23 დეკემბერი, 2013
რატომ ეძებს ახალგათხოვილ ლალი მოროშკინას ქმარი დილის ექვს საათზე
ამას ეჭვიანობას ვერ დავარქმევ, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ მამაკაცს, რეაქცია აქვს გამოხედვებზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჯერ კიდევ სექტემბერში, როცა ლალი მოროშკინამ ჯვარი ირაკლი ჯაფარიძეზე დაიწერა, მის ჯვრისწერას დავესწარით. თუმცა, მისივე თხოვნით, ეს ამბავი არ გავახმაურეთ. ლალის მესამე ქმარი მესტიის მკვიდრი სვანი ბიზნესმენია და პრესის ფურცლებზე გამოჩენა არ უყვარს. ამიტომ შესაფერის მომენტს ვეძებდით, ლალისთვის ახალი სიყვარულის ამბავი რომ დაგვეცდენინებინა. ამასობაში მოროშკინამ მორიგი წიგნის წერა დაიწყო, რომელიც ქართველი ჟურნალისტების ცხოვრებას ასახავს და ინტერვიუს საბაბიც მოგვცა.

- ლალი,
გათხოვებაც არ გიშლის ხელს და ისევ წიგნებს მიუბრუნდი…
- ჰო, ოღონდ ახლა კეთილ წიგნებს ვწერ (იღიმის). ისინი უფრო პრობლემურ საკითხებს ეძღვნებოდა, ეს იქნება კეთილი წიგნი იმაზე, თუ როგორი ლამაზი და მაგარი ქალები გვყავს საქართველოში. ჯერ ჟურნალისტებზე ვწერ, მაგრამ ამ პროექტს ექნება ყოველწლიური სახე, ყოველი წლის მარტში გამოვა ახალი წიგნი. წელს ჟურნალისტიკის წელი მაქვს, მომავალი წელი პოლიციელი ქალების წელი იქნება, შემდეგი წელი ჯარში მომსახურე ქალებს დაეთმობა და ა.შ. პროექტს ჰქვია `ბალზაკი - პლუს-მინუს ათი~.
- რატომ დაიწყე ჟურნალისტებით?
- ჟურნალისტებით არ დამიწყია. დავიწყე პატიმარი ქალებით, ეს იყო ნათია გედენიძესა და გოგა ბერიძესთან ერთად განხორციელებული პროექტი, რომელსაც `ქალის ოთხი სეზონი~ დავარქვით. უბრალოდ, მაშინ არ იყო მომწიფებული ეს თემა. ძალიან ლამაზი ისტორიები გა-მოვიდა. თუმცა ეს პროექტი ჯერ წიგნის სახით არ გამოსულა. აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია და მის გამოცემას ამიერკავკასიის მასშტაბით ვაპირებთ. ზოგადად გენდერული თანასწორობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირიც და ამერიკაც მუდმივად ჩაგვჩიჩინებს ამ პრობლემის მოგვარებაზე. ამბობენ, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ქალს უკავია მაღალი თანამდებობა, ჩვენთან ცოტაა ქალბატონები, ვისაც სერიოზული ბერკეტი უჭირავს ხელში. რატომ, როცა კავკასიელი ქალი ყველაზე ძლიერია? თვალნათელი მაგალითი გვაქვს წინ, ვინ გადარჩა. შეხედავ ტელეეკრანს და მიხვდები, რომ ჩვენს მედიაში დომინანტები არიან ქალები, როცა მთელ მსოფლიოში პირიქითაა.
- შენი მომავალი წიგნის პერსონაჟების ასაკი განსაზღვრულია...…
- 20 წლის ასაკში ყველა ლამაზია. 30 წლის ასაკში ყველა ლამაზი უნდა იყოს. კოკო შანელმა თქვა, თუ 30 წლის ასაკშიც არ ხარ ლამაზი, ე.ი. უტვინო ხარო. ვერ იპოვე შენი ფერი, სტილი, არ ჩამოგიყალიბდა გემოვნება. 40 წლის და უფრო დიდ ასაკშიც თუ ხარ ლამაზი, ე.ი. შინაგანად ძლიერი ხარ. ჩვენ ომგადატანილი თაობა ვართ. ბევრმა ოჯახმა მარჩენალი დაკარგა, გოგონებს ქმრები დაეღუპათ და თავის თავზე აიღეს ოჯახის რჩენა. რასაც ქართველმა ქალმა ხელი მოჰკიდა, გაცილებით უკეთ გამოუვიდა, ვიდრე კაცებს. ამიტომაც გადავწყვიტე, მათთვის სტიმული მიმეცა. ჩვენ ვართ მთელ კავკასიაში ქალების უნიკალური ვარიანტი. ამდენი გამოჩენილი, თვითრეალიზებული, კარგად შენახული ქალი კავკასიის სივრცეში არ არის.
