31 დეკემბერი, 2013
რომელი საახალწლო ტრადიცია დაარღვია გათხოვების შემდეგ გვანცა დარასელიამ
ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდებით ამ დღესასწაულს, იმედია, წელსაც ასე იქნება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ შეიძლება, სამსახურში მომიწიოს ყოფნამ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის როგორც გადაცემა ''სხვა შუა დღის'' წამყვანი გვანცა დარასელია ამბობს, 2013 წელი მისთვის კარგი და დაბალანსებული იყო, თავისი უარყოფითი და დადებითი მოვლენებით, მაგრამ 2014-სგან კიდევ უფრო მეტ კარგს ელის. წინასაახალწლოდ ტელევიზიის თანამშრომლებს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ, გვანცა საოჯახო სამზადისში ნაკლებად ერთვება, თუმცა მის საახალწლო სუფრას, როგორც წესი, არაფერი აკლია, ვინ ზრუნავს ამაზე, ჩვენი
რესპონდენტი გაგიმხელთ.

- სხვათა შორის, საახალწლო სამზადისს გვიან, სადღაც 25 დეკემბრიდან ვიწყებ, მანამდე ნაძვის ხესაც კი არ ვრთავ, გვირჩევნია, გვიან მოვრთოთ, რომ 31 დეკემბერს უკვე მობეზრებული არ გვქონდეს.
- ნაძვის ხის აწყობა რაიმე რიტუალს ხომ არ უკავშირდება?
- კი, ოღონდ ეს ხდებოდა ჩემი მშობლების ოჯახში, სადაც მე და მამაჩემი, ჩვენი ინიციატივით, ყოველთვის ერთად ვაკეთებდით ამ საქმეს. ნაძვის ხის აწყობას 30 ან 31 დეკემბერს ვიწყებდით და ძალიან დიდი რუდუნებით ვეკიდებოდით, ყოველ წელს ახალ განათებებს ვამატებდით, ოღონდ ძირითადი პრინციპი გახლდათ ის, რომ ნაძვის ხე უნდა გვქონოდა ხელოვნური და ასეც იყო.
- ამბობენ, ნაძვის ხეს ყოველ წელს ერთი სათამაშო მაინც უნდა შემატოო, როგორც ვხედავ, ამ ტრადიციას ითვალისწინებ.
- კი, თან ახლა ძალიან დიდი ნაძვის ხე გვაქვს, ყოველ წელს ვყიდულობ სათამაშოებს, მაგრამ მაინც არ მყოფნის, რადგან მართლა ძალიან დიდია და ბევრს მოითხოვს. უნდა ვთქვა, რომ ყველაზე ძალიან იმ ყუთის გახსნა მიყვარს, ნაძვის ხის მოსართავები რომ აწყვია, აღარ გახსოვს, რა ლამაზი რაღაცები გქონია და ყოველ წელს თითქოს ახლიდან პოულობ და აღმოაჩენ ამა თუ იმ ნივთს. ახლა ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახში ფუნქციები ასეა განაწილებული, ჩემი ქმარი უშუალოდ ნაძვის ხეს აწყობს, რისი გაკეთებაც, როგორც წესი, გვეზარება ხოლმე, მე კი შემდეგ ვრთავ.
- წლის მიწურულს ასტროლოგები გვირჩევენ, როგორ შევხვდეთ ახალ წელს, თუ ითვალისწინებ ამ რჩევებს?
- არა, არასდროს არ ვინტერესდები ამით, იმიტომ კი არა, რომ არ მჯერა და არ მწამს, უბრალოდ, არ მახსენდება. შეიძლება, რაღაცას მოვკრა ყური, სადმე ამოვიკითხო, მაგრამ მერე მავიწყდება გათვალისწინება. ვიცი, ცხენის წელიწადი მოდის, დავაყენებ ამ ჩემს ცხენს ნაძვის ხის ქვეშ, შეიძლება, ნალიც მივარტყათ კარზე, მაგრამ დეტალებს არ ჩავუღრმავდები, შევეცდები, ცხენს არ ვაწყენინო.
- რაც შეეხება წინასაახალწლო შოპინგს, ამ დროს დიდი ფასდაკლებებია, თუ გჩვევია თუნდაც საოჯახო ნივთების შეძენა?
- წინასაახალწლოდ ტელევიზიის თანამშრომლები ისეთი დაკავებულები ვართ და ისეთი გიჟური გრაფიკი გვაქვს, რომ გულწრფელად ვამბობ, გადაღებისთვის კაბა მჭირდებოდა და უდროობის გამო საყიდლად ვერ გავედი. შესაბამისად, თუ დროს ვპოულობ, ვიძენ საჭირო ნივთებს, ყოველთვის ვცდილობ, რომ ოჯახის წევრებისთვის მაინც მოვახერხო საჩუქრების ყიდვა.
- საოჯახო სამზადისში თუ ერთვები ხოლმე?
- ნაკლებად. რასაკვირველია, მექნება სუფრა, მაგრამ არ მგონია, თვითონ რამე გავაკეთო, ისე ვიღლები, რომ აღარაფრის თავი არ მაქვს. ამ მხრივ ძალიან მეხმარება ჩემი დედამთილი, რომელმაც შარშანაც და შარშანწინაც ყველაფერი მიწილადა და ჩემს საახალწლო სუფრას ნამდვილად არაფერი აკლდა, მე კი ლამაზად გავაფორმე და გავაწყვე, ამის შედეგად კი მგონი, მაინც ღირსეული დიასახლისი გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობა არ მიმიღია (იცინის). სამზარეულოში ახალბედა ვარ, დიდ დროს ვანდომებ კერძების მომზადებას, საცივის გაკეთება რომ დავიწყო, შეიძლება, გოზინაყი გვერდით დამრჩეს, ამიტომ არც ერთს არ ვკიდებ ხელს.
- ახალი წლის სამზადისში ქალები უფრო არიან ჩართული, შენი მეუღლე თუნდაც საჭირო ნივთების მომარაგებით მაინც თუ გეხმარება?
- როგორც წესი, საშოპინგოდ ცალ-ცალკე დავდივართ, ერთმანეთს ნერვები რომ არ მოვუშალოთ, ხან იმდენ ხანს ვუნდები ერთი ნივთის ყიდვას, ჯობია, არ იყოს ჩემთან ერთად. სახლში კი ერთვება სამზადისში და პროდუქტიც მოაქვს.
- მართალია, შენი შვილი ჯერ პატარაა, მაგრამ ალბათ ნაძვის ხეს, ლამაზ სათამაშოებს და განათებებს მაინც აღიქვამს.
- კი, ასეა, ელოდება ნაძვის ხეს და დარწმუნებული ვარ, აწყობის პროცესი გაახარებს. ჯერ თოვლის ბაბუის შესახებ არ იცის, ვერ ხვდება, მაგრამ რომ ხედავს, ამბობს, დიდი ბაბუაო, თუმცა იმას ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ თოვლის ბაბუს საჩუქრები მოაქვს. ყველა დედას ალბათ განსაკუთრებული ჰგონია თავისი შვილი, ამიტომ არ ვიცი, რა გითხრათ ჩემს პატარაზე, ძალიან გონიერი და პრინციპულია, იცის, რა უნდა, ამასთანავე მოსიყვარულეა.
- რაც შეეხება მეკვლეობის ტრადიციას, თქვენს ოჯახში ვინ ითავსებს ამ ფუნქციას?
- ჩემი მეუღლე, რადგან ამბობენ, რომ ძალიან კარგი ფეხი აქვს, ამიტომაც მისი მეკვლეობის მსურველები მრავლად არიან, ვახო კი ვისთანაც ასწრებს, იმასთან მიდის.
- მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარი ხართ, ცალ-ცალკე თუ შეხვედრიხართ ახალ წელს?
- არა, არასდროს, ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდებით ამ დღესასწაულს, იმედია, წელსაც ასე იქნება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ შეიძლება, სამსახურში მომიწიოს ყოფნამ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, უფრო მგონია, რომ სახლში, მეუღლესა და შვილთან ერთად ვიქნები, ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ვნახოთ...
- ახალი წლის ღამისთვის ჩაცმულობის თვალსაზრისითაც განსაკუთრებულად ემზადებიან, თან ამბობენ, კარგია, თუ ახალი სამოსი გეცმევაო.
- რატომაც არა, მეც ვითვალისწინებ ამ აზრს და ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი მეცვას, წელსაც ალბათ მოვახერხებ ამას, თუმცა განსაკუთრებულ გრძელ, ბუმბულებიან, კორსეტ-კაბას არ შევიკერავ, უბრალოდ, რაღაც ახალს შევიძენ. წინა ახალ წელს ქუსლიანი ფეხსაცმელი საერთოდ ვერ ჩავიცვი, ისეთი დაღლილი ვიყავი, ''ბათინკები'' მოვირგე და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი.
- გვანცა, რა იგეგმება ტელევიზიაში ახალი წლის გასალამაზებლად?
- ''რუსთავი 2-''ის ეთერში გავა საახალწლო ზღაპარი-ფილმი, ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა, მართლა ძალიან განსხვავებული და პროფესიონალურად გაკეთებულია, მეტს არაფერს გეტყვით.
- ორ იანვარს ბედობაა, თუ გჯერა ამ დღის?
- გარკვეულწილად მჯერა, მაგრამ იმ წელს რაღაც რომ მოხდება, არც მახსენდება, რომ ის ბედობის დღეს დავუკავშირო. უბრალოდ, სიმბოლურია ორი იანვარი და ვცდილობთ, ბედნიერად და ხალისიანად გავატაროთ.
- ახლა წელს დალევა გიყვარს?
- სხვათა შორის, ძალიან იშვიათად ვსვამ, მხოლოდ მეგობრების წრეში, ამ დროს უფრო მეტად ხალისიანი ვარ, უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვმღერი და ვცეკვავ.
- საოცნებო ადგილი, სადაც შეხვდებოდი ახალ წელს?
- სადაც უნდა ვიყო, იქ აუცილებლად უნდა მყავდეს მეუღლე და შვილი, მაგრამ ნიუ-იორკში შევხვდებოდი ამ დღესასწაულს, არ ვარ ამ ქალაქში ნამყოფი და მგონია, რომ იქ ახალი წელი ძალიან ლამაზი იქნება.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კორუმპირებული გნაცელიტური ოჯახი!
უგულავას ესკორტ-ბებიაქალი იყო სამშობიარო ევროტურებში დარასელია მის თანამეცხედრესთან ერთად!
20:44 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS