მოხიბლული მამაკაცები ჟიურის მაგიდაზე მდგარ მინერალური სასმელების ბოთლებს აპროტესტებდნენ. ქალბატონები წერდნენ, რომ მათაც აქვთ
ეს ყველაფერი ორი კვირის წინ მოხდა და მას შემდეგ ხატია ''ნიჭიერში'' აღარ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიანისტს საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება არ მოეწონა და შოუ დატოვა, მიზეზად კი კონცერტები დაასახელა.
სიმართლის გასარკვევად შოუს პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას და ჟიურის ერთ-ერთ წევრ გეგა ფალავანდიშვილს ვესაუბრეთ.
- გიორგი, უკვე ორი ლაივკონცერტია, ხატია ბუნიათიშვილი ჟიურიში არ გამოჩენილა. ამბობენ, რომ პიანისტმა პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა.
- კასტინგების მიმდინარეობისას ხატიასთან მუშაობა ძალიან გაგვიადვილდა, რადგან ჩაწერებს მის ჩამოსვლას ვამთხვევდით. თუმცა წინასწარ ვიცოდით, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა და რამდენიმე კონცერტს ვერ დაესწრებოდა. პროექტი ორშაბათობით გადის და ვერაფერს შევცვლით, ხატიას კი ამ დროს კონცერტები დაემთხვა. ხან იტალიაშია, ხან გერმანიაში. ხატია კიდევ ერთ კონცერტს გამოტოვებს, მაგრამ ფინალში და მანამდე კიდევ ერთ კონცერტზე შემოგვიერთდება. პროექტს ძალიან გულშემატკივრობს. შოუს პარალელურად მესიჯებს ვწერ, როგორ ვითარდება მოვლენები, ვინ გადავიდა შემდეგ ტურში, ჟიურიმ ვინ გადაიყვანა. შემდეგ ჩანაწერს აუცილებლად უყურებს.
- სხვადასხვა პროექტის ჟიურიში უამრავ ვარსკვლავთან გიმუშავიათ, მაგრამ ხატია მაინც მსოფლიოში აღიარებული პიანისტია და არ ჰქონდა განსაკუთრებული მოთხოვნები თქვენთან მუშაობისას?
- არანაირი მოთხოვნები არ ჰქონია. უცხოეთში, ნებისმიერ მუსიკალურ მაღაზიაში, სადაც დისკები იყიდება, აუცილებლად აღმოაჩენთ ხატიას დისკს, მაგრამ ამის ფონზე ძალიან თავმდაბალი და ჩვეულებრივი გოგონაა. კარგი გოგონა რომ იყო, ვიცოდით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ როგორც კლასიკური სამყაროს წარმომადგენელი, მაინც ცხვირაპრეხილი შეხედავდა ტელევიზიას. ცოტა წარმოუდგენელია, ადამიანი შოპენს რომ უკრავს და შემდეგ ისეთ ნომრებზე გადმოერთვება, როგორებიც ''ნიჭიერში'' გვქონია. ზოგი ნომერი აბსურდამდეც ყოფილა მისული (იცინის). არანაირი კომპლექსი და შიში არ აქვს, რას იფიქრებს მასზე ხალხი და როგორ გამოჩნდება, იმდენად არის საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ბოლომდე გადმოერთო ჩვენს ტალღაზე. კასტინგების დროს თავისი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა.
- არც განსაკუთრებული კომფორტი მოუთხოვია?
- არა, კონცერტებს მთელი ოჯახი ესწრებოდა. ხატიას დედ-მამა, და - გვანცა ძალიან კარგი გოგოა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ხატია დილას ხუთ საათზე ჩამოფრენილა და ცხრა საათზე უკვე ჩვენთან ყოფილა ჩაწერაზე. პირად ურთიერთობაშიც იმდენად თბილი და მეგობრულია, რომ აქეთ გვიქმნიდა კომფორტს. ბოლომდე გადმორთული იყო პროექტზე და სხვა რამეზე იმ მომენტში არ ფიქრობდა. პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი.
- შოუს დაწყებას არ აკლდა საინტერესო ამბები, ჯერ ია ფარულავა გაათხოვეთ, შემდეგ ახალგათხოვილმა მოცეკვავე ბიჭებს ტრუსებში ფული ჩაუდო, ამას მართლა მოჰყვა რეზონანსი, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ბიუსტჰალტერის გარეშე ხატიას გამოჩენამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ამას მოჰყვა ჭორი, რომ ხატია ''ნიჭიერს'' დაემშვიდობა.
- ერთს ვიტყვი, რომ ხატია კლასიკური მუსიკის შესრულების დროს თუ სხვა გარემოში ყოველთვის ულამაზესია და გემოვნებით იცვამს. საქართველოდან ამ ამბის შემდეგ მალე წავიდა. გავიგე, რა ამბავი ატყდა, მაგრამ ამ თემაზე მასთან არ მილაპარაკია. ალბათ, იუმორით შეხედავდა. იუმორი ზოგადად კარგი თვისებაა. ზოგი რამ, რაც ამ თემაზე ინტერნეტში ეწერა, კარგი იუმორით იყო გადმოცემული.
- იას გათხოვება თქვენ დაგაბრალეს, ხატიას შემთხვევაშიც ამბობდნენ, რომ ეს გამოსვლა თქვენ დაგეგმეთ.
- არა, ეს საერთოდ არ იყო ჩვენი დაგეგმილი. ხატიაც და იაც როგორც კასტინგებზე, ისე ლაივკონცერტებზე თავად ზრუნავენ თავიანთ ჩაცმულობაზე. ჩვენ შეიძლება, რაღაც რჩევა მივცეთ, მაგრამ კარგად ართმევენ თავს. რაც შეეხება იას გათხოვებას, ვიცოდით, რომ ტარიელი მსგავსი რაღაცის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ იამ არ იცოდა, თორემ უკეთ მოემზადებოდა. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც რაღაც არ უნდა გადადო. ჩვენც გვაწყობდა იმ გაგებით, რომ ტელევიზიით ჩვენების საშუალება გვექნებოდა. უბრალოდ, ტარიელს ''ნიჭიერის'' სცენა რომ არ გამოეყენებინა, შეიძლება, ერთი ან ორი კვირის შემდეგ ეთხოვა ხელი იასთვის. ვიფიქრეთ, თუკი უხერხულობა შეიქმნებოდა, მაგალითად, ია უარს იტყოდა, ეთერში არ ვაჩვენებდით.
- გიორგი, ''ნიჭიერს'' ხანდახან პლაგიატობაშიც ადანაშაულებენ, მაშინ, როდესაც სცენაზე გამოსული ზოგიერთი მონაწილის ნომერი ემთხვევა სხვა ქვეყნის ''ნიჭიერის'' გამომსვლელს.
- ამას ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენთან გამზადებული ნომრებით მოდიან და ვიღაცამ შეიძლება, სადღაც ნახა და ანალოგიური გადმოიტანა. მთავარია, სანახაობრივად კარგი იყოს. მასე უკრაინელებმა საოცრება გააკეთეს. ჩვენი ერთ-ერთი ფინალისტი დავით რობაქიძე ჩვენივე ნომრით წაიყვანეს და ზუსტად ის ფოკუსი გააკეთებინეს, რაც ჩვენთან ჰქონდა გაკეთებული. ჩვენც გვყავდა საბერძნეთის ''ნიჭიერის'' მონაწილე, მაგრამ სხვა ნომერი შეასრულა. ნახევარფინალში უკვე ვერევით, რას მოამზადებს კონკურსანტი, მაგრამ კასტინგებში ვერ ვერევით. ეგ რომ ავკრძალოთ, ხალხს გამოსვლის შეეშინდება. ჩემთვის მთავარია, მაყურებელს მოეწონოს და ამ ნომრებს ანალოგი აქვს თუ არა, არ მაინტერესებს.]
გიორგისთან საუბრის შემდეგ, გეგას აზრითაც დავინტერესდით.
- გეგა, ამბობენ, რომ ხატიამ სოციალურ ქსელში აგორებულ ტალღას ვერ გაუძლო და პროექტი დატოვა.
- რა სისულელეა, ხატიას ''ფეისბუქი'' არ აქვს და ვერ ნახავდა, მეორეც, რომ ენახა, მსგავსი რეაქცია არ ექნებოდა. კონცერტზე არაჩვეულებრივი კაბა ეცვა. მშვენიერი, ნიჭიერი, ლამაზი გოგოა. ხატია რომ რამდენიმე კონცერტზე არ იქნებოდა, ეგ ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, სანამ შესარჩევ ტურებს დავიწყებდით. ორი წლით ადრე აქვს დაგეგმილი კონცერტები. იმისთვისაც მადლობელი ვიყავით, ამდენ კონცერტზე რომ მოასწრო მოსვლა.
- გეგა, იმასაც ამბობენ, რომ ხატიას ჩაცმულობა ''რუსთავი 2''-მა ისევე დაგეგმა, როგორც იას გათხოვება.
- ან იას გათხოვება რატომ უნდა დაგვეგეგმა? არც იას პირად ცხოვრებაში ვერევით და არც ხატიას ჩაცმულობაში. ძალიან მაინტერესებს, სად ლაპარაკობენ ასე, უამრავი მეგობარი მყავს სოციალურ ქსელში და მსგავსი რამ არავის დაუწერია.
- თქვენ არც ''ფეისბუქის'' გვერდები გინახავთ, რომელიც ხატიას ჩაცმულობას მიუძღვნეს?
- რა გვერდებია ეს, რას ამბობენ, კარგად გამოიყურებოდა და ჩვენც გვინდა, რომ მივბაძოთო?
- ქალბატონების ნაწილი იმასაც წერდა, ჩვენც გვაქვს კარგი მკერდი, მაგრამ არ ''ვამარიაჟებთო''.
- ძალიან ცუდი მერე, რატომ არ ამარიაჟებენ? ეჭვს შევიტანდი... ვისაც კარგი აქვს, ის უფრო ცდილობს, რომ ყველას აჩვენოს. ეს ხომ არა მარტო ქალებს, კაცებსაც მოსწონთ, უფრო მეტად...
- ალბათ სწორედ იმიტომ შექმნეს მამაკაცებმა გვერდი, რომ ხატიასგან მაგიდის წინ მდგარი ბოთლები გასწიოთ.
- აი, ეგ სწორი დამოკიდებულებაა, სილამაზეს ბოთლი არ უნდა უშლიდეს ხელს (იცინის).
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''