- კონკრეტულ ჟურნალისტებზე დაწერ?
- რა თქმა უნდა, სოფიკო ნარჩემაშვილს ვეუბნებოდი, ჩემი მუზა შენ ხარ-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს, ტელევიზორი რომ ჩავრთე და სოფიკო დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება მშვენიერია. ის ქალბატონები, რომლებიც 20 წლის წინ მახსოვს ეთერში, დღეს უფრო წარმატებულები არიან, თან შვილიშვილებს ზრდიან. ასეთი ქალები სხვებისთვის მაგალითები არიან. ქუჩაში 60-ს გადაცილებულ ქალბატონებს რომ გადავხედოთ, მძიმე სურათი დაგვხვდება - არ მინდა, ჩვენც ასეთები ვიყოთ მაგ ასაკში ახალი თაობისთვის. შევძელით, რომ რისაც მთელ მსოფლიოს ეშინია, მესამე კრიზისის ასაკი, კარგად გავიარეთ. წიგნს ექნება ალბომის სახე, სადაც ჩავრთავ ბლიცინტერვიუებს და ფოტოებს ტელეკადრებიდან.
- ნანუკა ჟორჟოლიანი მოხვდება შენს წიგნში?
- არა, ნანუკას ეპოქა არ შეუქმნია, მე ასე მივიჩნევ, ეპოქა შექმნეს სოფიკო ნარჩე-მაშვილმა, ეკა ხოფერიამ, ნინო შუბლაძემ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მიჰყავდათ გადაცემები მაშინ, როცა ქართული ტელევიზია ყალიბდებოდა. ამ წიგნში იქნება ნინო ჯანგირაშვილიც, ირმა ინაშვილი, მარინა სალუქვაძე, პოლიტიკური ნიშნით არავის ვყოფ. ეპოქალური ჟურნალისტია მაია ასათიანი. ეს წიგნი იქნება სტიმული იმ თაობისთვის, რომელსაც ღრმა დეპრესია აქვს. დღეს ყოველ მესამე გოგონას 25 წლამდე აქვს ღრმა დეპრესია. მათ თუ დღეს არ იმუშავეს და არ მოიშორეს ეს საშინელი სენი, 45 წლის ასაკში რას იზამენ? ჩვენ ვიყავით ჟურნალისტები, რომლებსაც სამონტაჟოებში გვკეტავდნენ იმის გამო, რომ გარეთ სამოქალაქო ომი იყო. ხან ვინ გვივარდებოდა შიგნით და ხან - ვინ. ყუმბარებს გვესროდნენ, ჩემი თაობის ჟურნალისტებს კანტუზია აქვთ. ჩვენ თუ არ დაგვემართა დეპრესია, შიმშილობა, უბედურება, წლობით უხელფასობა გადავიტანეთ და შევ-ძელით, რომ დღეს ადამიანებს ვგავართ, მათ რისგან აქვთ დეპრესია? საინტერესოა, უზრუნველყოფილი ცხოვრება ხომ არ უქმნის ახალგაზრდებს დეპრესიის საფუძველს?..

Rating

- წიგნს დავუბრუნდეთ, როდის წერ, რამდენიმე თვეა, რაც გათხოვდი.
- გამთენიისას. ჩემი მეუღლე დილის 6 საათზე საძინებლიდან რომ გამოდის, მხედავს, რომ კომპიუტერთან ვზივარ. ვიძინებ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, 1-2 საათზე, მაგრამ ვიღვიძებ ძალიან ადრე, 5-6 საათზე. დღე-ღამეში 4 საათს მძინავს და ეს მყოფნის.
