25 დეკემბერი, 2013
ვინ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გელა ჩარკვიანისგან საჩუქრებს იღებს
აქვე იყვნენ თეონას მეუღლე, შვილები, ირაკლის მეუღლე ქეთათოც. ასეთი სადილები ჩვენთან უმთავრესად 80-90 წლებიდან იმართებოდა გელა ჩარკვიანს ოჯახურ ტრადიციებზე სასაუბროდ შინ ვესტუმრეთ. მისაღებ ოთახში უკვე იდგა ნაძვის ხე, რომლის ქვეშ მის შვილიშვილ ნანას სანტა-კლაუსისთვის წერილი გაუმზადებია. ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ერთადერთ ქალიშვილ ნანას ბაბუა გელა ჩარკვიანთან დიდი მეგობრობა აკავშირებს. ერთად ბევრს კითხულობენ, საუბრობენ, სეირნობენ...
მასპინძლის გვერდით დივანზე რუხი კატა მოკალათდა, რომელიც მრავალი წელია, მათ ოჯახში ცხოვრობს. ცხოველების ყოლა მისი ოჯახის ერთ-ერთი დამახასიათებელი ''თვისებაა''. გელა ჩარკვიანთან
ოჯახურ ტრადიციებზე საუბარი ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ნებისმიერ სხვა თემაზე ხდება ხოლმე. იშვიათია მსგავსი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია, დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს და იმაზე მეტი გითხრას, ვიდრე ელი...

- ტრადიცია ბევრნაირია, მაგრამ რახან ოჯახურ ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, მოდით, უპირველესად მცირე განმარტება გავაკეთოთ. მიმაჩნია, რომ ოჯახის ტრადიცია ისაა, რასაც რეგულარულად, დიდი ხნის განმავლობაში აკეთებ. ტრადიცია შეიძლება იყოს თავად ოჯახის დაარსებული, ან რომელიც შთამომავლობით მივიღეთ წინა თაობებისგან, ან ისტორიულად გადმოგვეცა - ერის საგანძურიდან. რასაკვირველია, ტრადიცია ჩემს ოჯახსაც აქვს, ისევე, როგორც ბევრ სხვას.
- როგორც ვიცი, ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია თქვენთან შაბათის სადილები იყო, სადაც ყველანი ერთად იკრიბებოდით...
- დიახ, ასე იყო. მშობლისთვის არ არის მარტივი, შეეგუო იმას, რომ ბავშვები შენთან აღარ ცხოვრობენ. ჩვენ ხომ ულევი სიყვარულის წყარო არ გვაქვს და ბევრი არაა ისეთი ადამიანი, ვინც მართლა ძალიან გვიყვარს?! მოდით, ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ, რომ ასეთი გრძნობა მხოლოდ უახლოესი ადამიანების მიმართ გვაქვს და ესენი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შვილები არიან. როცა იზრდებიან, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ და ოჯახებს ქმნიან, შენ გინდა, ისინი როგორღაც ''დაიბრუნო''. ჩვენ ამისათვის გამოვძებნეთ ასეთი გზა - შაბათი ოჯახური სადილის დღედ გამოვაცხადეთ.
ამ დროს შვილები ბრუნდებოდნენ ჩვენთან უკვე თავიანთი მეუღლეებითა და შვილებით. სადილის მომზადებისას უნდა გაგვეთვალისწინებინა ყველას გემოვნება. ვიცოდით, რა უყვარდა ირაკლის, თეონას და მათ მეუღლეებს და აქედან გამომდინარე ვამზადებდით სადილს. შვილები ორივენი შემოქმედები იყვნენ: თეონა ბალერინაა და ახლა ლონდონში ბალეტის სკოლაში ასწავლის, ხოლო ირაკლი იყო პოეტი, კომპოზიტორი და პროზაიკოსი, საოცრად შემოქმედებითი ბიჭი. შაბათობით შეხვედრის დროს ისინი ''ანგარიშვალდებულნი'' იყვნენ ჩვენ წინაშე. გვიყვებოდნენ მათ ცხოვრებაში მომხდარ ახალ ამბებს: შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო ყოფითი ამბავი - რამე ნივთის შეძენა, მოგზაურობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების გაზიარება და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში კი ეს იყო შემოქმედებითი ანგარიში. ვთქვათ, ჩვენ ვიგებდით, რა დაწერა ირაკლიმ ახალი და ის სიმღერა ჩვენთან სრულდებოდა. ირაკლი გიტარაზეც უკრავდა და ფორტეპიანოზეც, ბუნებრივია, ზოგჯერ ერთადაც ვუკრავდით. თეონა კარგად მღერის და ირაკლისთან ერთადაც მღეროდა ძმის სიმღერებს. აქვე იყვნენ თეონას მეუღლე, შვილები, ირაკლის მეუღლე ქეთათოც. ასეთი სადილები ჩვენთან უმთავრესად 80-90 წლებიდან იმართებოდა.
- 90-იან წლებშივე იყო ლამპის შუქი, ''კერასინკით'' გათბობა..
- კი, რასაკვირველია, სინათლე ხშირად არ იყო, გვედგა ''კერასინკაც'', მაგრამ 90-იანი წლების მეორე ნახევარში ჩვენ შედარებით წინ წასული ''ტექნოლოგიები'' შევიძინეთ. დავდგით ''ტურბო'', რომელსაც ნაკლებად ჰქონდა ნავთის სუნი, მხურვალება კი - საკმაოდ ძლიერი. რასაკვირველია, დღევანდელთან შედარებით ის ჩამორჩენილი ეტაპია, მაგრამ ეს ჩვენს ბედნიერებას ხელს არაფერში უშლიდა. ოთახში ფორტეპიანო იდგა და ჩვენ ვმღეროდით. ვფიქრობ, მაშინ მე და ნანაც ახალგაზრდები ვიყავით. რასაკვირველია, ასაკი ფარდობითია - დღეს ჩემთვის 50 წლის ადამიანი ბავშვია. ახლა ირაკლი 52 წლის იქნებოდა. ვფიქრობ, შაბათის სადილები ჩვენი ოჯახის მართლაც რომ ძალიან კარგი ტრადიცია იყო.
- რომელ დღესასწაულებს აღნიშნავდით გამორჩეულად ოჯახში?
- ჩვენი დღესასწაული იყო ახალი წელი და დაბადების დღეები: ჩემი და ნანასი. როცა ბავშვები პატარები იყვნენ, მოდიოდნენ მათი მეგობრები და ბუნებრივია, მათ დაბადების დღეებსაც აღვნიშნავდით. თუმცა აქვე უნდა გითხრათ, მე ისეთი ოჯახიდან ვარ, ბავშვობაში ჩვენ არც დაბადების დღეებს გვიხდიდნენ და არც საჩუქრებს გვჩუქნიდნენ. მამაჩემი იდეური კომუნისტი იყო და ბავშვების თარიღებთან დაკავშირებული ზეიმების გამართვა არ მიაჩნდა საჭიროდ. ასეთი შეხედულება არსებობდა კომუნისტურ იდეოლოგიაში, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში. კომუნიზმის გამეშჩანება მერე მოხდა და ბოლოს მას კომუნიზმის არაფერი ეტყობოდა. მაგრამ იმ დროს, ბავშვი რომ ვიყავი და მამაჩემი ''ცეკას'' პირველი მდივანი იყო, დაბადების დღეების აღნიშვნა და საჩუქრები წვრილბურჟუაზიული ყოფის, ანუ ''ავადსახსენებელი წარსულის'' გადმონაშთად იყო მიჩნეული. ახალი ცხოვრება ამისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ბავშვობაში ჩემთვის დაბადების დღე არავის გადაუხდია და არც საჩუქრებს მაძლევდნენ. წარმოიდგინეთ, ქვეყნის პირველი პირის შვილი ვიყავი, ყველაფერი მქონდა – მანქანები, აგარაკები, მაგრამ არ ვიცოდი საჩუქარი რა იყო. ოქროც არასდროს მენახა, დედაჩემი სამკაულებს არ ატარებდა.
- არც ის, როცა ახალი წლის ღამეს ბავშვებს თოვლის ბაბუა საჩუქარს ბალიშის ქვეშ უტოვებს?
- არა. ნაძვის ხეს ვდგამდით და თოვლის ბაბუაც იყო. თან სულ დიდი, მაღალი, ვეებერთელა ბუნებრივი ნაძვის ხეები გვქონდა. ჩემთვის ეს წლის ყველაზე საოცნებო მომენტი იყო, როცა ყველანი ნაძვის ხეს ვრთავდით. მათ შორის ჩვენ - სამი ძმა, დედაჩემი და დამხმარე პერსონალი. ნაძვის ხის გვერდით მაღალი სათამაშო თოვლის ბაბუა გვედგა. ჩემი მეუღლე, ნანა, თოიძეების გვარის წარმომადგენელი იყო. მათ სულ სხვა ტრადიციები ჰქონდათ, ისინი აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს და ერთმანეთს საჩუქრებსაც უკეთებდნენ, ამიტომ მე და ნანას ამ საკითხისადმი ერთმანეთისაგან განსხვავებული მიდგომა გვქონდა. მე დღემდე მიჭირს საჩუქრების მიცემა. არა იმიტომ, რომ ფული მენანება, უბრალოდ, მირჩევნია, ადამიანს ფული ვაჩუქო, ვიდრე თავად შევურჩიო რამე.

Rating

- შვილებისთვის საშობაოდ ან საახალწლოდაც არ შეგირჩევიათ საჩუქარი?
- არ ვიცი, კარგად ვერ ვიხსენებ, ალბათ, ახალ წელს ან საშობაოდ ნანა ჩუქნიდა მათ რამეს, მაგრამ მე ასე არ ვიქცეოდი. ბავშვებსაც, ნანასაც და ჩემ გარშემო ყველას ფულს ვჩუქნიდი. ეტყობა, ბავშვობიდან რომ არ ვარ ამას შეჩვეული, საჩუქრის შერჩევა და ამაზე ფიქრი სიამოვნებას არ მგვრის. შეიძლება, უცნაურია, მაგრამ ასე ვარ.
საჩუქართან დაკავშირებით როგორც ადამიანებს, ისე სხვადასხვა ერს განსხვავებული ტრადიციები აქვთ. მაგალითად, იაპონელებზე ამბობენ, ისინი სიამოვნებას იმით იღებენ, როცა თქვენი საჩუქრის სანაცვლოდ უფრო ძვირფას ნივთს გისახსოვრებენ. ვფიქრობ, ფულის ჩუქებისას სხვას მეტ თავისუფლებას ვძენ, რაც უნდა, ის იყიდოს. თუმცა მახსენდება, რომ ჩემს ცხოვრებაშიც იყო გამონაკლისები: როცა საზღვარგარეთიდან ჩამოვდიოდი, საჩუქრები ჩამომქონდა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ საბჭოთა პერიოდში ადგილზე საჩუქრის შეძენა იყო უდიდესი პრობლემა, რადგან არაფერი იყიდებოდა, მაღაზიები დღევანდელი გაგებით არ არსებობდა. თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ეს წარმოუდგენელია.
საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე კარგი ინვესტიცია იყო მეგობრებთან ქეიფი. ალბათ ამიტომ, ერთ იანვარს მე და ნანა 56 ქეიფში ვიყავით (იღიმის). ხშირად ორ-ორჯერ დღეში. იმ დროს ფულს ვერაფერში ჩადებდი და მას მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნდა. ალბათ, ეს მდგომარეობა უბიძგებდა ადამიანებს უწყვეტი ქეიფისაკენ.
- ბევრისთვის ახალი წლის შინ შეხვედრა მნიშვნელოვანი ტრადიციაა. თქვენ თუ ანიჭებთ ამ ფაქტს მნიშვნელობას?
- დიახ, ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდებოდით. თითო ჭიქა შამპანურს დავლევდით მე და ნანა და შემდეგ გავდიოდით სახლიდან. შეიძლება, შინ მხოლოდ 15 წუთს დავრჩენილიყავით, მაგრამ ეს აუცილებლად ასე ხდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში 1970-იან და 80-იან წლებში ახალი წლის ღამეს ვატარებდით რამაზ ჩხიკვაძის ოჯახში. მისი მეუღლე ნატაშა და ნანა მეგობრობდნენ. ბოლო ხანებში იმ თითო ჭიქა შამპანურის შემდეგ მივდიოდით ჩემს მეგობარ გაიოზ გალდავაძესთან და იქ ვატარებდით ახალი წლის ღამეს. იქნებ, ყველა არ დამეთანხმოს, მაგრამ ცხოველების ყოლაც ოჯახის ტრადიციაა. მეც და ჩემს შვილებსაც ყოველთვის გვყავდა სახლში ცხოველები. ამგვარად დამატებით სიყვარულის წყაროს ვიქმნით.
- რამდენი ხანია კატა გყავთ?
- მალე 15 წლის შესრულდება, ხანში შესული კატაა და მას ''კატა'' ჰქვია. მანამდე გვყავდა ძაღლი, ტაქსა, რომელსაც ნაბუქოდონოსორი, მოკლედ კი ''ნაბუ'' ერქვა. ის ზოგჯერ დღესაც მესიზმრება. ძალიან ბრაზიანი იყო. როცა ავიყვანე, არ მეგონა, ასეთი აგრესიული თუ იქნებოდა - 84 კაცს უკბინა.M მეც ოთხჯერ წამავლო კბილი, მაგრამ ხომ გახსოვთ – ''ტკივილით უფრო გემახსოვრებიო''.
