მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქმარს გაშორებულია. მისი ყოფილი
კოტე თოლორდავასა და თამუნა ბუხნიკაშვილს გადასაღებ მოედანზე მივაკითხეთ, რესტორანში, სადაც ფინჯან ყავაზე დიტოსა და ზიზის მორიგი გარიგების სცენას იღებდნენ.
- თამუნა, საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი გამოჩნდა სერიალში თქვენი გმირის, ზიზის სახით. ჟურნალისტი, რომელიც იყიდება ფულზე, ხლართავს ინტრიგებს.
- აქამდე ნამდვილად არ მქონია მსგავსი როლი. ეს განსაკუთრებით უარყოფითი პერსონაჟია. ჟურნალისტი, რომელიც იყიდება ფულზე, ასრულებს დაკვეთებს, ჰყავს თავისი ხელის გოგონები.
კოტე:
- რატომ უარყოფითი, მთლად უარყოფითსაც ვერ იტყვი, პირიქით, თავისი საქმის პროფესიონალია. თან ფული ვის არ უყვარს?
თამუნა:
- ეგ მართალია... რთული იყო იმ მხრივ, რომ მე ამ სერიალში გვიან შემოვედი. როცა ერთად იწყებთ შენ, რეჟისორი და დანარჩენი მსახიობები, შედარებით იოლია. ამ შემთხვევაში გამირთულდა, ვინაიდან აბსოლუტურად გამზადებულ სიტუაციაში შემოვედი, ყველას დაწყობილი აქვს თავისი ხაზი, ხასიათი, ტიპაჟი. ერთი-ორი გადაღების მერე ავუღე ალღო ყველაფერს.
- სერიალში თამაში ახალია თქვენთვის?
- ახალი არ არის. პირველად ვითამაშე სერიალში ''ბიჭები და გოგონები''. იქ ვასახიერებდი მეზობელ ლალის. ცოტა ''დაფშტვენილი'', ჭორიკანა პერსონაჟი იყო (იცინის). ამ სერიალში მოწვევა ძალიან გამიხარდა. ჯერ რა გავაკეთე, არ ვიცი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მაგრამ ამ ჯგუფთან მუშაობა რომ ძალიან მომწონს, ეს აშკარაა.
- კოტე როგორი პარტნიორია?
- გამიხარდა, რომ სწორედ კოტესთან მომიწია მუშაობამ. ჩვენ დიდი ხნის პარტნიორები ვართ დაწყებული კინოდან, თეატრით დამთავრებული. ორ ფილმში ვითამაშეთ მე და კოტემ ცოლ-ქმარი. აქედან ერთი მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ნამუშევარი იყო და არაერთ ფესტივალზე აიღო ჯილდო.
კოტე:
- ეს იყო ''მოსფილმის'' ბაზაზე ერთი რეჟისორის მიერ გადაღებული ორი ფილმი. ერთ-ერთს ერქვა ''აზნიფი''. მე და თამუნა ცოლ-ქმარი ვიყავით.
- ფილმში ეროტიკული სცენებიც იყო?
- არა. ეროტიკული სცენები კადრს მიღმა იყო (იცინიან). იქ ვერ მოხერხდებოდა ეს ამბავი. მრავალწევრიანი ოჯახი გვქონდა, ბევრი ბავშვით. ოჯახში ჩასიძებული გახლდით, ჩემს ცოლს ჰყავდა და, ძმა, ბებია, ბაბუა, ჩვენ - სამი შვილი. ერთ საძინებელში გვეძინა ცხრა ადამიანს.
- სამაგიეროდ, სერიალში გაქვთ დიდი საძინებელი. მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი სცენა იყო, როცა თამუნა ბიუსტჰალტერის ამარა წამოდგა საწოლიდან და ტანისამოსს იცვამდა.
- ასეთი დასამახსოვრებელი იყო? მე ეგ სცენა არ მინახავს.
- ყოველ შემთხვევაში, მაყურებელს სალაპარაკო თემა მიეცა.
თამუნა:
- მართლა? რაო, რას ამბობენ?
- მაგალითად, იმას, რომ კარგი მკერდი ჰქონია თამუნა ბუხნიკაშვილს.
თამუნა:
- (იცინის) არ გადამრიო.
კოტე:
- ვაა, ეგ კადრი უნდა გადავახვიო, იქ, სამწუხაროდ, ვერ დავაფიქსირე, ზურგით იდგა ჩემკენ (იცინიან).
- თამუნა, ზოგადად ასეთი ტიპის სცენების განხილვა საზოგადოებაში რამდენად გაღიზიანებთ ხოლმე?
- რა გითხრათ, ნამდვილად არ მაღიზიანებს. თან, კოტესთან იმდენად კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს... არაჩვეულებრივი პარტნიორია. მახსოვს, როგორ გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო სამი წლის წინ, მარჯანიშვილის თეატრში, როცა ქეთინო ხარშილაძემ და გურამ ვაშაკიძემ დადგეს სპექტაკლი ''ტანგო ნაბიჭვართან''. ეს არის ხუთი პატარა ნოველა, სადაც თამაშობს ქალი და მამაკაცი. ქალები ყველა ნოველაში იცვლებიან. მამაკაცს ყველა ნოველაში კოტე თამაშობს, ოღონდ ყველგან სხვადასხვაგვარია. მისთვის საკმაოდ რთული იყო ამ პიესაზე მუშაობა. მახსოვს მაშინდელი ჩემი შთაბეჭდილება, როგორ მომეწონა, როგორ დავაფასე ამ ახალგაზრდა ბიჭის ნიჭიერება.
კოტე:
- თამუნა ძალიან თავმდაბალია, რომ ამბობს, მზამზარეულზე მოვედი, გამიჭირდაო. არაფერიც არ გაუჭირდა. უცებ ჩაჯდა გუნდში.
- როგორც ვხვდები, ზიზი ორმაგ თამაშს თამაშობს. არ მითხრათ ახლა, რომ ბარათეონსაც ჩაუგორდება საწოლში.
თამუნა:
- არა.
- ალბათ, ბარათეონი არ იკადრებს ამას, არა?
- არა, ზიზი არ იკადრებს (იცინის). სცენარისტი ჟურნალისტებს გაგიფრთხილდათ. ისე, გამორიცხული არაფერია. სცენარისტებს რას გაუგებ. ერთ რამეს ვხვდები, რომ ზიზი სიყვარულისთვის არაფერს აკეთებს.
- თამუნა, სერიალში დიტოს დედასთან მოგიწიათ შეხვედრამ. ზოგადად დედამთილის ინსტიტუტზე როგორი წარმოდგენა გაქვთ?
- იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, რომ აღარც კი მახსოვს (იღიმება).
- როგორი ურთიერთობა გქონდათ, ისეთი, როგორიც კატოსა და დიტოს დედას?
- უი, არა, ალბათ, არა...
- თამუნა, თქვენს პირად ცხოვრებაზე ცოტა რამ ვიცით...
- ორი შვილი მყავს, 21 წლის მარიამი, რომელიც გერმანიაში სწავლობს და 12 წლის ანასტასია. მეუღლეს დიდი ხნის წინ დავშორდი.
- შეიძლება, მიზეზი გკითხოთ?
- 10 წლის წინანდელ მიზეზებზე ახლა რა გითხრათ.
- და ათი წელია, ასეთი ლამაზი და ნიჭიერი მსახიობი მარტოა?
- აი, ასე, დიდი ასოებით დაწერეთ, რომ ეს ლამაზი და ნიჭიერი მსახიობი მარტოა (იცინის). რა გითხრათ, ეტყობა, ვერ მოვიცალე ან არ მოვიდა ის დიდი სიყვარული. გაიზრდებიან ბავშვები და მეც ჩემს ცხოვრებას მივხედავ. არასდროს არაფერი არ არის გვიან.
- დიტოსნაირი ტიპაჟები თუ მოსწონს თამუნას რეალურ ცხოვრებაში?
- უი, არა, ნამდვილად არა. ისე კარგად თამაშობს კოტე ამ გმირს, სიამოვნებით ვიქნებოდი მისი ''პადდელნიცა'', მაგრამ როგორც მამაკაცს, ასეთ ტიპაჟს არ ავირჩევდი ცხოვრების თანამგზავრად.
- ცუდი რა აქვს დიტოს, განსაკუთრებით რა გაღიზიანებთ?
კოტე:
- ირტყმევინება (იცინიან).
თამუნა:
- არ ვიცი, შეიძლება, ეს ასაკობრივია. თუმცა ჩემი ასაკის ქალებსაც მოსწონთ დიტო. მე არ მომწონს.
კოტე:
- დიტო ქალისთვის არ არის წყნარი ცხოვრების გარანტი. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლეა... მაინც ვერ გამოდგა ყოვლისშემძლე, ხომ ნახეთ. ვიღაცებმა მიაჩმორეს. თვითონ კი არ უტყდება საკუთარ თავს ამაში, მაგრამ რეალურად ასეა. მჯობზე მჯობი არ დაილევა.
თამუნა:
- მე სხვანაირი ტიპები მომწონს. პირველ რიგში, მამაკაცური, მოწესრიგებული, იუმორის გრძნობით. უნდა ვუყვარდე და ესმოდეს ჩემი პროფესიის სირთულეები.
- კოტე, პარალელურად იღებთ ფილმს ''ჩემი ცოლის დაქალები''. ცოტა კარტები გვინდა გაგვიხსნა. ზიზი იქნება ფილმში?
კოტე:
- კარტებს ვერ გაგიხსნით, თუმცა ერთი ვიცი, ჯერჯერობით სცენარში ზიზი არ ჩანს. 27-ში ვგეგმავთ პრემიერას და ჯობია, თავად ნახოთ. ახალი წლისთვის გვინდა, მაყურებელს გავუკეთოთ ეს საჩუქარი.
- თავად რა დამოკიდებულება გაქვთ ამ დღესასწაულთან?
თამუნა:
- ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, როგორი განწყობითაც ხვდები ახალ წელს, ისეთი იქნება ის წელი შენთვის. მარტო ახალ წელს კი არა, სხვა დღეებშიც ასეა. სურვილებს ჩავიფიქრებ და მართლა მისრულდება. საჩუქრებს ვუკეთებ ყოველ წელს ბავშვებს. ადრე თოვლის ბაბუა აკეთებდა ამას, ახლა მე ვარ თოვლის ბაბუა შვილებისთვის, მშობლებისთვის, ჩემი დისთვის.
კოტე:
- რომ გითხრათ, მე და განოს დიდად გვიყვარს-მეთქი ახალი წელი, მოგატყუებთ. გვიყვარს, მაგრამ მაინც იმისკენ ვართ მოწოდებული, რომ ყოველი დღე დღესასწაული იყოს ჩვენთვის. წელს კარგთან ერთად ბევრი ცუდი რამ მოხდა. ახლა მამა მყავს მძიმედ და ხასიათიც შესაბამისი გვაქვს. იმ იმედით ვართ, რომ სასწაული მოხდება და გამოვძვრებით ამ სიტუაციიდან. კარგი მოხდა ის, რომ ახალ ბინაში გადავედით.
- კოტე, შენ რას აკეთებ ხოლმე ახალი წლის ღამეს, რა გევალება, როცა განო სამზარეულოში ფუსფუსებს?
- ჩვენთან ყველა ვფუსფუსებთ.
თამუნა:
- რაო? ვფუსფუსებო (იცინის)? ერთი შენი ფუსფუსი დამანახვა, რა.
კოტე:
- ახლა დედაც ჩვენთან არის და ზუსტად ვიცი, გემრიელ კერძებს მოგვიმზადებს. იმედი მაქვს, მამაჩემიც, ღვთის წყალობით, ჩვენთან იქნება. მე, ძირითადად, საჩუქრებზე ვფიქრობ, პატარები მყავს. თოვლის ბაბუა ვხდები.
თამუნა:
- მე მიყვარს კერძების მომზადება, მაგრამ იმდენი ხანია, არაფერი გამიკეთებია, ამას წინათ ვამბობდი, მგონი, ხელი გამიფუჭდა-მეთქი. დედაჩემი აკეთებს ყველაფერს. მე მომმარაგებელი ვარ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''