- ამას შენი მეუღლე როგორ შეეგუა?
- თავიდან დილის 6 საათზე მეძებდა, ახლა აღარ მეძებს, იცის სადაც ვარ, რომ ყველაზე შრომისუნარიანი პერიოდი მაქვს დილის 6-დან 9 საათამდე, სანამ გაიღვიძებს ქალაქი.
- ქმრები ხშირად ცოლის სამსახურზე, მეგობრებზე ან კომპიუტერზე ეჭვიანობენ ხოლმე, რაზე ეჭვიანობს ირაკლი?
- არაფერზე. ამას ეჭვიანობას ვერ დავარქმევ, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ მამაკაცს, რეაქცია აქვს გამოხედვებზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სამწუხაროდ, ჩვენთან არ აქვთ იმის კულტურა, ცნობილი სახის დანახვაზე მუჯლუგუნი არ ჰკრან ერთმანეთს, თითი არ გამოიშვირონ შენკენ, მერე არ მოვიდნენ და არ გითხრან, ცხოვრებაში უფრო გამხდარი ყოფილხარო. ეს ირაკლის ძალიან არ მოსწონს და ვნერვიულობ, როცა რამე არ მოსწონს.
- ლალი მოროშკინას ქმრობისთვის, ალბათ, მზად უნდა ყოფილიყო. …
- მზად იყო, მაგრამ ასე რთულადაც არ წარმოედგინა (იცინის). ჩემი შვილები ეუბნებოდნენ, აი, ასე ვცხოვრობდით მთელი ეს წლები, ასე ვიტანჯებოდითო. ახლა მშვიდად არიან, საიმედო ხელს ჩამაბარეს.
- როგორია შენი საიმედო ხელი?
- კარგი, გაწონასწორებული, საოცარი მოთმინების უნარი აქვს, რკინის ლოგიკა, რომელსაც ვერ გაარღვევ. ამაში ერთმანეთს ძალიან ვგავართ. კიდევ კარგი, ჯერჯერობით ყველაფერზე ერთი აზრი გვაქვს, თორემ ჩვენი კამათი, ალბათ, წარმოუდგენელი იქნება. მზრუნველია.
- როგორ მოახერხა შენი მოხიბვლა?
- სწორედ ამ თვისებებით და ინტელექტით. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, სიძლიერე გამოხატოს კუნთების გარეშე, ერთი ფრაზის მერე აბსოლუტურად გასაგები ხდება, რომ ძალიან ბევრი რამ შეუძლია. მთავარია, არ მიიყვანო იმ ზღვრამდე, რომ თავისი შესაძლებლობების გამოყენება უარყოფით კონტექსტში დაიწყოს.
- ახლა სად ცხოვრობთ, შენთან, ვაკეში?
- გვინდა, ავაშენოთ სახლი ქალაქგარეთ. ახლა ვაკეში ვართ. მანამდე ვიმოგზაურეთ, მოვიარეთ ევროპა. ჩვენი ერთად ყოფნა ასე აღვნიშნეთ.
- სიმბოლურ დღეს გაიპარეთ...…
- ჩემს დაბადების დღეს. ამაზე კარგ საჩუქარს ვერ ავარჩევდი. ერთ რამეს მივხვდით ორივე, ისიც საკმაოდ ბევრ ადამიანთან კონტაქტობს და მეც. ამიტომ დავაცოტავეთ წრე ჩვენ გარშემო, მინიმუმამდე დავიყვანეთ ურთიერთობები. ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ჩვენი დროის ხარჯვის ფასად ხშირად უკუშედეგს ვიღებთ.
- რას საქმიანობს ირაკლი?
- მესტიის მკვიდრია. ოჯახური ბიზნესი აქვთ. ჰყავს უფროსი ძმა. ძმები და მამა ამ ბიზნესით არიან დაკავებული. აშენებს სასტუმროს სვანეთში, რომელიც იანვარში გაიხსნება.
- სვანური ხასიათი ჯერ არ გამოუმჟღავნებია?
- როგორ არა, ავლენს კიდეც და ძალიანაც ამაყობს ამით, კარგად ლაპარაკობს სვანურად. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელია, ხშირად მსმენია მისი სვანური საუბარი, როცა სვანი მეგობრები ან ნათესავები ტელეფონზე ურეკავენ.
