"მის საქართველოს" ფინალური შოუ, ბათუმში ხვალ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტრაგედიის გამო გადაიდო.
"რეიტინგი" იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ.
ვესაუბრეთ მსახიობ კახა მიქიაშვილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოდელებთან ერთად
- კახა, რა მოხდა "ლეოგრანდში"?
- ვვახშმობდით სასტუმროს მეშვიდე სართულზე. დაახლოებით 8 საათზე, დარბაზში შუქი გაითიშა და გვითხრეს, რომ სასტუმროში ხანძარია. რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო. ელექტროენერგიის გათშვის დროს, ავტომატურად იკეტება კარი, კიდევ კარგი მოვასწარით და ტერასაზე გავედთ. შუქი როგორც კი ჩაქრა, ორ წუთში ჩაირთო სახანძრო სისტემა, წყალი ასხამდა, მაგრამ დაკვალიანების ჩაქრობა მაინც ვერ ხერხდებოდა. არაფერი არ ჩანდა, ზუსტად ორ წუთში მოვიდნენ მაშველები, მაგრამ ვერ ხდებოდა მეშვიდე სართულზე ამოსვლა. ვცდილობდით შუშები ჩაგვემტვრია, შენობიდან კვამლი რომ გასულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხარო ტრაგედია მოხდა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი სწორედ კვამლით გაიგუდნენ. ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ ასე ვამხნევებდით ერთმანეთს.
- რამდენი ხანი დარჩით ცეცხლმოკიდებულ სასტუმროში?
- სასწაული შეძლეს ჩვენმა მეხანძრეებმა, ისეთი კვამლი იყო, არაფერი არ ჩანდა, 3 მეტრი იყო კარამდე და იქამდე მისვლაც ვერ შევძელით. სიბნელე იყო, დაახლოებით ათი საათისთვის გამოგვიყვანეს მეხანძრე-მაშველებმა სასტუმროდან. მანამდე ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო. გოგონები ფეხშიშველი გაყავდათ სასტუმროდან.
- ახლა სად ხართ?
- ახლა სხვა სასტუმროში ვართ დაბინავებულები. ჩვენი ნივთები ყველაფერი სასტუმროში დარჩა. მაგრამ ამას არავინ არ ჩივის. მოგვიანებთ მივედი სასტუმროში და ფოიეში არაფერი არ არის დაზიანებული. სავარაუდოდ ხანძარი მეოთხე სართულზე გაჩნდა და ხალხი სწორედ დაკვამლიანების შედეგად გაიგუდა. ადგილზე ყოფნისას ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, ვცდილობდით ერთმანეთის დახმარებას, მაგრამ ახლა ვხვდებით, რა გამოვიარეთ.
ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა "მის საქართველო" ირინა ონაშვილი. ხანძრის დროს ის სასტუმროს გარე პერიმეტრზე იმყოფებოდა.
- პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ ტრაგედიას. გუშინ ჩავედი ბათუმში და რიკოთზე შექმნილი უამინდობის გამო, გვიან მომიწია იქ ჩასვლა. როცა სასტუმროსთან მივედი, ხანძარი უკვე იყო გაჩენილი, ტრაგედია ტრიალებდა. ვიდექი და ვხედავდი კალათებით როგორ ჩამოყავდათ ხალხი სასტუმროდან. გარედან კვამლი და ცეცხლი ასე მძაფრად არ ჩანდა, როგორც კახა მიქიაშვილმა მითხრა, ხალხი ძირითადად კვამლით გაიგუდა, დაკვამლიანება ძალიან სწრაფად გავრცელდა სასტუმროში. არც გასასვლელი იყო და მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ფანჯარასთან მისვლა მოასწრო ან ჩვენს გოგონებთან ერთად ტერასაზე იდგა. პატრულს ვთხოვდი წინ გავეშვი, ია კიწმარიშვილისგან და გოგონებისგან რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა, ვფიქრობდი, მე გავიყვანდი მათ საკუთარი ავტომობილით, მაგრამ სამართალდამცავებმა არ მიმიშვეს. ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც ჩვენი გოგონები სასწაულებრივად გადაურჩნენ.
მოდელი გვანცა ვახტანგიშვილი "მის საქართველოს" კონკურსანტია. ხანძრის დროს ის სასტუმროში იმყოფებოდა და ვახშმობდა.
- ტალანტ-შოუსთვის ვემზადებოდით და მანამდე სავახშმოდ ჩავედით დარბაზში. უცებ ჩაქრა შუქი და ორ წუთში კვამლში გაეხვია ყველაფერი, ძლივს მოვასწარით ტერასაზე გასვლა. ყველას გვეშინოდა, ვერაფერს ვხედავდით, მხოლოდ ხალხის ხმა გვესმოდა, მეშვიდე სართულის ზემოთ არის სასტუმროს ნომრები და ხალხი იქედან ითხოვდა შველას.
ჩვენც ჩვენის მხრივ ვამხნევებდით, ათი საათისთვის შეძლეს მაშველებმა ჩვენი ჩამოყვანა, სადღესასწაულო კაბებში ვიყავით გამოწყობილები, ზოგიერთმა გოგონამ ნომრიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და ფეხშიშველი გაიყვანეს მაშველებმა. საბედნიეროდ, გადავრჩით, ახლა მოვდივარ აზრზე რა გამოვიარეთ. კიდევ კარგი ვახშამი გვქონდა, ჩვენ რომ სპორტ-დარბაზში ან სასტუმროს ნომერში ვყოფილიყავით, ვერ გადავრჩებოდით. ვინც დახურულ სივრცეში მოხვდა, ყველა კვამლით გაიგუდა სამწუხაროდ.