- ნიკა, შენი უცნაური ჩაცმულობა ''ნიჭიერის'' პირველ ლაივკონცერტზე ხატია ბუნიათიშვილის კაბასთან ერთად ინტერნეტსენსაციად იქცა.
- ეს იყო ჩემი უცნაური ერთჯერადი სამოსი - ელასტიკი, რომელიც ერთ-ერთი ჯგუფის გამოცხადების დროს მეცვა. ეს იყო ტრიკო, ბალერონებს რომ აცვიათ. ''ნიჭიერში'' გამოიწვია ჩემმა ტრიკომ ასეთი ამბავი, თორემ მანამდეც ბევრჯერ გამოვსულვარ ''კომედი შოუს'' სკეტჩებში ტრიკოთი, კაბით, პამპერსითაც მივლია ქუჩაში.
- ახლა ყოველ ორშაბათს პირდაპირ ეთერში ხარ, ეს მაინც სიახლეა შენს კარიერაში.
- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, სატელევიზიო სივრცეში ვარ, პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება აქამდე არ მქონია. ამ შემთხვევაში შეცდომის უფლება ნაკლებად მქონდა. ცოტა ნერვიულობამ მომიწია. გიორგი ხაბურზანიამ მითხრა, რომ ბუნებრივი ნიკა უნდა ვყოფილიყავი, რაც პირდაპირ ეთერში ადვილი არ არის. პირველი ეთერის შემდეგ მითხრეს, რომ კარგად გამომივიდა. ძალიან გამიხარდა, რომ მათი ნდობა გავამართლე. დედას ძალიან ვუყვარვარ და რაც უნდა გავაკეთო, ყველაფერი მოსწონს, მაგრამ როდესაც გეგა, გიორგი, დირექტორი ნიკა გეტყვიან, რომ მაგარია, მიხარია. მაია ასათიანმაც დამირეკა და მითხრა, ყოჩაღო. აღმოჩნდა, რომ მაია ჩემი აქტიური გულშემატკივარია და ყველა ეთერის შემდეგ მირეკავს ან მესიჯს მიგზავნის.
- იმ საღამოს სოციალურ ქსელში ყველა შენსა და ხატიას ჩაცმულობაზე საუბრობდა.
- ხატია ძალიან მიმზიდველი, სიმპათიური გოგონაა და ბუნებრივია, ყურადღებას იქცევს. მისი გადასაწყვეტია, რას ჩაიცვამს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აჟიოტაჟი ქალბატონებმა ატეხეს. მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი და ხატიას ფოტოები გვერდიგვერდ მიამონტაჟეს და ისე გავრცელდა სოციალურ ქსელში. ვეცადე, ''ტიტუშკები'' დამემალა, რომ ტრიკოზე არ შემტყობოდა, რადგან შეეტყო, ახლა პირიქით ვდარდობ, რომ დავმალე, თავის ნებაზე უნდა მიმეშვა. ეს უფრო დიდ სკანდალს გამოიწვევდა, დამიჯერეთ (იცინის).
- რა ხდება რეკლამის დროს კულისებში, ამ დროს ინტერნეტის საშუალებით ისევ პირდაპირ ეთერში რჩებით...
- კონკურსანტებთან ერთად ვერთობი, მათ კოსტიუმებს ვირგებ, რაც ძალიან სახალისოა. ასევე ჟიურის რომელიმე წევრი შემოდის და გვესაუბრება.
- ეთერში მონაწილე გოგონებსაც ეფლირტავები.
- საერთოდ, ყველა კონკურსანტის განსაკუთრებულ შესაძლებლობას უნდა გავუსვა ხაზი. როდესაც წელს ზევით შიშველი კუნთიანი მამაკაცები მიდგანან გვერდზე, მეც ვშიშვლდები, მათ კუნთებს ვაქებ და ჩემსას ვადარებ. გოგონებს ხომ არ ვეტყვი, რა კარგად გაწიეთ ბოინგი ან რა მაგარი კუნთები გაქვთ-მეთქი (იცინის).
- რამდენიმეთვიანი საეთერო პაუზის შემდეგ, როგორ ფიქრობ, ეთერში ღირსეულად დაბრუნდი?
