შოუბიზნესში გამოჩენამდე თორნიკე კვიტატიანი უკვე იყო წარმატებული მოჭიდავე თავისუფალ სტილში, დღესაც მონაწილეობს ჩემპიონატებში და რუსეთის სახელით ასპარეზობს, თუმცა, ეს მისი არჩევანი არ ყოფილა, ოჯახის ცხოვრება აეწყო ასე. წარმოშობით აფხაზეთიდანაა, როდესაც
- დავიბადე 1992 წლის 15 აგვისტოს, სოხუმში, ომის დაწყების დღეს. სოხუმის აღების შემდეგ ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდა, მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ რუსეთში ჩავრჩით. მოსკოვში მივედი ბაღში, სკოლაც აქ დავამთავრე და უნივერსიტეტიც.
- თქვენი მშობლები რას საქმიანობენ?
- მამაჩემი, გურამი, 2002 წელს გარდაიცვალა. დედა ლალი ჩემიაა. აფხაზეთში როდესაც ვცხოვრობდით, მამა სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი იყო, დედა ქიმია-ბიოლოგიის.
- მამას გარდაცვალების შემდეგ ოჯახს ცხოვრება გაგიჭირდათ?
- მამის გარდაცვალების შემდეგ დავრჩით მე, დედა და ჩემი და თამუნა. მაშინ 10 წლის ვიყავი, დედა გვზრდიდა, მუშაობდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა. პატარა ბიზნესი გვაქვს, მაღაზიაა და დედა იქ მუშაობს. მე შოუბიზნესში ჩავები, ასევე ჭიდაობიდან რაღაც ხელფასი მაქვს და შემიძლია, საკუთარ თავს მივხედო.
- ასე კარგად სად ისწავლეთ ქართული?
- სახლში ქართულად ლაპარაკს მივეჩვიე. სახლის გარეთ რუსულად ვსაუბრობ.
- როდის დაიწყო თქვენი სპორტული კარიერა?
- 7 წლის ვიყავი, ჭიდაობაზე რომ მივედი, სოხუმში მამაჩემი ჭიდაობაზე შოთა კიკაბიძესთან დადიოდა, ომის შემდეგ შოთაც რუსეთში წამოვიდა და მწვრთნელი გახდა. 7 წლისა მამამ მასთან მიმიყვანა და მას შემდე ვვარჯიშობ.
19 წლის ასაკში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გავხდი. მას შემდეგ პროფესიულ დონეზე ვვარჯიშობ. რუსეთის პრიზიორი ვარ. მოსკოვის ჩემპიონატები ბევრჯერ მოვიგე.
- მუსიკალური ნიჭი და ხმაც აღმოგაჩნდათ, 2016 წელს რუსულ "ვოისში" ჟიური მოხიბლეთ, როდის დაიწყეთ სიმღერა?
- "ვოისამდე" არ ვმღეროდი. ფანდურზე და გიტარაზე ვიცოდი დაკვრა. პროფესიულ დონეზე სიმღერა კონკურსში დავიწყე. ამის შემდეგ ჩემი სასიმღერო კარიერა აეწყო, მაქვს კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში, მყავს მენეჯერი, რომელიც მეხმარება. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ზაფხულში კინოშიც გადამიღეს.
- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?
- წელს უკვე სამჯერ ვიყავი ბათუმშიც და თბილისშიც. ძალიან ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს საქართველოში.
- სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი ხართ. თქვენს ცხოვრებაში არის საყვარელი ქალი?
- თორნიკეს გული თავისუფალია. ძალიან მინდა, ქართველი გოგო მოვიყვანო ცოლად და, სიმართლე გითხრათ, ვეძებ კიდეც. არ მინდა, ჩემმა პოპულარობამ პირადში ხელი შემიშალოს. მინდა, ისეთივე ოჯახი მქონდეს, როგორიც ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ.
- პოპულარობა პირად ცხოვრებაში რატომ შეგიშლით ხელს?
- იმიტომ, რომ მინდა, გოგოს შევუყვარდე, როგორც პიროვნება და არ შეუყვარდეს ის თორნიკე, რომელსაც სცენაზე ხედავს.
მარი მგალობლიშვილი
ჟურნალი "სარკე"