- 1985 წელი რომ დგებოდა, გაგანია კომუნიზმის დროს, ერთ-ერთ საღამოზე მკითხეს, რომელი დღესასწაული
- როგორ ინაწილებთ წინასაახალწლო დღეებში ფუნქციებს ოჯახში?
- ყოველ წელს სხვადასხვანაირად. არ ვართ ისეთი ტრადიციულები, რომ ყოველ წელს გოჭი შევიძინოთ, ზოგჯერ ინდაური გვაქვს. წინათ ბაზარში ჩემი ცოლი დადიოდა. ახლა ბაზარი უბნებშია, სუპერმარკეტებმა შეცვალა. არასდროს არ მიშვებს ანა საყიდლებზე. ეს არ არის მისი დაჩაგვრა, ფიქრობს, რომ უკეთ იცის, სიამოვნებს ეს პროცესი. ყოველთვის მიწუნებს შინ მიტანილ ნებისმიერ პროდუქტს. მისი ჰობია დაიწუნოს ჩემი მოტანილი ყველაფერი. თავად ყველაფერი ეხერხება, ნიჭიერია. საერთოდ, ქართველი ქალები წუხან, კაცად რომ არ დაიბადნენ, ეს ბევრს შევამჩნიე. სლავი ქალები ამაზე არ წუხან.
- ამიტომ გაურბით ქართველ მამაკაცებს თვალები სლავი ქალებისკენ?
- ერთ-ერთი ფაქტორია. ისინი აკაცებენ კაცებს. ქართველი ქალები თვითონ კაცობენ. ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი ქალები, ნაზი არსებები გვჭირდება, ნაზი და ჭკვიანი. ჭკვიანი ყოველთვის ნაზია. თქვენ ჭკვიანი ვინ გგონიათ, ვინც თავის მხრებზე იღებს მმართველობას? ჭკვიანი ის არის, ვინც სხვას ამმართველებს. ახლა რომ გოგონები დარბიან და ფულს შოულობენ, ეს ჯუნგლის კანონია, თავის მამრებთან მიაქვთ ხორცი. სინამდვილეში მამრმა უნდა მიუტანოს მდედრს.
- თქვენთან როგორ არის ოჯახში?
- მე მხოლოდ ფინანსებს უზრუნველვყოფ. ეს პრიორიტეტი დამრჩა.
- თქვენი შვილები წერილს სწერდნენ თოვლის ბაბუას?
- წერა ახლა ეზარებათ და მაშინ მით უმეტეს არ იცოდნენ. ვეკითხებოდით და გვეუბნებოდნენ თავიანთ სურვილებს. ბავშვობაში ადამიანებს პატარა სურვილები აქვთ, მერე - დიდი. მაგრამ დგება ასაკი, როცა უბრალო ყურადღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიღაცის ნაჩუქარი ჯიპი. უანგაროდ ჯიპსა და ბინას არავინ გაჩუქებს. ეს უნდა შეიგნოთ ქართველებმა. უანგაროდ ჩუქნიან ყვავილს, წერილს, თბილ ხელთათმანებს, სიყვარულსა და პატივისცემას. კაცი რომ ჯიპს გაჩუქებს, მერე მის გარეშე სხვა გზაზე გაივლი?! ამაზე არ გიფიქრიათ? ის ხომ ამ დროს თავისუფლებას გართმევს.
- თქვენთვის ძვირფასი საჩუქარი არავის გაუკეთებია?
- ფასს გააჩნია. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა მერაბ ბოლქვაძემ გიტარა მაჩუქა, რომელიც ძალიან ძვირფასია. სამოთახიანი ბინა არავის უჩუქებია ჩემთვის.
- თქვენი თაყვანისმცემელი ქალბატონები არ გჩუქნიდნენ საჩუქრებს, როცა პოპულარობის ზენიტში იყავით?
- ვიყავი? ახალგაზრდობის პერიოდში ყველა ქალს უნდა, ქმარი ჰყავდეს, ამიტომ იყვნენ აღფრთოვანებულნი. როცა აღარ ხარ საქმროს პოზაში, ეს აღფრთოვანება პატივისცემაში გადადის. თუმცა კიდევ არიან კანდიდატები, პლანეტაზე არ ილევიან ეგეთები (იცინის), რაოდენობა კი იკლებს. საჩუქრების რა გითხრათ, მაგრამ ყვავილები, წერილები, ლექსები იყო.
- ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებდა ანა?
- შეგუებული იყო. რადგან ცოლად გამომყვა, არაფერზე არ რეაგირებდა. ეჭვიანობის სცენები მინიმალური იყო.
- თავად რამდენად ხართ ეჭვიანი, ძალიან ლამაზი მეუღლე გყავთ.
- მინდა, რომ ეჭვიანი ვიყო, მაგრამ იმდენად არ მაძლევს ამის საფუძველს, მხოლოდ მეცინება ამ გრძნობაზე. იმიტომ კი არა, რომ მაგარი კაცი ვარ, თვითონ არის ანა მაგარი ქალი. სწორად ცხოვრობს, სამოთხეში უნდა, რომ მოხვდეს.