- იყავი უკვე მათთან სვანეთში, ირაკლის მშობლები გაიცანი?
- არა, სასტუმროს გახსნაზე ჩავალ, ირაკლის, სამწუხაროდ, დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამას ვიცნობ. არაჩვეულებრივი გარემოცვა ჰყავს.
კომფორტული ადამიანი ყოველთვის კომფორტულ გარემოს იქმნის.
- როგორ შეხვდნენ სვანი ნათესავები ლალი მოროშკინას, როგორც რძალს?
- ჩემთვის სვანები საბედისწეროა. უფროსი მყავს სვანი, მოგეხსენებათ. სხვათა შორის, ირაკლი ნორა კვიციანის ოჯახში გავიცანი. ნორა ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო ქალბატონი იყო. მოხდა ისე, რომ ჩემი მოსვლით სამინისტროში ქალბატონი ნორა გათავისუფლდა, მე გამოვიყვანე ციხიდან. ნორამ ძალიან თბილად მიმიპატიჟა სახლში კუბდარზე. საერთოდ, ძალიან მიყვარს სვანები და ეს მათ იციან. ძმები აფრასიძეების გათავისუფლებაშიც მიმიძღვის წვლილი. სულ ვამბობდი, ერთი კოშკი მეკუთვნის სვანეთში-მეთქი. ეს ირაკლის გაცნობამდე იყო, უამრავი სვანი მეგობარი მყავს. მაგრამ სვანი ქმარი კიდევ სხვა საფეხურია. პატივს ვცემ მის სვანურ გამოვლინებებს, ეს იქნება მოკრძალებული ჩაცმის სტილი თუ სხვა რამ. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ ჩემში ნაწილი არის პიარისთვის და ნაწილი ის, რაც სინამდვილეში ვარ. ირაკლის ვუყვარვარ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. გადაკეთებასაც არ ცდილობს, იმიტომ, რომ მთლად გადასაკეთებელი არ ვარ.
- იყო გარკვეული პირობები, რაზეც ცოლ-ქმარი წინასწარ შეთანხმდით?
- რა თქმა უნდა. მე შევპირდი, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რასაც ის ჩათვლის საჭიროდ. თუ ჩათვლის, რომ არ უნდა ვიმუშაო, სიამოვნებით დავემშვიდობები სამსახურს, თუ ჩათვლის, რომ სხვა ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, თუნდაც მისი ბიზნესის გამო, ამაზეც თანახმა ვარ.
- მთელი ცხოვრება გენდერული თანასწორობისთვის იბრძვი, ახლა, ფაქტობრივად, აღიარებ, რომ ირაკლი ოჯახში დომინანტია.
- გენდერული თანასწორობა არ არის, როცა გიყვარს ქმარი და შენი სურვილით ასრულებ მის თხოვნებს?! ჯერ ერთი, ეს მოლაპარაკების საგანია, მაგრამ თუ ჩემი სამსახური წაიღებს და შეჭამს მთელ დროს, ურთიერთობიდან არაფერი აღარ დარჩება. სასჯელაღსრულების სისტემაში დიდი ხანი დარჩენას არ ვაპირებ. ამ სისტემაში დგება მომენტი, როცა ვეღარ იზრდები. თუ ხვდები, რომ ზრდა შეწყვიტე, იქ აღარ უნდა გაჩერდე. ვფიქრობ, გავაგრძელო მოღვაწეობა დიპლომატიური ხაზით. მოკლედ, თავქარიანად რომ არ მოვიქცევი, უკვე გასაგებია, რადგან ეს არჩევანი გავაკეთე, ისეთ ადამიანს გავყევი ცოლად, რომლის სიტყვა მარტო ჩემთვის კი არ არის კანონი, არამედ საქართველოში ძალიან დიდი ნაწილისთვის. მისი ავტორიტეტი მაღალია საზოგადოებაში.
- როგორი ცოლი ხარ, კერძებს უმზადებ მეუღლეს?
- რა თქმა უნდა, აბა, ვინ უნდა მოუმზადოს?! ტანსაცმელსაც მე ვყიდულობ. სახლში დამხმარე არასდროს მყოლია. როგორც მე გავაკეთებ, ისე ვერავინ ვერ გააკეთებს. მისთვისაც სასიამოვნოა, საღამოს ჩემს გაკეთებულ სადილს რომ მიირთმევს... მე მისი ამონასუნთქი ჰაერით ვსუნთქავ.
- სიურპრიზების გაკეთება შეუძლია? ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გაგვანდე ჩვენც…...
- შეუძლია. ერთ-ერთი შოპინგის დროს ევროპაში თვლებიან ქუდს მივაქციე ყურადღება. ირაკლი ერთი კვირა დარჩა საქმეებზე. მე უფრო ადრე დავბრუნდი თბილისში. ტელეფონში რომ ვუთხარი, იცი, რა მინდა-მეთქი, მითხრა, რაც მინდოდა. შეუმჩნევია ჩემი მზერა და ჩამომიტანა ზუსტად ის, რასაც თვალი დავადგი. ძალიან ყურადღებიანია.
- შვილები შენს გათხოვებას როგორ შეხვდნენ?
- სულ ვამბობდი, მესამედ აღარ გავთხოვდები, ამის გამო არ ვანერვიულებ ჩემს შვილებს-მეთქი, იმდენი ხანი ვიცხოვრე უქმროდ, მამაკაცის წინდებს ვეღარ ავიტან სახლში-მეთქი,… მაგრამ ჩემმა შვილებმა ირაკლი თავიდან მეგობრის ამპლუაში გაიცნეს. საოცარი თანხვედრა მოხდა. ზუსტად ვიცი, რომ სანდროსაც და გიორგისაც გვერდში უახლოესი მეგობარი ჰყავთ, ამიტომაც გამიადვილდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ამას ინტერვიუსთვის არ ვამბობ, დამიჯერეთ, მართლა ძალიან გაუგეს და შეიყვარეს ერთმანეთი. დღე ჩემი შვილების ზარით იწყება, სად არის ირაკლი, როგორ არის, მოგვიკითხეო.
- ყველა ერთად ცხოვრობთ?
- სანდრო დიდია, მარტო ცხოვრობს. გიორგი ორ სახლს შუა დადის. მას ფანტასტიკური მამა ჰყავს და მასთანაც ხშირად რჩება. რა ვქნა, ასე გამოვიდა, ძალიან კარგები ვართ ყველა, ჩემი ბრალი ხომ არ არის (იცინის).
- ლალი, დიდი ხანია ახალ წელს მეუღლესთან ერთად არ შეხვედრიხარ, რას აპირებ?
- 10 წელია. სადმე გავიპარებით ისევ, ვერ დავამთავრეთ თაფლობის თვე.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
გიორგი
ეს ის ჯაპარიდზე სამჯერ კაცჰაგობის მუხლიტ რო არის ნასამარტლები
12:16 / 15-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მერი
ლალის ყავდა ღირსეული ქმარი კაცი მიშიკო ღოთვაძე,რომელიც ვერ შეიღირსა და კანდელაკის გამო დაკარგა.ეს სვანი არა მგონია გამოადგეს.აი...ვნახოთ.მომავალი წინაა
17:05 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ეს ისე ლაპარაკობს მგონი დაუკმაყოფილებია სვანს
16:00 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
დარინა
სიბერეში მოდის ნამდვილი სიყვარული
14:05 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ჭკვიანი
ლალი გაიხარე შენ შვილებთან და მეუღლესთან ერთად, ბედნიერი იყავი სულ...
23:15 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნნნ
"კეტას' - ძალიან გთხოვ ქართულად წერა ისწავლე და კომენტარი შემდეგ გააკეთე!!!!
13:11 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კეტა
მე 4 გატხოვდები ისეტი მაგარი ხარ
01:25 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
დრო ისე ჩქარა გადის რომ... დატკბი ბედნიერებით და დანარჩენი დაიკიდე! ლალი მაგარი ქალი ხარ!
19:29 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თათუ
ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებთ, უმაგრესი ადამიანი ხართ.
12:20 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ისე როგორ შეეფერებიან ერთმანეთს, კრიმინალი ქმარი და .... ცოლი))))
02:07 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS