- ნანუკა, შენ შესახებ მოგვიყევი.
- თბილისში დავიბადე და 13 წლის განმავლობაში რუს ბებიასთან ვიზრდებოდი. ერთ კორპუსში ორი ბინა გვაქვს, მეორე სახლში მშობლები ცხოვრობდნენ. ჩემზე ასაკით პატარა ტყუპი და-ძმა მყავს და ბებია დედას ჩემს გაზრდაში ეხმარებოდა. 13 წლის შემდეგ მშობლებთან გადავედი და დიდ ოჯახად ვცხოვრობდით. კარგად ვსწავლობდი და სკოლა წარმატებით დავამთავრე. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ისე, რომ არ მოვმზადებულვარ, საკმაოდ მაღალი ქულები ავიღე და სწავლის დაფინანსებაც მოვიპოვე. თებერვალში საქართველო დავტოვე, უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე და ჩინეთში წამოვედი. მუშაობის პარალელურად აქ ვსწავლობ. ჩემი პროფილი უცხო ენებია და საქართველოში დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტში გავაგრძელებ სწავლას.
- ჩინეთში როგორ მოხვდი?
- ახლობელი გოგონები მიდიოდნენ და ჩემმა ყოფილმა ფოტოგრაფმა მითხრა, ხომ არ იცნობ გოგონებს, ვისაც ჩინეთში უნდა წასვლაო. ვუთხარი, რომ ამის სურვილი მეც მქონდა და მოდელად წასვლა შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი. თავიდან კლუბში მოდელად ვმუშაობდი, როგორც ყველა აქ ჩამოსული გოგონა. იქვე გამართულ ორ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ერთ თვეში ძალიან სერიოზულ სააგენტოში გადავედი სამუშაოდ. ძალიან კარგი შემოთავაზებები მაქვს, საცვლების რეკლამას ვაკეთებ, თან აქაურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. ძალიან მომწონს ჩინეთი, განსაკუთრებულად ქალაქი გუანჯოუ, სადაც მე ვცხოვრობ.
- საქართველოში თუ გამოდიოდი ჩვენებებზე?
- ფოტომოდელი ვიყავი, მაგრამ ჩვენებაში მონაწილეობა არ მიმიღია. რაღაც კონკურსებში მანდაც ვმონაწილეობდი. დედამ სამოდელო სააგენტოში 5 წლის ასაკში შემიყვანა. მამა ერთადერთი ღამის კლუბში არ მიშვებდა, კონკურსებსა და საცურაო კოსტიუმით გადაღებაზე პრობლემა არ ჰქონია.
- მშობლებმა ჩინეთში ადვილად გაგიშვეს?
- დედას არ უნდოდა, მამამ კი მითხრა, ვიცი, შენ რა სტილის ადამიანი ხარ და საქართველოში ვერაფერს მიაღწევ, შეგიძლია ჩინეთში წახვიდეო. მამა რუსეთში გაიზარდა, ქართულად აქცენტით ლაპარაკობს. რუსული ტიპის ოჯახი მაქვს. თანამედროვე მშობლები მყავს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. რაც ასაკრძალია - მიკრძალავენ. რაც ჩინეთში ვარ, ხომ შემიძლია, ცუდი გავაკეთო, მაგრამ თავად ვხვდები, რა არის დასაშვები და რა - არა.
- საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა.
- არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მართლა ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. 13 წლიდან ვიყავი შეყვარებული ერთ ბიჭზე. ერთმანეთს ოთხი წელი ვხვდებოდით. შემდეგ ის გერმანიაში წავიდა, მისი დაბრუნების შემდეგ ურთიერთობა გავაგრძელეთ, მაგრამ ძველებურად აღარ. სხვა ბიჭებთანაც გამისეირნია, ისე უბრალოდ, არა როგორც შეყვარებულს, მაგრამ ამაზე ჩემს შეყვარებულს არაფერი უთქვამს, მენდობოდა, თუმცა ხანდახან ეჭვიანობდა კიდეც. დაშორებისთვის სერიოზული მიზეზი არ გვქონია. არ ყოფილა ღალატი, უბრალოდ, გავუცხოვდით. ახლაც მელოდება, შეიძლება, აქაც ჩამოვიდეს, მეც ჩავიდე და ისევ ერთად ვიყოთ.
- გუანჯოუში ვისთან ერთად ცხოვრობ?
- თავიდან შვიდი ქართველი გოგონა ჩამოვედით, მაგრამ ჩემი სააგენტოში გადასვლის შემდეგ დავიშალეთ და მე და ერთი ქართველი გოგონა დავრჩით. სააგენტოს ხარჯზე ვცხოვრობ, სახლი, მძღოლი, დაცვა... მე არაფერს ვიხდი, უბრალოდ, ვმუშაობ და ხელფასს ვიღებ. ერთ-ერთ კლუბში მუშაობისას მეგობარმა მითხრა, რომ მისმა მენეჯერმა მნახა და ძალიან მოვეწონე. ასე მოვხვდი სამოდელო სააგენტოში. ახლა ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, ხანდახან ფოტოსესიას ღამის სამ საათზე ვამთავრებ. კლუბში მუშაობისთვის დრო ნაკლებად მრჩება.
- რას მოიცავს კლუბში მუშაობა, უბრალოდ, ჩვენებებზე სამოსის დემონსტრირებას ახდენთ, თუ შოუპროგრამაში მონაწილეობთ?
- არ დაგიმალავთ და შოუპროგრამაც არის, მაგრამ ეს მე არ მეხება, რადგან მოდელად ვმუშაობ. ვინც მოცეკვავეა, ის ცეკვავს. სხვა დანარჩენს არავინ სთხოვს. პირდაპირ ვიტყვი, ზოგიერთ კლუბში გოგონები ჩამოჰყავთ და ჩინელ მამაკაცებთან ერთად სვამენ. უბრალოდ, უნდა მიხვიდე და მათთან ერთად დალიო. მე ასეთი რამ არ მიწევს, სააგენტოში პირდაპირ მაქვს ნათქვამი, მსგავსი რამის გაკეთება თუ მომიწევდა, მათგან წავიდოდი.
- რა სასმელზეა საუბარი?
- იცი, როგორი რაღაცაა, უბრალოდ, ჩინელებს მოსწონთ, როდესაც უცხოელი გოგონა მაგიდასთან გვერდს უმშვენებთ. გოგონებს შეუძლიათ, გაზიანი სასმელი მიუჭახუნონ (იცინის). ჩემთვის მოყოლილი აქვთ და ვიცი, რომ გვერდით უნდა ეჯდე. იმის იმიტაცია უნდა შექმნა, რომ ბოლომდე სვამ, აზრი არ აქვს - რას. ჩინურად ამას ''განბეი'' ჰქვია.
- ქართველი გოგონები ამ კუთხით მუშაობენ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, აქ მხოლოდ ერთ ქართველ გოგონას ვიცნობ, ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მუშაობს, ან - არავინ.
- ამ კლუბების სტუმრები მხოლოდ მამაკაცები არიან?
- კლუბში გამართული ჩვენებები დეფილეს არ მოიცავს, უბრალოდ, სილამაზისთვის დადიხარ და იმ დღის პროგრამას ალამაზებ. ყველა სქესისა და ასაკის ადამიანი დადის. ხმამაღლა ისმის მუსიკა. ყველა მაგიდა სავსეა. ჩინეთში ეს მიღებულია, მიდიან, ერთობიან, შოუს უყურებენ.
- რამდენად ღირს ანაზღაურება ამხელა გზაზე წასვლად?
- ძალიან ბევრს იხდიან, თუმცა ვერ დავასახელებ კონკრეტულ თანხას, რასაც თითო ჩვენებაში იხდიან. მე სააგენტოდან მოჭრილი ხელფასი მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ვიმუშავებ, მაგრამ როდესაც სხვა სააგენტოში მივდივარ სამუშაოდ, მაშინ გადაღებიდან 70% ჩემია. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ბევრს იხდიან.
- ქართველი გოგონების გარდა, კიდევ რომელი ქვეყნების გოგონები გამოდიან კლუბებში?
- უკრაინელები, რუსები, ბრაზილიელები, მექსიკელები, ბევრი გოგონა ჩამოდის ჩინეთში.
- როგორი თაყვანისმცემლები არიან ჩინელი მამაკაცები?
- გამოსული ჩინელები ნორმალურად საუბრობენ, თუმცა არიან ისეთები, ვისი მანერებიც არ მომწონს. უკაცრავად, მაგრამ ცოტა ხმაურიანად ჭამენ. უკვე თერთმეტი თვეა, აქ ვცხოვრობ. ყველაფერი მომწონს ამ ქვეყანაში. ძალიან კეთილი ხალხია. ამ დღეებში ჩემს ერთ მეგობარს ოპერაცია დასჭირდა, იმ წუთას ფული არ აღმოაჩნდა. ერთ-ერთმა ჩინელმა მეგობარმა გადაუხადა ფული და უკან არ გამოართვა.
- რამდენ ხანს აპირებ მანდ დარჩენას?
- არ ვიცი, აქ სწავლა თუ გავაგრძელე, კიდევ სამ წელს დავრჩები, თუ არადა, სექტემბრის ბოლოს ჩამოვალ.
- სოციალურ ქსელში საკმაოდ გულახდილი ფოტოსესია გაქვს გამოქვეყნებული.
- ეს არის ჩინეთში, ერთ-ერთ დიდ სააგენტოში გადაღებული ფოტოები. ძალიან მომწონს ეს ფოტოები, მთლად ნუდი არ არის, მაგრამ სექსუალურია. თუ მოდელი ვარ, რატომ უნდა მეთქვა ამაზე უარი?!. ფოტოები სააგენტოს ჟურნალში დაიბეჭდება. მანამდე გადაღებული ფოტოები ბევრ კატალოგშიც მოხვდა, ასევე ბილბორდზეც, ინტერნეტშიც ქვეყნდება.
- ოჯახის წევრები თუ გააფრთხილე, რომ მსგავსი ფოტოსესიის გადაღებას აპირებდი?
- არა, დედამ თავიდან ჩემს ''ფეისბუქზე'' ნახა, ჩემმა დამ აჩვენა. მერე ''სკაიპში'' დამირეკეს, მაგრამ არაფერი უთქვამს, იცის, რომ ცოტა გადარეული ვარ (იცინის). მამას ჯერ არ უნახავს სურათები, მაგრამ არ მგონია, რამე მითხრას, მანამდეც მქონია ლამაზი ფოტოსესია, ოღონდ არა სექსუალური ნუდი. მაშინ მითხრა, ბარემ გაგეხადაო (იცინის).
- შთამბეჭდავი გარეგნობით გამოირჩევი, მცირედი პლასტიკური ოპერაცია მაინც არ გაქვს გაკეთებული?
- არა, დედას გეფიცებით, ყველაფერი ბუნებრივი მაქვს. ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ რუსული სისხლი მირევია (იღიმის). ისე, დედაც არ არის ნაკლები ამ მხრივ, გენეტიკის დამსახურებაა.
- საინტერესოა, თუ ადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თუ იცნობ პოლიტიკოსებს. შენი აზრით, ვინ არის ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი მამაკაცი?
- (იცინის) თუ კალაძე შეიძლება, პოლიტიკოსად ჩაითვალოს, მაშინ მას დავასახელებ ყველაზე სექსუალურად. ისე, მე არასოდეს მომწონებია. ირაკლი ალასანიაც ძალიან, ძალიან სიმპათიურია. მე საერთოდ მიხეილ სააკაშვილი მომწონდა. გარეგნობითა და სექსუალურობით არა, უბრალოდ, როგორც პრეზიდენტი და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გული დამწყვიტა. ახალი მთავრობის მხარდამჭერი არ ვარ, არც ოპოზიცია, არასოდეს ვიციკლები ერთ მხარეზე, იმის მიხედვით ვაფასებ ყველას, როგორ მიდის ქვეყანაში მოვლენები. ჩემი ბაბუა სულ ოპოზიციაშია. რაც უნდა კარგი პრეზიდენტი იყოს, ჯერ მხარს უჭერს და მისი არჩევის შემდეგ ისევ ოპოზიციაში უდგება.
- რომელიმე პოლიტიკოსს თუ იცნობ პირადად?
- ბიძაჩემია პოლიტიკოსი, ირაკლი ტორონჯაძე, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების კუთხით მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''