- თქვენ არ გინდათ?
- როგორ არ მინდა, არ მიმიღებენ უბრალოდ. ის უცოდველია, მე - ცოდვილი ვარ მაგ დარგში (ეღიმება).
- ცოტა ხნის წინ პატარა უთანხმოება გქონდათ შვილთან, გიორგისთან…...
- ბოდიში მომიხადა, მითხრა, მაპატიე, მიყვარხარო და რა უნდა მექნა, სამუდამოდ დავუმახსოვრო? არ შეიძლება, ახალგაზრდობაა, სხვაგვარად ცხოვრობენ. სხვებიც ასე არიან, არა მარტო ჩემი შვილი. ამან გაახმოვანა და სხვები სახლში აგინებენ მშობლებს (იცინის). გამიკვირდა, ეს რა გამოხმაურება მოჰყვაო, ამბობდა. აკი გეუბნებოდი, ცუდი ამბავი 17-ჯერ სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კარგი-მეთქი, ვუთხარი. საქართველოში ეს გამძაფრებულად არის. ჩემს ახალგაზრდობაში ხალხს არ შიოდა, არ სციოდა, მაგრამ მაინც ისეთ ჭორებს ვიგებდი, ვგიჟდებოდი.
- თქვენზე ყველაზე უცნაური რა გაგიგიათ?
- გეიაო, არ გამიგია (იცინის), მაგრამ ძალიან ცუდი ამბები გამიგია. მაგალითად, ის, რომ ვიღაცამ ჩემი გულისთვის თავი მოიკლა, რომ მე უყურადღებო ვარ.
- ქალმა მოიკლაო?
- აბა, კაცი ხომ არ მოიკლავდა ჩემი გულისთვის თავს?! კაცი თუ მოიკლავდა, ეს ჩემი გამზრდელი უნდა ყოფილიყო (იცინის). ერთ-ერთ ქელეხში ვაჟა აზარაშვილმა ჩემზე უთხრა ნუგზარ ფოფხაძეს, ეს მე გავზარდეო. შენ ''გამზრდელი'' წაიკითხე და შენ ''მამის მკვლელიო'', დაგვაკვალიანა მე და ვაჟა ნუგზარ ფოფხაძემ.
- თვითკრიტიკულიც ყოფილხართ.
- ეს თვითირონიაა, კრიტიკა არ არსებობს.
- როგორ არ არსებობს, საკუთარი შვილი გაკრიტიკებთ.
- კი არ მაკრიტიკებს, მაგინებს.
- სიმღერებსაც ხომ გიწუნებთ.
- მერე ვინ ეკითხება მაგას, ხალხს მოსწონს.
- თქვენ თუ მოგწონთ მისი სიმღერები?
- ძირითადად, ინგლისურად წერს. მომწონს. სიმღერაში ერთი ასეთი ფრაზა აქვს, მე ვარ წარუმატებელი... ვეუბნები, სიტყვა ღმერთია, რომ იტყვი, წარმატებული ხარ, გახდები წარმატებული. ჯონ ლენონის ტიპაჟია, დეპრესიული. დღეს ახალგაზრდებს კურტ კობეინი მოსწონთ. მან თავი მოიკლა, თავი ყველამ შეიძლება მოიკლას. გალაკტიონიც გადახტა, მაგრამ ის 60 წელს გადაცილებული იყო. ადამიანის თვისებაა, დატოვოს კვალი. კობეინიც მიხვდა ალბათ, რომ ამოწურა თავი. მე ჯერ ვერ მივხვდი. შვილებს არ მოსწონთ მამის ოპტიმიზმი, რომ კიდევ წერს. ნერვებს ვუშლი ამით. დროზე წადი, რომ მე მოვიდეო, ასეთი დამოკიდებულებაა დღეს ახალგაზრდებში.
- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' საინტერესო გმირს ასახიერებთ…...
- ყველა მეუბნება, საკუთარ თავს თამაშობო. ალბათ, იმიტომ, რომ ვსვამ, რუსული ფრაზების თქმაც მიყვარს.
- ფუქსავატია გოგი კირვალიძე, მუშაობა ეზარება, იდეებით უნდა ფონს გავიდეს. ამაშიც ჰგავხართ?
- მთელი საქართველო იდეებით ცხოვრობს. ერთი გვარი დამისახელეთ, ვინ მუშაობს დღეს საქართველოში, თუნდაც მთავრობაში. სახლში რომ სძინავთ და წილი მისდით, ესაა მუშაობა? ერთი გვარი დამისახელეთ…...
- ამდენი ბიზნესმენი გვყავს, გვარ-სახელები თქვენც იცით, ათასი კომპანია…...
- ასე მეც ვიშოვი გერმანიაში ვიღაც ებრაელს, გადმოვარიცხინებ ფულს და გავაკეთებ კომპანიას. შრომით ვინ გამდიდრდა, ის მითხარით თქვენ. არ იცით და ვერც იპოვით ასეთს. აი, ესაა ჩემი შვილის, ჩემიც და თქვენი პრობლემაც. უსაქმური მდიდრებით აივსო ქვეყანა. დამისახელეთ, ვინ გამდიდრდა წერით, ფილმის გადაღებით ან ყანის მოხვნით? ვერ მეუბნებით. იმიტომ, რომ ყველა მარცხენა გზებით გამდიდრდა. როცა ქართველი ერი მიხვდება, რომ ჭკვიან კაცს უნდა ჰქონდეს ფული და სამადლოდ არ გადაუგდებენ ლუკმას, მაშინ იქნება საქართველო გაბრწყინებული.
- სერიალში თავადობა მოგანიჭეს...…
- ეს არის ქართული რეალობა, სწორი იუმორი. მოწყალებაში შემდგარი მთელი ერი უცდის გადმოგდებულს. ვინც თავისი შრომით გამდიდრდა, ყველას წაართვეს. თქვენ გგონიათ, გოგი კირვალიძეა მხოლოდ ასეთ დღეში? მთელი საქართველო ასე ცხოვრობს. ''ცხოვრება რა რთულია, როდესაც ქართულია''. ჩემს ახალგაზრდობაში ასე არ იყო. არავინ სამოწყალოდ არ დადიოდა, ქართველ მწერლებს სახლიც ჰქონდათ და კარიც. სამაგიეროდ, კომუნისტური პარტია იყოო, მეტყვიან. იყავი სხვა პარტია, ძმაო, და დააფასე ადამიანი.
- თქვენც ხომ იყავით პარლამენტში.… თქვენი მეუღლე ამბობს, ვალებით შევიდა პარლამენტში და ვალებით გამოვიდა იქიდანო.
- არა, პარლამენტში შევედი უვალოდ და გამოვედი ვალებით. თუ პარლამენტარი ხარ, ბიზნესს ვერ აკეთებ. მანამდეც ვერ ვაკეთებდი, არავინ მაკეთებინებდა. ჩემი ბიზნესია სიმღერის, ნახატის გაყიდვა. არასდროს ვყოფილვარ ნავთის, სიგარეტის, თევზის წილში. ჩემი სიმღერები არ იყიდება. პარლამენტარის სტატუსმა ვალდებულებები ამკიდა. სტუმარი რომ ჩამოდიოდა, რომელმაც ტალინში დამპატიჟა, მეც უნდა დამეპატიჟებინა. ეს ფული საიდან უნდა ამეღო? თქვენ რა გგონიათ, სამი ათას ლარს სრულად ვიღებდი ხელფასს? 20% პირდაპირ იჭრებოდა, ანუ 600 ლარი. 2400 ლარიდან აუცილებელი გადასახადები, დაზღვევები იანგარიშეთ, ბანკის ვალი ავიღე კიდევ. მოკლედ, ხელფასის ნახევარი მრჩებოდა. ხალხს რომ ჰგონია გავმდიდრდი, ასე არ იყო. პარლამენტარის ხელფასით უბრალოდ გაგაქვს თავი. თავი ახლაც გამაქვს. კი არ ვწუწუნებ, ვხსნი, რა მდგომარეობაშია საქართველო. მთელ ევროპაში ხელოვნებას კანონი იცავს. მოწყალება არ უნდა გვჭირდებოდეს. მყავს მეგობრები, ვინც მოწყალებას იღებს ჩემი მისამართით და მადლობელი ვარ მათი, მაგრამ ეს სახელმწიფო მოწყობა ხომ არ არის?! კარგი, მეც წავალ ამ ქვეყნიდან და რა მრჩება?! პრობლემური ქვეყანა.
- საახალწლო ნომერი გვაქვს, მთლად სევდიან ნოტაზე არ მინდა ინტერვიუს დასრულება...
- თუ წავიკითხავთ ქართულ ლიტერატურას, ზუსტად ისე ვწუწუნებ, როგორც ისინი. მინდა, ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს. არ მინდა, პოზიორობაში ჩამითვალოთ, ''კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების''. არავინ გამილანძღავს არც მისი მდაბიო ლექსისთვის, არც მისი მდაბიო მუსიკისთვის. დამანებონ თავი, ჩემთვის ვცხოვრობ.
- გერჩით ვინმე? მტერი გყავთ?
- როგორც ვაჟამ თქვა, ''ცუდას რად უნდა მტერობა''... სხვათა შორის, ნახევრად ნიჭიერი ადამიანები ღუპავენ საქართველოს. ისინი, ვისაც უნდათ იყვნენ მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები, პოეტები, მომღერლები. თვითონ ვერ ქაჩავენ, სხვებს უშლიან ხელს. ჩემს თავზე არ ვამბობ. არავის არ ვუშლი ხელს. ჩემს კრიტიკულ გამონათქვამს ვერ წაიკითხავთ ვერავისზე, ყველა მიყვარს, რატომ? ღვთის შვილები არიან. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ნუ გადაუღობავთ ერთმანეთს გზას. ხალხი ვისაც შეიყვარებს, ის იქნება ღირსეული. ეს სიტყვები ალექსანდრე ბასილაიამ მითხრა. ბასილაია ძალიან მიყვარდა და ამ სიტყვებით დავამთავრებ ამ ინტერვიუს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''