- მეკვლეობის ტრადიციის გჯერათ?
- ამ საკითხს იუმორით ვუყურებთ, ვინ მოვიდოდა პირველი, არასდროს მახსოვდა. სხვათა შორის, ეს ტრადიცია მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ არის. მაგალითად, შოტლანდიაში მნიშვნელობას ანიჭებენ, რა ფერის თმა აქვს მეკვლეს. ტრადიციები ყველა ქვეყანაში მსგავსი არაა, მაგრამ ბევრგან იპოვით ჩვენი ქვეყნის ანალოგსაც. განსაკუთრებით ქრისტიანულ სამყაროში ტრადიციები ხშირად ჰგავს ერთმანეთს.
- საზღვარგარეთ ახალ წელს ხშირად შეხვედრიხართ?
- მხოლოდ ერთხელ და ისიც იძულებით, 1992 წლის ახალი წლის შეხვედრამ ლონდონში მოგვიწია. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ფრენა არ იყო. მოგეხსენებათ, მაშინ თბილისში რაც ხდებოდა, სამხედრო გადატრიალებას ვგულისხმობ. მეგობრები მეუღლეებთან ერთად ლონდონში შობაზე ვიყავით დაპატიჟებული. მაშინ უკვე მეტ-ნაკლებად შეიძლებოდა საბჭოთა კავშირიდან გასვლა და სამი მეგობარი მეუღლეებთან ერთად ჩვენს ლონდონელ მეგობრებთან შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავედით. ლონდონიდან მოსკოვში კი გადავფრინდებოდით, მაგრამ შემდეგ თბილისში ჩამოსვლას ვერ მოვახერხებდით, ამიტომ ლონდონში შევხვდით ახალ წელს.
- დეკემბერია, წინასაახალწლო დღეები. დღევანდელ თქვენს განწყობაზე მინდა გკითხოთ. ვინ მოვა თქვენთან, პატარა ნანა? ან თქვენ ხომ არ აპირებთ ახალი წლის ღამეს სადმე გასვლას?
- ერთადერთი ადამიანი, რომელიც დღეს იღებს საჩუქრებს და თან სერიოზულს, არის პატარა ნანა, მაგრამ მისთვის საჩუქრები მე კი არა, თოვლის ბაბუას მოაქვს (იღიმის). ნანა ინგლისურად წერს საერთაშორისო სანტა კლაუსს, რისი მიღება სურს საახალწლოდ, ისიც სურვილს უსრულებს და ნანა ძალიან კარგ საჩუქარს იღებს. რაც შეეხება განწყობას... ჩემი განწყობა ახლა ძალიან მძიმეა და შარშან კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან 2013 წელი იყო პირველი ახალი წელი, რომელსაც ჩემი მეუღლის, ნანას გარეშე ვხვდებოდი. უნდა გითხრათ, რომ აღარ მახსოვს, სად შევხვდი ახალ წელს. ალბათ, სახლში, ან შეიძლება, გარეთ გავედი. არა, არა, შინ ვიყავი. ახლა, რომ გამახსენდება, ახალი წელი მოდის, მიხარია. თან ისიც მახარებს, რომ თბილისში ჩემი ქალიშვილი თეონა ჩამოდის. ისიც ჩემთან ერთად იქნება. თუმცა ვერ გეტყვით, სად შევხვდები ახალ წელს, რადგან არ დამიგეგმავს ეს დღეები. ყოველ პირველ და ორ იანვარს დიდ სადილს ვმართავდით. შარშან ეს აღარ გამიკეთებია, რადგან არავითარი განწყობა არ მქონდა. წელსაც არ ვიცი, რა და როგორ იქნება. თუმცა ზოგადად ახალი წელი ზღაპრის დღესასწაულია და ჩემთვის უფრო სახალისო, ვიდრე რომელიმე სხვა. მიხარია, მაგრამ მერე გამახსენდება ხოლმე, რომ მარტო ვარ და მარტოობა მთელ სიხარულს მავიწყებს. თითქოს ჩამესმის ჰამლეტის ბოლო სიტყვები: ''იქით სიჩუმეა, მხოლოდ სიჩუმე''...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თაყვანისმცემელი
მეტს ვერ დავამატებ-მეც მიყვარხართ ძალიან დიდი ხანია.
02:49 / 03-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარა
მიყვარხართ
04:39 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS