''თუ არავინ მომილოცა, შეიძლება, საკუთარი დაბადების დღე დამავიწყდეს, მაგრამ ახალ წელს ბედნიერი ვარ, - ამბობს ის ჩვენთან საუბარში.
- ძალიან კარგი განწყობა მაქვს, რასაც გარემოებისა და ფაქტორების ერთობლობა გვიყალიბებს. თუმცა
- საგარეჯოში ოჯახთან ერთად არ იყავით?
- არა, მარტო გახლდით, დათო და ბავშვები სახლში შეხვდნენ... ჩემთვის მაშინ იქ ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყო და წავედი კიდეც. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვიდექი იმ გმირ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიბეს და ''ნაციონალებს- უთხრეს - არა!...
- ამ დღესასწაულს წელსაც იქ შეხვდებით?..
- დიახ, სწორად მიხვდით, წელსაც საგარეჯოში ვიქნები. იქ ყველაფერია, კახური სტუმარმასპინძლობაც, იქაური იუმორიც და ამბავიც, თუმცა ეს ''კარგი ამბავი- ახალი წლის გარეშეც არ არის იშვიათი. ამ დღესასწაულს წელსაც საგარეჯოში, ადგილობრივი ახალგაზრდების გარემოცვაში, ღია ცის ქვეშ ვხვდები...
- ოჯახში საახალწლო სამზადისის გაძღოლას, ალბათ, ვერ მოახერხებთ...
- წინა წლებში ხომ ყველაფერი სულ ჩემს კისერზე გადადიოდა. ამით არასდროს გამოვირჩეოდი... საბედნიეროდ, როგორც საახალწლო, ისე ყველანაირ სამზადისს ჩვენს ოჯახში დედაჩემი უძღვება.
- ბავშვებს არ უნდათ, ახალ წელს დედა მათთან იყოს?
- კი, როგორ არა, მთელი წელი მეკითხებოდნენ, დედა, ამ ახალ წელსაც არ იქნები ჩვენთანო? ამიტომ ერთი პატარა გეგმა შევიმუშავე და იმედია, განვახორციელებ; რადგან სხვა მაჟორიტარებისგან განსხვავებით, მე ის კომფორტი მაქვს, რომ საგარეჯო თბილისთან ახლოსაა, სულ 40 წუთის გზაა, შეიძლება მოვახერხო და 12 საათის შემოსვლას ჩემს შვილებთან ერთად შევხვდე, ანუ საგარეჯოდან ჩამოვიდე და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდე. საბედნიეროდ, კახეთში, სოფელ ანთოკში, სახლიც მაქვს და იქ ჩასვლა ჩემთვის ორმაგი ბედნიერებაა...
- დაუვიწყარი ახალი წელიც გახსოვთ, ალბათ...
- ისევ საგარეჯოზე ვერ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ მართლაც განსხვავებული იყო. ისე კი, ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი და განსაკუთრებული 2001 წელი იყო, როდესაც ჩემს პირველ შვილთან, სანდროსთან ერთად შევხვდით ამ დღესასწაულს. იმ წელს პირველად გავხდი დედა და ეს საოცარი გრძნობაა. 7 თვის სანდრო ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო. ამ ასაკში ბავშვს ძალიან სწორი რეაქციები აქვს და ჩვენც ძალიან ბევრს ვხალისობდით მასზე. მთელი ღამე თითქოს შეგნებულად არ ეძინა... ეს წელი კიდევ იმით იყო განსაკუთრებული, რომ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მამაჩემი გარდაიცვალა და მის გარეშეც პირველად ვხვდებოდით ახალ წელს, მაგრამ უკვე შვილიც მყავდა. მოკლედ, ორი უკიდურესობა მქონდა, ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც...
- საახალწლო ტრადიციები გაქვთ?
- არა, განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი, როგორც ყველა ქართული ოჯახი, ქართული სუფრით, გოზინაყითა და სხვა ნუგბარით ვხვდებით ახალ წელს. ამ მნიშვნელოვან ატრიბუტებზე დედაჩემი ზრუნავს. ის საახალწლო სამზადისს დიდი ხნით ადრე იწყებს და მართალი გითხრათ, ხარისხიც ეტყობა. მე, როგორც წესი, ვერაფერში ვერ ვახერხებ მონაწილეობას, რადგან ამის საშუალებას სამსახური არ მაძლევს...
- მეუღლე პოლიტიკოსი რომ არ გყავდეთ, გკითხავდით, როგორ ეგუება თქვენს გრაფიკს-მეთქი...