- უცნაურია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ თავისუფლად ყოფნა მირჩევნია. ამ პერიოდის განმავლობაში არასოდეს მქონია ეთერში გამოჩენის სურვილი ან ამის გამო დანაკლისის შეგრძნება. ჩემმა მეგობრებმაც იციან, რომ თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ. ამას არანაირ პოპულარობაზე არ გავცვლი. არ მიყვარს რთულ რეჟიმში მოწკეპილად ყოფნა. ამ შემთხვევაში არ მაქვს დატვირთული გრაფიკი და მომწონს ეს საქმე.
- ''კომედი შოუში'' ბევრი საინტერესო პერსონაჟი გყავდა, მათი განსახიერება არ მოგენატრა?
- 2000 წელს მოვედით მე და ვანო ჯავახიშვილი ''რუსთავი 2''-ში. მაშინ გია ჭანტურიასთან სცენარისტები ვიყავით. მას შემდეგ ძალიან ბევრმა წყალმა ჩაიარა და ამ პერიოდის განმავლობაში, ალბათ, სულ რამდენიმე თვე იყო, როცა ამ ტელევიზიის თანამშრომელი არ ვყოფილვარ. ამიტომ არ არსებობს, არ მოგენატროს გარემო. ბევრი ამბობდა, თქვენ რა, სხედხართ და ღადაობთ და ამაში გიხდიან ფულსო. რას ვღადაობდი, ერთი წუთი რომ დამეგვიანა, ცუდად იყო საქმე. რაც შეეხება პერსონაჟებს, მათგან ზოგი მომწონდა, ზოგიც - არა. უბრალოდ, ვიცოდი, რომ საქმეს სჭირდებოდა და ვასახიერებდი.
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ''კომედი შოუს'' ბიჭებთან?
- ჩვეულებრივი, როგორც ''რუსთავი 2''-ის სხვა თანამშრომლებთან.
- ნიკა, გავრცელდა ჭორი, რომ მეუღლეს დაშორდი. მახსოვს, ერთ-ერთ კონცერტზე ია ფარულავამ უცოლოდაც გამოგაცხადა.
- ამის შემდეგ ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, იამ რატომ თქვა ასეო. რადგან ერთხელ დავშორდი ცოლს, ეშლებათ და ჰგონიათ, რომ მეორე ცოლსაც დავშორდი. ვიღაც იტყვის, ვინც არ იცის, რომ მეორე ცოლი მყავს, უი, ნიკა გრიგოლია ხომ ცოლს დაშორდაო და ასე ვრცელდება ჭორი. ერთხელ ჟურნალისტმა რომ დამირეკა, ბათუმში ვიყავი მარიამთან ერთად, მეუბნებოდა, თუ არ დაშორდი, მაშინ მითხარი, სად არის ახლა შენი ცოლიო. სანამ არ დავალაპარაკე, არ დამიჯერა. ისე, არ მგონია, რომ ისეთი პერსონა და ინტერესის საგანი ვიყო, რომ ხელოვნურად მიგონებდნენ ჭორებს.
- ეთერში შენი და ვანიკო თარხნიშვილის დაპირისპირებაზე რას იტყვი?
- ეს ჩვეულებრივი ხუმრობაა, რაც ხალხს ძალიან მოსწონს და ერთობიან, თორემ რეალურად მე და ვანიკო დიდი ხნის მეგობრები ვართ.
- თიკა ფაცაციას სამშობიაროში ყვავილებითა და ბულიონით მიაკითხე, ასე ოდესმე მისულხარ ვინმეს სანახავად?
- არა, მაგრამ ამას მართლა დიდი ამბავი მოჰყვა. მივხვდი, ხალხი რა როლითაც მიცნობს, ის მოსწონთ. ეს იყო პატარა სკეტჩი და მაყურებელმა ამიტომ აიტაცა. მართლა ძალიან სახალისო სანახავი იყო.
- ნიკა, ''ნიჭიერი'' დამთავრდება და რა იქნება შემდეგ, ისევ დარჩები ტელევიზიაში?
- 2014 წლის გაზაფხულზე მე და ჩემი ცოლი მარიამი რამდენიმე კვირით საქართველოს ფარგლებს გავცდებით და ვიმოგზაურებთ. რაც შეეხება სატელევიზიო სივრცეს, შეიძლება, ერთი თვით დაგემშვიდობოთ ან ხუთი, ათი, თხუთმეტი წლით ან არასოდეს დავბრუნდე (იცინის).
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''