაში ორი ქართველი მომღერლის განსახიერებამ მოგიწია - ნანი ბრეგვაძე და აჩიკო მეფარიძე.
- „აჩიკო მეფარიძე“ წარუმატებელი აღმოჩნდა. მამაკაცის განსახიერებამ რობი უილიამსის შემთხვევაშიც მომიწია, მაგრამ სცენაზე მოძრაობა მჭირდებოდა, ცოტა ვმაიმუნობდი, თან ინგლისურად ვმღეროდი და გამომივიდა. რაც შეეხება მეფარიძეს, ქართულ სიმღერასთან ვერ ვმეგობრობ. გამიჭირდა მორგება. აჩიკოს პირადად არ ვიცნობ, გადაცემის პროდიუსერი ესაუბრა, რომ კონცერტზე მოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. კონცერტის შემდეგაც არ დაურეკავს. რაც შეეხება ნანი ბრეგვაძის შემთხვევას, ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მისმა ოჯახმაც დამირეკა და მითხრეს, ნანი რომც არ გემღერა, მაინც ძალიან გვეამაყებიო.
- პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეების ნაწილს ჟიურის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა.
- შეიძლება, რამდენიმე ტურში არ ემთხვეოდა სიტყვიერი და ქულებით შეფასება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კომპე-ტენტური მაინც ჟიურია და ძალიან კმაყოფილი ვარ. როდესაც აჩიკო მეფარიძე შევასრულე, არ ვვარგოდი და ვიცოდი, რომ დაბალ ქულებს დამიწერდნენ. საბოლოოდ მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ.
- მონაწილეები წუწუნებდნენ გრიმზეც, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო.
- ჩემ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ გამოუწვევია, თუმცა ამხელა მასას რომ გადებენ სახეზე, რთულია. მაგის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. არაფერს ვუჩივი, ჩემი სახე ნორმალურ მდგომარეობაშია.
- პრიზად 40 000 ლარი გადმოგცეს...
- სპონსორმა ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ერთკვირიანი საგზურიც გადმომცა. ჯერ არ ვიცი, თურქეთში ვისთან ერთად გავემგზავრები. ყველა მირეკავს და მეუბნება, ელენე, კარგი იქნება, ერთად წავსულიყავითო (იცინის). კასტინგი უნდა ჩავატარო. რაც შეეხება ფულს, არ ვიცი, რაში დავხარჯავ, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე გავიმარჯვებდი. მანამდე მართლა ყველაფერი ვცადე, რომ საქართველოში რაღაც გამეკეთებინა, ყველანაირი შანსი გამოვიყენე - ხან ბენდთან და ხან დიჯეისთან ერთად გამოვდიოდი. ორი პროგრამა მაქვს. სულ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ერთი შანსი მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო და ამას თუ არ გავაკეთებ აუცილებლად ვინანებ. ეს არის საზღვარგარეთ გამგზავრება. მინდა, იქ ვცადო ბედი. ახლა მაქვს შანსი და მინდა, რომ ეს ფული ამისთვის გამოვიყენო. შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება - არა. იმას მაინც ვიტყვი, რომ ვცადე.
- შენს კარიერაზე ტელევიზია თუ იზრუნებს?
- ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან თბილად არიან განწყობილი და დიდ თანადგომას ვგრძნობდი მათგან. დახმარება რომ დამჭირდეს, ყველა გვერდში დამიდგება. მთელი ტელევიზია მგულშემატკივრობდა.
- ბერას კარგად იცნობ?
- დიახ, ბერას ვიცნობ, ჩემ მიმართ ძალიან კარგად და მეგობრულად არის განწყობილი. თბილი ადამიანია და მისი მხრიდანაც ვგრძნობდი სითბოს, რაც არ ყოფილა ყალბი. პირდაპირი ადამიანია და თუ არ მოსწონხარ, არ იტყვის. ყოველდღიურად მეუბნე
ბოდა, ელენე, რა მაგარი ხარ, კარგია, მაგარი ხარ, აბა, შენ იციო. ეს მახარებს და მაბედნიერებს.
- რამდენად გულწრფელად მოგილოცეს სხვა მონაწილეებმა, გული არ დასწყდათ?
- შესაძლოა, მე რომ გავსულიყავი სხვა ადგილზე, მეც დამწყდომოდა გული. ადამიანი ხარ, რობოტი ხომ არა, მაგრამ არ მგონია, ამხელა ბედნიერება ვინმეს უარყოფითი ემოციებით მოელოცა. ისეთ ეიფორიაში ვ ი ყ ა ვ ი , ისიც არ მ ა ხ ს ო ვ ს , ვინ მომილოცა და ვინ გადავკოცნე. ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი, რომ ეს მე დამემართა და ხალხის რჩეული გავხდი.
- ქართული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულები ძირითადად იკარგებიან ხოლმე.
- ჩემი მუსიკალური ცხოვრება „ვარსკვლავების აკადემიით“ დაიწყო. სამწუხაროდ, მომხდარი ტრაგედიის გამო პროექტი ფინალამდე ვერ მივიდა. „ერთი ერთშის“ განმავლობაში გულში საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ელენე, იმ დაუმთავრებელ პროექტს ახლა დაამთავრებ-მეთქი და ძალიან გამიხარდა, რომ ასე მოხდა. „ვარსკვლავების აკადემიის“ შემდეგ ბევრი მონაწილე სახლში დაჯდა, აღარ ჩანან. მე და სოფო ტოროშელიძემ კარიერა გავაგრძელეთ. არ გავჩერდი, მივხვდი, რომ ამ სფეროში უნდა ვყოფილიყავი, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. თითქმის ყველგან მიმღერია. ჩემს ცხოვრებაში იყო „ევროვიზიაც“ - მე და სოფო ტოროშელიძე სოფო ნიჟარაძის ბექვოკალში ვმღეროდით. სულ ასე ვცდილობდი, რომ ჩემი მუსიკალური ბექგრაუნდი რაღაცით შემევსო, რადგან არაფრიდან მოვინდომე მომღერლობა. ახლა უფრო დიდი შანსი მაქვს, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ორმაგად მომემატა პოპულარობა. სოციალურ ქსელში ისეთი ამბები ხდება, გადარეული ვარ. უამრავი ადამიანი მწერს. კონცერტის მეორე დღეს ჩვენმა ვოკალის პედაგოგმა ეფრემ შანელმა დამირეკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ბოლო ორ ტურზე არ იყო და ძალიან გამიხარდა მისი ზარი. მითხრა, ძალიან მაგარი გოგო ხარ, ღირსეულად მოიგეო. შენ და ნუცა ბუზალაძეს ამერიკაში გელოდებითო.
- ახალი წელი სად გაატარე?
- 31 დეკემბერს ბენდთან ერთად ბაქოში გავფრინდი, სადაც ახალგახსნილ სასტუმროში კონცერტი მქონდა. ცოტა გული მწყდება, რომ მეოთხე წელია, ახალი წლის შეხვედრა სულ სხვაგან მიწევს. მომენატრა ამ დროს საქართველოში მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ესეც ჩემი სამსახურია და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია.
- პოპულარობამ შენი თაყვანისმცემლების რიცხვი არ გაზარდა?
- რა თქმა უნდა. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, რომ ამას ვერ ვგრძნობ. დიახ, ასეა (იცინის). მაგრამ მარტო ვარ. ძალიან ჩართული ვარ ჩემს საქმეში. ამ პერიოდის განმავლობაში სხვა ცხოვრება არ გამაჩნდა. ჩემი სახლია „ჯდს“ და სხვა არაფრისთვის არ მეცალა. ინტერვიუს ბოლოს ყველას ვულოცავ ახალ წელს და ხალხს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი!..
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“