- (იცინის) სხვა არჩევანი აქვს?.. იცით, ეს არ მომხდარა მერე, როდესაც ჩვენ ცოლ-ქმარი გავხდით, უკვე ორივემ ვიცოდით და გააზრებული გვქონდა, რა შარში ვყოფდით თავსაც და ერთმანეთსაც რაში ვხვევდით... ჩვენი ცხოვრების გრაფიკი თავიდანვე პრობლემური იყო ბავშვებისთვის, თორემ მე და დათო ამას უკვე შეგუებული ვიყავით. ბავშვებს ძალიან გაუჭირდათ, რადგან ძნელია პატარას აუხსნა, რატომ არ არის ან ვერ არის დედ-მამა მის გვერდით, ისე, როგორც ეს ჩვეულებრვ ოჯახებში ხდება. ბავშვებს განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჭირდათ, რაც პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს. მე და დათო ერთად მივდივართ და ერთად ვბრუნდებით, ამიტომ ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის, პირიქით, შანსი მოგვეცა, რომ გზაში უფრო მეტხანს ვიყოთ ერთად. ქუთაისში სულ სამსახურში ვართ და ვერც თბილისში ყოფნის დროს ვხედავთ ერთმანეთს. თუმცა ადრე, ვიდრე ქუთაისში გადავიდოდით, ღამე მაინც მოვდიოდით სახლში და დილას, სანამ ბავშვები სკოლაში წავიდოდნენ, მცირე დროით, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით. ეს ბავშვებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ახლა მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოვდივართ და მაშინაც საქმეებზე გვიწევს სირბილი... ამან ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა პარლამენტის ქუთაისში ყოფნა მხოლოდ ჩემი და ჩემი შვილების კი არა ასეულობით ადამიანის პრობლემაა, პარლამენტის აპარატის 800-მდე თანამშრომელი ასე იტანჯება და გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში არსებობით ქვეყნის საქმე ზარალდება. იქ სრულიად პარალიზებული ხარ, ვერც მთავრობის წევრს ელაპარაკები, ვერც ექსპერტს და ვერც ჟურნალისტს. ისე კი, კარგია, ჟურნალისტებისგან ცოტას დავისვენებთ, მაგრამ მაინც რომ ვერ გვასვენებთ (იცინის)... ასე რომ, იმედია, მომავალი წლიდან უკვე თბილისში დავბრუნდებით და თქვენც დაისვენებთ და ჩვენც...
- რომელია თქვენი საყვარელი დღესასწაული?
- ახალი წელი, ყველაზე მეტად მიყვარს. იცით, დაუჯერებელია, მაგრამ რაც ახალ წელს უკავშირდება, ყველაფრის მჯერა, ''ბედობისაც-, მეკვლეობისაც, ლამის თოვლის პაპისაც დავიჯერო... ჩემი დაბადების დღე ბევრჯერ დამვიწყებია, რომ არ მომილოცონ, არც გამახსენდება, მაგრამ ახალი წელი ძალიან მიყვარს და ასე მგონია, ჩემი დაბადების დღეც ახალ წელს არის. ასაკი მემატება მაშინ, როდესაც ახალი წელი შემოდის და აქედან იწყება ათვლის წერტილი. ჩემს შვილებს არ სჯერათ თოვლის პაპის და მე მჯერა. ამას წინათ უმცროსი გამომიტყდა, წერილი კი დავწერე, მაგრამ არ გეგონოს, რომ მართლა მჯერა თოვლის პაპის. ვიცი, ვისაც მოაქვს საჩუქრები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მომიტანოსო...
- თოვლის პაპას, ალბათ, უკვე მისწერეს წერილები...
- კი, სათამაშოებს სთხოვენ და ორი წელია ''X ბოქსსაც-, მაგრამ თოვლის პაპას არ მოაქვს და ამის გამო დიდი ტრაგედია აქვთ...
- რატომ ვერ მოაქვს?
- ჯერ ვერ იმსახურებენ...
- ბატონ დავითსაც თქვენსავით უყვარს ახალი წელი?..
- კი, ჩვენს ოჯახში ეს ძალიან დაფასებული დღესასწაულია...
- იცით, ქალბატონო თინა, ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ, ასე მგონია, ბატონი დავითი ყველაფერს ისე დინჯად აღიქვამს, როგორც ეს ჟურნალისტების თვალით ჩანს...
- არ ცდებით, ნამდვილად ასეა და ეს ხანდახან სულაც არ არის მისასალმებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილების დატუქსვას ეხება საქმე. ფაქტობრივად, ვერ ტუქსავს, რადგან ამ იშვიათ შემთხვევას ბიჭები არასერიოზულად უყურებენ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ მამა გაუბრაზდეთ. ასეთია დათო, ემოციას თითქმის არასდროს გამოხატავს.
- შვილებზე რას გვეტყვით?
- სანდრო და გიგა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანია. უფროსი 13 წლისაა, უმცროსი - 8-ის. უფროსს პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს, მისი სფეროა სხვა დანარჩენი, - მუსიკა, ხატვა, ხელოვნების სხვა დარგები, ყველაფერში ერკვევა. პატარას, გიგას, ყველაფერი აინტერესებს და ყველაზე კარგად პოლიტიკაში ერკვევა. თუ საჭიროდ ჩათვლით, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დაუსვათ კითხვა, აუცილებლად ანალიტიკურ პასუხს გაგცემთ.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''