06 იანვარი, 2014
როგორი იქნება 2014 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორი იქნება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის ცხენის წელი და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი წელი წარმატებული იყოს ''რეიტინგის'' გასულ ნომერში 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი შემოგთავაზეთ. ამჯერად ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გაგვაცნობს, როგორი იქნება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის ცხენის წელი და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი წელი წარმატებული იყოს.

ვერძი:

წლის პირველი ნახევარი ვერძებისთვის წარმატებული იქნება სახლსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მათ ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან. ჯანმრთელობის მხრივ მთელი წელი სტაბილური იქნება. მნიშვნელოვანი სიახლეები
მათ ცხოვრებაში ჩვიდმეტი ივლისის შემდეგ დაიწყება.
წლის მეორე ნახევარში ვერძებს გაუმართლებთ სიყვარულში, კარიერაში. მოსალოდნელია, გაუმართლოთ ფინანსურ დაბანდებებშიც. წლის მეორე ნახევარი ვერძი აბიტურიენტებისთვის წარმატებული იქნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ვურჩევ, წლის პირველ ნახევარში არ აჩქარდნენ, რადგან აჩქარებამ შეიძლება, ხელიდან შანსი გააშვებინოთ. ცხოვრების ტემპი შეუსაბამონ იმას, რასაც გარემოებები სთავაზობს. წლის მეორე ნახევარში კი სასურველია, მეტად ამბიციურები გახდნენ. შეეცადონ, ყველანაირად მოხვდნენ ყურადღების ცენტრში. ვურჩევ, ყურადღება გაამახვილონ ჩაცმულობაზე. განსაკუთრებით ქალებს ვურჩევ, ჩაცმულობას დიდი ყურადღება მიაქციონ. მამაკაცები კი, უკეთესი იქნება, თუ რისკიანობას გამოიჩენენ. წლის მეორე ნახევარში ვერძ მამაკაცებს კიდევ უფრო გაუმართლებთ. კაზინოში ნუ მივლენ და მთელ ქონებას იქ ნუ დატოვებენ, თორემ სხვა მხრივ კარგი წელი ექნებათ, თუ რისკზე წავლენ.

კურო:

წლის პირველ ნახევარში კუროს ცხოვრებაში დადებით როლს ითამაშებენ სანათესავო და სამეზობლო. კურო უნდა შეეცადოს, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს და ისინი თავის ცხოვრებაში, რაც შეიძლება, მეტად ჩართოს. ასეთი საქციელი კუროს დიდ წარმატებას მოუტანს. ჩვიდმეტ ივლისამდე პერიოდი კუროებისთვის დაოჯახების საუკეთესო პერიოდია. ვინც დაოჯახებულია, ისინი ოჯახურ გარემოში მიაღწევენ ჰარმონიას. ჯანმრთელობის მხრივ კუროებისთვის წლის პირველი ნახევარი ცოტა რთულია. სასურველია, მეტი ყურადღება დაუთმონ ნერვულ სისტემას. სადაც დისკომფორტს განიცდიან, ისეთ გარემოში ყოფნას არ ვურჩევ. წლის მეორე ნახევარი კუროებისთვის კარგია, ჩ ვ ი დ მ ე ტ ი ივლისის მერე მათ შესაძლებლობა მიეცემათ, მაქსიმალურ კომფორტს მიაღწიონ იქ, სადაც მანამდე დისკომფორტს გრძნობდნენ. წელი წარმატებული იქნება სახლსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის გაჩენაც. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მათ ცხოვრებაში წლის მეორე ნახევარში მოხდება, კუროებს საშუალებას მისცემს, უკეთესად მოერგონ ცხოვრებას. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები რაც მეტს ილაპარაკებენ, მეტ სიმპათიას მოიპოვებენ. წლის მეორე ნახევარში ქალებს ვურჩევ, უფრო ემოციურები იყვნენ და მამაკაცებმა კი გარშემო მყოფებისადმი მზრუნველობა გამოიჩინონ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კუროებმა მთელი წლის განმავლობაში უნდა გაითვალისწოინონ, ისაა, რომ წლის პირველ ნახევარში ლოგიკას მიენდონ, მეორე ნახევარში _ ინტუიციას.

ტყუპები:

ტყუპებისთვის წლის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება შემოსავლების სფეროში. საუბარია შემოსავალზე, რომელსაც თავიანთი შრომით მოიპოვებენ. ტყუპებისთვის წელი წარმატებული იქნება, გარდა ამისა, მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები სამსახურთან დაკავშირებით. ბევრი ტყუპი დასაქმდება, ვინც უკმაყოფილოა ანაზღაურებით, ისეთ პირობებს შესთავაზებენ, რომ კმაყოფილი დარჩება. მოსალოდნელია კარიერული წინსვლაც. ჩვიდმეტი ივლისის შემდეგ ტყუპებისთვის ისეთი შესაძლებლობების პერიოდია, როდესაც ახალ კავშირებს დაამყარებენ და ეს კავშირები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მათ ცხოვრებაში. ამ ზოდიაქოს ნიშნის მატარებლები წლის მეორე ნახევარში შექმნიან ოჯახს. ვინც დაოჯახებულია, ოჯახურ პრობლემებს მოაგვარებს. წლის პირველ ნახევარში მათზე კარგ გავლენას მოახდენენ მეგობრები. ვურჩევ, წლის მეორე ნახევარში მეგობრებს ბრმად ნუ მიენდობიან. ტყუპებს წლის პირველ ნახევარში ვურჩევ, ორიენტირებული იყვნენ მატერიალურ შემოსავლებზე, წლის მეორე ნახევარში კი თამამად განახორციელონ ახალი იდეები. რაც უფრო სწრაფად შეეცდებიან იდეების რეალიზებას, მით უფრო წარმატებული იქნება მათთვის 2014 წელი. წლის პირველ ნახევარში ტყუპებმა უნდა დაიკავონ მსმენელის პოზიცია. წლის მეორე ნახევარში კი ინიციატივას საუბარში თავად უნდა ფლობდნენ და თამამად გამოთქვან თავიანთი შეხედულებები.

კირჩხიბი:

კირჩხიბებს თუ რაიმეს წამოწყება ან შეცვლა უნდათ, უმჯობესია, ეს ჩვიდმეტ ივლისამდე მოასწრონ. სიახლეები და წამოწყებები, რომლებსაც გარემოებები მათ ამ თარიღამდე შესთავაზებს, მათი ბედის შემდგომ განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს. აბიტურიენტები, რომლებიც კირჩხიბის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული, წარმატებით ჩააბარებენ. შესაძლებელია, კირჩხიბების ცხოვრებაში გაჩნდეს კონტაქტები უცხოეთთან, რომელიც მათ სიკეთეს მოუტანს. უცხოეთში ტურისტად გამგზავრებაც კი წარმატებული იქნება. ბევრ კირჩხიბს სიყვარულში გაუმართლებს. ვისაც შეყვარებული არ ჰყავს, იპოვის. ჩვიდმეტი ივლისის შემდგომი პერიოდი კირჩხიბებისთვის წარმატებული იქნება სამსახურისა და ჯანმრთელობის კუთხით. წლის მეორე ნახევარში კირჩხიბები კარგ სიტუაციაში აღმოჩნდებიან და უფრო მეტ ფინანსებს მიიღებენ. თუკი ჯანმრთელობის თვალსაზრისით მათი ენერგეტიკა შესუსტებულია, წლის მეორე ნახევარში გაძლიერდებიან. კირჩხიბები მაქსიმალურ სიმპათიას მოიპოვებენ თავიანთი ინტუიციის მეშვეობით, ისინი ადვილად გამოიცნობენ ნებისმიერი ადამიანის აზრებს. კირჩხიბი თავის ინტუიციას უნდა მიენდოს. ასევე ვურჩევ, მოერიდოს კონფლიქტებს წლის მეორე ნახევარში.

ლომი:

ლომებისთვის წლის პირველი ნახევარი პასიური იქნება. შეიძლება, ლომებს რაიმეს კეთება უნდოდეთ, მაგრამ მათ ხელს მუდმივად რაღაც შეუშლის და მუდმივ იზოლაციაში იქნებიან. მაგრამ ლომები უნდა მიხვდნენ, რომ ჩვიდმეტ ივლისამდე კოსმოსი მათ უბრალოდ ასვენებს. ამ პერიოდის შემდეგ კი მათ ისეთი აქტიურობა მოუწევთ, თავისუფალი დრო საერთოდ არ ექნებათ. ამიტომ ვურჩევ, წლის პირველ ნახევარში დაისვენონ და ყურადღება არსებული პრობლემების მოგვარებას დაუთმონ. სახლში კომფორტი შეიქმნან. იფიქრონ დაუმთავრებელი საკითხების ბოლომდე მიყვანაზე. შეიძლება, ლომებს ჩვიდმეტ ივლისამდე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა დასჭირდეთ, მათ შორის კრედიტებისა და ვალების აღება. წლის მეორე ნახევარში მათ ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. ისეთ სიახლეებს შესთავაზებს ცხოვრება, მომდევნო თორმეტი წელი მათ ცხოვრებაში წარმატება დაისადგურებს. ამიტომ ამ პერიოდში რაც უფრო მეტ ახალ საქმეს წამოიწყებენ და მეტ სიახლეს შეიტანენ ცხოვრებაში, მით უფრო კარგი იქნება. ლომებისთვის ჩვიდმეტ ივლისამდე პერიოდში გადატვირთვა არაა მიზანშეწონილი. დახარჯულ ენერგიას სწრაფად ვერ აღიდგენენ. წლის მეორე ნახევარში ჯანმრთელობის პრობლემა ნაკლებად ექნებათ. ქალ ლომებს წლის პირველ ნახევარში რომანტიკული ადამიანის პოზიციის დაკავებას ვურჩევ. წლის მეორე ნახევარში კი მხიარული და პოზიტიური ადამიანის განწყობა მოუტანს მათ წარმატებას.

ქალწული:

ქალწულებისთვის წლის მეორე ნახევარი იქნება მიზნებისა და სურვილების რეალიზაციის საუკეთესო პერიოდი. გარემოებები ხელს შეუწყობს რეალური და არა ფანატიკური მიზნების მიღწევაში. ახალი კავშირები და ნაცნობობა მათ ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებს. ჩვიდმეტ ივლისამდე ქალწულები მიღებულ ინფორმაციას წარმატებით გამოიყენებენ, მაგალითად, ფინანსური პრობლემების მოგვარებაში. სასურველია, ქალწულები ინტერესით მოეკიდონ იმ ინფორმაციას, რასაც მეზობლებისა და ნათესავებისგან გაიგებენ. წლის მეორე ნახევარში ქალწულებისთვის სიმშვიდე დაისადგურებს. რაც უფრო ზომიერად დახარჯავენ თავიანთ ენერგიას, კარგი იქნება. მოსალოდნელია, ბევრმა ქალწულმა სახლი შეიძინოს ან ისე მოაწყოს სახლი, რაზეც დიდხანს ოცნებობდა. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ქალწულის ცხოვრებაში შეიძლება გაჩნდეს კარგი შემოსავლები. ქალი და მამაკაცი ქალწულები დიდ წარმატებას მიაღწევენ ადამიანებთან უშუალო საუბრით.

სასწორი:

სასწორებისთვის წლის პირველი ნახევარში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გაჩნდება. მოსალოდნელია, გარემოებებმა ბევრი ისეთი პრობლემის დაძლევას შეუწყოს ხელი, რომელთა გადალახვა, მანამდე ძნელი იყო. სასწორების ფინანსები შესაძლოა, საგრძნობლად გაიზარდოს. ისინი ისეთ სამუშაო პირობებს მიაღწევენ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობენ. მთავარია, სასწორმა ბევრი არ იფართხალოს და შექმნილი გარემოების შესაბამისად იმოქმედოს. იგრძნოს თავი ადამიანად, რომელიც კარგ დინებაში მიცურავს და რასაც ის შესთავაზებს, ყველაფერი გამოიყენოს. წლის მეორე ნახევარი სასწორებისთვის პირადი პრობლემების მოგვარებისა და დაოჯახების, ასევე სადავო საკითხების მოგვარების კარგი პერიოდია. ბევრი სასწორი დაოჯახდება და ვინც დაოჯახებულია, ოჯახურ პრობლემებს მოაგვარებს. მთავარია, სასწორებმა წლის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციონ იმას, რასაც გარემოებები სთავაზობს და წლის მეორე ნახევარში საკუთარი იდეების რეალიზება დაიწყონ. სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები მაქსიმალურ სიმპათიას მოიპოვებენ სერიოზული ადამიანის იმიჯით, წლის მეორე ნახევარში კი წარმატებას მხიარული და გართობის მოყვარული სასწორები მოიპოვებენ.

მორიელი:

მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ჩვიდმეტ ივლისამდე პერიოდი უფრო კარგია, ვიდრე ჩვიდმეტი ივლისის შემდგომ. ყველა მნიშვნელოვანი რამ, რაც მორიელს წარმატებას მოუტანს, დაიწყება ჩვიდმეტ ივლისამდე. გარდა ამისა, თუ რამის წამოწყება სურთ, ეს წლის პირველ ნახევარში უნდა გააკეთონ, რადგან მეორე ნახევარში საქმის დაწყება შესაძლოა, გაუჭირდეთ. მაგრამ ჩვიდმეტი ივლისის შემდეგი პერიოდი მორიელისთვის კარგი იქნება ფინანსური თვალსაზრისით, სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოაგვარებენ. მთავარია, გარემოებებს არ შეეწინააღმდეგონ.
ვინაიდან წლის პირველი ნახევარი მორიელებისთვის დინამიკური იქნება, ამ ხნის განმავლობაში ჯანმრთელობასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ცხოვრების ამ რიტმმა შეიძლება, ენერგიისგან დაცალოთ. ჩვიდმეტი ივლისის შემდგომი პერიოდი კარგი იქნება ნებისმიერი პროფილაქტიკური სამკურნალო პროცედურისთვის. სიმპათიას გარშემო მყოფთაგან იმ შემთხვევაში მოიპოვებენ, თუკი მრჩევლის პოზიციას დაიკავებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ეკითხებიან თუ არა, ყველას მისცენ რჩევები და პირდაპირობას თუ გამოავლენენ, ეს ყველასთვის მისაღები გახდება.
სასურველია, თუკი წლის მეორე ნახევარში მორიელი საზოგადოებას თავდაჯერებული ადამიანის ამპლუაში წარუდგება, რომელიც სიძნელეებს არ გაურბის. სერიოზული ადამიანის იმიჯი მორიელებს წარმატებას მოუტანს.

მშვილდოსანი:

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის წლის პირველი ნახევარი კარგია, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები სამსახურთან დაკავშირებით, რაც მშვილდოსნებს აბსოლუტურად დააკმაყოფილებს.
მშვილდოსნებისთვის წლის პირველი ნახევარი დაუკავშირდება კრედიტებისა და ვალების პრობლემებს. სიახლეები, რასაც გარემოებები მშვილდოსნებს შესთავაზებს, მისცემს იმის საშუალებას, რომ ცხოვრებას უკეთესად მოერგონ. მშვილდოსანი ფრთხილად უნდა იყოს ფულის ხარჯვისას, მოსალოდნელია, სიძნელეების ადვილად დაძლევის სურვილის გამო დაზარალდეს.
წლის მეორე ნახევარი მშვილდოსნებისთვის კარგი იქნება უცხოეთთან კონტაქტის თვალსაზრისით. თუნდაც ტურისტად წასვლამ უცხოეთში შესაძლებელია, მათ ცხოვრებაში დიდი სიახლე შეიტანოს. წლის პირველ ნახევარში მშვილდოსნები ადვილად მოიპოვებენ ავტორიტეტს, თუკი დაიკავებენ ფსიქოლოგის პოზიციას. მეორე ნახევარში კი ისინი საუკეთესო მრჩევლები გახდებიან და ეს მათ ავტორიტეტს გაზრდის.

თხის რქა:

თხის რქებისთვის წლის პირველი ნახევარი მთლიანად დამოკიდებული იქნება ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფებზე. სადავო საკითხებში თხის რქამ უნდა დათმოს და ნუ დადგება პრინციპულად თავის პოზიციაზე. მოსალოდნელია, ამ პოზიციამ მხოლოდ და მხოლოდ წარმატება მოუტანოს მათ.
გარდა ამისა თხის რქა ჩვიდმეტ ივლისამდე ფინანსურ პრობლემებსაც წარმატებით მოაგვარებს, ასევე ნებისმიერ ოჯახურ კონფლიქტს, სადავო და იურიდიულ საკითხებს.
წლის მეორე ნახევარში თხის რქებს გაუმართლებთ ინვესტიციების მოზიდვაში. მათ ცხოვრებაში ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა, ბევრ საიდუმლოს გაიგებენ, რასაც თხის რქები წარმატებით გამოიყენებენ ცხოვრებაში.
თხის რქებს ბევრჯერ გაუჩნდებათ საშუალება, თეატრებსა და კინოში ყოფნისას მოაგვარონ ფინანსური პრობლემები. ამიტომ ვურჩევ, ყურადღება მიაქციონ, ცხოვრება რა შესაძლებლობებს მისცემს გართობის დროს.
წლის მეორე ნახევარში კი თხის რქებმა შესაძლოა, ყველაზე ძნელად მოსაგვარებელი საკითხები გადაწყვიტონ. წლის პირველ ნახევარში თხის რქაზე დადებით გავლენას მოახდენს უკონფლიქტო ადამიანის იმიჯი, წლის მეორე ნახევარში კი მხიარული, გართობის მოყვარული, პრობლემებისადმი გულგრილი ადამიანის სახე მოუტანს წარმატებას.

მერწყული:

წლის პირველი ნახევარი მერწყულისთვის სამუშაოსთან დაკავშირებულ სფეროშია კარგი. განსაკუთრებით დადებითად მის კარიერაზე ახალდამყარებული კავშირები აისახება. მაგალითად, თუ ვარჯიშს დაიწყებენ, ეს მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში მათ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ჩვიდმეტი ივლისის შემდეგი პერიოდი
კი მერწყულებისთვის წარმატებული იქნება სადავო საკითხების მოგვარების თვალსაზრისით. მოსალოდნელია, მერწყულებმა ისეთი საქმიანი წინადადებები მიიღონ, რომლებიც წარმატების მომტანი იქნება.
ბევრი მერწყული დაოჯახდება, ვინც დაოჯახებულია, საოჯახო პრობლემების მოგვარებას შეძლებს. მერწყულები ადვილად შეძლებენ საკუთარი იდეებით ნებისმიერი საზოგადოების დაინტერესებას. მერწყულებს ყოველთვის ბევრი იდეა აქვთ. თუკი ადრე უჭირდათ იდეების რეალიზაცია, ჩვიდმეტი ივლისის შემდეგ ადვილად შეძლებენ მათ განხორციელებას. ჩვიდმეტ ივლისამდე უკონფლიქტო, დემოკრატიული იმიჯი უნდა მოირგონ. ადამიანისა, რომელსაც შეუძლია, ყურადღებით მოუსმინოს, უფრო მეტად მსმენელის პოზიცია დაიკავოს, ვიდრე მოსაუბრის. ჩვიდმეტი ივლისის შემდგომ პერიოდში კი მერწყულებს ვურჩევ, ისეთი ადამიანის იმიჯი მოირგონ, რომელსაც უყვარს ხელოვნება და ეს მათ წარმატებას მოუტანს.

თევზები:

თევზებისთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან იღბლიანი იქნება, ამიტომ თევზებს ვურჩევ, წლის პირველ ნახევარში შეიძინონ ერთი ლატარიის ბილეთი. ზუსტად არ ვიცი, ბევრს მოიგებენ თუ ცოტას, მაგრამ მოგების შანსი ამ პერიოდში ნამდვილად აქვთ. თევზებისთვის ისეთი ახალი წამოწყებების შესაძლებლობები გაჩნდება, რომელიც მათ ამბიციების დაკმაყოფილებაში შეუწყობს ხელს.
წლის პირველ ნახევარში გაჩენილი შესაძლებლობები თევზებს პიროვნულად შეცვლის. შეიძლება, უცხოეთიდან ისეთი ინვესტიციები წამოვიდეს, რაც თევზებს კარგ მოგებას მოუტანს. ტურისტული მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრებაც კი თევზებს სასიკეთოდ შეცვლის, რაც შემდგომ გარემოებებზე მორგებაში შეუწყობს ხელს.
წლის მეორე ნახევარი თევზებისთვის იქნება საკმაოდ დინამიკური. მოიმატებს მათი ცხოვრების რიტმი და შესაბამისად, გაიზრდება მათი ანაზღაურებაც. გარემოებები თევზებს მისცემს მრავალ შესაძლებლობას, რომ ჯანმრთელობა სწრაფად აღიდგინოს. მათი სასიცოცხლო ენერგია სწრაფად გაიზრდება წლის მეორე ნახევარში.
სიმპათიასა და ავტორიტეტს თევზები მოიპოვებენ წლის პირველ ნახევარში ემოციების გამოვლენით. თუ ეცინებათ, გულიანად იხარხარონ, თუ ეტირებათ, გულიანად იტირონ. საკუთარ თავში ემოციები არ დათრგუნონ.
წლის მეორე ნახევარში კი თევზებს წარმატებას მხიარული ადამიანის იმიჯი და საკუთარი იუმორის დემონსტრირება მოუტანთ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS